კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ადამიანის სიხარული მოჩვენებითი და რა შემთხვევაში უნდა ერჩივნოს მას ცოდვების ჩადენას სიკვდილი

აღდგომის სიხარული ქრისტიანების გულში დიდი ხნის განმავლობაში რჩება და ხშირად სხვა ადამიანებზეც გადადის. მაგრამ, პარალელურად, ქრისტიანებს გვიჭირს ვნებებისგან განშორება, განსაკუთრებით იმ 8 მომაკვდინებელი ცოდვისგან, რომელთა შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– თუ ადამიანზე ღვთაებრივი მადლი არ გადმოვა, მაშინ, ბუნებრივია, მისი სიხარული მოჩვენებითი იქნება, როგორც დღეს არის, ზოგადად, საერო დღესასწაულებზე. როცა ღვთაებრივი სიხარული შენზე გარდამოდის მარხვით, აღსარებით, ლოცვით, ზიარებით, უფალთან, მოძღვართან ურთიერთობითა და სიყვარულით, ბუნებრივია, ეს სიხარული მარადიულია. სიხარული კი აქ იწყება – დედამიწაზე, ჩვენს გულებში, რომელიც ავა გონებამდე, მერე ჩვენი ბაგეებიდან მოეფინება საზოგადოებას. დღეს ბევრს ჰგონია, რომ მართლმადიდებლობა მონების რელიგიაა. თითქოს ჩვენ არ გვესმის, რა არის სიხარული, უარვყოფთ ამქვეყნიურ სიამოვნებებს. რა თქმა უნდა, არა, ჩვენ უარვყოფთ ვნებას და ყოველგვარ უკეთურებას. სერაფიმ საროველი ამბობს: ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება არის საშუალებები, რომ ადამიანმა მიიღოს მადლი სულიწმიდის. 

– როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ მან მიიღო სულიწმიდის მადლი? 

– ასეთ დროს მას სიკვდილი უნდა ერჩიოს იმ ვნებების ჩადენას, რომელიც აღსარებაში უთხრა მოძღვარს. იოანე კროშტანდტელი გულწრფელად წერს: „უფალო, კიდევ შევცოდე, უფალო, ეს კიდევ დამემართა, უფალო, ცოდვილი ვარ, შენ დამეხმარე”... ეს არის განცდა და არა ის, რომ იტყვი, აღარ განვიკითხავ, მაგრამ იქვე განიკითხავ შენს დას, ძმას, მოყვასს. ამიტომ, გულწრფელად უნდა თქვათ: „მაპატიე, ღმერთო, ცოდვილი ვარ, ახლა განვიკითხე, ახლა დავეცი და ისევ წამომაყენე ფეხზე,” – აი, ეს არის ვნებებთან ბრძოლა. მათთან ბრძოლების გარეშე არ არსებობს ცხონება. როგორც იცით, ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში. ერთი ადამიანი საკუთარ მოძღვარს ეკითხება: მამაო, როგორ შევიდა ეს ადამიანი სამოთხეში, ის ხომ ვნებებით სავსე იყო. ძალიან საინტერესო პასუხი გასცა მას მოძღვარმა: როდესაც ადამიანი გულით, სულით ინანიებს, აღიკვეცება მისი ვნებები. თუ შენ ტირი, განიცდი შენს  უკეთურებას, სიძვას, განკითხვას, მრისხანებას, ღმერთი გეხმარება, რომ შენში ის ვნებები აღარ განმეორდეს. როდესაც ქრისტემ ცხონების შესახებ სწავლება გამოუცხადა მოციქულებს, ისინი დაბრკოლდნენ და იკითხეს: ვიღას შეუძლია გადარჩენაო. მაცხოვარმა იქვე დაამშვიდა მოციქულები და ჩვენც: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ. იმისთვის, რომ ვცხონდეთ, საჭიროა სინერგია, ღვთისგან გამომავალი მადლი, ქარიზმა, რომელიც სრული სისავსით არის ეკლესიაში და თქვენ ისღა დაგრჩენიათ, მიიღოთ ეს მადლი, ოღონდ არა ხიბლით, არამედ გულმა უნდა იგრძნოს ეს სიხარული, სიმშვიდე. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მადლი მიიღეთ? ტაძრიდან რომ გახვალთ, არ ჩხუბობთ, აღარ ყვირით, აღარ იგინებით. მოგაყენათ ვინმემ შეურაცხყოფა, თქვით გულში: არა უშავს, ჩემი ბრალია, მაგრამ ამ მდგომარეობიდან ძალიან შორს ვართ. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი მომაკვდინებელ ცოდვებს სჩადის, ზოგს ჰგონია: ამ ცოდვებს რომ ჩაიდენს, მაშინვე მოკვდება. რა თქმა უნდა, არ არის ასე. ეს ცოდვები ადამიანში კლავს ღმერთს, სარწმუნოებას. მას აღარ უჩნდება უფალთან ურთიერთობის წყურვილი, აღარ უჩნდება არანაირი სურვილი, ილოცოს, აღსარება თქვას და უფალთან იყოს. 

– როგორ მივხვდეთ, რომ მომაკვდინებელ ცოდვებს ჩავდივართ და როგორ განვეშოროთ მათ? 

– პირველი – ეს არის ნაყროვანება, ზედმეტი ჭამა-სმა. მისი სალბუნი არის კრძალულება, ხორციელი მოთხოვნილებების ალაგმვა. მეორე ეს არის სიძვა – მისი წამალი კი უბიწოებაა. არ იფიქროთ ვინმემ, რომ ყველა მონაზონი უნდა გახდეს, წმიდანი. ამ ვნების თავიდან ასაცილებლად ადამიანს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ხშირი ხსოვნა უნდა ჰქონდეს. მესამე: ვერცხლისმოყვარეობა, რომლის წამალია უპოვარება, ღვთის განგებულობაზე სასოება, წარმავალზე უზრუნველობა და გულთბილობა. ის კი არ არის სასოება, სახლში 100 ათასი დოლარი რომ გიდევს და მშვიდად ხარ, არამედ არაფერი რომ აღარ გაქვს, სამსახური დაკარგე, ყველაფერი გამოგელია, მაგრამ ამბობ, რომ ღმერთი არ დაგტოვებს, ღმერთი შენთან იქნება. ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდება, იმისთვის, რომ სასოება, იმედი გაჩნდეს. ღმერთს არავინ მიუტოვებია და თქვენც არ მიგატოვებთ. მეოთხე: ეს არის მრისხანება, რომლის წამალია სიმშვიდე, შეუარცხყოფის უგრძნობლობა. მოგაყენეს შეურაცხყოფა, ვითომ ვერ გაიგე, ან გაიფიქრე: ეტყობა, ღირსი ვარ. ამ ვნების ასევე წამალია მრისხანე ფიქრებისგან თავის არიდება. როდესაც სხვა გეუბნება ცუდ სიტყვებს, შენ იგივეთი კი არ უნდა უპასუხო – ის თუ თავხედია, მე პატივმოყვარე, ამპარტავანი ვარ, ამიტომაც დაუშვა ღმერთმა ჩემზე ეს გარკვეული განსაცდელივით, რომ ჩემი ამპარტავნება და პატივმოყვარეობა დათრგუნოს. მეხუთე: სასოწარკვეთილება – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში უამრავი ადამიანია დაღონებული, სასოწარკვეთილი. ამ ვნების წამალია ნეტარი გლოვა. დღეს ახალგაზრდა თუ არ გარდაიცვლება, სხვა შემთხვევაში გლოვაც კი აღარ არის, ისე კრძალავენ მიცვალებულებს, არავინ გლოვობს, ერთი სული აქვთ, დაასაფლავონ, მერე კი თავის საქმეებს მიხედონ. ნეტარ გლოვაში იგულისხმება საკუთარი სულის სიგლახაკის განცდა და ამის გამო შინაგანი წუხილი, გონების ტირილი და წუთისოფლისთვის კვდომა. მეექვსე: მოწყენილობა – რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ვარდება. როდესაც ფული, სამსახური არ გაქვს, მოწყენილობაში ვარდები და ამის საპასუხოდ ეკლესიას გააჩნია მღვიძარება. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ არ დაიძინო და თვალებდაჭყეტილი იყო. ეს გულისხმობს ლოცვაში გულისხმისყოფას, ანუ ლოცვების გონებით წაკითხვას. თუ ყურადღებით არ კითხულობ, მერე სერიალებს უყურებ, ან მეზობლებში გარბიხარ, ეს იმან ნიშნავს, რომ ტყუილად კითხულობდი ლოცვებს და შენი ასეთი ლოცვა არავის სჭირდება, არავის ესმის. შემდეგ ისევ შენ ვარდები მოწყენილობაში, რადგან ტყუილად ლაპარაკობდი და შენი ეს საუბარი არავის ესმოდა. არადა, საჭიროა საკუთარ ქმედებაზე, სიტყვებზე, გრძნობებზე გაფაციცებით დაკვირვება და არა სხვების ქმედებებზე, სიტყვებზე თვალთვალი. იმაზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ რას ვაკეთებთ და არა სხვა რას აკეთებს. უკიდურესი უნდობლობა საკუთარი თავის, წმიდა წერილის ხშირად წაკითხვა, თავის დაცვა ზედმეტი ძილისგან – ეს ყველაფერი მოწყენილობისგან დაგვიხსნის. ზედმეტი ძილი, ნებივრობა, ხუმრობებისა და მრავალსიტყვაობისგან თავის დაცვა. არ გეგონოთ, რომ ღმერთი ხუმრობას გვიშლის, ამაში იგულისხმება დაცინვა სხვა ადამიანის, უშვერი, არასწორი ხუმრობა. ქართველები ხომ მჭევრმეტყველები ვართ, გვიყვარს ბევრი ლაპარაკი, სადღეგრძელოების თქმა და რაც საჭიროა, ხშირად იმაზე არ ვსაუბრობთ. მეშვიდე: ამპარტავნება, რომლის წამალი სიმდაბლეა, საკუთარი თავის უღირსად მიჩნევა, რომ შენ ყველაზე ცუდი ადამიანი ხარ. ანტონი დიდი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა და მან სათავე დაუდო ბერმონაზვნობას. შემდეგ მოიხიბლა თავისი მდგომარეობით და ერთ დღესაც უფალს უთხრა: ვინმე არის ჩემნაირი ამ ქვეყანაზე? უფალმა უთხრა: შედი ალექსანდრიაში და მეწაღე ალექსანდრე იკითხე. მივიდა მასთან და ჰკითხა: რით ხარ გამორჩეულიო. მან კი უპასუხა: ერთი ის ვიცი, რომ მთელ ალექსანდრიაში ყველაზე უღირსი ვარო. და ბოლო, მერვე: პატიმოყვარეობა – რომლის წამალია სიყვარული. თუ ადამიანები გეყვარება და დაინახავ, რომ შენი თანამშრომელი დააწინაურეს, განკითხვას კი არ დაიწყებ, მიხვალ და მიულოცავ სიყვარულით. ამის წამალია მოყვასში ქრისტე ღმერთის ხატის დანახვა, ანუ ყველა ადამიანში უნდა დაინახოთ ქრისტე და აღარ მოგინდებათ მისი დამცირება. სულიერი ხედვა იმისა, რომ შენი მოყვასი შენზე უკეთესია – ამას თუ გაიფიქრებ, აღარ ჩავარდები პატივმოყვარეობაში, აღარ შეგშურდება მისი, შენი სახე იქნება სიყვარულით სავსე.

скачать dle 11.3