კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაეხმარა ზღვაში ხუთ კილომეტრზე გასულ დაივერ ლექსო ალმასიას ნაპირზე გამოსვლაში და როგორ გაუძლო მან შტორმს

ოცდამეერთე საუკუნეში დაკავებული, რამდენიმე სამსახურისა და მრავალმხრივი ინტერესის მქონე ადამიანი აღარავის უკვირს. გასაგები მიზეზების გამო, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, იშვიათად, მაგრამ დღესაც შეხვდებით ისეთებს, რომლებსაც იმდენად მრავალფეროვანი ცხოვრება, სხვადასხვა, თანაც ისეთი მიმზიდველი და საინტერესო საქმე აქვთ, რომ ჩვენს აღფრთოვანებას იწვევენ. ასეთ ადამიანთა რიგს ეკუთვნის ლექსო ალმასია, რომელიც თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

–  ლექსო, როგორც ვიცი, ძალიან ბევრ სფეროში მოღვაწეობ, მაინტერესებს, რა პროფესიის ხარ?
– ძირითადი პროფესიებია  მარკეტოლოგი და ტურიზმის მენეჯერი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, შემდეგ კი – კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის სადიპლომო კურსი, ტურიზმის მენეჯმენტში. პროფესიად შეიძლება, ჩაითვალოს მყვინთაობაც, რადგან ოც წელიწადზე მეტია, ამ სფეროსთან უშუალო შეხება მაქვს. შემდგომში შეიძლება, სხვადასხვა პროექტში ჩავერთოთ ამ მიმართულებით. ყველაფერი მიყვარს, რაც წყალს უკავშირდება. გატაცებული ვარ უინდსერფინგით,  ძალიან მომწონს წყალქვეშ ფოტოების გადაღება. წლების წინ წყალბურთელი ვიყავი, თუმცა სწავლა უფრო პრიორიტეტული იყო და ამის გამო, თავი დავანებე. რაც შეეხება დაივინგს, ბევრგან მიყვინთავია – იქნება ეს: ხმელთაშუა ზღვა, ეგეოსის ზღვა, წითელი ზღვა, შავი ზღვა, ინდოეთის ოკეანე. ახლახან ჩამოვედი ეგვიპტიდან. წითელ ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე რიფებზე ვიყვინთავე.  ისე, ბალონებით ყველაზე ღრმად, 49 მეტრის სიღრმეზე ჩავსულვარ, უბალონოდ კი –  30 მეტრამდე. ყველაზე მეტად წყალქვეშ ნადირობა მიტაცებს. წყალქვეშ სანადირო თოფით, რომელიც ისარს ისვრის, უბალონოდ, სხვადასხვა სიღრმეზე თევზების პოვნა და მიზანში გარტყმა ძალიან საინტერესო, რთული და ემოციებით სავსე პროცესია. ყველაზე დიდი თევზი, რომელიც შემხვდა და დავიჭირე ციხისძირში, ოთხკილოიანი იყო. უფრო დიდსაც დავიჭერ აუცილებლად, დროის ფაქტორია, უბრალოდ.
–  სახიფათო მომენტი არასდროს გქონია? 
–  სახიფათო სიტუაციები ხშირია. ერთხელ, ოთხმეტრიან გვირაბში შევედი წყალქვეშ და უკან გამოსვლისას, რაღაცას გამოვედე, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. ბევრი მაქვს ნავარჯიშები და ვიცი ჩემი შესაძლებლობები. ვიცი, რომ ჰაერგამოშვებულზე 45 წამიდან 1 წუთამდე შემიძლია წყალქვეშ გაჩერება. ამიტომ, პანიკაში არ ვვარდები. იყო შემთხვევა, როცა მორიგი ქვის ქვეშ შევედი თევზის ძიების პროცესში და ნიღაბზე გველი შემომასკდა. „დისქავერიზე“ რომ აჩვენებენ, გველი კამერას თავს ესხმის, ეგეთი სანახავი იყო. ნიღაბი მეკეთა და გველი შუშას პირგაღებული დაეჯახა. მოულოდნელი იყო და სიმართლე, რომ ვთქვათ, ძალიან შემეშინდა. მე არაფერი მომსვლია, გველი კი მოვკალი (იცინის). მახსოვს, ერთხელ სარფში მიდიებზე წავედი და უცებ ძალიან დიდი შტორმი დაიწყო. თავიდან წვიმა მეგონა და ყურადღება არ მივაქციე. იქიდან გამოსვლა ძალიან რთული აღმოჩნდა. ზღვა საშინლად ღელავდა. ერთი საათი ველოდე, რომ ცოტა დამშვიდებულიყო და გამოვსულიყავი. ამდენ ხანს ტალღაზე დგომა ძალიან დამღლელია. თუ პროფესიონალი არ ხარ და კარგად არ იცი ეს საქმე, ალბათ, ვერ გადარჩები. ბოლოს, როგორც იქნა, გამოვაღწიე და რა თქმა უნდა, მიდიებიც გამოვიტანე (იცინის). 
– ასეთი ფაქტის შემდეგ, რთული არ არის, კვლავ წყალში შესვლა?
– ერთხელ, იმდენად შორს შევედი, დაახლოებით 5 კილომეტრზე, რომ ირგვლივ წყლის გარდა, ვეღარაფერს ვხედავდი. ცოტა მოსაღამოვებული იყო, ბათუმის ეშმაკის ბორბლის ნათურები დავინახე და მისი დახმარებით გამოვედი. დაახლოებით ორი კილომეტრი სანაპიროზე ფეხით გავიარე, ჩემს ტანსაცმელთან რომ მივსულიყავი. დინებას სხვა მიმართულებით მიყავხარ ასეთ დროს. ამ ამბის შემდეგ, ასე შორს აღარ შემიცურავს. ახლა თუ შევალ, ალბათ, თან კომპასს წავიღებ (იცინის).  2006 წელს სარფში შეჯიბრება ჩატარდა, „წყალქვეშა მარათონი“ ერქვა. სამი თასი თამაშდებოდა და მოგებულ გუნდს ფულადი პრემია – 1 500 ლარი ერგებოდა. სამივე თასი ჩემმა გუნდმა მოიგო. მთავარი თასისა და ფულადი პრიზისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული იყო, მაგრამ ბათუმელი მაშველების დამარცხება მოვახერხეთ. მეორე წელს  ტაბაწყურზე ჩატარდა ინდივიდუალური შეჯიბრება და იქაც გავიმარჯვე. ახლა სპონსორის არარსებობის გამო, სამწუხაროდ, შეჯიბრებები აღარ იმართება. წყალქვეშ ნადირობის ტურნირის წინ, ძლიერი წვიმა იყო, არავის სჯეროდა, რომ იმ ამინდში თევზის მოკვლას შევძლებდი. ასაკით უფროსი, გამოცდილი დაივერები იყვნენ და აგდებულად მეუბნებოდნენ: წვიმაში თევზს რა უნდა, შვილოო. ამ დროს ნაპირისკენ გამოდის თევზი და ამას განახებთ-მეთქი, ვუმტკიცებდი. ჩავედი და მართლა დავიჭირე საკმაოდ დიდი თევზი, წყლიდან უბედნიერესი ამოვედი (იცინის). მახსოვს, სამეგრელოში, მდინარეში ერთ-ერთი ნადირობისას, დიდ თევზს ვესროლე და გავარტყი მაგრამ ისარი გამოძვრა და გამექცა. ისეთ მუღამზე ვიყავი, არ შევეშვი და ძებნა დავუწყე, თან, დაჭრილი იყო. ორსაათ-ნახევარი ვეძებე. ვიპოვე და მეორე სროლა უკვე შედეგიანი აღმოჩნდა. სანამ მას ვიპოვიდი, ძებნის პროცესში, ბევრი სხვადასხვა ზომის თევზი მოვკალი ისე, რომ, არც დავკვირვებივარ. ვიჭერდი და კუკანზე (სპეციალური ქამარია თევზის დასამაგრებელი) ვამაგრებდი. ბოლოს  ერთმანეთზე წამოცმული თევზები დიდ ნაძვის ხეს დაემსგავსა და მაშინ მივაქციე ყურადღება. წყალში 4 წუთი და ათი წამი ვძლებდი, როცა აქტიურად ვვარჯიშობდი. მიყვარს წყალქვეშ სხვადასხვა ხრიკის გაკეთება. შემიძლია, ჩავყვინთო და ერთი ბოთლი ლუდი წყალქვეშ დავლიო. მაყურებლები გიჟდებიან, როცა ამას ხედავენ. წყალში სიმაღლიდან ხტომაც მიზიდავს. მაქსიმუმ 25 მეტრიდან გადმოვმხტარვარ. ერთხელ რვა მეტრიდან ვხტებოდი უკანა ბრუნით, ფეხი ამიცურდა და გვერდულად დავეცი – მხრით და თავით. რვა მეტრიდან დაცემას არა უშავს. ზოგადად, ხიფათს იშვიათად ვეყრები, რადგან ადგილს, სადაც გადახტომას ვაპირებ, მაქსიმალურად ვამოწმებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხტები. თავიდან ცოტა საშიშია, მაგრამ მერე ეჩვევი და შიში ქრება. უკვე ტექნიკის შესწავლაზე ხდები ორიენტირებული. წყალში ხტომის გარდა, ჩვეულებრივ, სიმაღლიდან თოკით ხტომაც (ბანჯი) ძალიან მიყვარს. ჩემი მაქსიმუმი კვიპროსში იყო, სადაც სამოცდაათი მეტრის სიმაღლიდან გადმოვხტი.
– კიდევ ერთ სფეროში მოღვაწეობ, ბილიარდს ვგულისხმობ. ამის შესახებაც მიამბე.
–  ბილიარდში პროფესიონალი ვარ. სოხუმში, ბაბუაჩემს სახლში ჰქონდა ბილიარდი და ბავშვობაში ძალიან მომწონდა. შემდეგ უკვე აქტიურად თამაში 2005 წელს დავიწყე  – ტურნირებში მონაწილეობა და ჩამითრია. 2014 წლამდე საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალი რვაჯერ მაქვს ნათამაშები და რვაჯერვე წავაგე. ფინალში ვერც ერთხელ ვერ გავედი. 2014 წელს ნახევარფინალში, წყვილებში 11:4 მოვიგეთ. ფინალს ვაგებდით 10:3 და ბოლოს 13:12 მოვიგეთ. ეს დაუვიწყარი ემოცია იყო. რაც შეეხება ბილიარდის ფედერაციას, ის ორ მიმართულებად იყოფა – რუსული ბილიარდი და პული. წელიწადზე მეტია, რაც ბილიარდის ფედერაციის პულის მიმართულების პრეზიდენტი ვარ.  ეს მიმართულება ნელ-ნელა იწყებს საქართველოში განვითარებას. შარშან ბულგარეთში, აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ქალაქ ბურგასში ბულგარეთის ღია ჩემპიონატი ტარდებოდა და 90-ზე მეტი მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე, 32 საუკეთესოში, საქართველოს ნაკრების ხუთივე წევრი გავედით. ფინალურ ეტაპზე არცერთი გუნდი სრული შემადგენლობით არ გასულა. შესაბამისად, საუკეთესო გუნდის მედალიც ჩამოვიტანეთ. ასეთი რამ პულში საქართველოს ნაკრებს არ გაუკეთებია. როგორც ყველგან და ყოველთვის, სახალისო მომენტები ბილიარდის თამაშისასაც ხშირია. თამაშისას ერთხელ ბურთი იმხელაზე ამიხტა, ვიტრინა ჩამოვიღე. ერთი შემთხვევა ახლა სასაცილოდ მახსენდება, თუმცა მაშინ სულაც არ იყო სასაცილო – ვთამაშობდი, ბურთი მაგიდიდან ახტა, შუბლში მომხვდა და თავი გამიტყდა (იცინის). 
–  გარდა ამისა, ტურისტული კომპანიის მენეჯერიც ხარ.
–  ვარ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიის რეგიონალური მენეჯერი. ტურისტული კომპანია „ლიბერთი ინტერნეიშენალი“ 46 ქვეყანაში ახორციელებს თავის საქმიანობას. ჩვენი კომპანია „ლიბერთი ჯორჯია“ კი ამ კომპანიის ერთ-ერთი დანაყოფია. მე ვარ რეგიონალური მენეჯერი და საქართველოში უამრავი ტურისტის ჩამოყვანას ვემსახურები. ამ საქმიანობას ბევრი სირთულე და პრობლემა ახლავს, მით უმეტეს, ჩვენი მომსახურების სფერო ჯერ ახლა იწყებს განვითარებას. ერთ დღეს, ერთი ტურის ფარგლებში,  ჯგუფს სამი ავტობუსი გაუფუჭდა. პირველად რომ გაუფუჭდათ, სანამ მეორეში გადავსვით ხალხი, ერთი ტურისტი ძაღლმა დაკბინა. ხაშურში საავადმყოფოში წავიყვანე და ანტირაბიულ კაბინეტში შრატი არ ჰქონდათ. გორში მითხრეს, საერთოდ დავხურეთ კაბინეტიო. ბოლოს თბილისში ჩამოვიყვანე და აქ გაუკეთეს შრატი. შემდეგ რამდენიმე დღეში განმეორებითი შრატის გაკეთება უწევდა, როცა უკვე ბათუმში იყო ჯგუფი. ბათუმში მითხრეს, ჩვენთან ანტირაბიული კაბინეტი შაბათ-კვირას არ მუშაობსო. გავგიჟდი, რას ჰქვია არ მუშაობთ, კაცს რომ შაბათს გველმა უკბინოს, უნდა დაელოდოს და ორშაბათს მორგში თუ მიიყვანენ, აქ რაღა უნდა-მეთქი?! მახსოვს, ერთი კაცი იყო ჩამოსული, ორჯერ ჰქონდა გულის ოპერაცია გაკეთებული მანამადე. ჯერ შავი ღვინო დალია, მერე ჭაჭა დააყოლა და კარგა ხანი ქართულ მუსიკაზე ცეკვავდა. უცებ წაიქცა. გვეგონა, მოკვდა. ტურისტების ჯგუფში შემთხვევით ორი გამოცდილი ექიმი აღმოჩნდა და მათ რაღაც პროცედურები ჩაუტარეს. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა და სიკვდილს გადაარჩინეს. ისრაელის მოქალაქე იყო. მეორე დღეს დაზღვევის მიერ გამოგზავნილი პერსონალური კარდიოთვითმფრინავი ჩამოვიდა, რომელიც დაზღვევას დაახლოებით 45 ათასი დოლარი დაუჯდა. ჩასვეს, წაიყვანეს და ისრაელში გაუკეთეს ოპერაცია. მარტო ერთი კაცის წასაყვანად ჩამოვიდა თვითმფრინავი. ამას რომ ვყვები, არ მიჯერებენ. დაზღვევაში ეს კაცი თვეში 35 დოლარს იხდის. 
–  და ბოლოს მუსიკა.
–  მუსიკა „კაი ცხოველია“ (იცინის). კარგ რაღაცეებს ეგრე ვეძახი. მრავალი მუსიკალური ჟანრი მიტაცებს. თუმცა, ალბათ, ჯაზი ყველაზე ახლოა ჩემთან. ბავშვობაში მევიოლინე ვიყავი, შვიდწლედი დავამთავრე. მერე მხედრიონის პერიოდი იყო და სხვადასხვა მიზეზის გამო, აღარ მომინდა ათწლედში სწავლა. თუმცა, სურვილი მქონდა. 2005 წელს ინდოეთში ვიყავი მივლინებით რამდენიმე ქალაქში. გასართობად ტაბლა ვიყიდე და პერკუსიაზე დაკვრა მაშინ დავიწყე. ისე მოხდა, რომ კიევში რაღაც კონკურსზე ვიმღერე კლუბში. მერე თბილისში ვიმღერე დიჯეისთან ერთად და სამსახური შემომთავაზეს. ეს იყო რამდენიმე წლის წინ. ახლა „ელ-ცენტროში“ ვუკრავ ბენდთან ერთად. თუმცა, მეორე მიმართულებითაც მაქვს ხოლმე – პერფორმანსები. დიჯეებთან ერთად ელექტრონულ მუსიკაზე ცოცხლად ვასრულებ ვოკალს, რეპს და საყვირზეც ვუკრავ. რამდენიმე წლის წინ „ამაზონზე“ შევუკვეთე საყვირი და „იუთუბის“ გაკვეთილებით დაკვრა ვისწავლე. მასწავლებელი არასდროს მყოლია, თუმცა, ვფიქრობ, იმ დონემდე ვისწავლე, რომ ხალხს ჩემი მოსმენა სიამოვნებს. ყველაზე მეტად იმპროვიზაცია მხიბლავს, არჩევნის თავისუფლება. არ მიყვარს გაწერილი ნოტები. ჯაზის მთელი ხიბლიც იმპროვიზაციაშია.
скачать dle 11.3