რაზე დათანხმება არ შეუძლია მსახიობ ნინო ჭოლაძეს და როდის გამოიარა მან ტკივილიანი გზა
მსახიობი ნინო ჭოლაძე უკვე წლებია, თეატრალურ სამყაროში ტრიალებს და არაერთი წარმატებული როლი აქვს შესრულებული ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. შესაბამისად, თეატრალური საზოგადოება მას კარგად იცნობს, თუმცა ფართო აუდიტორიამ ნინო სულ ცოტა ხნის წინ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, ტელეწამყვან მიმის როლით გაიცნო. მიმი ულამაზესი ქალბატონია სერიალშიც და რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა, რამდენად ჰგავს ნინო საკუთარ გმირს ხასიათით, რატომ ეშინოდა მას ისტერიულად კამერის და რატომ არ უყურებს მისი შვილი სერიალს – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს მსახიობისგან შეიტყობთ.
– ნინო, მაყურებელმა მიმის როლში გაგიცნო და ალბათ, ყველას აინტერესებს, როგორი ხარ სინამდვილეში?
– ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა ადამიანი თავის გაკეთებულ საქმეს გამადლის – ისე, როგორც ამას მიმი აკეთებს. თითქოს, მის წინაშე მთელი სამყარო ვალდებულია – ეს ამაზრზენად მიმაჩნია. მე არ ვარ ასეთი (იცინის). ერთადერთი, რაშიც ვგავართ, ეს საკუთარი საქმისადმი სიყვარულია. ოღონდ ამას სხვადასხვანაირად გამოვხატავთ. ის ყველაფერს გვამადლის, მე კი ვცდილობ, ყველაფერი ჩუმად და შეუმჩნევლად გავაკეთო.
– ეკრანზე პირველად გამოჩნდი, რთული იყო ამ სიახლესთან შეჩვევა?
– კამერის ისტერიკული შიში მქონდა. დრამისა და კინოს მსახიობი ვარ, მაგრამ ჩვენ ისეთ დროს ვსწავლობდით, კამერა თვალითაც არ გვინახავს (იცინის). ზოგადად, ყოველი ახალი როლის შესრულებას განვიცდი. მგონია, რომ ისევ სტუდენტი ვარ და თავიდან ვიწყებ ყველაფერს. თითოეულ როლზე ბევრი ფიქრი მიწევს. ასე იყო ამ სერიალის შემთხვევაშიც. ყველაფერზე დათანხმება არ შემიძლია, ჩემთვის ხარისხს და გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მგონი, ფიქრმა გამოიღო შედეგი და სწორ ადგილას მოვხვდი.
– პარტნიორ მსახიობებს როგორ შეეწყვე?
– აჩიკოსთან და ლელასთან ინსტიტუტიდან მქონდა ურთიერთობა და ასე თუ ისე, ორივეს ვიცნობდი. მაგრამ, როგორც პარტნიორებს, ახლა პირველად მოგვიწია ურთიერთობა. მგონი, კარგი გუნდი ვართ.
– პირადი ცხოვრების გამო, როგორც ვიცი, შემოქმედებითი პაუზა გქონდა. როგორც მსახიობისთვის, ეს რთული არ იყო?
– თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, ოჯახთან ერთად მოსკოვში წავედი, მაგრამ ვერაფრით გავძელი. რომ იტყვიან, გამოვიქეცი (იცინის). შემდეგ მეორე ბავშვი გამიჩნდა და შვიდი თვის იყო, როცა თეატრში დავბრუნდი. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როგორი ტკივილიანი გზაა, როცა ცდილობ, შენი დრო ოჯახს არ მოაკლო და თან, მაქსიმალურად დაიხარჯო იმ საქმეზე, რომელსაც აკეთებ. მინდა, თანადგომისთვის ჩემს ოჯახს მადლობა ვუთხრა, განსაკუთრებით დედაჩემს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელი არაფერში შემშლოდა. ადამიანი იმაში უნდა იყოს რეალიზებული, რაც უყვარს და უნდა. პაუზას ძალიან განვიცდიდი. თუმცა, არ გამოდიოდა სხვანაირად. რთულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. დილის ცხრაზე რომ შევიდოდით აუდიტორიაში ღამის თორმეტამდე ვერ გამოვდიოდით. ბავშვი ქუთაისში მყავდა, მე თბილისში ვიყავი. ყოველ შაბათ-კვირა იქ მიწევდა ჩასვლა, მაგრამ გამიგო უფროსმა ქალიშვილმა (იცინის).
– თუმცა, მას მაინც არ უყვარს თეატრი, რადგან მიაჩნია, რომ დედა წაართვა, არა?
– მართლა არ უყვარდა. ამას ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ რამდენჯერაც შემითავაზებია: დე, იქნებ წამოხვიდე, სპექტაკლს დაესწრო-მეთქი, უარი უთქვმას. მაგრამ, ახლა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
– როგორი იყო შვილების რეაქცია, როცა დედა ეკრანზე გამოჩნდა?
– საოცარი რეაქცია ჰქონდათ. ეს სერიალი ძალიან უყვართ. ყოველთვის უყურებდნენ და მეც მათ დამაწყებინეს ყურება. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ახლა პატარა აღარ უყურებს. ვეკითხები, სხვას თუ უყურებ, დედას როგორ არ უყურებ-მეთქი?! რცხვენია და ნერვიულობს. რამდენიმე დღის წინ კი აღმოვაჩინე, რომ მიმის მსგავსი ვარცხნილობა გაიკეთა და ამბობდა, მიმი ვარო. გამიხარდა. რა კარგია, შვილი დამიბრუნდა-მეთქი (იცინის). უფროს შვილს რაც შეეხება, ის უყურებს და საკმაოდ კარგ რჩევებსაც მაძლევს, რომელსაც ვითვალისწინებ ხოლმე. ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და დედაჩემს. იგივეს ვცდილობ ჩემს შვილებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჩემთვის მიუღებელია, ვცდილობ, მათთან ვიმეგობრო. ზომიერად მკაცრიც ვარ და მომთხოვნიც, მაგრამ ხანდახან ისეც არის, რომ რაღაცეებს ვერ ვუშლი. ზოგადად, მიყვარს, როცა ადამიანებს თავისუფლებას ვაძლევ. დაშლით და შეზღუდვით არასდროს არაფერი გამოდის. პირიქით, უარესები ხდება. ამიტომ, მირჩევნია, ჩემი პატივისცემა და რიდი ჰქონდეთ, ვიდრე შიში.
– მათაც ხომ არ უნდათ დედის პროფესიის დაუფლება?
– უფროსი 14 წლისაა და ძალიან კარგი გოგოა, კარგად სწავლობს. ფოტოხელოვნებით არის გატაცებული. კარგად ხატავს და მღერის კიდევაც, ოღონდ ამის აფიშირება არ უყვარს. ყველაფერს თავისთვის აკეთებს. რაც შეეხება პატარას, ის შვიდი წლისაა და ვატყობ, რომ ცოტა ჩემკენ არის. გიჟდება სცენაზე და კამერაზე. ადრე მიკვირდა და ვამბობდი, როგორ შეიძლება, ბავშვს იმის კეთება დაუშალო, რაც თვითონ უნდა-მეთქი. მაგრამ, მე ვარ, მგონი, ის ადამიანი, ვინც ზუსტად ასე მოიქცევა (იცინის). იმიტომ, რომ მსახიობობა ყველაზე რთული პროფესიაა. პოპულარობა კარგია, მაგრამ მარტივი არ არის. მანამდე ბევრი უნდა იშრომო. მერე შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო. ერთი სიტყვაც რომ შეგეშალოს, ისე გადაგივლიან და გაგთელავენ, ვითომ ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებია.
– შენს ცხოვრებაშიც მოვიდა პოპულარობა, როგორია ეს ყველაფერი შენთვის?
– ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის უცხო ხილია. ყურადღება და პოპულარობა არასდროს მაკლდა. თეატრალური საზოგადოება მე თბილისშიც მიცნობს. გასტროლებით ჩამოვდიოდით ხოლმე და ძალიან კარგი სპექტაკლებითაც. უბრალოდ, ეკრანი და ტელევიზია აბსოლიტურად სხვა რამეა. მიხარია, როცა ქუჩაში მივდივარ და მეუბნებიან: „როგორ მომწონხარ, რა კარგად თამაშობ“. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია.
– მეუღლის შესახებ რას გვეტყვი?
– ჩემი მეუღლე არის ზაზა ხუბუკელაშვილი. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია. წერს კიდევაც და არანჟირებასაც აკეთებს. ახლა ისრაელში მოღვაწეობს.
– შენც ხომ არ გეგმავ სამომავლოდ იქ გამგზავრებას?
– არა, მე სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია (იცინის).
– მეუღლის გარეშე ცხოვრება შეგიძლია?
– (იცინის) ჩვენ სულ მიდი-მოდი გვაქვს და შევეჩვიეთ ასეთ რიტმს. სულ ცალ-ცალკე ვართ. სიმართლე რომ ვთქვა, აქაურობისთვის ძალიან მეცოდებოდა. შეიძლება, ცუდად გამომდის, მაგრამ შოუ-ბიზნესს ჩვენთან ძალიან უჭირს. ამიტომ ჯობია, იქ იყოს, სადაც რეალიზებას მოახერხებს.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
– მუსიკალურ სტუდიაში მივედი სიმღერის ჩასაწერად ჩემს ჯგუფთან ერთად და მაშინ ზაზა იყო ნუ, რაღაც... (იცინის) მაშინაც და ახლაც. მართლა სხვანაირი ადამიანია, როგორც მუსიკოსი და როგორც პიროვნება. აღმოჩნდა, რომ ერთნაირები ვიყავით.
– ძალიან ლამაზი ხარ და ბუნებრივია, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა. მან რით მოგხიბლა?
– (იცინის) მადლობა. თაყვანისმცემლებით განებივრებული ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ისინი დამემეგობრებინა და გამომდიოდა კიდევაც. არ მიყვარდა, როცა გოგოები ბიჭებს აწვალებდნენ. 16 წლამდე არავინ შემყვარებია და ზაზა იყო პირველი, რომელთანაც მართლა ვიგრძენი, რომ თურმე, შემძლებია სიყვარული (იცინის). ნელ-ნელა მოხდა ეს ყველაფერი. ზაზას უთქმელობა ბევრ რამეს ნიშნავდა. მან თავის საქციელით ჩემთან მოსასვლელი გზა იპოვა. მიხვდა, რომ ბევრი არ უნდა ელაპარაკა და ემოქმედა. ორი წელი გრძელდებოდა ეს ურთიერთობა და შემდეგ თბილისში გადმოვსახლდით. მერე ისევ ქუთაისში დავბრუნდი, მოკლედ, სულ გზაში ვართ (იცინის).