სად მიუჩინა ადგილი ვაჟა კაკუშაძემ „ძველ ბიჭებს” და ვინ უპირებდა მას განადგურებას ციხეში
ვაჟა კაკუშაძე, ერთი შეხედვით, სტანდარტული ცხოვრების კაცია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ცხოვრებაში ბევრი რთული და მძიმე ეტაპის გავლა მოუხდა: ომი, პატიმრობა, „მებაღე პარტიზანობა”... დღეს ბევრად უწყინარი და მშვიდი საქმით არის დაკავებული – წერს და საბავშვო ბაღის გამწვანებაზე ზრუნავს, სადაც მან უბნის „ძველ ბიჭებსაც” გამოუძებნა ადგილი.
ვაჟა კაკუშაძე: პროფესიით არქეოლოგი ვარ, სტუდენტობის დროს მოვასწარი არქეოლოგიაში მუშაობა. ახლა ვაპირებდით მე და ალეკო ელისაშვილი შახტახტის გათხრას, ამ პროექტზე თითქმის ხუთი თვე ვიმუშავეთ, დოკუმენტაციაც ავიღეთ, მაგრამ ბოლოს სპონსორებმა გვიმტყუნეს. ამიტომ, მთელი პრაქტიკა, რაც გავიარე არქეოლოგიაში, ჩემს სტუდენტობასთან არის დაკავშირებული. ჩამითრია კიდეც ამ საქმემ – მიყვარს ისტორია, ბოდიალი, ასე რომ, ეს ჩემთვის ზედგამოჭრილი პროფესიაა, მაგრამ, ჩემი ცხოვრება ცოტა სხვანაირად აეწყო – მესამე კურსიდან ომში წავედი და ამ საქმისთვის ვეღარ მოვიცალე. საკმაოდ აქტიური ხასიათი მქონდა, ამბიციებიც არ მაკლდა. 17 წლის ვიყავი, როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა. მე და ჩემი მეგობრები შევიკრიბეთ, დავსხედით და ვიფიქრეთ, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა რუსების წინააღმდეგ, რომლებმაც ქალები და ბავშვები დახოცეს. დავამზადეთ „მოლოტოვის კოქტეილები”, ავძვერით რუსთაველის თეატრის სახურავზე და იქიდან დავცხეთ რუსთაველზე ჩამომწკრივებულ ჯარისკაცებს. სამწუხაროდ, ჩემი ის ორი მეგობარი, ვინც ამ საქმეში მაგრად იყოჩაღეს, დღეს ცოცხლები აღარ არიან. იმ ჯარისკაცების გარეგნობა დღემდე ჩამრჩა მეხსიერებაში, ტყუილად კი არ შევარქვით მათ „ინაპლანეტიანები”. იმ დროისთვის ჩვენთვის უცნაური აღჭურვილობა ჰქონდათ: რაღაც ჯოხები ეჭირათ, თითქოს კოსმონავტის სკაფანდრები ეხურათ თავსა და სახეზე. მახსოვს, საღამოს ტელევიზორს ჩავუსხედით – გვაინტერესებდა, რას იტყოდნენ ტელევიზიით, „ვრემიამ” გამოაცხადა მაშინ, რამდენიმე ინციდენტის გარდა, რუსთაველზე სიტუაცია დარეგულირებულიაო. გაგვიხარდა, რომ „ნესკოლკო ინციდენტის” ავტორები ჩვენ ვიყავით.
– ამის შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, საიდანაც უამრავი სენტიმენტალური ისტორიით დაბრუნდით.
– აფხაზეთი ჩემთვის იყო ჩემი სახლი; იქ დღემდე ცხოვრობს დეიდაჩემი, რომელსაც აფხაზი ქმარი ჰყავს. ომის დროს ჩემი დეიდაშვილი დაიღუპა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მეც მთელი ბავშვობა აფხაზეთში მქონდა გატარებული. ერთი პერიოდი იქ ვცხოვრობდი კიდეც, მეგრულიც კარგად ვიცი და ცოტ-ცოტა აფხაზურიც. აფხაზებმა საოცარი ნათესაობა, პატივისცემა და სიყვარული იციან. როცა იქ ჩავდიოდი, ხან რას მჩუქნიდნენ, ხან – რას, ერთხელ კვიციც კი მაჩუქეს. მე წავედი ომში, სადაც უნდა დამეცვა ჩემი სახლ-კარი, თუმცა, ბევრი მიფიქრია იმაზეც, იქ ჩემი სახლ-კარი რომ არ ყოფილიყო, იმ ომში მაინც წავიდოდი. აფხაზეთიდან დავბრუნდი ხერხემლის დაზიანებით და სხვა არაერთი ჭრილობით, თუმცა, ყველაზე მთავარი ჭრილობა იყო იქაურობის დაკარგვა. აფხაზეთის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე რთული პერიოდი – განუკითხაობა თბილისში, რამაც ბევრი ჩემი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა. იარაღი ჩაუვარდათ ხელში „რევოლუციით შობილ ტიპებს”, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონიათ იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წევრებიც თავადაც იყვნენ. იმ პერიოდში მქონდა გარკვეული ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროსთან, კონტრდაზვერვის განყოფილებასთან, თუმცა, რეალურად არც არაფერი გაკეთებულა და ჩემი ცხოვრებაც უფრო და უფრო სხვა მიმართულებებით წავიდა.
– თქვენს ცხოვრებაში ბევრი ერთმანეთისგან განსხავვებული ეტაპი იყო – მებაღე პარტიზანიც იყავით, პატიმარიც და ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც. ავანტიურისტი ხართ თუ, უბრალოდ, ხასიათის გამო საკუთარ ცხოვრებაზე აწყობთ ექსპერიმენტებს?
– ავანტიურა უცხო ნამდვილად არ არის ჩემთვის (იცინის). არ მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ხშირად ვცვლი „მთავარ თემებს”. ჩემთვის არ არსებობს ვიწრო, ჩაკეტილი წრე, რომ მაინცდამაინც იმ მიმართულებით ვიაზროვნო და ვიარო. ნებისმიერ ადამიანს აქვს პრიორიტეტები; ჩემი პრიორიტეტია, ვაკეთო კარგი საქმე და, რა მიმართულებით იქნება ეს საქმე, არ აქვს მნიშვნელობა. სოციალურად, როგორც მოქალაქე, აქტიური ტიპი ვარ – როცა რისი შესაძლებლობა მეძლევა, იმას ვაკეთებ. ჩემს ცხოვრებაში იყო პარტიზანი მებაღეობის თემაც – როგორც კი ციხიდან გავთავისუფლდი, სოციალურ ქსელში გადავაწყდი, რომ იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც რგავდნენ ხეებს. თავიდან ათამდე კაცი ვიყავით, ვიკრიბებოდით, რომ სხვადასხვა ადგილას დაგვერგო ხეები. როგორც აღმოჩნდა, ისე კატასტროფულად ხდებოდა ხეების ჩეხა, რამდენი ხეც არ უნდა დაგვერგო, ბალანსი ვერ იქნებოდა დაცული. ამას მოჰყვა ვაკის პარკის თემაც – პრობლემა, რომლის წინააღმდეგაც ჩემი მეგობრები ძალიან აქტიურად გამოვიდნენ.
– თქვენს ცხოვრებაში იყო პატიმრობის წლები. რატომ მოხვდით გისოსებს მიღმა, სადაც უფრო მეტხანს აღმოჩნდით, ვიდრე ეს მისჯილი გქონდათ?
– მე დამაკავეს ძარცვის მუხლით, რაღაც ძველი ისტორიის გამო. ამაზე საუბარი არც კი მინდა – ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ჩემზე ადრე დააკავეს, ასე „დაეხმარა” გამოძიებას. ოთხი წელი მქონდა მოსჯილი, მაგრამ მერე კიდევ ოთხი წელი დამიმატეს ბრალდებით: ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ბუნტის მოწყობის მიზნით ჯგუფის შექმნა და დაუმორჩილებლობა. პატიმრობაში დღეებს ვითვლიდი, სულ 2 220 დღე გამომივიდა. ციხე აღმოჩნდა ადგილი, ყველაზე მძიმე კოშმარულ სიზმარშიც რომ არ დამესიზმრებოდა. იქ იყო ყოველდღიური ბრძოლა თავის გადასარჩენად, მაგრამ, უფრო რთული იყო დაპირისპირება სისტემასთან, რომელიც განადგურებას გიპირებს, ამისთვის ხარ განწირული. ერთ-ერთი შელაპარაკების დროს ციხის უფროსის მოადგილემ მითხრა: ხომ იცი, ასანთივით გადაგტეხავთ, შენი ოჯახის გარდა არავინ იქნება ამბის მომკითხავიო და, მე ვიცოდი, რომ ეს მართლაც შეეძლოთ. სხვათა შორის, ციხეში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულთან ახლოს მიჰქონდათ პატიმრის გასაჭირი: როგორც კი მარტოს ჩაგიგდებდნენ ხელში, გულშემატკივრის ტონით გეუბნებოდნენ: კარგი, რა, ცოტა თავი დაუხარე, ნუ შეაკლავ თავსო; თუმცა, როგორც კი მათ მეორე კაცი დაუდგებოდა გვერდით, მაშინვე იმ პოზას იღებდნენ, რაც ზოგადად ჰქონდათ. იქ მიზნად ჰქონდათ, არ დარჩენილიყავი პიროვნებად: რომ გეტყვიან, ირბინეო, უნდა ირბინო; რომ გეტყვიან, იყეფეო, უნდა იყეფო – ასეთი იყო მათი მოთხოვნა. ცნობილი ბუნტის დროს მე მოვყევი იმ პირველ შვიდ ადამიანში, ვისაც რეჟიმი დაუმძიმეს, გადამიყვანეს ეგრეთ წოდებულ „კრიტში” და წლები დამიმატეს. მე გამოვედი ამნისტიით, თუმცა, გამოსვლამდე 49 დღე მქონდა დარჩენილი. 29 იანვარს, დედის დაბადების დღეს მინდოდა გარეთ გამოსვლა. დავურეკე მოსამართლის მდივანს და ვთხოვე, თუ შესაძლებლობა იყო, ჩემი გამოშვება 29 იანვარს დამთხვეოდა. ბევრი ვურეკე იმ მდივანს, ფაქტობრივად, დავმეგობრდით კიდეც. როცა 29 იანვარს დედას ტელეფონით დაბადების დღე მივულოცე, მან მითხრა: გული მიგრძნობს, სახლში მოხვალ და აქ მომილოცავო. ამის გაგონებაზე ვერ მოვითმინე და კიდევ ერთხელ დავრეკე შორენასთან, რომელმაც მითხრა: შენ კიდევ მე მირეკავ? ვინმე მანქანიანს დაურეკე, წუთი-წუთზე დაგიძახებენ და წაგიყვანენო.
– ბოლო პერიოდში რას საქმიანობთ?
– ვწერ. ზოგს ბლოგერი ვგონივარ. სურვილი მაქვს, თუმცა ჯერ ასეც არაა ჩემი საქმე. ახლა პრინციპში სამსახურის ძიებაში მყოფი ადამიანი ვარ, იქნებ ვინმე დაინტერესდეს ჩემით და გამომეხმაუროს (იცინის).
– რა ვაკანსიას ეძებთ, ბარემ გვითხარით.
– მნიშვნელობა არ აქვს, არ ვარ გენერლობის მოყვარული და მადევარი. არ „მიტყდება” არანაირი საქმე, პიტბულივით ვარ: რაღაცას ხელს რომ მოვკიდებ, სანამ ბოლომდე არ მივიყვან, არ შევეშვები. ჩემს სახლთან ახლოს საბავშვო ბაღია და იქ მებაღედ ვმუშაობ. იმ ბაღში გავიზარდეთ მეც და ჩემი შვილიც. გამგემ მთხოვა, თუ შეგიძლია, იყავი ჩვენი მებაღეო. წინა შემოდგომიდან დღემდე 30-მდე ხე უკვე დავრგე, მთელი უბნის ძველბიჭობა ხეების დარგვაზე გადავიყვანე. ბირჟაზე დგომას ხეების დარგვა და მორწყვა არ ჯობია?! გრაფიკიც კი აქვთ გაკეთებული და, უნდა ნახოთ, როგორ იცავენ ამ გრაფიკს. ძალიან მალე ჩვენს ბაღში უფრო მაგარი ბაღნარი იქნება (იცინის). ახლა ერთი პრობლემა მაქვს: ჩემი საქმე სასამართლოშია წასული – ისეა საქმე, შემდეგი „გაჩერება” შეიძლება ისევ ციხე იყოს, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მოსამართლე ამ „გაჩერებაზე” არ „გამაჩერებს.”