კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საშინელი ტრაგედია მზადდებოდა თბილისში „დინამო“-„ლივერპულის“ ლეგენდარული საფეხბურთო მატჩის შემდეგ

„ადიდასის“ ჩანთა

„დინამოს“ სტადიონი აბობოქრებულ ვულკანს ჰგავდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ ინგლისის „ლივერპულს“ 2:0 უგებდა და ტრიბუნებზე მყოფი 100 ათასი გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა საყვარელ გუნდს. გუცაევი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოზე. წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჩივაძემ გრძელი გამორბენი შეასრულა და მეკარე კლემენსისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მესამედ გაახვია ბურთი ბადეში... ტრიბუნებზე ისეთი ოვაციები ატყდა, რომ რკინა-ბეტონით ნაგები უზარმაზარი მონოლითი შეზანზარდა.

„დინამო“! „დინამო“! – გუგუნებდა სტადიონი და მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ქართველებმა ინგლისელები პირწმინდად დაამარცხეს და ჩემპიონთა თასის შემდეგ წრეში გავიდნენ...

ზემოთ აღწერილი პერიპეტიების პარალელურად, სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის ქვეშ, ეგრეთ წოდებულ სამთავრობო ზონაში, დიდი უბედურება მზადდებოდა და საშინელი ტრაგედია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ მილიციის ოპერმუშაკმა ზურაბ გურგენიძემ ნაცნობი ქურდი, 26 წლის ტარიელ გუგუშვილი დააკავა. გუგუშვილს ზურგზე უზარმაზარი შავი ფერის „ადიდასის“ ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ღობეზე გადაძრომას ცდილობდა. გურგენიძემ ის ჰაერიდან „მოხსნა“, შემდეგ რკინის ღობეზე ხელბორკილებით მიაბა და „ადიდასის“ ფირმის ჩანთის დათვალიერებას შეუდგა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ გუგუშვილს ის მოპარული ჰქონდა...

განგაში ¹1

სამძებროს ოპერმუშაკი გურგენიძე იმ მილიციელთა იშვიათ კატეგორიას ეკუთვნოდა, ვისაც ფეხბურთი არ უყვარდა. ამიტომ, ყოველთვის სტადიონის გარეთ იდგა და სულმოუთქმელად ელოდა ნებისმიერი რანგის თამაშის დასრულებას, რათა დროზე დაბრუნებულიყო სახლში. იმ წვიმიან, ისტორიულ დღეს გურგენიძე მანქანაში იჯდა და თამაშის დასრულებამდე წუთებს ითვლიდა. სწორედ მანქანიდან დაინახა მან ნაცნობი ქურდი და, ჩანთა რომ გაუჩხრიკა, გაოგნდა – ნაქურდალ ნივთებს შორის მან საათის მექანიზმიანი ნაღმი აღმოაჩინა...

– სად მოიპარე ჩანთა? თქვი ჩქარა! – უთხრა გურგენიძემ.

დრო არ ითმენდა. აშკარა იყო, რომ საქმე ტერაქტთან ჰქონდა და, რა დროს რა მოხდებოდა, არავინ იცოდა. ამიტომ მან ქურდს გადატენილი პისტოლეტი მიადო შუბლზე და უხეშად მიახალა:

– ბოზიშვილი ვიყო, თუ შუბლი არ გაგიხვრიტო! ჩქარა, თქვი, საიდან მოიპარე ჩანთა?

– აი, იმ წითელი „იკარუსიდან“, – გუგუშვილმა დასავლეთ ტრიბუნის ქვეშ მდგარ ავტობუსზე მიუთითა, რომელიც „ლივერპულის“ ინგლისიდან ჩამოყვანილი გულშემატკივრებისთვის იყო განკუთვნილი. იქვე იდგა მეორე „იკარუსიც“.

კაპიტანმა გურგენიძემ ღობეზე მიბმული გუგუშვილი ხელზე გამოიბა და სირბილით წაიყვანა. ჩანთა კი ღობესთან დატოვა. შემდეგ თავის უფროსს მოკლედ და ნათლად აუხსნა სიტუაცია და ბოლოს უთხრა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო! სასწრაფოდ უნდა გაიჩხრიკოს ორივე „იკარუსი“. საშიშ პერიმეტრზე კი ცოცხალი ჯაჭვი უნდა დადგეს. ეს რაც შეიძლება სწრაფად და უხმაუროდ  გავაკეთოთ, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს და პანიკა არ ატყდეს – ამან, შეიძლება, გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს.

თამაში იმ წუთის დასრულებული იყო და ხალხი ჯერ არ აპირებდა გამოსვლას, რადგან ტრიბუნებზე ოვაციები არ წყდებოდა და არც ფეხბურთელები ჩქარობდნენ მინდვრიდან გასვლას. სამთავრობო ლოჟაც სავსე იყო და „ცეკას“ პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძეც იქ იმყოფებოდა. მას სასწრაფოდ და მოკლედ შეატყობინეს ყველაფერი, დაცვამ კი „პირველს“ სტადიონის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა უსაფრთხოების მიზნით. შევარდნაძემ კოპები შეკრა და „კაგებეს“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გადახედა, რომელსაც მიტკლის ფერი ედო, შემდეგ კი ხელქვეითების გასაგონად თქვა:

– გამოაცხადეთ განგაში ¹1, ოღონდ, უხმაუროდ და ფრთხილად იმოქმედეთ. მე კი აქ ვრჩები და ყველა ინფორმაცია აქ მომაწოდეთ, – შემდეგ გაიღიმა და ერთ-ერთ თანაშემწეს უთხრა: თუ არ შეწუხდები, ერთი, მაგარი ჩაი მომიტანე...

ფოტორობოტი

შევარდნაძის ბრძანებისამებრ, უშიშროებამ და მილიციამ საგანგებო გეგმის განხორციელება დაიწყო. სტადიონზე გამნაღმველთა ოცეული გამოიძახეს, რომლებმაც მეორე „იკარუსშიც“ აღმოაჩინეს საათის მექანიზმიანი ბომბი. ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს დასავლეთ ტრიბუნის გარეთა პერიმეტრს, ინგლისელი გულშემატკივრები კი სხვა ავტობუსებით წაიყვანეს სასტუმროში. სტადიონი რომ დაიცალა, ყოველი შემთხვევისთვის, ტრიბუნები, სტადიონის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაც შეამოწმეს. როდესაც დარწმუნდა, რომ საშიშროება განეიტრალებული იყო, მხოლოდ მას მერე დატოვა შევარდნაძემ „დინამოს“ სტადიონი და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები საგანგებო თათბირზე დაიბარა. შუა თათბირის დროს, რომელიც დილის 6 საათამდე გაგრძელდა, „პირველის“ კაბინეტში მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოფრენილი პოლკოვნიკი ვანო გიორგაძე მივიდა. ის „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და ანტიტერორისტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მისი ჯგუფის დანარჩენი წევრები კი (20 კაცი) „კაგებეს“ საიდუმლო ბაზაზე დაბანაკდნენ.

ვანო გიორგაძის ჯგუფმა რამდენიმე სამუშაო ვერსია შეიმუშავა. ერთ-ერთის მიხედვით, ავტობუსებში ნაღმები მილიციელმა ან მილიციის ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა შეიტანა. უშიშროებამ ამ ვერსიის მიხედვით იმ პერიმეტრზე მორიგე მილიციელები გამოკითხა და დაადგინა, რომ, როდესაც „დინამომ“ პირველი გოლი გაიტანა და სტადიონზე ოვაციები ატყდა, ყველა მორიგე მილიციელმა პოსტები მიატოვა და შიგნით შევიდა. იგივე მოხდა მეორე და მესამე გოლებზეც და სწორედ მეორე გოლის გატანის მერე მოიპარა ავტობუსიდან ჩანთა გუგუშვილმა. სტადიონის ერთ-ერთმა დამლაგებელმა კი, გვარად ბალოიანმა, გიორგაძეს უთხრა, რომ ავტობუსიდან ჩამოსული მილიციელი დაინახა. იეზიდმა ქალმა თავის ჩვენებაში თქვა:

– შავი კაცი იყო,  გამხდარი და ცოტა მაღალი. მე მგონი, კოჭლობდა.

– რომ ნახოთ, იცნობთ? – ჰკითხა გიორგაძემ.

– ვიცნობ, – მიუგო სარა ბალოიანმა.

 ბალოიანის დახმარებით, უშიშროებამ სავარაუდო ტერორისტის ფოტორობოტი შეადგინა და მისი ძებნა გააძლიერა.

„ინტერჯგუფი”

პოლკოვნიკ გიორგაძის ჯგუფმა ტერორისტების აღმოჩენა და განეიტრალება სულ რაღაც ორ კვირაში მოახერხა. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა ფოტორობოტზე გამოსახული მამაკაცის ვინაობა, რომელიც ახალქალაქის მკვიდრი, 1945 წელს დაბადებული იურა პორკუიანი აღმოჩნდა. გაუვნებელყოფილ ნაღმებზე ჩატარებულმა დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ კი საბჭოთა არმიის მოქმედი მაიორის, 1940 წელს დაბადებული, 39 წლის სერგეი ლოგინოვის თითების ანაბეჭდები „ამოაგდო“ და სწორედ მისი მეშვეობით გავიდნენ დანარჩენ ტერიორისტებზე. ლოგინოვი ახალქალაქის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა მესანგრეთა ბატალიონში და ნაღმებიც მან დაამზადა. ტერორისტული ჯგუფის დანარჩენი სამი წევრი იყო: 1938 წელს დაბადებული ვაჰიდ ჰასანოვი – თბილისელი ინჟინერი, რომელიც სამშენებლო ტრესტში მუშაობდა; 1952 წელს დაბადებული არტურ კობიაშვილი – პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი და ცხინვალელი მძღოლი, 1930 წელს დაბადებული კონსტანტინე შავლოხაშვილი. ტერორისტები 1979 წლის 18 ოქტომბერს აიყვანეს და ჯერ შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე „სუკის“ შენობაში წაიყვანეს დაკითხვაზე, შემდეგ კი მოსკოვში გადააფრინეს და ლუბიანკის სარდაფში გამოამწყვდიეს. გამოძიება ორი თვე გაგრძელდა და დადგინდა, რომ ეს „ინტერჯგუფი“ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტის, ვინმე სემიონ ლოპუოვსკის დავალებით მოქმედებდა, რომელიც ჯგუფის აყვანიდან ერთ კვირაში, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა ქალაქ სიეტლში. ძიების დასკვნაში ეწერა, რომ ტერორისტების მიზანი იყო საბჭოთა კავშირში ქაოსური სურათის შექმნა. მათი თქმით, ანალოგიურ ტერაქტებს ბაქოში, ერევანში და საკურორტო ქალაქ სოჭშიც გეგმავდნენ. ხუთივე ტერორისტი გაასამართლეს და 1980 წლის 18 იანვარს დახვრიტეს.

P.S. ედუარდ შევარდნაძემ სარა ბალოიანს, რომელიც სარდაფში ცხოვრობდა, ოთხოთახიანი ბინა აჩუქა გლდანის მასივში, კაპიტანი გურგენიძე დააწინაურა და მაიორობა მიანიჭა, ქურდი გუგუშვილი კი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს და 5 ათასი მანეთითა და ახალი ავტომობილით დააჯილდოვეს.

скачать dle 11.3