მე ვარ და ჩემი პროგრამა
მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა
ისე მოხდა, რომ საქართველოში C ჰეპატიტი დამარცხდება, რაც მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლის სიცოცხლესაც ამ სენის გამო სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ერთი თეთრიც არ დაუჯდება (მკურნალობის სრული კურსის საბაზრო ღირებულება 100 000 აშშ დოლარია). –
იმის გამო, რომ პროგრამა ამ ხელისუფლების მმართველობისას ამოქმედდა და, ბუნებრივია, ისტორია მას მიაწერს, წინას გული სწყდება, ამიტომაც, ერთი მხრივ, ჯანდაცვის ახლანდელი სისტემის წარუმატებლობაზე აკეთებენ აქცენტს, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, ამ პროგრამას ჩვენი მმართველობისას ჩაეყარა საფუძველიო.
იმ უბრალო მიზეზით, რომ ახლა 2015 წელია, წამალი ერთი წლის წინათ გამოიგონეს, ბოლო საპარლამენტო არჩევნები კი ამ ქვეყანაში 2012 წელს გაიმართა, ყოფილები ამბობენ, რომ არა ჩვენ მიერ შექმნილი ჯანდაცვის სისტემა და კვალიფიციური ექიმები, პროგრამას ისევე ვერ ნახავდით, როგორც საკუთარ ყურებსო.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ექიმის გამოზრდას, მინიმუმ, 10 წელი მაინც სჭირდება, ხოლო ფასიანი ჯანდაცვაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას ამოქმედდა, გამოდის, რომ C ჰეპატიტის პროგრამას მის დროს ჩაჰყრია საფუძველი.
და თუ იმასაც დავამატებთ: რომ არა ზეზვა და მზია, არც ჩვენ ვიარსებებდით და, ცხადია, არც პროგრამა დაგვჭირდებოდა, ეს ის შემთხვევა გამოდის, როდესაც პროგრამაზე ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ რჩება.