ზნედაცემული ანგელოზები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N9-15(746)
მძღოლმა ძრავა გამორთო და შემობრუნდა:
– რა ხდება, არ გადადიხართ?
– ცოტა ხანს დაიცადე. ვერ ხედავ, ვლაპარაკობთ? – შეუბღვირა ლალიმ და ხელით ანიშნა, შებრუნდიო. მერე გაფითრებულ დოდოს მკლავზე მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია:
– რას ამბობ, მართლა აქ ცხოვრობდი? იქნებ გეშლება?
– რა მეშლება, გოგო... სტუმრად კი არ ვიყავი ამოსული, ეს ჭიშკარიც კი მე შევუკვეთე...
– კარგი... გავიგე. ახლა რა უნდა ვქნათ?
– არ ვიცი. წარმოიდგინე, ჩემი ქმარი რომ დაგვხვდეს იქ... ან კიდევ, უარესი – ჩემი შვილი... – დოდოს უნებლიეთ შეაჟრჟოლა, – წარმოდგენაც კი არ მინდა...
– რა შვილი, აბა, რას ამბობ... შენმა შვილმა შეუკვეთა პაშკას ჩვენი მომსახურება? ძალიან მეეჭვება...
– ვითომ, რატომ არის შეუძლებელი? დიდია უკვე... მოკლედ, მე მანქანიდან გადმომსვლელი არა ვარ.
– მე რა ვქნა, მარტო ხომ არ შევალ? ტატაშკა მაინც წამოსულიყო, – აწუწუნდა ლალი.
დოდომ შუბლზე მოისვა ხელი:
– არ ვიცი, არ ვიცი... აქ თუ ცოტა ხანს კიდევ დავრჩები, ჰაერი არ მეყოფა და გავიგუდები, ამას ვგრძნობ...
– შეეცადე, დამშვიდდე. იქნებ შენმა ქმარმა აგარაკის გასაღები ვინმეს ათხოვა?
– ვინ „ვინმეს“ – შვილს?! დაფიქრდი, რას ლაპარაკობ! არა, უნდა წავიდე აქედან.
– გოგო, პაშკა გაგიჟდება. ამ ტიპებს ფული წინასწარ აქვთ გადახდილი...
– დაუბრუნებს უკან... ან სხვებს გამოუგზავნის, პუტანკების ნაკლებობა მაინც არ არის ქვეყანაში.
– „პუტანკები” რა სიტყვაა, – ეწყინა ლალის, – მერე კი გაეცინა, თანაც, ფული მჭირდებოდა. შენი ყოფილის ნახვაც ისე მაინტერესებს, ვკვდები...
– სულელი ხარ. ჩემი ყოფილისთვის ფეხების აწევაც ხომ არ გაინტერესებს? რა უყვარს და რანაირად, ტატას ჰკითხე – ის გეტყვის, – გამწარდა დოდოშკა. მერე მძღოლს მხარზე დაჰკრა ხელი: – შენ! შემოაბრუნე მანქანა და თბილისში ჩაგვიყვანე!
– როგორც გინდათ, – მძღოლმა მხრები აიჩრეჩა. პირვლად არ ემსახურებოდა პაშკას „გოგოებს“ და შეჩვეული იყო უსიტყვოდ დამორჩილებას.
– ჯერ პაშკასათვის დაგვერეკა. უკან არ გავხდეთ ამოსასვლელები.
– შენ დაურეკე. მე აქ ამომსვლელი აღარ ვარ.
– პაშკას რას ეტყვი?
– ფეხებზე მკიდია ეგ პაშკა! ნერვებს ნუ მომიშლი, დროზე წავიდეთ აქედან! – იყვირა დოდოშკამ და ლალიკოც გაისუსა...
***
ნიკუშამ ჭიქა ხელახლა შეივსო და ნახევრად დაცლილ ბოთლს შემფასებლის თვალით შეხედა – თითქოს ზომავდა, კიდევ რამდენი ჭიქა შეხვდებოდა.
– ბიჭო, გადაგვაგდეს. მგონი, აღარ მოდიან, – თქვა ზურამ, – კოტე, დაურეკე იმ „მამაშას“, სად არიან მაგისი „გოგოები“, თორემ, დავთვერი ამ ცოტ-ცოტობით მოწრუპვაში.
კოტემ რაღაც უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და მობილურს დასწვდა.
– ამბობს, უკვე მანდ უნდა იყვნენო, – თქვა და მეგობრებს დაბნეულმა შეხედა, – გზა ვერ გამოაგნეს აქამდე? გავალ ერთი, ჭიშკართან ხომ არ დგანან. ეს ზარი ზოგჯერ ურევს... – კოტემ კარი გამოაღო და ეზოში გავიდა.
ნიკუშამ ზურას ჭიქა გაუწოდა:
– დავლიოთ. ვერ ხვდები, რომ „ნაშობა“ და „გულავი“ აღარ იქნება? მოგვატყუა კოტემ?
– არა, ტო, რა მოგვატყუა, არ არსებობს!
– მე კი გეუბნები, მოგვატყუა. გადაგვაგდო, რა... ეტყობა, მარტოს მოეწყინა და ამ გზით ამოგვიტყუა.
– ამოგვიტყუა რა, პატარა ბავშვები ვართ, თუ ანიმატორები, რომ გავართოთ?
– შენ რაც გინდა, ის თქვი, მაგრამ, ფაქტია, რომ ეგრეა.
კოტე უკმაყოფილო სახით შემობრუნდა:
– გავგიჟდები, რა!..
– რაო, ვერავინ იპოვე? საფოსტო ყუთშიც ნახე? – ირონიულად ჰკითხა ნიკუშამ.
– რა საფოსტო ყუთში, რას ღადაობ? – გაცხარდა კოტე.
– ჰო, რა იყო? შეიძლება, გასაბერი ქალები გამოგვიგზავნეს და კურიერმა ფოსტის ყუთში დატოვა.
– მეკაიფება ეს?! – მიუბრუნდა კოტე ზურას.
ზურამ მხრები აიჩეჩა. მის მაგივრად ნიკუშამ გასცა პასუხი:
– გეკაიფები? შენ გვეკაიფები აქეთ. ამოგვიყვანე, მაგარ ნაშებს მოვყრიო და გადაგვაგდე. პირდაპირ ვერ თქვი, საბუტილნიკი თუ გინდოდა?
კოტემ ხელები გაშალა:
– ნორმალურია ახლა ეს?! ბიჭო, როდის მომიტყუებიხართ? თქვენ თვალწინ არ ველაპარაკე პაშკას?
– პაშკა არ მკიდია? ფაქტი ჯიუტია, ძმაო... სად არიან ნაშები? ფაფუ... ზურა, ვტყუი რამეში?
ზურამ ხელი ჩაიქნია:
– ამასობაში დავთვერი და ნაშებიც აღარ მინდა...
– რა არ გინდა, ტო? წააგო და ჩააბაროს!.. – გაცხარდა ნიკუშა, – აბა ჩვენ წაგვეგო?! მოდელებს მოგვაყვანინებდა.
– აუ, შვილს გეფიცებით, ძალიან მაგარი ქალები შევუკვეთე, პროფესიონალები. რატომ არ გჯერათ? ფულიც კი წინასწარ გადავიხადე. დავურეკავ იმ პაშკას ახლა და კეთილებს ვაგინებ.
– კიდევ ერთი-ორი ჭიქა დაგელია და ისე გეგინებინა, – დასცინა ნიკუშამ.
კოტემ კბილები გააღრჭიალა:
– აუ, რას ვუზამ მაგ პაშკას... გავუსისხლიანებ ცხვირ-პირს.
– დადე მანქანის გასაღები, სისულელე არ გააკეთო! მაგათ, პოლიციის გარდა, არასამთავრობო სექტორიც იცავს. თან, სად მიდიხარ ნასვამი? მორჩა, ნაშებს „ვიკიდებთ” და ვთვრებით! – ხმამაღლა შესძახა ზურამ, – მოიტანე, რაც სასმელი გაქვს!
– პაშკა მაინც ვერ გადამირჩება... ფულსაც დავაბრუნებინებ.
– მოიცა, შეიძლება, კიდევ მოვიდნენ, იმედს ნუ გადაიწურავ, – „გაამხნევა“ ნიკუშამ და ზურას თვალი ჩაუკრა, – ეჰ, როგორი იმედი მქონდა, რომ ნინის ჩამოსვლამდე გავიგულავებდი. უნდა მცოდნოდა, შენი თოკით წყალში ჩასვლა რომ არ შეიძლებოდა, – მაინც წაგესლა ბოლოს.
– ნიკუშ, ჩემზე იქნება...
– შენზე აქამდეც იყო, კოტე, გენაცვალე, მაგრამ, დაგვტოვე გაღიმებულები.
– გეყოფა, ნიკუშ... ხომ ხედავ, რომ ნერვიულობს, – გამოესარჩლა ზურა მეგობარს, – გავუგოთ ადამიანს.
– გავუგოთ, აბა რა! შენ კი გაუგებ – ცოლი არ გყავს და ხვალაც გაჩითავ პონტს, მე რა ვქნა, ცოლიანმა კაცმა, შანსი რომ გამაშვებინეთ ხელიდან?
– გეყოფა წუწუნი, მიდი, დალიე! ცოლიან კაცებს გაუმარჯოს, ნაშებთან შანსი რომ გაურბით ხელიდან!
– აუ, ტო, დამცინი? – ნიკუშამ ხელები აიქნია, მაგრამ კონიაკიანი ჭიქა მაინც გამოცალა.
– არა, საკუთარ თავს დავცინი. ისე, მე რომ ნინისნაირი ცოლი მყავდეს, არ ვუღალატებდი, – მოულოდნელად გადაჭრით თქვა ზურამ.
ნიკუშა დაიჭყანა.
– მერე, ვინ გითხრა, რომ ვღალატობ? ერთჯერად ნაშასან რელაქსი ღალატში არ ითვლება. ღალატი ის იყო, რაც ამან გააკეთა, – ნიკუშამ კოტესკენ გადააქნია თავი, – ლამის ცოლად მოიყვანა ის ბოზი და სახლში დაისვა. მე ეგეთ სისულელეს არასდროს გავაკეთებ. ნაშას თავისი ადგილი აქვს, ძმაო, სიყვარულს – თავისი, ცოლი კიდევ ცოლია, რა, შენი შვილების დედა... ჰოდა, კოტემ რომ აურია, ცოლმაც „დაადო“...
კოტე ერთხანს ჩუმად უსმენდა ნიკუშას და ნელ-ნელა წრუპავდა კონიაკს, მერე, ერთბაშად ავარდა:
– შენ, ეი, ჭკუის კოლოფად რომ მოგაქვს თავი... ვინ აურია? ჯერ ერთი, კარგად გაიგე, ვინ ვის „დაადო“ და, საერთოდაც, ცოლთან ჩემი ურთიერთობა თქვენი გასარჩევი არ არის, გესმით? – კოტემ ხმას აუწია და გაცოფებულმა ცარიელი ჭიქა კედელს მიაფშვნა...
***
ნამძინარევმა ტატაშკამ კარი თვალების სრესით გააღო და ზღურბლზე მოკამათე დოდოშკასა და ლალის გაოცებული მიაშტერდა.
ან ძალიან მალე მოხვედით, ან მე მეძინა ბევრი...
– შენ გეძინა ბევრი, – მკვახედ მიუგო დოდომ, ხელით გვერდზე გასწია და ოთახში შევიდა.
ტატაშკამ ლალის მიაპყრო კითხვით სავსე მზერა:
– რა მოხდა?
– აუ, შემეშვი, რა, ნერვები მაქვს მოშლილი...
– გეუბნებოდით? ვიცოდი, პაშკა სიურპრიზს რომ მოგიწყობდათ.
– სიურპრიზი იქით მოვუწყვეთ პაშკას. გაგიჟებულია... – ამოიოხრა ლალიმ და დივანზე მიეგდო. დოდო სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოიჭრა ოთახში ყვირილით:
– მე რომ არაყი მქონდა, ვინ დალია?
– ეს ხომ არ გაგიჟდა? რა დღეში ხარ, დოდოშკა, აურიე? – ტატაშკამ ხელი მოჰკიდა დოდოს და თითქმის ძალით დასვა სკამზე.
– აბა, მოყევი, რა მოხდა.
– მომეშვი, რა... არაყი მინდა.
– არაყი კი არა, ერთი კარგი შეჯანჯღარება გინდა. რა მოხდა-მეთქი, მიპასუხე.
– არ გიპასუხებს, შოკშია, – თავი გააქნია ლალიკომ.
– რა შოკი, რის შოკი, შენ მითხარი მაშინ, რა გეტაკათ...
– კაროჩე, რომ ავედით, ამან სახლი იცნო.
– რა სახლი, წესიერად გამაგებინე.
– თავისი სახლი, რა... – ხელი ჩაიქნია ლალიკომ და დოდოშკას თანაგრძნობით შეხედა.
– მოიცა, შენს აგარაკზე ახვედით?
– მიხვედრილობისთვის ჯილდო გერგება. არაყი მომიტანეთ, თქვე ბოზებო!
– აბა, დამშვიდდი, ახლა, ნუ „გვიჭედავ“, ეგ არ გიშველის, მერე რა, რომ შენი ყოფილი აგარაკი იყო? რა არის ამაში იმისთანა, რომ ისტერიკა მოაწყო და დეპრესიაში ჩავარდე?
– ვერ ხვდები, ჰო? ვერ აზროვნებ... ვინ შეიძლებოდა დამხვედროდა იქ? ჩემი ყოფილი – უკეთეს ვარიანტში; უარესში – ჩემი შვილი. გაგეხსნა გონება? – აყვირდა დოდოშკა.
– ნუ წიკვინებ, თავი მტკივა! – ხმა გაიმკაცრა ტატამ, – დებილი ხარ შენ, უნდა შესულიყავი.
– მართლა? მერე?
– მერე რა?! თუ შენი ყოფილი დაგხვდებოდა, მისცემდი და ფულს დამატებით გამოართმევდი... შვილზე ვერსია არა მაქვს, მაგრამ, მოვიფიქრებ, – სიცილი ვერ შეიკავა ტატამ.
დოდოშკა გაშრა. ჯერ გაშტერებული უყურებდა მოღიმარ ტატას, მერე ერთბაშად ეცა და თმაში სწვდა. ლალიკოსთვის მისი რეაქცია ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ დააგვიანა მისაშველებლად მივარდნა. მაგრამ ტატაშკა არ დაიბნა, სწრაფად სწვდა დოდოშკას ხელში და მაჯა ამოუტრიალა.
დოდოშკამ ტკივილისგან შეჰყვირა, მაგრამ ტატას თმისთვის ხელი მაინც არ გაუშვია.
– მომშორდი, თორემ, ხელს მოგტეხ! – გააფრთხილა დოდოშკამ კბილების ღრჭიალით. დოდომ დაიგმინა, სკამზე უღონოდ მიეგდო და უშვერად შეიგინა.
– გიჟი ხარ შენ... არანორმალური, – ლალიკო დოდოსთან მივიდა, მხრებზე მოჰკიდა ხელი და მაგრად შეანჯღრია.
– მომეშვი, შენ ბევრი რამე არ იცი, – ასლუკუნდა დოდოშკა, – ეგ ქალბატონი სწორედ მაგ სახლში, ჩემს საწოლში გამოვიჭირე, ჩემს ქმართან რომ გორაობდა... ახლა ხვდები?
ლალიკომ თავი გადააქნია:
– ჰო... ახლა გასაგებია. ისე, ეჭვი კი მქონდა... ტატაშკა...
– მერე რა მოხდა? ტატაშკაო, ისე მეუბნები, თითქოს ჩემ გარდა ქალი არ ჰყოლია მაგის რეგვენ ქმარს, – მხრები აიჩეჩა ტატაშკამ, – თან, რამდენი დრო გავიდა. მაგას პრობლემები აქვს და შვილი ენატრება, ეგ რა შუაშია საერთოდ? რაც იყო, იყო...
– მიანც არა ხარ მართალი, – ლალიკო ატირებული დოდოს დამშვიდებას შეეცადა, – გეხვეწები, გაჩუმდი...
– გაუშვი, იტიროს, მოეშვება. წადი და მაგარი ყავა მოუდუღე. ჩემთვისაც მოადუღე.
ლალიმ ფეხი არ მოიცვალა.
– ვერ გაიგონე, რა გითხარი?
– შენ ნუ მბრძანებლობ აქ. ფულს გიხდით ამ ბინაში, ისე ხომ არ ვცხოვრობთ?
– ყავა მოადუღე-მეთქი და ნუ მეკამათები! – წარბი შეიკრა ტატამ.
ლალიკო რომ გავიდა, ტატა დოდოს მიუჯდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი:
– დამშვიდდი?
დოდომ ხმა არ გასცა, მხოლოდ ზურგით შებრუნდა.
– მოდი, მოვწიოთ, – ტატაშკამ მოკიდებული სიგარეტი გაუწოდა და თავისთვისაც მოუკიდა...
– მომისმინე, არ მწყინს, რაც გააკეთე და არ ვიბოღმები. შეიძლება, არც დაიჯერო, მაგრამ, შენზეც ვნერვიულობ. აღარც მეგონა, შენთვის ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ყოფილის თემა.
– ყოფილის თემა არ არის მტკივნეული, უბრალოდ, წარმოვიდგინე, იქ ჩემი შვილი რომ დამხვედროდა.
– ჰო, მძიმე წარმოსადგენია.
– არა, ვერ წარმოიდგენ. იმიტომ, რომ შენ შვილი არ გყავს... არც ქმრისთვის წაგისწრია საწოლში საყვარელთან ერთად. ამიტომ, ტყუილად ლაპარაკობ და თავი დამანებე!
– დოდოშკა, წარსული უნდა დაივიწყო...
– ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ძნელია. თან, შენც სულ ცხვირწინ მიტრიალებ.
– საერთოდ აღარ დაგენახვები, თუ ეს გიშველის...
დოდოშკამ ამოიოხრა, ოთახში ლალიკო შემოვიდა.
– აუ, პაშკა რეკავს, რა ვქნა?
– არაფერი. არ უპასუხო, – უთხრა დოდომ.
– აუჰ, გადარეული იქნება. ალბათ, ახლა მაგას ურეკავენ და აგინებენ... „გადააგდეთ” ბიჭები! რა სანახავები იქნებოდნენ?! ისე, დოდოშკა, თუ მართლა შენი ქმარი იყო იქ, უნდა შესულიყავი და შარვალჩახდილი დაგეტოვებინა, – ტატამ ხელი ხელის შემოჰკრა და ახარხარდა.
– ელაპარაკე ახლა ამას, – წყრომით ჩაილაპარაკა დოდოშკამ და გაეღიმა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში