ჭეშმარიტი სარწმუნოება
რაოდენ მაცხოვნებელია, თუკი ცილისწამებას არ დაიჯერებ
ღირსი მარკოზ ეგვიპტელი, რომელიც ლოცვასა და მარხვაში ოცდაათი წელი მოსაგრეობდა, სენაკიდან არ გამოდიოდა. ძმები პატივს სცემდნენ მას, პრესვიტერი კი გარკვეულ დღეებში სენაკში აზიარებდა წმიდა საიდუმლოებებს. მაგრამ ეშმაკს შეშურდა ხუცესის კეთილისმსურველობისა და ყოველგვარ ცბიერებას იყენებდა, რათა განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. ის შევიდა ერთ ცოდვილში და თითქოსდა კურთხევის სათხოვნელად ხუცესთან მიიყვანა. უგუნურმა ის იყო გადააბიჯა სენაკის ზღურბლს, რომ უეცრად დაიყვირა: „შენი წინამძღვარი უდიდესი ცოდვილია! არ მისცე უფლება, რომ მოგიახლოვდეს!“ მაგრამ, ღვთისგან შთაგონებულმა ხუცესმა ამაზე უპასუხა: „შვილო, ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ და თუ ის ცოდვილია, უფალი განკურნავს მას, რამეთუ წერილ არს: „ულოცევდით ურთიერთსა, რათა განიკურნეთ“ (იაკ. 5,16). ამის შემდეგ ხუცესმა ილოცა, განდევნა უწმიდური სული და მოსულს ჯანმრთელობა დაუბრუნა.
მეორე დღეს მასთან პრესვიტერი მოვიდა, რომელიც ხუცესმა დიდი სიხარულით მიიღო. მაშინ მრავალმოწყალე ღმერთმა დალოცა მისი უბიწოება და ნიშანიც მისცა. როდესაც მღვდელმა მისთვის წმიდა საიდუმლოების მიწოდება დაიწყო, ღირსმა მარკოზმა დაინახა ანგელოზი, რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა და პრესვიტერს თავზე მარჯვენას ადებდა.
ამრიგად, ქრისტეს დიდი მოსაგრე მარკოზი ღვთიური მადლის ღირსი გახდა იმისთვის, რომ ცილისწამებას არ დაუჯერა და მღვდელმსახური არ განიკითხა.
ცოდვების შენდობისთვის სინანულია საჭირო
(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ქადაგებიდან)
... იყო ერთი ასეთი შემთხვევა – ერთი ღირსი მამა, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა, ყველასთვის ლოცულობდა – მსოფლიოსთვის, ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ცხოველებისთვისაც კი. ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უფალი მოწყალეა და შეიძლება, ეშმაკსაც აპატიოსო. დაიწყო ლოცვა ამ ბოროტი სულებისათვის – ესენი ხომ ადრე ანგელოზები იყვნენ და ამპარტავნებამ ეშმაკად აქციაო. გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: კარგი, ილოცე, შენთან მოვა ის ბოროტი სული და შენთან ერთად ილოცოს იმანაც – წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
მართლაც ერთ-ერთი ლოცვის დროს გამოეცხადა ბოროტი სული ამ ადამიანს და დაიწყეს ლოცვა. ბერმა თქვა – წმიდაო ღმერთო, – იმანაც გაიმეორა (იცის, რომ ღმერთი წმიდაა); წმიდაო ძლიერო, – მაინც გაიმეორა; წმიდაო უკვდავო, – გაიმეორა ესეც, და როცა თქვა – შეგვიწყალენ ჩვენ, ეს ვეღარ თქვა. ეს იმიტომ, რომ იგი ამპარტავანია და არ შეუძლია, მოინანიოს. შენდობისთვის კი სინანულია საჭირო. შეგვიწყალენ ჩვენ, სამჯერ გაიმეორა ეს ლოცვა ბერმა და ბოროტმა კი ვერც ერთხელ ვერ თქვა და ცეცხლის სახით გავარდა გამოქვაბულიდან. შემდეგ, გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა: აი, ხომ ხედავ, როგორ შეიძლება მისი შენდობა, თუ მას სინანული არა აქვსო.