როგორ შემცირდა ტერორისტულ სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ და როგორ სცადა მოწინააღმდეგემ ქართული ხასიათის საუკეთესო თვისებების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენება
ერთიოდე კვირის წინათ ლამის სრულიად საქართველოს საზოგადოება მოიცვა ვნებათაღელვამ, რომ სირიაში ქრისტიანებს ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლები სასტიკად უსწორდებიან, შესაბამისად, გამოჩნდნენ როგორც სირიელი ქრისტიანი ბავშვების შვილების მსურველები, ისე საქართველოს ეკლესიითა და მთავრობით უკიდურესად აღშფოთებულები, რადგან, მათი აზრით, ამ ორ ინსტიტუტს დაუყოვნებლივ უნდა მოეგვარებინა სირიიდან ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის პრობლემა (ბუნებრივია, თუ როგორ, ამას არავინ აზუსტებდა). მეტიც, 500-მდე ოჯახმა გამოთქვა სურვილი, საკუთარ ოჯახში მიეღო რეპრესირებული პატარა ქრისტიანები. საბოლოოდ, გაირკვა, რომ გავრცელებული შემზარავი ფოტოების დიდი ნაწილი რეალობას არ შეესაბამებოდა და როდესაც ვნებები ჩაცხრა, ისიც ნათელი გახდა, რომ პროცესს ქართველი საზოგადოების მანიპულაციის სუნი ასდიოდა. ვის და რატომ დასჭირდა მსგავსი აჟიოტაჟის აგორება, რა მიზანს ემსახურებოდა ის და მანიპულაციისადმი დაქვემდებარების რა ხარისხი გამოამჟღავნა ჩვენმა საზოგადოებამ, – თემას კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– უცებ საიდან გაჩნდა მოწმენდილ ცაზე სირიელი ქრისტიანების დახოცვის შესახებ ინფორმაცია და თითქოს ამის ამსახველი ფოტოები? რა მიზანს ემსახურებოდა და რამის გადაფარვის მცდელობა ხომ არ იყო?
– გადაფარვის რა მოგახსენოთ, გადასაფარი თემა უამრავია საქართველოში ყოველდღიურად. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს იყო ორიენტირებული მუსლიმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირებაზე. თან, იმ დღეებში იმართებოდა დიდი რელიგიათშორისი კონფერენცია ბათუმში და არ გამოვრიცხავ, მიზანი იყო დაპირისპირების გამოწვევა, რომ ეს თემა უარყოფით კონტექსტში გაჟღერებულიყო იმ კონფერენციაზე. მას ესწრებოდნენ საკმაოდ ცნობილი თეოლოგები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, ამერიკის შეეთებული შტატებიდან და ნორვეგიიდან, მაგრამ ამის რეალიზაცია არ მოხდა. მე სხვა მიზანს ვერ ვხედავ: იმიტომ რომ, საქართველოსა და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებს არანაირი ყურადღება არ მიუქცევია ამ ამბისთვის. არც მიაქცევდნენ, იმიტომ რომ, ეს ფაქტები არის კრებითი და იმ შემზავარ სურათებზე, რომლებიც ვიხილეთ, ყველა შემთხვევაში არ არიან გამოსახული ქრისტიანები. არის დაღუპული ქურთების, არაბების კადრები. ამდენად, ამ ფოტოებით მანიპულაცია ორიენტირებული იყო რაღაც ტიპის აქტივობებზე. თან, ის ფაქტიც, რომ ეს პირველად გაავრცელა „რუსთავი-2-მა“ გარკვეულ ეჭვებს მეც აღმიძრავს.
– რუსეთშიც იგივე მიზანი იყო?
– სხვათა შორის, ანტიმუსლიმანური და ანტიკავკასიური აქცენტები რუსულ მედიაში ყოველთვისაა. ერთი შეხედვით, რუსეთს რატომ უნდა აძლევდეს ხელს თავის ტერიტორიაზე მუსლიმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირება, მაგრამ, როდესაც ასეთი დაპირისპირების ფორმატს ქმნის რუსული პროპაგანდა, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ლაპარაკია არა ანტიმუსლიმანურ, არამედ ექსტრემისტულ და ტერორისტულ თემაზე. რუსულმა მედიამ ამჯერადაც მოახერხა ამის დიფერენცირება, რაც საქართველოში არ არის. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფაქტით გაგრძელდა რუსული პროპაგანდის ეს ნაწილი: მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვია ჩეჩნეთის ხელისუფლებაში, პირველად მოხდა, რომ სტავროპოლის პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა გროზნოს ცენტრში და ჩეჩნეთის პოლიცია საქმის კურსში არ ჩააყენა, რაც დამთავრდა სროლით და მსხვერპლით: დაღუპულია ძებნილი. ფონი შემზადებული იყო, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესი – გააქტიურებული და ეს ფაქტი გასაღდა, როგორც ცენტრის აქტიური მუშაობა ავტონომიის ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდეგ.
– ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო დაინტერესებული საქართველოში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბულობის გამოწვევით? კვალი ჩრდილოეთით მიდის, დასავლეთით თუ?
– მხოლოდ ეჭვის დონეზე შეიძლება საუბარი. დასავლეთშიც არიან აქ ქაოსური სიტუაციის შექმნით დაინტერესებული ძალები. თუმცა მე არ მგონია, რომ საქართველო დედამიწის ჭიპია და ყველა იმაზე მუშაობს, როგორმე საქართველოში არეულობა გამოიწვიოს. მაგრამ დასავლეთსა და ჩრდილოეთში არიან ძალები, რომლებიც კავკასიას აკონტროლებენ, აქ დიდ პოლიტიკურ თამაშს წარმართავენ და მათ შორის, ისეთი ადამიანებიც არიან, რომელთათვისაც ხელსაყრელია საქართველოში არეულობა და ქაოსი. ასევე, აქ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ქაოსის ხარჯზე ფარავენ თავის წარუმატებლობასა და დანაშაულს. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ მათი მმართველობისას მეტი წესრიგი იყო, ახლა უწესრიგობაა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული აქვთ ერისა და ქვეყნის წინაშე, ახლანდელ ხელისუფლებაშიც თითქოს არის ხალხი, რომლებსაც უფრო მეტი დანაშაული მიუძღვით. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ, რადგან „რუსთავი-2-მა“ გადადგა პირველი ნაბიჯი, ეს ეჭვს აღმიძრავს.
– ამ აჟიოტაჟს ჩვენს თანამემამულეებს შორის მაშინვე გამოეხმაურა საქართველოში პერსონა ნონგრატად გამოცხადებული „რუსეთში ჯავახეთის დიასპორის“ ხელმძღვანელი აგასი არაბიანი – კეთილო ქართველებო, ჩაასახლეთ სამცხე-ჯავახეთში სირიელი სომხებიო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო?
– აგასი არაბიანმა სიტუაციით ისარგებლა და ცეცხლზე ნავთი დაასხა. იმიტომ რომ, აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო მისი ეს განცახდება, რადგან სირიელი სომხების დიდი ნაწილი სომხეთსაც კი არ ირჩევს საცხოვრებლად. ოფიციალურად არც ერთ სირიელ სომეხს არ მოუმართავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათთვის თავშესაფარი მიეცათ. მათთვის უკეთესია, თუ თავშესაფარს მისცემენ ევროპაში და ისინი ამისკენ ისწრაფიან. სხვათა შორის, ერაყიდან და სირიიდან დევნილთა უმეტესობა, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, დიდი სიხარულით არ მოდიან კავკასიაში. მათ ურჩევნიათ, ევროპაში ამოყონ თავი. როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ საქართველოში შესთავაზეს თავშესაფარი, უარი თქვეს, რადგან გაიგეს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მესამე ქვეყანაში მოხვედრა რთულია.
– ამ პროცესმა თვალნათლივ დაგვანახვა, თუ რა მარტივია ჩვენი საზოგადოებით მანიპულირება, დაიტესტა, რამდენად ადვილად ვემორჩილებით ასეთ მეთოდებს და როგორ შეიძლება, ჩვენი ხასიათის დადებითი თვისების – დაჩაგრულის მხარეს ყოფნის – ჩვენ საწინააღმდეგოდვე გამოყენება?
– ნაწილობრივ სიმართლეა: საზოგადოების გასაკვირვებლად და ასამოქმედებლად ამ ტიპის აქციები გამოდგება, თან, ეს ბავშვებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ძალიან გონივრულად იყო ეს ყველაფერი გათვლილი და სასურველი ეფექტიც მიიღეს. ცოტა გამიკვირდა ქართველი საზოგადოების, უამრავი უპოვარი ბავშვია საქართველოში, რომლებიც შიმშილის პირას არიან.
– სწორედ იმ დღეებში დავინტერესდი კიდევ ერთხელ სტატისტიკით: საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება, მათ შორის, 300 სწორედ კვების პრობლემების გამო, 10 წლის განმავლობაში კი 4 300 ბავშვი დაგვეღუპა. მათი შვილების სურვილი არავის გამოუთქვამს, სამწუხაროდ.
– მეც მიკვირს ეს. სწორედ ამ დღეებში შევხვდით ერთ-ერთი საბავშვო სახლის აღსაზრდელ უფროსკლასელებს და მათ თქვეს, თუ ვინმეს შვილის აყვანა უნდა, ჩვენგან აიყვანონ უპატრონო პატარებიო. ქართველი ხალხი ემოციურია, მას სჭირდება ემოციური მუხტი, რომ აინთოს და აი, ამაზე ითამაშა მან, ვინც ეს მოიფიქრა. გათვალა ქართველი ერის ფსიქოლოგიური პორტრეტი და შედეგიც მიიღო. მე მთელ ამ უბედურებაში ერთი რამ მომეწონა: ქართველ ერს კიდევ შესძლებია კონსოლიდაცია და ეს თავისთავად არ არის ცუდი. კარგი იქნება თუ სხვა მიზნებისთვისაც მოხდება კონსოლიდაცია.
– თქვით, შედეგს მიაღწიესო. რას გულისხმობთ?
– აანთეს საზოგადოება, ამაზე ალაპარაკეს რამდენიმე დღის განმავლობაში, ოღონდ საბოლოო შედეგს, ანტიმუსლიმანურ გამოსვლებსა და განცხადებებს ვერ მიაღწიეს.
– და კიდევ ის იყო საინტერესო, რომ ანტისაეკლესიო კონსოლიდაციაც შეინიშნებოდა, რას ჰქვია, ეკლესიამ არ თქვა, ჩვენ მივიღებთ ბავშვებსო?
– ეს ხელოვნურად იყო ინსპირირებული, თან, ეს ინსპირაცია ანონიმურად ხდებოდა. ძალიან საინტერესო იყო ერთი არაანონიმური განცხადება – ნოდარ ლადარიასი, რომელმაც თქვა, სად გინახავთ, უპოვარი მიეღოს პატრიარქსო. საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ დისკრედიტაციის ფრონტია გახსნილი. რაც პატრიარქს უპოვრები და სოციალურად გაჭირვებული ადამიანები მიუღია, იმდენი სიცოცხლე ლადარიების მთელ გვარს. ხალხმა არ იცის, რა ხდება რეალურად და ვიღაცის ნათქვამს აჰყვებიან. აი, ეს არის სოციალური ქსელების მთავარი მინუსი – საზოგადოება იქაა ჩაყურყუმალავებული, ქსელში არიან დაკარგულები და თავიანთ თავს თვითონვე მოუსპეს აზროვნების საშუალება. მოვიტან ასეთ ფაქტს: აღდგომის წინა დღეებში, ვნების კვირას, პატრიარქმა პანკისის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები მიიღო. ამ შეხვედრას კავკასიური საკითხების ექსპერტებიც ვესწრებოდით. წარმოიდგინეთ, მართლმადიდებელი პატრიარქისთვის როგორია მუსლიმანებთან შეხვედრა დიდ ხუთშაბათს?! ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. პატრიარქმა ძალიან კარგად იცის, ვინ და როდის უნდა მიიღოს და როგორ უნდა გაისტუმროს. უაღრესად დადებითი შეხვედრა იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ უხუცესთა საბჭოს წევრებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ. ესეც მანიშნებელია, როგორ მუშაობს საპატრიარქო და პატრიარქი. საპატრიარქოში რომ უამრავი პრობლემაა, ყველამ ვიცით, მაგრამ საპატრიარქოსთან ამ ტიპის ბრძოლა არ გამოვა. თან, ვიღაც სოციალურ ქსელში გაჩხერილი ადამიანი პატრიარქს არ უნდა უკიჟინებდეს მზრუნველობას უპოვარ ბავშვებზე. 2013 წელს ერაყელი შიიტების ლიდერი იყო ჩამოსული და ჩემ თვალწინ ელაპარაკა მას პატრიარქი ერაყის ტერიტორიაზე ქრისტიანების დევნის შესახებ. მედიასივრცეში რომ არ ჩანს და ამაზე გაუთავებლად არ საუბრობენ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საპატრიარქო არ მუშაობს?! ძალიან დიდი საქმე გააკეთა პატრიარქმა გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან და სწორედ მისი განსაკუთრებული დამსახურებაა, ისევე, როგორც მისი წინამორბედების, თუ საქართველოს, მცირე ქვეყნის ეკლესიას მთელ მსოფლიოში იცნობენ.
– მომეჩვენა, რომ ეს კამპანია ენთუზიასტი ადამიანების იმედზე იყო, ჩანდა ჩვენი უშიშროების შესაბამისი სამსახურის კვალი, რომ გაენეიტრალებინა სოციალური ქსელით ქართველ საზოგადოებაზე ზემოქმედების მცდელობა?
– პირველ ორ დღეს არ ჩანდა, შემდეგ გამოჩნდა. არ მინდა დეტალებში ჩაღრმავება, მაგრამ ზოგიერთი, უსაფრთხოების სისტემებთან დაახლოებული პიროვნების სოციალური აქტივობით მოხდა იმის დეზავუირება, რაც ჩვენმა მტერმა მოინდომა. იცით, რომ ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს, მაგრამ არ შემიძლია, ობიექტურად არ ვთქვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო სურათი გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ სირიაში აღარ არის საქართველოს მოქალაქეების ის რაოდენობა, რაც იყო. ჩემი ვარაუდით, უნდა ყოფილიყო 170 კაცამდე, დარჩა 45 კაცამდე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საველე მეთაური – ბათირაშვილი და მარგოშვილი, ადგილზეა. რაც მთავარია, დაიბლოკა ყველა ქართულენოვანი ისლამისტური საიტი. ესე იგი, მუშაობენ. მართალია, გომელაურმა თქვა, ჩვენ გაგვეპარა რამდენიმე ახალგაზრდაო, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდები არ გაატარეს. გომელაური ამას ვერ ამბობს, რადგან ის ახალგაზრდები, რომლებიც არ გაატარეს, იყვნენ 18 წლისანი, ანუ მათ უფლება ჰქონდათ, სადაც უნდოდათ, წასულიყვნენ. ყველანი საქართველოს იმ რეგიონებიდან იყვნენ, საიდანაც შეინიშნება მოძრაობა. მე ხომ ვიცი, რომ ხუთივე ახალგაზრდა იქ მიდიოდა, სადაც ბევრი სხვაა წასული?! ანუ შეუძლიათ, მუშაობაც დაიწყეს და ღმერთმა ქნას, რომ ასე გააგრძელონ.
– რუსულ პრესაში, სოციალურ ქსელებში აქტიურად შუქდება ტერორისტულ სახელმწიფოში ქართული კვალის შესახებ. მე მომენტს არ ვუშვებ ხელიდან, იქვე მივანიშნო, რომ იქ უფრო მეტი რუსეთის მოქალაქეა. რატომ აკეთებენ ამ აქცენტს? იმაში არწმუნებენ რუს საზოგადოებას, რომ ჩვენ, ქართველებიც, ტერორისტები ვართ?
– თქვენ ხომ იცით, რომ რუსეთის სოციალურ ქსელებშიც აქტიურად მუშაობენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები. პანკისიდან მტრის ხატის შექმნა რუსული სპეცსამსახურების ტრადიციაა. დაახლოებით, ამ პრინციპით მუშაობენ: რა იცი, რაში გამოგვადგება?! მსოფლიო საზოგადოება უნდა იყოს შემზადებული აზრისთვის, რომ პანკისი არის ტერორიზმის ბუდე, რათა, თუ რუსეთს დასჭირდება ამ რეგიონის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება, ეს გამართლებული იყოს. პანკისის წინაღმდეგ რომ დაიწყოს რუსეთმა ოპერაცია და იქიდან შემოიჭრას საქართველოში, ძალიან ცოტას მოუბრუნდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ენა, რომ რუსეთი არასწორად იქცევა, იმდენად შერყეული აქვს რეპუტაცია იმ ადგილს. მაშინ, როდესაც იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. მაგალითად, რატომ არ ამბობენ რუსულ სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვემო ქართლსა და აჭარაში?! იმიტომ რომ, იქ ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ ურჩევნიათ, პანკისზე ილაპარაკონ, ანუ იმაზე, სადაც გასდით. ესეც ერთგვარი ტექნოლოგიაა.