„ენა დედაა ერისა“
ტრადიცია, რომ ჩვენს სახელმწიფო ენას საერთაშორისო ტრიბუნებს არ აკარებენ, არც ოფიციალურ შეხვედრებს, გრძელდება და, შესაბამისად, ეს ჩვენი პოლიტიკოს-ჩინოვნიკები ქართულად გასხვლის ნაცვლად იმას ცდილობენ, უზადო ინგლისურით იმეტყველონ (სხვა საქმეა, როგორ გამოსდით და უფრო სხვა – რატომ უნდა იმეტყველონ უცხო ენაზე უაქცენტოდ, მაგრამ რას გაუგებ მცირე ერების კომპლექსებს?!).
ჰოდა, რაკი ვერ გაუგებ, თუკი აქამომდე ინგლისურად მოუბართა ქართულ აქცენტზე, მაინცდამაინც, არ კეთდებოდა აქცენტი, აწ უკვე საზოგადოების ნაწილი და თვით პოლიტიკური სპექტრისაც (უპირატესად და ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა) ინგლისურად მეტყველების კულტურის დამცველებად იქცნენ. სულ პირველად მათ შექსპირის ენის ფლობა ქ-ნ ბესელიას, ხოლო სულ ახლახან – ქ-ნ მაღრაძესაც დაუწუნეს.
ოღონდ, თუ მაღალ-მაღალ საერთაშორისო ტრიბუნებზე გამომსვლელ სხვა არაინგლისურენოვანთა მეტყველებას გავიხსენებთ (რომელთა ნაწილი, საერთოდაც, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს), ჩვენებურთა ინგლისური ლამის უზადოა. თუმცა, თუ ფსიქოლოგებს დავესესხებით, უცხო ენაზე უაქცენტოდ ლაპარაკისადმი დაუოკებელი ლტოლვა სხვა არაფერია, თუ არა არასრულფასოვნების კომპლექსის ნიშანი, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ გრცხვენია საკუთარი წარმომავლობის. –
ერთი სიტყვით: „ამის დედაც, ჯეკ!“