რატომ მიჰყვებოდნენ იმქვეყნად სკვითების მეფეს თავისუფალი ადამიანები
ალგონკინების ტომის ინდიელები, იმისათვის, რომ მოჰფერებოდნენ თევზჭერის საქმეში მათ დამხმარე სულს და მოეთაფლათ ის, ყოველწლიურად ორ გოგონას სწირავდნენ. სულს სჭირდებოდა ცოცხალი და არა მკვდარი ინდიელი ქალები – ის უპირატესობას ანიჭებდა ცოცხალ და ჯანმრთელ ცოლებს და ალგონკინები რეგულარულად უწყობდნენ სულს მხიარულ ქორწილს. მაგრამ, რადგანაც მათ იცოდნენ, თუ როგორი შეუწყნარებელი იყო იგი საცოლეების მიმართ, რომლებსაც ქორწინებამდე ჰქონდათ დაკარგული ქალწულობა, თავის დაზღვევის მიზნით, ინდიელები სულს საცოლეებად მთლად პატარა გოგონებს უძღვნიდნენ ხოლმე.
ავტსრალოპითეკთა (ადამიანის შესაძლო წინამორბედთა, მათ შორის ოლდუვაელ ადამიანთა, რომლებიც დაახლოებით ერთიდან ოთხ მილიონამდე წლის წინ ცხოვრობდნენ სამხრეთ აფრიკაში) თავის ქალებზე მეცნიერები პოულობდნენ ქვით ან პრიმიტიული იარაღით გაკეთებულ ჩანამტვრევებს, ნახვრეტებს, ამასთან, წინიდან ან მარცხენა მხრიდან – ანუ, ურტყამდნენ პირისპირ მდგარნი და მარჯვენა ხელით. ამის გაკეთება შეეძლოთ მხოლოდ „თავისიანებს“ (ანუ ადამიანებს), რადგან არცერთ ცხოველს არ ძალუძდა ასეთი ჭრილობის მიყენება. მაგრამ ავსტრალოპითეკების მიერ ადამიანთა მსხვერპლშეწირვების ჩატარების ჰიპოთეზის წამოყენება ძალზე გაბედულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს; როგორც ჩანს, ეს მაინც ბანალურ, ჩხუბში მომხდარ მკვლელობასთან ასოცირდება.
ჩინეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით ნახევარი მილიონი წლის წინ მცხოვრები სინანთროპის ტიტულს – ჰომოს არავინ უგულებელყოფს, მაგრამ მეტსახელი – „საპიენსი“ მას არ მიენიჭა და მხოლოდ მოკრძალებული თიკუნით დაკმაყოფილდა – „ერექტუს“ ანუ, სწორად (წელში გამართულად) მოსიარულე. მისი ტვინი ოლდუვაელ ადამიანისაზე ერთნახევარჯერ მეტი იყო; მისი თავის ქალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის კარგად ლაპარაკობდა და ცეცხლითაც სარგებლობდა. ერთ-ერთ გამოქვაბულში, სადაც სინანთროპები ცხოვრობდნენ, ნაცრის შრე ექვს მეტრს აღწევს. ძველი ოლდუვაის მცხოვრებთაგან სინანთროპები ათასობით საუკუნითა და კილომეტრით არიან დაშორებულნი, მაგრამ მეცნიერებმა მათ თავის ქალებში ზუსტად ისეთივე იარები აღმოაჩინეს. თუმცა, თავიდან, როდესაც არქეოლოგებმა სინანთროპთა კოცონთა ნაცარში იპოვეს თავის ქალები კეფაში ხელოვნურად გაკეთებული ნახვრეტებით, ჩინეთის ეს უძველესი მცხოვრებლები კანიბალებად გამოაცხადეს, რომლებიც ადამიანის ტვინით იკვებებოდნენ. მაგრამ შემდეგ პროფესორი პეი ფენჩჟუნი გამოექომაგა „თანამემამულეებს” და მისი მოსაზრებები ერთობ დამაჯერებელი აღმოჩნდა. სინანთროპთა კოცონის ნარჩენებში, ადამიანთა ნეშთტან ერთად, ცხოველთა მრავალი, სხვადასხვა სახის ძვალი იქნა აღმოჩენილი; აშკარა იყო, ეს ცხოველები მთლიანად ჰქონდათ შეჭმული სინანთროპებს. რაც შეეხება ადამიანებს, მათი ჩონჩხის სხვა ნაწილებს არქეოლოგებმა თითქმის ვერ მიაგნეს. მაგრამ, კანიბალის აზრით ხომ, ხორცი არცთუ ნაკლები უნდა ყოფილიყო ტვინზე. გარდა ამისა, თუ თავს სხეულისგან აცალკევებენ, თავის ქალაზე ორი მალა რჩება, ხოლო სინანთროპთა თავის ქალებზე ეს მალები არ აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავის ქალები უკვე რბილი ქსოვილების გახრწნის შემდეგ იქნა მიტანილი სადგომზე... ერთი სიტყვით, თუ რას და რისთვის უკეთებდნენ სინანთროპები თანამემამულეებს – გაუგებარია, მაგრამ, რაღაც რიტუალი სახეზეა, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის დაკრძალვა უნდა ყოფილიყო.
***
დაახლოებით ასი ათასი (ან ცოტა მეტი) წლის წინ ნეანდერტალელები მთავარ კულტურულ ძალად იქცნენ დედამიწაზე. ისინიც გატაცებულნი იყვნენ თავის ქალებზე მანიპულაციებით. ხორვატიაში, გამოქვაბულ კრაპინაში, ნაპოვნია დაახლოებით ოცი ნეანდერტალელის ნეშტი, რომელთა ძვლები დანაწევრებული და დანახშირებული იყო, ხოლო თავის ქალები – ძალზე დაზიანებული. ზოგიერთი მეცნიერი იქით იხრება, რომ გამოქვაბულის მცხოვრებნი არა მარტო მიირთმევდნენ ტვინს, არამედ რელიგიურ წეს-ჩვეულებასაც აღასრულებდნენ და ორი ათეული ნეანდერტალელი რიტუალური მიზნით იქნა მოკლული. მსგავსი რიტუალები ახალი დროების ველურებში, როგორც წესი, აიხსნება სურვილით – მტრის სასიცოცხლო ძალასთან იყვნენ ზიარი, ხოლო ძვლების დანაწევრება შეიძლება დაკავშირებული იყოს მიცვალებულის აღდგომის თავიდან აცილების მცდელობასთან.
მსგავსი მასალა იქნა მოპოვებული კუნძულ იავაზე – აქ ქვიშა-ხრეშიან დანალექებში, რომელთა ასაკი ასი ათას წელს აღემატება, ნაპოვნია თერთმეტი თავის ქალა, დანაწევრებული სახის ნაწილებით, ოღონდ, ჩონჩხების გარეშე. საინტერესოა, რომ არც ქვედა ყბა და არც კბილები თავის ქალებს არ აღმოაჩნდა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა – სტენლი გარნიმ და უოლტერ ბლოკმა, შეისწავლეს რა ადამიანის ხორცის თვისებები, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნებისმიერი კანიბალიზმი, როგორც წესი, უნდა განიხილებოდეს როგორც რიტუალური აქტი, რადგან, ადამიანის ხორცი ყუათიანობით ძალზე ჩამოუვარდება ბალახის მჭამელ ცხოველებს. ნეანდერტალელები იმ ხანებში ცხოვრობდნენ, როდესაც არც მამონტების, არც ანტილოპების, არც მსუყე და გემრიელი მღრღნელი ცხოველების უკმარისობა არ შეინიშნებოდა და, საეჭვოა, რომ ადამიანები შიმშილობას გაეწამებინა. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესღაც შიმშილით განსაკუთრებით შეწუხებულმა რომელიღაცა ნეანდერტალელმა გადაწყვიტა თავისი მსგავსის ხორცით დანაყრება, მასობრივად აღმოჩენილი ადამიანის გახვრეტილი თავის ქალები და დანახშირებული ძვლები, ალბათ, უფრო რიტუალური მიზეზებით უნდა აიხსნას.
აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ადამიანთა მსხვერპლშეწირვებისადმი შესაძლო ერთგულებისა და უპირობო კანიბალიზმისა, ნეანდერტალელებისთვის ჰუმანურობა უცხო არ იყო – ისინი მზრუნველობას არ აკლებდნენ თავიანთ ავადმყოფ და ხეიბარ თანამოძმეებს. ცნობილია ჩონჩხები, რომლებზეც შემორჩენილია მძიმე ნაჭრილობევები.
საინტერესოა, რომ, რამდენადაც უღრმავდებოდნენ ნეანდერტალელები ჰუმანიზმის იდეებს, იმდენად მიუღებელი ხდებოდა მათთვის თავის მსგავსთა მასობრივი მკვლელობები; მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი დათვების მასობრივ ხოცვაში გადაერთნენ. მომავალში ნეანდერტალელებში გაჩნდა დათვის (მათ შორის – გამოქვაბულის) კულტი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დიდი რაოდენობით დათვების დახოცვა (ზოგიერთ ტაძარში ასობით ცხოველის ნეშტია ნაპოვნი), ისე, როგორც თავიანთ მსგავსთა მკვლელობები, არ შეიძლება აიხსნას ნეანდერტალელთა კულინარიული მოთხოვნილებით.