ვისი პრინცი გახდა ნოდიკო ტატიშვილი და რაში აქვს მასზე დიდი გამოცდილება თორნიკე ტყემალაძეს
ნოდიკო ტატიშვილი და თორნიკე ტყემალაძე დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ცოტა ხნის წინ ევროტურში იმყოფებოდნენ და გარდა იმისა, რომ კარგად გაერთნენ, რობი უილიამსის კონცერტსაც დაესწრნენ. ნოდიკომ კი, „კომედი შოუს“ ბიჭებთან ერთად, პარიზში საქველმოქმედო კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. ნოდიკოს სამომავლოდაც ბევრი გეგმა აქვს: მაისში ნინი ბადურაშვილთან ერთად ვარშავაში კონცერტზე მიდის. ზაფხულში კი ამერიკაში აქვს რამდენიმე კონცერტი.
ნოდიკო: მე და თორნიკე წლებია, ვმეგობრობთ. პატარა ძმასავით მყავს.
თორნიკე: გარდა იმისა, რომ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ, არქიდიაკვანმა მამა დემეტრემ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა. საერთო მეგობრებიც გვყავს.
ნოდიკო: საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია, როცა თვითონ უნდა. ძალიან წესიერი, არ არის მატყუარა. იცის კარგი მეგობრობა, ძმაკაცობა.
თორნიკე: ნოდიკოც ძალიან კარგი მეგობარი და ძმაკაცია. სანამ ნოდიკოს გავიცნობდი, ჩემი ოჯახი გულშემატკივრობდა, მოსწონდათ ძალიან. ახლა ხშირად მოდის ჩვენთან და უხარიათ.
– ნოდიკო, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ თორნიკე მოდელობას და „მისტერ ვალენტინის“ კონკურსზე მონაწილეობას აპირებდა?
ნოდიკო: თორნიკეს ვიცნობდი ჯერ კიდევ „რუსთავი 2-ში“ რომ მუშაობდა. კარგი ჟურნალისტია, ისეთ სიუჟეტებს აკეთებდა... დედამისთან და მამამისთან ვმეგობრობ. ჩემი და დედამისის აზრები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. ორივე ვეუბნებოდით: რა მისტერ გევალენტინება, რა კონკურსი... მაგრამ, ვინ დაგვიჯერა. თუმცა, რა გინდა: გაიარა, გამოიარა... და მოიგო საგზური მილანში. მე კიდევ უნდა ვიმღერო, დავიხიო იოგები, ვიმათხოვრო: ხალხო, დამიმესიჯეთ...
– შენ ხომ არ აპირებ სამომავლოდ ასეთ კონკურსში მონაწილეობას?
– წლების წინ გამოვედი კაცების კონკურსში, რომელიც საღადაო იყო, არაფერი სერიოზული. ვღადაობდით: ერთი ფეხი მეორეს წინ რომ უნდა დადგა და ისე იარო. თორნიკეს დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ. მისი ფოტოები ბევრგან დაიბეჭდა, ბევრგან არის გამოფენილი. მე ასეთი რაღაცეები არ გამომივა.
– რომ ამბობენ: თორნიკეზე გოგონები გიჟდებიან, ფანების მთელი არმია ჰყავსო, – მართალია?
– კი, ბევრი ფანი ჰყავს, თან თინეიჯერები. მე უცხოებს არ ვიმატებ „ფეისბუქზე“, რამდენჯერმე გამიტეხეს და არ მინდა. ეს, გიჟივით ყველას იმატებს... და ამისი ფანები ამას კი არ წერენ, მე მწერენ: ნოდიკო, გაგვაცანი შენი ძმაკაცი თორნიკე ტყემალაძე. განა მეტყვიან: გვიყვარხარ, ნოდიკოო.
თორნიკე: ნოდიკოსთან დალევა არ მოსულა. არ სვამს, სამაგიეროდ, ჭამა მოსულა. ამ ტურში წონაშიც მომამატებინა.
ნოდიკო: არ შემიძლია ჭამის გარეშე. თუ არ შევჭამ, მერე ცუდ ხასიათზე ვარ და არც ევროპაში გასეირნება მინდა და არც სხვა რამ. სამაგიეროდ, თორნიკეს შია? რა პრობლემაა – ბალახი მოწყვიტე, დაუდე და შეჭამს. მწვანეს რასაც ხედავს, ჭამს. ვეგეტარიანელია, ფაქტობრივად.
– როგორ დაიგეგმა ევროტური?
თორნიკე: „ხალიკ ბანკმა“ დაგვიგეგმა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში, „ფეისბუქის“ გვერდზე ვინც მეტ „ლაიქს“ დააგროვებდა, ის იგებდა საგზურს ბარსელონაში, რობი უილიამსის კონცერტზე. ორკაციანი საგზური მოვიგე და წავიყვანე ჩემი ძმაკაცი, ნოდიკო.
ნოდიკო: მომღერლის კონცერტზე, რომელიმე ჩემმა მეგობარმა ბილეთი რომ მოიგოს და ჩემ მაგივრად ვინმე სხვა წაიყვანოს, დავმარხავ კუკიაზე. იმ პერიოდში დამირეკა მამა ანტონმა, პარიზიდან, ქართული სამრევლოდან: 5 აპრილს გვაქვს საქველმოქმედო კონცერტი და თუ ჩამოხვალთ, იმღერებთ, ძალიან გაგვახარებთო. გადავაბით, მოკლედ, მეგობრები გვწერდნენ: გვეზიზღებით, ხომ არ აფრენთ – ერთ დღეს პარიზში ხართ, მეორე დღეს – მილანში, მესამე დღეს – ბარსელონაშიო. ადრე, მე და ვაჟა მანია რომ ვიყავით პარიზში, იქ გავიცანი ვაჟას ბიძაშვილი – ანა. ახლა, რომ გაიგო, იქ ვიყავით, თავისი მეგობრები გაგვაცნო. ერთი ძალიან კარგი გოგო გავიცანით, პორტუგალიელი ფრანგი. ისეთი საყვარელი იყო, არ მიყვარს პირველი გინებას რომ ასწავლიან უცხოელს, მაგრამ მას ვასწავლეთ. მივხვდი: მაგრად შეიგინებოდა. ანა ზედ გადაგვყვა. პარიზში მეხუთედ ვიყავი და რამდენჯერაც უნდა ჩავიდე, სულ კულტურულ შოკს ვიღებ. თორნიკე პირველად იყო და გიდობას ვუწევდი.
თორნიკე: თუ მე დავიკარგებოდი ქუჩაში, ესე იგი, სადღაც სელფს ვიღებდი. ნოდიკო თუ დაიკარგებოდა – რომელიმე რესტორანთან ან კაფესთან იყო გაჩხერილი და უყურებდა მენიუს. ამით ვაგნებდით ერთმანეთს. მთელი ფული დაგვეხარჯა ჭამაში.
– წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა რობი უილიამსის კონცერტი.
ნოდიკო: უზარმაზარი საკონცერტო სტადიონი და ათეულათასობით ადამიანი. ერთი საათი მაინც ვიდექით რიგში. მთელი სტადიონი გადაიჭედა და დაიწყო მაგარი შოუ. ენერგეტიკულად, ემოციურად ისე დაგვტვირთა, რომ ბედნიერები გამოვედით. ორსაათიანი კონცერტი იყო, შეუსვენებლად, მამაც გამოიყვანა სცენაზე. სხვათა შორის, უანდერისა და ელტონ ჯონის კონცერტებზე რომ ვიყავი ადრე, მათგან ჩემი კონცერტისთვის სერიოზული ინსპირაცია მივიღე. ახლაც ასე იყო.
თორნიკე: კარგი კონცერტი იყო, მაგრამ ნოდიკოს კონცერტის შემდეგ შეუძლებელია, რომელიმე კონცერტი მოგეწონოს. ეს ხუმრობით, მაგრამ მსგავს მასშტაბურ კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ. შოუც იმდენად ეფექტური იყო, რომ დიდი ემოციური გავლენა მოახდინა ჩემზე.
ნოდიკო: ფლამინგოს თეატრში წავედით და თორნიკემ ჩაიცვა ახლად ნაყიდი ფეხსაცმელი. ვუთხარი: არ ჩაიცვა, ფეხებს დაგალეწავს-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. თორნიკე დათუნა მგელაძესავითაა. ჩაიცვამს, მოჭუტავს თვალებს და რომ დაინახავს ლამაზ გოგოს, ამ თვალებს კიდევ უფრო მეტად ჭუტავს. ესეც ასე მოიქცა და თან დაემტვრა ფეხები.
თორნიკე: ისე მატკინა, ვეღარ დავდიოდი. მაღაზიაში შევედით, წინდები ვიყიდეთ და სახლში ტაქსით წამოვედით.
– შენ რომ ხედავ ლამაზ გოგონებს, არ ჭუტავ თვალებს?
ნოდიკო: არა, მე პირიქით, ფართოდ ვახელ.
– და ამ შემთხვევაში, რომელი უფრო აქტიური ხართ?
თორნიკე: თუ კაფეში ან რესტორანში დაპატიჟებაზეა საუბარი, ნოდიკო უფრო აქტიურია. სხვაგან, მაგალითად, სასტუმროში დაპატიჟებაში – მე.
ნოდიკო: მე მიყვარს ჯერ ფლირტი, ფლუიდები... ცოტა რომ უახლოვდები, თან ისე, რომ დღის ბოლოს ბედნიერი იყო.
– როგორ ჩაიარა პარიზში კონცერტმა?
– ძალიან კარგად. მე ძალიან მიყვარს ემიგრანტებისთვის სიმღერა, სხვანაირი ემოციები მოდის დარბაზიდან. კარგი, თბილი კონცერტი იყო.
თორნიკე: დარბაზში ვიყავი და ამას ხომ უყვარს ემიგრანტები, ემიგრანტებსაც ძალიან უყვართ ნოდიკო, განსხვავებული ემოციები იყო.
– მეგობრებთან სულ წერ დუეტებს და თორნიკესთან ერთადაც ხომ არ აპირებ?
ნოდიკო: ჯულიანასთან ჩავწერე, თორნიკესთან არა, ისე ეს და ჯულიანა სულ მღერიან მანქანში. ჯულიანა მირეკავს: რას შვრები, ჩემო პრინცო? მე და თორნიკე „კარაოკეში“ მივდივართო. გიჟებივითი დარბიან და მღერიან.
თორნიკე: თავიდან ერიდებოდა ჯულიანას, მაგრამ გაიხსნა და ვაყრუებთ იქაურობას. მანქანაში რომ ვმღერი ნოდიკოსთან ერთად, მეუბნება: ახლა აქ ჩამოგესრიალებინა ეს ხმაო.