რატომ ჩათვალეს ქართველებმა, რომ ჩინგიზ ყაენი ქრისტეს სახელით მოქმედებდა
საქართველო მონღოლთაგან დევნილ ჯალალედინსა და მერე, მონღოლთა შემოსევებს მოუმზადებელი შეხვდა. დავით აღმაშენებლის დროიდან გამართული მსტოვართა ინსტიტუტი და სახელმწიფო უშიშროების სისტემა, რუსუდანის დროს დაკნინდა. სამეფო კარს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა ჩინეთში, ხორეზმსა და ირანშიც კი, აქვე, მეზობლად. ამიტომ, თავის პოლიტიკას ინფორმაციის დაზუსტების გარეშე, ზღაპრული გადმოცემების საფუძველზე აგებდნენ...
ჟამთააღმწერელი, მონღოლთა დროინდელი მატიანეს უცნობი ავტორი, გადმოგვცემს ლეგენდას ჩინგიზ ყაენისა და მონღოლების შესახებ:
„აღმოსავლეთის ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ჩინ-მაჩინი, ყარაყორუმად წოდებულ ადგილას გამოჩნდნენ საკვირველი ადამიანები, უცნაური გარეგნობითა და უცნაური ცხოვრების წესით. მათ შესახებ ცნობები ძველ წიგნებშიც არ მოიპოვებოდა. მათი ენა არავინ იცოდა. მომთაბარეობდნენ და იკვებებოდნენ ხორცითა და რძით. პურის გემო არ იცოდნენ. გარეგნობით იყვნენ სრულები, ახოვანები, ჰქონდათ ძლიერი ფეხები, სახე მშვენიერი და თეთრკანიანი, მოჭუტული შავი თვალებით. თავი დიდი, თმა შავი და ხშირი, შუბლბრტყელნი, დაბალი ცხვირით, ისე, რომ ღაწვები უფრო მაღლად ამოსწეოდათ, ვიდრე ცხვირი, მხოლოდ ნესტოები თუ უჩანდათ. ბაგეები ჰქონიათ წვრილი, მიჯრილი. კბილები თეთრი, სახე უწვერული.
ყოფილან მხნენი, რჩეული მოისრები, მაგარი მშვილდით უცთომლად მსროლელნი. მათ ისარს ვერანაირი საჭურველი ვერ დაუდგებოდა წინ. განსაკუთრებით მაგრები ყოფილან ცხენზე ამხედრებულნი, რადგან ცხენებზე იზრდებოდნენ.
გასაკვირველი ხალხი იყო, სულელები გეგონებოდა, მაგრამ გონიერნი ყოფილან და მცირედმეტყველნი, ტყუილს არ ამბობდენ.
ერთი უკვდავი ღმერთი სწამდათ. აღმოსავლეთით მიბრუნდებოდნენ, სამჯერ დაიჩოქებდნენ და თაყვანს სცემდნენ. შუა თითის წვერს ხელისგულზე დაიტკაცუნებდნენ და მეტი არაფერი.
უღურების ტომი კერპების მსახურები იყვნენ, რომელთაც ქუჯნებს უწოდებდნენ. მათ ჰქონდათ მხოლოდ 16 ასო, ადვილად სასწავლი და გასარკვევი. შექმნეს კალენდრის სახეობა – თორმეტი წელიწადი თორმეტი პირუტყვის სახელით – თითო წელი თითო პირუტყვს დაუკავშირეს. წლებს ერქვა: ყულღუნჯილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ, მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესაა თორმეტი ცხოველის სახელი. იწყება თაგვით, მერე მოდის: ძროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გველი, ცხენი, ცხვარი, ყაპუზუნა (მაიმუნი), ქათამი, ძაღლი და ღორი.
ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, რომელსაც მათ ენაზე ეწოდებოდა თენგრი. მათი წიგნები ასე იწყებოდა: „მანგუ თენგრი ქუჩუნდურ“, რაც ნიშნავს: „უკუდავის ღმერთის ძალით“.
მცირე საკვები ჰყოფნიდათ, ყველაფერს ჭამდნენ, ყოველ სულიერს – კატის ხორცს, ძაღლისას და ყველაფრისას.
მათი ნათესავები მრავალ ტომად იყვნენ გაყოფილნი. პირველი ტომია საყირთა, ჰინდნი, ყათნი, ჯალირი, ოირდი, სულდუსი, ნიჰიმნი, ყონღარდი, მანღუთი, თანღუთი, ყიათი და უღურნი. უღურები კერპისმსახურნი იყვნენ, რომელთაც უწოდებენ ქუნჯითს. თავის ენაზე საკუთარ თავს უწოდებდნენ – მანღოლ. ქართველები კი თათრად მოვიხსენიებთ, რადგან თათრების მონათესავე შეიძლება, ყოფილიყვნენ.
ყიათთა ტომში გამოჩნდა ერთი კაცი, სახელად თემურჩი, რომელიც არის ჩინგიზ ყაენი. მშვენიერი შესახედაობის, ახოვანი კაცი, მომწითურო თმით, ძლიერი, მხნე, შემმართებელი, მოისარი, გონიერი, სვიანი.
თემურჩი ტომის მთავართან, ხანთან დადგა მსახურად, რომელსაც ონხანი ერქვა. ყაენმა დააფასა მისი ერთგული სამსახური და სარდლობა უბოძა. ისიც მუსრს ავლებდა ხანის მტრებს.
ეს შეშურდა ონხანის ძმას, უთქინს და ვაჟს, ქოლაქს. ყაენთან ცილი დასწამეს, შენი მოკვლა და ხანობის ხელში ჩაგდება უნდაო. ყაენმაც დაიჯერა და გადაწყვიტა, მოეკლა თემურჩი. ორმა კეთილმა ადამიანმა – ქოლაქმა და ბადმა გააფრთხილეს თემურჩი. ისიც გაიქცა ამ ორთან ერთად. მივიდა თავის ბეწვის კარავში, წაიყვანა ოჯახის წევრები და ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლოვ იარა. მერე გაჩერდა, ოჯახის წევრები და ბარგი დატოვა და მოშორებით ჩასაფრდა თავის მეომრებთან ერთად მდინარე ბლაჯუნის პირას, ერთ ხევში.
როცა ყაენის კარავში გაიგეს თემურჩის გაქცევა, გამოეკიდნენ და მის ოჯახს და ბარგს წააწყდნენ. აიღეს მისი ქონება, აიყვანეს ტყვედ მისი ოჯახის წევრები და გაბრუნდნენ უკან. მძიმედ დატვირთულებს მოულოდნელად თავს დაესხა თემურჩი, ერთგულ თანატომელებთან ერთად და სასტიკ ბრძოლაში დაამარცხა. დამარცხებულები გაიქცნენ, თემურჩის ხალხმა შეიპყრეს ონხანი და მოკლეს, მისი ცოლშვილი დაატყვევეს და ქონება ხელთ იგდეს. მხოლოდ უფროსმა ვაჟმა, ქოლაქმა გაასწრო.
დაჯდა თემურჩი ონხანის ტახტზე და უწოდეს სახელად ჩინგიზ ყაენი. შემდეგ დაამარცხა ყონყარდთა ხელმწიფე, ალთუხანი, მოკლა და მისი ტომიც შეიერთა. შემდეგ ქოლაქი, ონხანის შვილი, ვინმე გორხანთან ერთად შეებრძოლა ჩინგიზ ხანს. ისიც დაამარცხა და დაიმორჩილა გორხანის ლაშქარიც.
ჩინგიზი გაემართა უიღურთა ედუთის (ხელმწიფის) წინააღმდეგ, რომელსაც ერქვა სარჩუყ. ამ ტომის საქმეები საკვირველია, როგორც ზღაპარი და ცუდი. ამიტომ, არ ითქმება. ჩინგიზს ისინი შეეცოდა და პატივით მიიღო თავისი მბრძანებლობის ქვეშ. დაიმორჩილა თათრები და ყარყიტები.
თათართა დამორჩილების დროს ჩინგიზ ყაენთან მივიდა ვიღაც საკვირველი კაცი, რომელსაც თებთუნს უწოდებდნენ და განუცხადა: „წამოდი მთაზე, რომელსაც უწოდებენ ბალიყს, ღვთის სიტყვა მესმის. ამას ბრძანებს ღმერთი: ყოველი ქვეყანა თემურჩისა და მისი ჯარისთვის მიმიცია, და სახელად ჩინგიზ ყაენი ერქვას“.
ჩინგიზ ყაენიც ავიდა მთაზე და გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე. ქრისტემ ასწავლა სამართალი, სჯული, სიწმიდე და სიმართლე, ტყუილის, ქურდობისა და ყოველი ბოროტებისგან განშორება და უთხრა: „თუ ამ მცნებებს დაიცავ, ყოველი ქვეყანა შენთვისა და შენი შთამომავლებისთვის მომიცია. წადი და დაიპყრე ქვეყნები, რამდენსაც შეძლებ“.
გაერთიანებული მონღოლების ყაენი შეიჭრა ხატაეთში (ჩინეთში). იქ ნახა ერთი ეკლესია, სადაც იხილა ქრისტეს გამოსახულება, თაყვანი სცა და შესძახა: „აი ის კაცი, რომელიც ვიხილე მთაზე, ამან მასწავლა ყველა წესი“.
შეიყვარა ჩინგიზ ყაენმა ქრისტე და თაყვანს სცემდა. მისგან ნასწავლ მცნებებს იცავდა.
შეებრძოლა ხატაეთის ხელმწიფეს, არსლან ხანს და დაამარცხა. ორასი ათასი მხედარი დაუხოცა არსლანს ბრძოლაში. შეწუხებული არსლან ხანი შევიდა თავის სასახლეში ცოლ-შვილთან ერთად და მსახურებს უბრძანა ცეცხლი მოეკიდებინათ მათთვის“.
ასეთი იყო ერთი ლეგენდა, რომელიც ჩინგიზ ყაენისა და მონღოლების შესახებ გავრცელდა საქართველოში. ქართველებს ქრისტიანები ეგონათ მონღოლები. მერე კი ჩათვალეს, რომ ცოდვების გამო მოევლინა საქართველოსა და ქვეყნიერებას მონღოლი დამპყრობლები.