კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა არჩილ გამზარდია დედოფლის ქმარი და რა მანევრებში ოსტატდება ის

დიდი ხანი არაა, რაც არჩილ გამზარდიამ, რომელსაც სულ სხვა ამპლუაში ვიცნობდით, ტელეწამყვანის ამპლუა  მოირგო.  გადაცემას „20:30”, რომელიც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის  სპეციალისტსა და ანალიტიკოსს კვირა დღეს მიჰყავს,   ჯერ კიდევ ეთერში გასვლამდე მოჰყვა  რეზონანსი,  თუმცა არჩილი  ამ ეიფორიას საკმაოდ მშვიდად ხვდება. როგორ გადაიკვეთა მისი გზები ბიძინა ივანიშვილთან, ამის შესახებ თავად არჩილ გამზარდია გვიამბობს, რომელიც იმასაც გვიმხელს, სად გაიხსნა მისი „შრომის წიგნაკი” და იმასაც, თუ როგორ გახდა წლების წინ „დედოფლის” ქმარი.  

– გადაცემას ჯერ კიდევ ეთერში გასვლამდე მოჰყვა აჟიოტაჟი, ეს იმიტომ, რომ პროექტი ბიძინა ივანიშვილის ახალ ამპლუას უკავშირდებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა მან არჩევანი მაინცდამაინც თქვენზე? 

–  მე აბსოლუტურად არაფერი მაკავშირებდა ბიძინა ივანიშვილთან გარდა იმისა, რომ გარკვეულ საკითხებში ვიყავით თანამოაზრეები, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით.    იმ საკითხში, რაშიც ვფიქრობდი, რომ არ იყო სწორი, თანამშრომლობის რეჟიმში ვაკრიტიკებდი კიდეც „ქართულ ოცნებას”, დროდადრო  კი – ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით გადაცემის გაკეთებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე და ვისაუბრეთ. ალბათ, ისიც მაკვირდებოდა და მეც ვაკვირდებოდი – ეს ბუნებრივია.  არ დაგიმალავთ, რომ ამ შეთავაზების დროს უსიამოვნო განცდა უფრო მქონდა, ვიდრე ბედნიერებისა და კმაყოფილების – თურმე, როგორ დავუფასებივარ ამ ხალხს!  ვფიქრობდი, მჭირდებოდა თუ არა ეს თემა; შევძლებდი თუ არა იმ ყველაფრის გაგრძელებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი.  როდესაც მე მიმიწვიეს, კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რატომ გააკეთეს არჩევანი ჩემზე –  ალბათ,  იმიტომ, რომ ვარ ანალიტიკოსი; არასდროს ვყოფილვარ მხარე; ვცდილობდი, იდეასთან მიმართებაში შემეფასებინა მოვლენები და არა პიროვნებებიდან გამომდინარე. ალბათ, გაითვალისწინეს ჩემი ბეგრაუნდიც: აქტიურად ვმუშაობდი ჩემს დარგში; მაქვს ამბიცია, რომ საშუალო დონის ანალიტიკოსი მაინც ვარ, თუმცა პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ ანალიტიკოსი გამხდარიყო ტელეწამყვანი. გადაცემას, ჯერ კიდევ ეთერში გასვლამდე მოჰყვა რეზონანსი.  ხალხი მზად იყო იმისთვის, რომ გადაცემა ვერ შემდგარიყო, ცუდად ესაუბრა წამყვანს  ან რაღაც სხვა ნიუანსი არ გამოსულიყო. ბევრი იყო ჩასაფრებული, თუმცა, მათი იმედები ვერ გამართლდა: გადაცემა შედგა; შეკითხვები, რასაც მე ბიძინა ივანიშვილს ვუსვამდი, იყო ისეთი, რომლის მსგავსი, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც თავი მოაქვთ, მაშინდელი პრეზიდენტისთვის   არასდროს დაუსვამთ. 

– ისიც ითქვა, რომ გადაცემა მთლიანად ბიძინა ივანიშვილზეა აწყობილი   და წამყვანები მხოლოდ თავს უქნევთ მას თანხმობის დასტურად. 

–   არ მესმის, რას ელოდა საზოგადოება? რომ ერთმანეთს ჭიქებს ვესროდით და დემაგოგიას დავიწყებდით? ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე –  არ ვაკეთებთ შოუს,  თუმცა, ბოლო გადაცემაში კამათსა და დისკუსიასაც ჰქონდა  ადგილი. გადაცემაში  მე ვარ მასპინძელი,  ვსვამ შეკითხვებს,  პატივს ვცემ როგორც ჩემს კოლეგებს, ისე სტუმრებს.  ჩვენ, როგორც ჩანს, დაგვავიწყდა გადაცემა, სადაც ადამიანები კი არ ყვირიან, არამედ, მსჯელობენ და საქმიან საუბარს მიმართავენ.  ბუნებრივია, მე გაცნობიერებული მექნებოდა, როგორი უკუკავშირი მოჰყვებოდა ჩემს ახალ ამპლუას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებიდან და ამისთვის მზად ვიყავი. ხოლო წლების განმავლობაში ამას მივეჩვიე კიდეც – როცა ექვსი წლის წინ პირველი ინტერვიუ მივეცი. ისინი, ვისაც ახალი სახის გამოჩენა არ მოეწონა, ამბობდნენ: ეს ვინაა, ამას ვინ ეკითხება, რას წარმოადგენსო. მერე ხან „ნაციონალს” მეძახდნენ, ხან „ქოცს,” ხან „შავრაზმელს” და ხანაც „ელჯებეტის წევრს” – იარლიყი არ დარჩა, ჩემთვის არ მოეკერებინათ. ჩვენი საზოგადოება ამაში ძალიან ყოჩაღია. 

– როგორც ვიცი, გადაცემის გამო გარეგნულ იმიჯს ელევით.

– მე მიყვარს თავისუფალი ჩაცმულობა, მხოლოდ გადაცემის წინ ვიცვამ კონსერვატიულად და, როგორც კი გადაცემა დასრულდება, ვიხდი, რადგან მეტაფორულად სულ ვამბობ ხოლმე, ბომჟობა მიყვარს-მეთქი; ასე რომ, როგორც კი გადაცემა მთავრდება, ჩემს ჩვეულ სტილს ვუბრუნდები.  

–  არჩილ გამზარდიას ბოლო წლების აქტივობას ყველა ვხედავთ, მაგრამ, არ ვიცით, სად და როგორ გაიხსნა თქვენი „შრომის წიგნაკი”? 

– ეს მოხდა ძალიან ადრე: 15 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ გაზეთში, პარალელურად კი, შამპანურის ქარხანაში, პატარა დაზგაზე, ბოთლის რკინის თავსახურებს ვაკეთებდი.  იმ პერიოდში ჩვენ ძალიან გვიჭირდა და, სწავლის პარალელურად, პატარა შემოსავალი  აუცილებელი იყო ჩემთვის. მაშინ ტრანსპორტი  პრაქტიკულად არ არსებობდა, კილომეტრებს გავდიოდი ფეხით,  ვაგზლისა და ისნის  ბაზრობებზე გაზეთებს ვყიდდი, რომ ორიოდე თეთრი მეშოვა. მომწონდა ის, რომ იმ გაზეთებში ჩემი მასალები იყო დაბეჭდილი, თუმცა  მაშინ ეს მორალურად   მძიმე იყო.  კარგად მახსოვს, ერთი-ორჯერ ნაცნობი რომ შემხვდა, ფერი დავკარგე, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ იყო.  ჩემი მშობლები პატიოსნად, ხელფასით  ცხოვრობდნენ,  მათაც ისეთივე რთული პერიოდი ჰქონდათ, როგორც ბევრ ოჯახს ჩვენს ქვეყანაში. ერთი პერიოდი ჭლექის ნიშნებიც დამიდგინდა  კვების გამო. სახლიდან გავყიდეთ ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა,  თუმცა, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.  მე  ძირითადად მაინც  რედაქციებში ვმუშაობდი – ვწერდი სტატიებს, ვსწავლობდი ჟურნალისტობას.   ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე სხვადასხვა კომპანიაში მომიწია მუშაობა. აქტიური დინამიკა მქონდა – სამსახურში მისვლიდან ძალიან მალე, პატარა გუნდის მმართველი და მენეჯერი ვხდებოდი. 2001 წლიდან უკვე მქონდა სამსახური ნორმალური ხელფასით,  მერე კი იყო წარმატებული ნაბიჯები საერთაშორისო კომპანიებში. საკმაოდ აბურდული იყო ჩემი პროფესიული და სწავლასთან დაკავშირებული ისტორიები. როდესაც საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე, მალე აღმოვაჩინე, რომ  პრაქტიკულად არ ჰქონდა კავშირი ჟურნალისტობასთან, რაც ძალიან მომწონდა. დავიწყე  პიარის შესწავლა. კავშირგაბმულობა ისე მივატოვე, დიპლომიც არ ავიღე.  პიარის დასრულების შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, ლიტერატურული დაოსტატების განხრით და ამაზე ყველა გადაირია – ამ კაცს აქ რაღა უნდაო (იცინის). 

– თქვენი სიყვარულის ისტორიაზე  გულწრფელად წერთ ხოლმე  სოციალურ ქსელში.  ახლა ის მითხარით, ნინოლა დიპლომიან არჩილ გამზარდიას გაჰყვა ცოლად თუ უდიპლომოს? 

– როცა ნინოლა გავიცანი, უკვე ორი დიპლომიც მქონდა და კარგი სამსახურიც.  29 წლის ვიყავი.  ნინოლა გავიცანი ექსკურსიაზე, სიონში,  ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით.   ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი გაცნობის ადგილას შევიძინეთ აგარაკი – იქ ყოფნა ძალიან მიყვარს. სოფელი არასდროს მქონია, სულ სხვის სოფელს მივხაროდი. როგორც კი საშუალება მომეცა, მე და ნინოლა კაპიკს კაპიკზე ვამატებდით და პატარა აგარაკი შევიძინეთ. ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა. შარშან პირველი ბოსტანი გავაკეთე და მოსავალიც მივიღე – პომიდორიც მქონდა, ლობიოც, კარტოფილიც, წიწაკაც. ჩემი მოყვანილი ბოსტნეულით მწნილებიც კი გავაკეთეთ. ქათმებიც მყავს, ვარიებიც.  თუმცა, გამყიდველმა მომატყუა და ისეთი ქათმები  მომყიდა, კვერცხს რომ არ დებდნენ. მომავალ წელს ამ გამოცდილებას  აუცილებლად გავითვალისწინებ.    ვფიქრობ, რომ  ცუდი  მეოჯახე არ  ვარ, ყველა საქმე მეხერხება. დიდხანს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი მარტო და პრაქტიკულად ყველა ის საქმეც გამომდის, ქალის საქმე რომ ჰქვია, რასაც მე არ ვეთანხმები.  როცა შესაძლებლობაა, მე და ნინოლა ჭურჭელსაც ერთად ვრეცხავთ და ნამცხვრის გამოცხობაშიც ვეხმარები. ბლინების გამოცხობა მარტოსაც შემიძლია. 

– როგორ შეცვალა ახალმა  ამპლუამ თქვენი ცხოვრება?

– ვერ ვიტყვი, რომ არსებითად შეიცვალა – კვლავ ვცხოვრობ გარეუბანში და დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე და ნინოლას  გვყავს ერთი შვილი და მეორეს ძალიან მალე ველოდებით. იმაზე დიდი წარმატება, სიხარული და ბედნიერება, რომ ამ ადამიანის მეუღლე ვარ, ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. მე არ ვარ ბუნებით კარიერისტი – ნებისმიერი კარიერა შემიძლია შევწირო ოჯახს, რაც ჩემთვის ყველაფერია; მის ხარჯზე არცერთ სამსახურსა და წარმატებას არ გავყვები.  ვარ დედოფლის მეუღლე, უფლისწულის მამა და მალე პრინცესას მამა გავხდები, როგორ შეიძლება, ასეთ ვითარებაში კაცი ყველაზე მადლიერი და ბედნიერი არ იყო ?! (იცინის).  

скачать dle 11.3