რა დიდი ნდობა გამოუცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა მარიამ როინიშვილს და როგორ ხდება ის მისი უწმიდესობის ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი
„კიდევ ერთი ლამაზი საგალობელი შეიქმნა უწმიდესის მიერ... ბედნიერი ვარ, რომ მისი უწმიდესობისგან არაერთხელ მიმიღია საჩუქრად ნდობა – ვყოფილიყავი მისი რამდენიმე ნაწარმოების პირველი შემსრულებელი! რამდენიმე საათის წინ კი შემატყობინეს, რომ მისი უწმიდესობა მიბარებდა... აღმოჩნდა, სრულიად ახალი საგალობელი შეიქმნა და ისევ მე გამხადა ღირსი საპატრიარქოს შესანიშნავ გუნდთან ერთად შემესრულებინა ის...“ – ეს სტატუსი მარიამ როინიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ჯერ კიდევ აღდგომამდე დაწერა. პატრიარქის მიერ დაწერილი ახალი საგალობელი კი აღდგომის ღამეს შეასრულა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, არავინ დატოვა გულგრილი – ისევე როგორც მისი უწმიდესობის დაწერილი სხვა საგალობლები, უკვე წლებია, არავის ტოვებს გულგრილს, ამაღელვებელი ემოციების გარეშე.
მარიამ როინიშვილი: პროფესიაში რაღაცეები, თან კარგი, სულ ხდება. მიწევს აქეთ-იქით ფრენა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი ისე მიდის, როგორც მინდა. საკმაოდ რთული პროფესიაა, კონკურენცია დიდია. ბევრი კარგი მომღერალია და ძნელია ამ სფეროში თავის დამკვიდრება. იმედი მაქვს, ჩემი დაუღალავი შრომით, თავდადებებით, რაღაც-რაღაცეებს შევძლებ. მაქსიმალისტი ვარ და ვეცდები, ეს თვისება ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რაღაცეებში მაბრკოლებს. ახლა მივდივარ რომში, მოსმენები მაქვს. რომში სანტა ჩეჩილიაში მაქვს მასტერკლასები, სეზონურად ჩავდივარ ხოლმე. მერე იქიდან ორ მოსმენაზე მივდივარ: ერთი ევროპაშია, მეორე არ არის ევროპაში.
– როგორ შეგაფასეს პროფესიონალებმა?
– სანტა ჩეჩილიაში ისეთი პედაგოგები მყავს... უპირველეს ყოვლისა, რენატა სკოტო – უძლიერესი იტალიელი მომღერალია. ახლაც მასთან ჩავდივარ, მანამდეც მასთან ვიყავი. მის გარდა, იქ ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგია. ზოგადად, კარგი შეფასებებია, მაგრამ საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი – ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, იქ სხვა ქართველებიც ჩადიან და ყოველთვის უსვამენ ხაზს: როგორ კარგად მღერიან ქართველები, როგორი კარგი ხმები მოდის საქართველოდან და ტექნიკურად ძალიან გამართულები არიანო. ანუ ქართულ ვოკალურ სკოლაზე ყოველთვის ძალიან კარგს ამბობენ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ მყავს საქართველოში პედადოგი, რომელსაც ჩემს ვოკალურ დედას ვეძახი – დოდო დიასამიძე. მან ყველაფერი ჩადო ჩემში, რაც კი შეეძლო... დღესაც არ იშურებს ძალ-ღონეს, რომ მე რაღაც გავაკეთო და გამომივიდეს. იტალიელებიც და მსოფლიოც იმდენადაა ქართველი მომღერლებით განებივრებული: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, ძველებზე აღარაფერს ვამბობ... ანიტა ჩემი მეგობარია, უცხოეთშიც ხშირად გვიწევს ერთად ყოფნა. ცოტა ხნის წინ ვერდის რეკვიემი მოვისმინე ანიტას მონაწილეობით. ოთხი არაჩვეულებრივი მომღერლი იდგა ჩემ წინ, ვუსმენდი და სრული შოკი დამემართა. ვერ აღვწერ, რამხელა სიყვარული აქვთ ანიტას მიმართ, წარმოუდგენელი ფენომენის ხმა აქვს, საოცარი მომღერალია – ლამის დაუკოცნონ ხელები, ყელი. არ იცი, რა ხდება... ისეთი ამაყი ვიყავი, როდესაც ანიტასთან ერთად ზალსბურგში თავაწეული დავდიოდი და ბედნიერი ვიქნები, თუ მომავალში ანიტაც იამაყებს ჩემით.
– ალბათ, ძალიან გიჭირს ბავშვის დატოვება.
– ჩემი ყოველი წასვლა დიდი სტრესია, ძალიან მიჭირს. როცა რომში დიდი ხნით მიწევს წასვლა, მაშინ ელენე და დედაჩემი ჩემთან ერთად არიან. გრძელვადიანი გასვლა რომ გაქვს ქვეყნიდან, ჯობია, შვილიც შენთან ერთად იყოს. ელენე იმ ასაკშია, დედა სჭირდება.
– ელენეც გამოირჩევა მუსიკალური ნიჭით?
– თამრიკო სულ ამბობს: შენ ასეთი არ იყავი, ეს აბსოლუტურად სხვაა, შენი გაუმჯობესებული ვარიანტიო. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია... უბრალოდ, რომ ვუყურებ, აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. საოცარია ის, რომ გიჟდება ოპერაზე. ვერდის „ტრავიატა“ იცის ზეპირად, სხვანაირად განვითარებული გონება აქვს და სხვანაირი სულის ბავშვია. მინდა, ეს კიდევ უფრო გავუმძაფრო და ეს სულიერება უფრო სიღრმისეულად იყოს მასში.
– და მეორე სფერო – ეს არის საგალობლები, რომლებსაც უკვე ბევრი წელია, ასრულებ.
– პირველი იყო „კირიე ელეისონი“, რომელიც მოსმენილი მქონდა. ჩემამდე პატარა ბიჭი გალობდა არაჩვეულებრივად. პირველად რომ დავდექი სამების მიკროფონთან, არც კი მახსოვს, როგორ ვიგალობე. მერე მოვიდა ეს საოცარი განცდა, რომელიც სხვა სიმღერის შესრულების დროს არ გეუფლება. ჩემთვის გალობა არის აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებით შესრულებული სიმღერა. სულ სხვაა – თვალს რომ დახუჭავ, გრძნობ, ეს რაღაც არამიწიერია. ის კი არა, რომ არამიწიერად გალობ, თავად გალობაა არამიწიერი. იმდენად დიდი სიამოვნებაა, ხანდახან დიდი ტკივილია. გააჩნია, შენ რა განწყობით ხარ მისული. ადამიანის ცხოვრებაში არის დღეები, როცა არ გემღერება, მაგრამ საგალობელი გაძლევს იმის განწყობას, იგალობო. თუ მტკივა – ტკივილით ვგალობ, თუ მიხარია – სიხარულით. ყოველთვის გაცილებით უკეთ მიმღერია და მიგალობია, როდესაც ტკივილი მქონია.
– როდის შეხვდი პირველად პატრიარქს?
– მახსოვს, კიკეთში იყო თავის რეზიდენციაში და დამირეკეს: გიბარებს პატრიარქიო. მაშინვე გავეშურე და იქ მითხრა: უნდა იგალობო ეს ნაწარმოებებიო. პატარა სინთეზატორზე უკრავდა და თან, მასწავლიდა თავის ნაწარმოებებს. ისეთი საყვარელი იყო... მას მერე სულ ვამბობ: ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის. ყველას არ ერგება ამხელა პატივი, რომ პატრიარქის ამდენი ნაწარმოები შეასრულოს. ამ კუთხით დიდი ნდობა გამომიცხადა – მისი ნაწარმოები რომ შევასრულო და ვიყო თუნდაც მათი პირველი შემსრულებელი. ეს დიდი პატივი და ღმერთის დიდი მოწყალებაა. ვისურვებდი, რომ ღმერთმა არასდროს დაასრულოს ეს პროცესი ჩემს ცხოვრებაში. უწმიდესს კი დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი განსაკუთრებული საჩუქარი გამიკეთა.
– როგორია თქვენი ერთობლივი მუშაობის პროცესი?
– აღდგომამდე ორი დღით ადრე დამირეკეს, პატრიარქი გიბარებსო. წავედი, ნოტები მომცა: იმღერეო. თქვენო უწმიდესობავ, ერთი წუთით, თუ შეიძლება გავერკვევი-მეთქი. იქვე, უცებ გავარჩიეთ ნოტები და გვითხრა: აღდგომას უნდა იგალობოთო. მეც და გუნდმაც, ჩქარ-ჩქარა ვისწავლეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და კარგი გამოვიდა. მე და გუნდი უკვე იმდენი წელია, ერთად ვგალობთ, ძმებივით არიან ეს საოცარი ადამიანები. მათთან ერთად სიმღერა ძალიან დიდი ბედნიერებაა. საქართველოში ერთ-ერთი პირველი გუნდია.
– მისმა უწმიდესობამ შექება, წახალისება იცის?
– ბოლოს რომ მივედი მასთან, ახალი საგალობლის, „ევქარისტიას“ შესასრულებლად, მთელი დღის ნამღერი ვიყავი და ყელი მქონდა დაღლილი. თქვენო უწმიდესობავ, მაპატიეთ, ცუდ ხმაზე ვარ, გადაღლილი ყელი მაქვს-მეთქი. არ გეტყობაო, – მითხრა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, წამახალისა, ნუ ნერვიულობო. ასეთი რაღაცეები სულ იცის. მისი ერთი გულში ჩახუტება, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ხანდახან ხელზე ვემთხვევი და გულში ჩასახუტებლად წამოიწევს ხოლმე. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, დიდხანს რომ მომეფერება ხოლმე თმაზე. როცა ელენე მიმყავს იქ, უწმიდესს არ შორდება გვერდიდან. მის გვერდითაა ატუზული და არ შორდება. პატრიარქისგან იმდენი სითბო და სიყვარული მოდის, არ შეიძლება, ამან არ მიგიზიდოს.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შენი გამოჩენა ვიღაცეებმა პირდაპირ გალობას დაუკავშირეს და გაგაკრიტიკეს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ცეკვავდი.
– რამდენიმე ადამიანის გამოხმაურებამ გამაოგნა. საქართველომ არაერთხელ გამაოგნა ცუდად. აბსოლუტურად გაოგნებული დავრჩი, როცა ჩემს ცეკვასა და გალობას შორის პარალელები გაავლეს. შოკში ჩავვარდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მსგავსი ფსიქიკის ადამიანები არსებობენ. იმედი მაქვს, ისინი უმცირესობაში არიან. რამდენიმე ადამიანთან მომიწია ამაზე განმარტების გაკეთება, მერე მივხვდი – ამაზე არავის არ უნდა ელაპარაკო, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.