ექიმის რჩევები
კითხვა: 49 წლის ქალს ღამით აწუხებს თავში შიშინი; არც წნევები და არც თავის ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული? ცოტა მარილები აწუხებს.
პასუხი: პაციენტმა უნდა მიმართოს ნევროლოგს. მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის თავისებურებები; ანემია, ოსტეოქონდროზი და ასე შემდეგ. მიზანშეწონილია ოტოლარინგოლოგის კონსულტაციაც.
კითხვა: მითხრეს, რომ წიწიბურა ორგანიზმიდან რკინას გამოდევნის. ეს მართალია? მინდა, ვიცოდე, რამდენად არასასურველია მისი დიდი რაოდენობით მიღება, მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში მთელი დღე, წიწიბურა რომ ვჭამო, ყოველ 4 საათში ერთხელ, საღამოს კი – 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი, რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს?
პასუხი: თქვენი ინფორმაცია არ არის სწორი. სხვა მინერალურ ნივთიერებებთან ერთად, წიწიბურა რკინასაც შეიცავს, ამიტომ, ანემიის დროს დიეტოლოგები პაციენტს ურჩევენ, მენიუში წიწიბურა ჩართონ.
კითხვა: როგორ ტარდება ფრჩხილის ამოღების ოპერაცია? ანესთეზია თუ კეთდება და რამდენად მტკივნეულია?
პასუხი: ფრჩხილის მოშორება ხდება როგორც ქირურგიული გზით (ვრცელი დაზიანების დროს გამოიყენება ანესთეზია), ისე პლასტირით – მალამოს დაკვრით, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა ოპერაცია, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის 6-მილიმეტრიანი პოლიპი? ეფექტურია თუ არა ამ შემთხვევაში ჰომეოპათია?
პასუხი: შედეგიანია თუ არა ჰომეოპათიური მკურნალობა, ამის თაობაზე, ჯობია, კონსულტაცია გაიაროთ ჰომეოპათთან; რაც შეეხება ოპერაციული მკურნალობის საკითხს, 6-მილიმეტრიანი პოლიპის შემთხვევაში ოპერაცია, შესაძლოა გადაიდოს, და მოხდეს პოლიპზე დაკვირვება დინამიკაში, ანუ, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ უნდა აკონტროლოთ მისი ზომაში მატება და ზრდის ტემპები.
კითხვა: მაქვს მუდმივი სიცხეები 37.5- 37.7. სისხლის საერთო ანალიზი კარგი მაქვს. აღმომაჩნდა ჩირქიანი გლანდები, ერთი თვეა, ამოვიჭერი და სიცხეები ისევ გრძელდება. მითხრეს, ეს გლანდების ბრალი არ არის, ვირუსი გაქვსო. მყავს 2 წლის გოგონა. სანამ დავორსულდებოდი, ანალიზი გავიკეთე ვირუსებზე და მქონდა ჰერპესი. შეიძლება, სიცხეები ამის გამო იყოს?
პასუხი: გადაიღეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია, მიმართეთ ფტიზიატრს, გამორიცხეთ ტუბერკულოზური პროცესი, სისტემური დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.
კითხვა: ლიმონის ჩაი წნევას უმატებს? მე პირიქით ვიცოდი, მაგრამ, მითხრეს, დაბლა კი არა, მაღლა სწევსო.
პასუხი: მაგარი, ტკბილი ჩაი ლიმონით დაბალი წნევის – ჰიპოტონიის დროს შეგიძლიათ მიირთვათ; რაც შეეხება ცალკე ლიმონის წვენს, მის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტების ზემოქმედების შედეგად, სისხლძარღვების კედლები ხდება ელასტიკური და ძლიერი; შესაბამისად, სისხლს აღარ უხდება სისხლძარღვების წინააღმდეგობის გადალახვა და მომატებული არტერიული წნევა ქვეითდება დაახლოებით 10 პროცენტით. ლიმონი საუკეთესო საშუალებაა ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს.