კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლს ასრულებს ქართველების კეთილდღეობაში მშობლებისა და ბაბუა-ბებიების მიერ დატოვებული ქონება და რატომ ელის საქართველოს 10 წელიწადში კიდევ უფრო გაღატაკება

თუ მსოფლიო ბანკს დავუჯერებთ, სიღარიბის განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი შემოსავლებია. შესაბამისად, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის, ანუ მთლიანი შიგა პროდუქტის მიხედვით ქვეყნები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: დაბალი, საშუალო (რომელიც, თავის მხრივ, დაბალ საშუალო და მაღალ საშუალოდ იყოფა) და მაღალი შემოსავლების მქონედ. საქართველო დაბალი საშუალო შემოსავლების მქონედ. ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის წლიურ შემოსავლებსა და საქართველოს მოქალაქეების საშემოსავლო რეალობა-პერსპექტივას.

– არსებობს რაღაც მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, ვთქვათ, ყოველთვიურ ნორმატიულ საშუალო შემოსავალს ან ხარჯებს? 

– როგორც წესი, საშუალო წლიურ მაჩვენებელს ანგარიშობენ მთლიანი შიგა პროდუქტით, მაგრამ ამ მთლიანი შიგა პროდუქტის შემადგენლობაც განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით: ზოგან სოფლის მეურნეობას უჭირავს დიდი ადგილი, ზოგან –  ტურიზმს, ახალ ინდუსტრიულ სახელმწიფოებში კი –  ვაჭრობასა და საგარეო ურთიერთობას, ამიტომ შემოსავლებიც ამაზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვნად განსხვავდება.

– ყველაზე მეტი შემოსავალი სად არის მაღალი, სადაც წამყვანი მრეწველობაა? და სად არის ყველაზე დაბალი, სადაც სოფლის მეურნეობაა?

– ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ამ მხრივ, აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის 2 პროცენტზე ნაკლებია, მაგრამ აგრარულ სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობა რამდენჯერმე შეიძლება გაიზარდოს, როდესაც მოსავლის აღება-დაბინავებაა დაქირავებულთა ხარჯზე. კიდევ ერთი ნიუანსი, რასაც კორექტივი შეაქვს ქვეყნების მიხედვით შემოსავალში: უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ადამიანი და საზოგადოება მოცემულ მომენტში არის არა მარტო იმ ერთი კონკრეტული წლის განმავლობაში შექმნილი დოვლათის მომხმარებელი, არამედ, წინა თაობების მიერ დაგროვილი ქონების ელემენტების მომხმარებელიც. ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს სახლში, რომელიც აშენებულია ბებია-ბაბუის მიერ, სარგებლობს მშობლების დანატოვარი ქონებით. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს წარმოების მაღალი დონე, დაახლოებით, საშუალო მსოფლიო დონის ნახევარზე ვართ.

– დაგროვილი ქონების ხარჯზე?

– არა, მის გარეშე. წელიწადში ჩევნ ვაწარმოებთ იმდენ დამატებით ღირებულებას, რაც არის ანალოგიური მსოფლიო მაჩვენებლის ნახევარი.

– არც ისე ცუდად გვაქვს საქმე, ესე იგი?

– ასეთივე მაჩვენებელი აქვთ აფრიკას, აზიას, ლათინურ ამერიკას. მაგრამ ეს ჩვენი კეთილდღეობა რამდენადმე უკეთესია იმის გამო, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ძველი, დანატოვარი სიმდიდრით, თუმცა ფაქტობრივი შემოსავალი ნაკლები გვაქვს. პირობითად, ადამიანს აქვს ხელფასი 1 000 ლარი, მაგრამ აქვს სახლი, ანუ არ სჭირდება ბინის დაქირავება, სარგებლობს მაცივრით, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს იყიდა მისმა მშობელმა. ამდენად, მისი მოხმარებისა და კეთილდღეობის დონე რამდენადმე მაღალია, ვიდრე მისი მიმდინარე შემოსავლები და ეს დაგროვილი სიმდიდრე დაახლოებით 20-25 პროცენტით ზრდის საერთო კეთილდღეობას, მაგრამ ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

– ერთხელაც, ამორტიზდება, არა, მაცივარი?

–  ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მაქსიმუმ, 20-25 წელიწადს გაგრძელდეს მსგავსი ტენდენცია, შემდეგ ჩვენი მოსახლეობა აღმოჩნდება იმ მწვავე რეალობის წინაშე, როდესაც მისი მოხმარების აბსოლუტური მასშტაბი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მათ მიერ შექმნილი დოვლათის სიდიდეზე ან კიდევ იმ ვალების აღებაზე, რომლებსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მისცემენ.

– თუ სწორად გავიგე, 20 წელიწადში კიდევ უფრო გავღარიბდებით, თუ შემოსავლების დღეს არსებული დინამიკა შენარჩუნდა და ის არ გაიზარდა?

– თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ კიდევ უფრო გავღარიბდებით. ავიღოთ 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით საშუალო წლიური ზრდის ტემპი –  შეგნებულად ავირჩიე ეს ოთხი წელიწადი, რომ მოხვედრილიყო წინა და მოქმედი ხელისუფლების 2-2 წელი –  და, დავუშვათ, რომ ეს ტემპი არ შეიცვლება მომდევნო 11 წლის განმავლობაში, მაშინ 2025 წელს ჩვენ გავალთ ბულგარეთის 2014 წლის დონეზე. ბულგარეთი იმიტომ ვახსენე, რომ ის  ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა ევროკავშირის 28 ქვეყანას შორის.

– ეს ხომ ნიშნავს, რომ, რაღაც, უიმედოა ჩვენი ევროკავშირსკენ სვლის ტემპი?

– ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმ დადებით ფასეულობებზე, რითაც ევროპამ თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში; აქცენტი უნდა გავაკეთოთ ღირებულებებზე და არა ინსტიტუტებზე. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჰუმანიზმი, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და სხვა; ის ფუნდამენტური ღირებულებები, რითაც ასე ცნობილია ევროპა. 

– რამდენს ვხარჯავთ და რაში ყოველწლიურად?

– საკმაოდ მოკრძალებულია საკვების, სასმლისა და თამბაქოს ხარჯები, ჯამში, ყოველწლიურად 3 600 დოლარის ოდენობით. თუმცა ეს ხარჯები საკმაოდ მაღალია პროცენტულად და დაახლოებით 38,5 პროცენტს შეადგენს ჩვენი მთლიანი წლიური ხარჯისა. პრინციპი ასეთია: რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ოჯახი, მით უფრო მეტს ხარჯავს ის სურსათზე. მაგალითად, თუ ჩვენ ვხარჯავთ 3 600-მდე, ამერიკელები ხარჯავენ 11-ჯერ მეტს, მაგრამ მთლიან ხარჯებში სურსათზე ხარჯი დაახლოებით 8,8 პროცენტია. ასეთივე დაბალი მაჩვენებლები აქვთ სხვა ქვეყნებსაც. სურსათზე კიდევ უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი: თუ ჩვენ ვხარჯავთ მთლიანი ხარჯის 34 პროცენტამდე მხოლოდ სურსათზე, ამერიკაში ეს 6,7 პროცენტია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ასევე, დაბალი მაჩვენებელი აქვს სინგაპურს, შვეიცარიას –  დაახლოებით 9 პროცენტი; გაერთიანებული სამეფო და კანადა ხარჯავენ 9,5 პროცენტს.

– თუმცა, ჩვენი მაღალი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ბევრს მივირთმევთ?

– რა თქმა უნდა. თუ ჩვენ სურსათზე წელიწადში ვხარჯავთ დაახლოებით 2 700 დოლარს მოსახლეობის ერთ სულზე, ამერიკელები სურსათზე ხარჯავენ 35 630 დოლარს.

– ამდენს რას მიირთმევენ?!

– თანაც, გაითვალისწინეთ, რომ სურსათზე ფასები ამერიკაში უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან. ამერიკა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია მოხმარებული კალორიების მიხედვით –   3 800 კილოკალორია. იქ არის ჭარბი წონის პრობლემა და იმიტომაა მოდური ვარჯიში, სირბილი, წონის დაგდება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მასობრივი ხასიათი მიიღო ჭარბწონიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ.

– აბა, საიდან მოდის მითი, რომ ქართველები ჭამა-სმის მოყვარულები არიან?

– ჩვენ უფრო მეტს ვლაპარაკობთ ჭამა-სმაზე, ვიდრე ამას რეალურად ვაკეთებთ. ქართულ სუფრას აქვს თავისი ლაზათი, მაგრამ ჩვენი საკვების კალორიულობა არც ისე მაღალია და საკმაოდ მოკრძალებულია ევროპული სტანდარტებით. ჩვენთან მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათი შემოსავლები არ იძლევა საკმარისად დაბალანსებული კვების პროდუქტების მიღების შესაძლებლობას.

– როგორც პაატა კოღუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ბალახიჭამია ერი ვართ, რადგან უზომოდ დიდი რაოდენობით მწვანილს მივირთმევთ. იმის თქმა მინდა, რომ ფხალეული არ არის კალორიული, არც სალათები.

– თანაც, ჩვენ სამხრეთული ქვეყანა ვართ, სამხრეთულ ქვეყნებში კი გაცილებით ნაკლებ ცხოველურ პროდუქტებს მოიხმარენ. მაგალითად, ჩვენ ყოველ მოხმარებულ ერთ კილოგრამ პურზე მივირთმევთ დაახლოებით 130 გრამ ხორცპროდუქტებს, ესტონეთში კი ეს მაჩვენებელი ერთი ერთზეა.

– ჩვენ ამერიკას შევედარეთ საკვებზე ფულის ხარჯვის მხრივ და კატასტროფა გვქონია ლამის; რეგიონის ფონზე როგორ გამოიყურება ეს მაჩვენებელი?

– უპირველესად, თურქეთს შევადაროთ, რადგან, დიდი სახელმწიფოა და, გარკვეულწილად, სამაგალითო. თურქეთში ჩვენთან შედარებით სურსათის ხარჯის წილი 1,5-ჯერ დაბალია, ისინი თავიანთი შემოსავლების 22 პროცენტს ხარჯავენ სურსათზე. მართალია, ამერიკასთან შედარებით ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მაგრამ, აბსოლუტურ განზომილებაში ეს ციფრი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, თუნდაც, საქართველოს ფონზე. თუ საქართველოში სურსათისთვის მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში იხარჯება 2 700 დოლარი, თურქეთში –  8 100 დოლარი; ლატვიაში სურსათზე ხარჯავენ მთლიანი ხარჯის 19 პროცენტს, ესტონეთში –  20-ს, ლიტვაში –  24 პროცენტს. შესაბამისად, აბსოლუტურ განზომილებაში ლატვიაში სურსათზე წელიწადში 9 455 დოლარს ხარჯავენ, ესტონეთში –  10 068-ს, ლიტვაში –  9 921 დოლარს, ფაქტობრივად, საქართველოზე თითქმის სამჯერ უფრო მეტს, მაგრამ სურსათის ხარჯის წილი  მათ მთლიან ხარჯებში არის დაბალი. ეს იმის გამოა, რომ მათი მთლიანი შიგა პროდუქტი საკმაოდ მაღალია. ესტონეთი ამ მხრივ, საერთოდაც, ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში. 

– რუსეთში?

– რუსეთი ჩვენგან ძალიან შორს არ არის წასული, იქ მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 30,5 პროცენტი იხარჯება სურსათზე, მაგრამ აბსოლუტურ განზომილებაში საკმაოდ მაღალია ეს მაჩვენებელი, ჩვენთან შედარებით 3,5-ჯერ მეტი –  7 400 დოლარია მოსახლეობის ერთ სულზე. გასაგებიცაა: რუსეთს მთლიანი შიგა პროდუქტი საკმარისად დიდი აქვს.

– რაკი საქმე რუსეთს ეხება, სასმლის ხარჯი შედის ამ თანხაში?

– თუ ჩვენ მთლიანი ხარჯის 5,2 პროცენტს ვხარჯავთ სიგარეტსა და სასმელში, რუსები ხარჯავენ 8,3 პროცენტს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია და 8-პროცენტიანი მაჩვენებელი თითქმის 2 000 დოლარზე მეტია.

– ჩვენ თითქოს სასმელიც გვიყვარს, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა.

– არ არის 5 პროცენტი დაბალი მაჩვენებელი, ამერიკას რომ შევედაროთ.

– მაგრამ ამერიკაში თითქმის არ მოიხმარენ თამბაქოს? 

– თამბაქოსა და სასმელზე მხოლოდ 2,1 პროცენტს ხარჯავენ.

– რა ვიცი, აბა, ამერიკულ ფილმებში სულ სასმელს სვამენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს...

– იქ დიდი შემოსავლები აქვთ. პროცენტულად დაბალი მაჩვენებელი აქვს სასმლისა და თამბაქოს მოხმარების ნავთობმომპოვებელ მაჰმადიანურ სახელმწიფოებს –  მათ რელიგია უკრძალავს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას და ამიტომ მათთან ეს მაჩვენებელი დაბალია. მაგალითად, ყატარში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, მხოლოდ 0,3 პროცენტი იხარჯება სასმელსა და თამბაქოზე.

– საკვებისთვის რამდენს ხარჯავენ მდიდარ აღმოსავლურ ქვეყნებში?

– აღმოსავლურ ქვეყნებში, მაგალითად, პირველ ადგილზეა ყატარი –  12 პროცენტით. ეს თანხაში 12 826 დოლარია მოსახლეობის ერთ სულზე. ესე იგი, ყოველწლიურად მათი საშუალო შემოსავალი 100 000 დოლარია. მართალია, საშუალო მაჩვენებელი ორიენტაციას გვაძლევს, მაგრამ ის არც მთლად ზუსტია, რადგან ეს იგივეა, საავადმყოფოები შევადაროთ ერთმანეთს პაციენტების საშუალო ტემპერატურით. მნიშვნელოვანია, როგორ ნაწილდება ეს შემოსავლები ცალკეულ ჯგუფებს შორის. საქართველოს პოსტაბჭოთა სივრცეში ლიდერის ყვითელი მაისური აცვია –  ჩვენთან ყველაზე მაღალია დიფერენცირება მდიდრებსა და ღარიბებს შორის და ამ მხრივ რუსეთსაც კი ვუსწრებთ. რუსეთი იმიტომ ვახსენე, რომ თიკუნი „ახალი რუსი“ სწორედ  იქიდან წამოვიდა, ანუ მდიდრების კონტინგენტი დიდია. ჩვეთან, იმის გამო, რომ მცირეა მთლიანი შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე, დიფერენციაცია მდიდრებსა და ღარიბებს შორის მაღალია, ესე იგი, გამოდის, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბეში ან სიღარიბესთან მიახლოებულ მდგომარეობაშია. ამის საპირისპიროდ, შემიძლია, მოგიყვანოთ იაპონიის მაგალითი: იაპონია მსოფლიოს პირველ ათეულში მყოფი ქვეყანაა თავისი ეკონომიკური განვითარებით და მარტო ტოკიოში თითქმის ნახევარი მილიონი დოლარული მილიონერი ცხოვრობს, მაგრამ მილიარდერთა რაოდენობა მცირეა. მაგალითად, ინდოეთს 3,5-ჯერ მეტი მილიარდერი ჰყავს, ვიდრე იაპონიას, მაშინ, როდესაც ინდოეთის მთლიანი შიგა პროდუქტი იაპონიის მთლიანი შიგა პროდუქტის ძალზე მცირე  ნაწილია. მეტიც, იტალიასაც კი რამდენჯერმე მეტი მილიარდერი ჰყავს, ვიდრე იაპონიას. იაპონიაში სულ 22 მილიარდერია, რუსეთში –  110, თან, რუსეთში ადრე უფრო მეტი იყო, კრიზისამდე. მდიდრებსა და ღარიბებს შორის იაპონიაში განსხავება მხოლოდ 4,5-ჯერაა, ანუ, პირობითად რომ ვთქვათ, იქ ყველა მდიდარია, განსხვავებით რუსეთის, საქართველოსა თუ ინდოეთისგან, სადაც ეს სხვაობა საკმაოდ მაღალია.

скачать dle 11.3