კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წვებოდა მაღაროს სატრანსფორმატორო სადგურში, ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში ლევან გოთუა

„სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი – ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად?! ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!..” 

„ცხოვრების დღიურები” ახალ თაობას პერიოდულად აცნობს ახლოდან ჩვენს მწერლებს თუ სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილებს, სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების სწრაფმა რიტმმა ახალგაზრდები წიგნს დააშორა. ამჯერად, ლევან გოთუას ცხოვრების ეპიზოდებს მოგითხრობთ. არ გამოტოვოთ, რადგან ძალიან საინტერესოა.          

…ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, თითქმის მეოთხედი საუკუნე, ცხოვრების 66 წლიდან 22 წელი, სამშობლოსგან მოწყვეტილმა, პატიმრობაში გაატარა… პირველად 15 წლის ასაკში იწვნია „ჩეკისტების” რისხვა – გოთუების თითქმის მთელი ოჯახი ქალიშვილის ქორწილში დააპატიმრეს და შემოწმების შემდეგ, მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 1918 წელს, საქართველოში მე-11 წითელი არმიის შემოსვლისას, ლევანი ძმებთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა და ომში წავიდა. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საომრად წასული ბიჭები ერთ კვირაში უკან დააბრუნეს. საქართველოში შემოსული „წითლების” რეპრესიები გოთუების ოჯახსაც შეეხო. მათ ჩამოართვეს ქონება და სახლის დიდი ნაწილი. მეთვალყურეობა კი მათივე ოჯახში შესახლებულს დაევალა… 1924 წლის 29 აგვისტოს გოთუების ოჯახს „ჩეკისტებმა” კვლავ მიაკითხეს და ლევან გოთუა, მამასთან ერთად, დააპატიმრეს. 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ მამა-შვილი, სრულიად მოულოდნელად, გამოუშვეს ციხიდან. თუმცა, 1925 წელს ლევან გოთუა ხელმეორედ დააპატიმრეს. გოთუები აბასთუმანში იმყოფებოდნენ, როცა ახალციხის მაზრის პოლიტბიუროს თანამშრომელმა, სევერიან ჩაჩავამ გოთუებს ლევანის დაპატიმრებისა და სახლის გაჩხრეკის ორდერი წარუდგინა. ახალციხის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა კალანდაძემ საიდუმლო პატაკით მიმართა საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული სამმართველოს უფროსს, ლავრენტი ბერიას, რომ ლევან გოთუას ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს 78-ფურცლიანი ანტისაბჭოთა მიწერ-მოწერა, რომელიც გაეგზავნა ბერიას. საქართველოს საგანგებო კომისიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ლევან გოთუას ფაშისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის მიესაჯა სამი წლით პატიმრობა სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში. მანამდე კი „ჩეკას” საიდუმლო განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუბოვმა შეადგინა დადგენილება, რომლის თანახმად, ლევან გოთუას სტუდენტთა რომელიღაც ოფიციალური ორგანიზაციის თავმჯდომარეობა დაბრალდა. ამიტომ, ლევან გოთუას, როგორც საშიშ პატიმარს, ბანაკში განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს. სოლოვეცკში ჩასვლისთანავე ქართველ პატიმართა ჯგუფი ბნელ, ნესტიან, წყლით სავსე სარდაფში მოათავსეს „კანონიერ ქურდებთან”, მკვლელებთან და ბანდიტებთან ერთად. 1926 წლის 10 მაისის საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ლევან გოთუა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლეს. თუმცა, დადგენილების თანახმად, ლევან გოთუას პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეეცვალა, აეკრძალა 6 ცენტრალურ პუნქტსა და სასაზღვრო გუბერნიაში ცხოვრება. ოჯახმა ლევანს საცხოვრებლად ვლადიკავკაზი შეურჩია იმ იმედით, რომ სწავლას გააგრძელებდა. ლევან გოთუა ვლადიკავკაზში ჩასვლისთანავე „ჩეკაში” აიყვანეს აღრიცხვაზე, დაადებინეს ხელწერილი, რომ ქალაქიდან არსად გავიდოდა და კვირაში ერთხელ, დანიშნულ დროს გამოცხადდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ პატიმრობით დაემუქრნენ. ლევან გოთუამ მუშაობა დაიწყო ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1928 წლის ზაფხულში ლევან გოთუას თავისუფალი გადასახლების ვადა ამოეწურა. თუმცა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, 1928 წლის 6 ივლისს თავისუფალი გადასახლება გაუხანგრძლივდა სამი წლით, ამიერკავკასიაში ცხოვრების უფლების გარეშე. ახალგაზრდებმა უცხოეთში გასაქცევად გამყოლი დაიქირავეს, რომელსაც თურქეთში უნდა გადაეყვანა ისინი, თუმცა მისი წყალობით, კვლავ „ჩეკას” ტყვეობაში აღმოჩნდნენ. გაქცეულები მდინარე ჭოროხის გადაცურვისას დააკავეს და სამშობლოს მოღალატეებად და ჯაშუშებად მონათლეს. საშინელი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბნელ სარდაფებში ჩაყარეს… 1931 წლის 30 აპრილის სახელმწიფო პოლიტსამმართველოს კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებით, ლევან გოთუას მიესაჯა სამი წლით ტუსაღობა საკონცენტრაციო ბანაკში. გადასახლების დღეს პატიმრები ციხიდან სადგურამდე ხორცის გადასაზიდი მანქანით მიიყვანეს.  1936 წელს ლევან გოთუა ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა ლევანი „ჩეკაში” ისევ აღრიცხვაზე აიყვანეს, პასპორტის გაცემასა და თბილისში ჩაწერაზე უარი უთხრეს და თბილისის დატოვების ოცდაოთხსაათიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახლებით დაემუქრნენ. ამის გამო, ლევან გოთუა ერთხანს წალკაში ცხოვრობდა. მას თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სამი კურსი ჰქონდა დამთავრებული და ცეკავშირის სისტემაში მოეწყო ეკონომისტად. წალკაში ცოტა ხანში ლევანი სამხედრო კომისარმა გამოიძახა, საბუთები და ავტობიოგრაფია მოსთხოვა. ლევანმა ორწინადადებიანი ავტობიოგრაფია დაუწერა: „გადასახლებიდან ახლახან დაბრუნებული ვარ, პასპორტი და სამხედრო ბილეთი არ გამაჩნია”. ამის შემდეგ კომისარმა მოსვენება დაკარგა და სულ იმას ცდილობდა, ასეთი არასაიმედო პიროვნება, როგორმე თავიდან მოეცილებინა. ისევ ცეკავშირის ხელმძღვანელობამ შეუწყო ხელი და მალე ის ბოლნისში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, მოსვენებას არც იქ აძლევდნენ, გამუდმებით მიმდინარეობდა მისი პიროვნების დადგენა. წალკაში დაწერა თავისი პირველი პიესა „ჩაძირული სოფელი”. ეს პიესა ლევანმა რუსთაველის თეატრში ჩამოიტანა და აკაკი ხორავას აჩვენა. ხორავამ განიზრახა პიესის დადგმა, იმ პირობით, თუ ლევანი ფინალს გადააკეთებდა (მას თავად უნდოდა ეთამაშა იმ მღვდლის როლი). ლევანი გადაკეთებაზე არ დათანხმდა და პიესაც არ დაიდგა. ბოლნისში ყოფნისას დაიწერა ახალი პიესა „მეფე ერეკლე”. სწორედ მაშინ გამოცხადდა საკავშირო კონკურსი საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებზე. ახლო ნათესავების დაჟინებული რჩევით, პიესა მოსკოვში გაიგზავნა. დიდხანს არაფერი არ ისმოდა. ლევანს გული გაუტყდა. სინანულით ამბობდა – „მეფე ერეკლემაც” არ გამიმართლაო და უცებ გაზეთში ამოიკითხა, რომ ვიღაც უცნობი მწერლის, ლევან გოთუას პიესას კონკურსში მეორე პრემია მიენიჭა (პირველი პრემია საერთოდ არ მიუნიჭებიათ). ეს რომ ცნობილი გახდა, იმწუთსავე აფრინეს ხალხი რუსთაველის თეატრიდან თხოვნით, რომ პიესა მათთვის მიეცათ დასადგმელად, მაგრამ ლევანი უარზე დადგა. „მეფე ერეკლე” მარჯანიშვილის თეატრს გადასცა. მაშინ იქ რეჟისორად ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო. „მეფე ერეკლეს” შემდეგ ლევანმა დაწერა „დავით აღმაშენებელი”, მერე – „უძლეველნი” და კომედია „თუთის პატარძალი”. 1938 წელს ლევან გოთუა მუდმივ საცხოვრებლად თბილისში ჩაწერეს. მალე მისი პიესა „მეფე ერეკლე” მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლევანს თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს, მიუჩინეს ჯაშუშები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თავს ახსენებდნენ. ქუჩაში, თეატრსა და ბიბლიოთეკაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალიც კი ჰყავდა მიჩენილი. ბიბლიოთეკაში წიგნებს რომ აიღებდა, მაგიდაზე გადაშლილს დააწყობდა და გარეთ დერეფანში გავიდოდა, რათა საშუალება მიეცა, მისულიყვნენ და ენახათ, აკრძალული ლიტერატურა რომ არ ჰქონდა. ბოლო პერიოდში „ჩეკისტები” ყოველდღე აკითხავდნენ გოთუების სახლს, მწერლის ჩანაწერებში იქექებოდნენ. ერთი ჯაშუში, რომელიც სულ თან დასდევდა, შემოელახა კიდეც. თბილისში დაჭერები გრძელდებოდა, დააპატიმრეს ლევანის მეგობრები და ახლო ნაცნობები. დაპატიმრებულებზე თხზავდნენ უმძიმეს დანაშაულებს...  1946 წელს ლევან გოთუაც დააპატიმრეს, სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალად და ქალაქ ვორკუტის შრომა-გასწორებით ბანაკში 10 წლით გაამგზავრეს. როგორც პატიმარს, წერა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მწერლობისთვის თავი არ დაუნებებია. ასეთ ხერხს მიმართა: ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო მაღაროში. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან ლევანმა კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: „სასიკვდილოა”. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ლევან გოთუამ პიესა „სამსახეობა რაინდისა” და დაიწყო „გმირთა ვარამზე” მუშაობა. მაღაროში გათხარა სამალავი, რომელშიც ნაწერებს ინახავდა. ბანაკიდან მათი გამოტანა დიდ სიძნელეებთან და რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველების დახმარებით, ამას მაინც ახერხებდა. ზოგჯერ ჩანაწერები ფურცელ-ფურცელ გამოჰქონდათ ბანაკიდან. მაგრამ, მერე განიზრახეს, დიდი მოცულობით გამოეტანათ. ამისათვის ასეთი ხერხი მოიფიქრეს. მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები. ზოგიერთი „პრარაბი” ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისთვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით შეგოზეს. შემდეგ ეს ხე-ტყე ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა, სახლში რომ მიიტანა, ცოლი აუტყდა – კაცო, ეს მორები რაღად გინდოდა, ნახე რამდენი გვაქვსო. ის კაცი შესაფერის დროს ელოდა, რომ ხელნაწერი სამალავიდან შეუმჩნევლად ამოეღო. ამასობაში ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა, მორებს გაყიდვა დაუპირა. შეიძლება ითქვას, რომ „გმირთა ვარამის” ორიგინალი სულზე გადარჩა… 1960 წლის 25 აპრილს საქართველოს სსრ პროკურორის მოადგილემ, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველმა ა. გიგაურმა გრიფით „სრულიად საიდუმლოდ,” პროტესტით მიმართა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის უმაღლეს სასამართლოს და ლევან გოთუას რეაბილიტაცია მოითხოვა – დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო. საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ პროტესტი დააკმაყოფილა და რეაბილიტირებული 55 წლის მწერალი საქართველოში დაბრუნდა. ლევან გოთუა არმაზში დასახლდა, დაცოლშვილდა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მას არ უყვარდა განვლილი, უმძიმესი ცხოვრების გახსენება… უმეტეს დროს არმაზში ატარებდა… მწერლის და – თამარ გოთუა იგონებს: „ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის გადაღმა იყო ბარგიყარიას მთა (გადმოცემით, აქ წინათ გზა ყოფილა. ამ ადგილას თურმე ზედმეტ ბარგს ყრიდნენ. ამიტომ ჰქვია ასეთი სახელი). ლევანმა დაიწყო იქ გამოქვაბულის გამოთხრა ისეთი ჩანაფიქრით, რომ უძველესი ხელნაწერების მუზეუმი გაეკეთებინა… გამოქვაბულს საკუთარი ხელით თხრიდა, ხიდის პალოებიც მოიტანეს და დაასვეს… ლევანს ალპინიზმი იტაცებდა, ბევრი მწვერვალი დაიპყრო, მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი, უსახელო ქვაბულები და ციხე-კოშკები ჰქონდა აღმოჩენილი. არმაზის ხეობა ხომ ხუთი თითივით იცოდა. მარტო კი არ დადიოდა, ჩვენც აგვიკიდებდა და ისე… ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ, თავი ზღაპარში გვეგონა. მოვიდა აღიარება, მატერიალურადაც გავიმართეთ. თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო…”  

скачать dle 11.3