რატომ უწოდებდა მიხეილ სააკაშვილი ჰილარი ქლინთონს „გუდიან ქალს“ და რით დაიყოლია პრეზიდენტი პოროშენკო, რომ გამოეყო სამუშაო ადგილები მისთვის და თანაგუნდელებისთვის
ისე მოხდა, რომ ჩვენმა მეგობარმა და პარტნიორმა უკრაინამ, უფრო ზუსტად, მისმა ხელისუფლებამ საქართველოს ექსპრეზიდენტი არათუ არ გადმოსცა ქართულ მხარეს, არამედ თავისი პრეზიდენტის, პოროშენკოს ბედი ანდო; გავრცელებული ინფორმაციით კი, მიხეილ სააკაშვილს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანში ელიან და, როგორც წინასწარ გვატყობინებენ, მას დიდი პატივითაც მიიღებენ. იმის მიუხედავადაც, რომ გლდანის ციხე მსოფლიოს ათ ყველაზე საშინელ ციხეთა ჩამონათვალში მოხვდა, დასავლელი ლიდერები საქართველოს როგორც ხელისუფლებას, ისე მოსახლეობას წარსულის დავიწყებისკენ მოუწოდებენ. მეორე მხრივ, თუ ქართველ მწერალს დავუჯერებთ, წარსული ჩვენი ფესვებია, ის არ ჩანს, ამიტომ გვგონია, რომ არ არსებობს, სინამდვილეში კი არაფერი არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული. თუმცა ამჯერად ლირიკულ გადახვევას გვერდზე გადავდებთ, ისმის ლოგიკური კითხვა: რა თამაშს ეთამაშება ჩვენი ქვეყნის მტერ-მოყვარე ჩვენს ხელისუფლებას ან რატომ გაიხადა ამ უკანასკნელმა თავი სათამაშოდ? – მასზე პასუხის მიღებას პეტრე მამრაძისგან შევეცდებით.
– ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი არის ერთგვარი „მონაპოვარი“ კოალიცია „ოცნებისა“, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკურად შეეფასებინათ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების უმძიმესი დანაშაული: მათ მიერ სადისტური სისტემის შექმნა, ავტორიტარული კლეპტოკრატია, რომელიც არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში, სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, რაც იყო ნამდვილი სამშობლოს ღალატი. მეტიც, ნაცვლად ამისა გაისმოდა სულ სხვა შინაარსის განცხადებები. გაიხსენეთ უსუფაშვილი: მთავარია, გადავარჩინოთ „ნაციონალური მოძრაობა“; გაიხსენეთ ლევან ბერძენიშვილი: თუ საქმეს აღვძრავთ სააკაშვილის წინააღმდეგ, მით უფრო, თუ დავაპატიმრებთ, ევროპისკენ გზას ჩავიხერგავთ, ვინაიდან, ბერძენიშვილის აზრით, სააკაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე მთელი საქართველო. ეს იყო ტყუილი, რადგან სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში მისადმი და მისი გუნდისადმი დასავლეთში იყო მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში სააკაშვილისადმი ყველაზე რბილი გამონათქვამები იყო: headache, ანუ თავისტკივილი და pain of ass, ანუ, მაპატიეთ, ტკივილი უკანა ტანის. შემთხვევითი როდია, რომ სააკაშვილი ჰილარი ქლინთონს „გუდიან ქალს“ უწოდებდა. ქლინთონი პირდაპირ ეუბნებოდა მას, ხელისუფლებაში რომ დარჩეთ 2012 წელს, ეს იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ არჩევნები გააყალბეთ, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეთ და ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეთო.
– თუმცა ის ფაქტი, რომ სააკაშვილი დაინიშნა პოროშენკოს მთავარ მრჩევლად, მთლად ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე ხომ ვერ ჩაივლიდა?
– ნამდვილად ჩაიარა, ეს იყო პირადად პოროშენკოსა და სააკაშვილის უკრაინელი ლობისტების ნამუშევარი. მეტსაც გეტყვით, შევახსენებ მკითხველს, რომ კოალიცია „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველი კომისარი მოითხოვდა, რომ ახალ ხელისუფლებას დროულად გამოეძია წინა ხელისუფლების ყველა დანაშაული და კანონის სრული სიმკაცრით დაესაჯა დამნაშავეები.
– მეც მახსოვს.
– ვინც კი იცნობს თომას ჰამარბერგის ანგარიშებს, გამოქვეყნებულს 2012 წლის არჩევნებამდე, იცის, რომ იქ ეწერა, საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ადამიანია მზად, დათმოს თავისი ქონება, დაიბრალოს აბსურდული ბრალდება, ჯაშუშობის ჩათვლით მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ციხეებში სასტიკი მოპყრობა; რომ საქართველოში აღარ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. მაგრამ ამ ფონზე არაფერი გაკეთდა, არადა, კოალიცია „ოცნებას“ გამარჯვების დღიდან რომ აემოქმედებინა სამართლადამცველი ორგანოები, ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი პოლიტიკური დევნის გარეშე, მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით, რასაც ჩვენმა ხალხმა სამართლიანობის აღდგენა უწოდა; პოლიტიკური შეფასება რომ მიეცათ და ეს ყველაფერი მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ მუდმივ რეჟიმში, სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მთელ მსოფლიოში ექნებოდათ ადეკვატური სახელი სადისტური სისტემის შემქმნელებისა, უაღრესად კორუმპირებული ადამიანებისა და მათ არავინ გაეკარებოდა, ის ლობისტებიც კი, რომლებსაც ათობით მილიონ დოლარს უხდიდნენ. მაგრამ არაფერი გაკეთდა და ჩვენი ხალხი ახლა იმკის ამ სფეროში ჩვენი ხელისუფლების უნიათობის შედეგებს.
– რატომ არ უნდა გაეკეთებინათ? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მათი ინტერესია?
– იმიტომ რომ, ძალიან ეკლექტურ კოალიცია „ოცნებაში“, იყო ბევრი ადამიანი, ვისთვისაც სააკაშვილი და მისი თანამზრახველები გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ პირადი ურთიერთობით თუ იმის სურვილით, რომ ის დიდი ფინანსური ნაკადები, რომლებიც მიემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეებში, ის დარჩენილიყო, ოღონდ მიმართულება შეეცვალა. ბევრი ამბობს, ეს მოხდა და ამის დასტურია, რომ მონოპოლიები დარჩა. ბიზნესზე ზეწოლა, რაც მანამდე იყო, აღარ არის, მაგრამ ყველა ბიზნესმენი იმასაც აღიარებს, რომ მონოპოლიები დარჩა. აგერ უსუფაშვილმა ახალი წელი მიულოცა ძებნილ სააკაშვილს, რითაც თქვა, რომ ემიჯნება კოალიცია „ოცნების“ იმ ნაწილის მოქმედებებს, რაც იწვევს ეჭვს, რომ პოლიტიკური დევნაა. როდესაც საერთაშორისო სახელის მქონე პროკურორების ჯგუფი მოითხოვს, რომ გაგრძელდეს სააკაშვილის დევნა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე ეს ინფორმაცია არ გადის, არ უნდა გვიკვირდეს, რაც ხდება. სააკაშვილი ამყარებდა პირად ურთიერთობას ზოგიერთ დასავლელ ლიდერთან, ხარჯავდა ძალიან დიდ ფულს, ვინმემ შეისწავლოს, ევროპის სახალხო პარტიის რამდენი წევრი იყო აქ და მუქთად ატარებდა დროს, ოღონდ ეს ვერ იმუშავებდა, სწორად და ეფექტიანად რომ ემოქმედა ახალ ხელისუფლებას. მაგრამ ისინი მოქმედებენ ისე, თითქოს მათი მთავარი მიზანი იყო ხელფასებით ტკბობა, ძვირფასი მანქანების შეძენა და ამ ფონზე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასე შეტრიალდა ყველაფერი.
– მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს საკუთარ თავს მტრობენ. ლაპარაკობენ, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი გაყიდა ამ ხელისუფლებამ, რომ ოპოზიციის არნახული დევნაა და ასე შემდეგ.
– საკმაოდ ეფექტიანად აკეთებენ ამას.
– მაგრამ ვის დააჯერებენ ამაში? ანუ ვისთვის აკეთებენ ასეთ განცხადებებს?
– შევაჯამოთ, რაც ვთქვით, „ოცნებამ“ გააკეთა ის, რაზეც „ნაცები“ ვერც კი იოცნებებდნენ. კერძოდ, „ოცნებამ“ არ აღადგინა სამართლიანობა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეხო რეპრესია: მერაბიშვილს, ახალაიას, უგულავას. მეორე მხრივ, მოახერხა ის, რომ დასავლეთში დამკვიდრდა აზრი, თითქოს აქ პოლიტიკური დევნაა. შეუძლებელი შეძლეს! რაც შეეხება „ნაცებს“: დავიწყოთ იმით, რომ ეკრანზე ბოლო ერთი წელია, ჩნდება სულ რამდენიმე ადამიანი: ნადირაშვილი, რატიანი, ჯაფარიძე, ბოკერია, წიკლაური, გაბაშვილიც გამოჩნდა რამდენჯერმე. დაახლოებით, ათი კაცი, სხვები ისე ინტენსიურად აღარ ჩანან. ცნობილია მათ შიგნით არსებული განწყობაც: მათ არანაირი იდეა არ აერთიანებთ, არც მეგობრობა. მე ვარ მოწმე იმისა, რომ იმ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც დღეს აღიქმებიან მათ ლიდერებად და აქტიურ სახეებად, სააკაშვილს წლების განმავლობაში სალანძღავი ეპითეტების გარეშე არ ახსენებდნენ. მათ აერთიანებთ ერთად ჩადენილი დანაშაული. სულ არ ეხალისებოდათ ზამთარში კიევში წასვლა და იქ კარვებში ყოფნა; სულ არ ეხალისებათ აქ აქციების მოწყობა, იციან, რომ სააკაშვილი აგინებს დედას, „სკაიპით“ რომ გაესაბურება. არანაირი „დრაივი“ არ აქვთ. მათი მოტივაცია ის არის, რომ უჭირთ ამ თამაშიდან გასვლა, მათ აკავებს კორპორაციული ზნეობა. წარმოიდგინეთ, დღეს რომ გადაუდგეს რომელიმე მათგანი სააკაშვილს, აქამდე სად იყოო, იფიქრებს ხალხი. შეგახსენებთ, რომ აკაკი ბობოხიძემ თქვა იმ საშინელი კადრების ჩვენების შემდეგ, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს პარტიის თავმჯდომარეობიდან და ჩვენ ყველას გვაქვს მორალური პასუხისმგებლობაო. გიგი წერეთელმა განაცხადა, ისეც ვერ იქნებოდა, რომ ამ საშინელებების შესახებ სააკაშვილსა და მერაბიშვილს არ სცოდნოდათო. მაგრამ „ოცნებამ“ ვერც ეს გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ 2013-ში გამოქვეყნდა დაცვის სამსახურის ხარჯები და ერთი წლის შემდეგ დაუდეს ათი საქმე სააკაშვილს ბრალდებად, ვინ დაიჯერებდა ამას მსოფლიოში?! სამართალდამცველებს რომ ემუშავათ და პერიოდულად თითო-თითო საქმე დაემატებინათ, ხომ სულ სხვა სურათი იქნებოდა?! გახსოვთ, სააკაშვილმა, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო, ფოტოები რომ ააფრიალა მთავრობის სხდომაზე? დღემდე არ უთქვამს, ვისი სახლები იყო.
– ფალსიფიცირებული იყო?
– სახლები დგას, მაგრამ მინისტრებმა მაშინ პირდაპირ უთხრეს, ჩემი სახლი თუ არის, მითხარიო. აქ კიდევ ქვეყნდება, რომ უშიშროების საბჭოს აპარატმა მილიონები გადარიცხა ლობირებისთვის, როდესაც ბოკერია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და ვითომ არაფერი. იცით, რას გააკეთებდა სააკაშვილი თვითონ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში?! კანცელარიაში, ღია ეთერში დააპატიმრებდა ბოკერიას, იქვე დაადებდნენ ბორკილებს, სულ თრევა-თრევით წაიყვანდნენ. ამის შემდეგ დაურეკავდა კონდოლიზა რაისს და ეტყოდა: კონდი, აი, ახლა ბუდეს მივადექით, ამ კორუმპირებული, გაზულუქებული მთავრობის უშიშროების მდივანს აღმოვუჩინეთ მილიონები, ახლა გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, დაგვიდექით გვერდში, დემოკრატია უნდა ავაშენოთო. როდესაც დაპატიმრებების სერია იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, დაკავებული ადამიანები ადასტურებდნენ, რომ იყვნენ კორუმპირებულები და მილიონებს იხდიდნენ, მაგრამ ბრალდებები ვინმემ შეისწავლა?! დასავლეთი მაშინ დაინტერესდა ამით?! კაკო ჩხაიძე რამდენჯერმე დაიჭირეს და მილიონები მიატანინეს.
– რომ არ ჰქონოდა, ხომ ვერც მიიტანდა?! ესე იგი, კორუმპირებული იყო.
– რა თქმა უნდა. მაგრამ მეორეა სამართლებრივი მხარე. არაფერი დაუმტკიცებიათ მათთვის. სააკაშვილს იმის მეათედი მტკიცებულებები არ ჰქონდა, რაც ამათ აქვთ, მაგრამ მან შექმნა აურა, რომ ებრძვის კორუფციას.
– პოროშენკო რით მოხიბლა?
– სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს ჰქონდათ საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები უკრაინელ ოლიგარქებთან. ფინანსური და ეკონომიკური ინეტერსები აკავშირებდათ. მართალია, იანუკოვიჩი გაიქცა, მაგრამ უკრაინელი პოლიტოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ოლიგარქიული სისტემა დარჩა. დღეს უკვე წერენ იმას, რომ სააკაშვილი რეკეტიორობს კიევში, შესულია კონტაქტში ოლიგარქებთან და ეუბნება, ვის რა ბედი ელის, თუ შესაბამისად არ მოიქცევიან. პოროშენკოს, რომელსაც რთული ურთიერთობა აქვს იაცენიუკთან, სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მასზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი. სააკაშვილმა შეძლო და ამას მას ვერავინ წაართმევს, დაერწმუნებინა პოროშენკო, რომ დასავლეშთი მას დღესაც ჰყავს გავლენიანი ლობი, რომელიც ავტომატურად პოროშენკოსაც მოემსახურებოდა, თუ პოროშენკო დანიშნავდა მას და მის თანამზრახველებს. აი, ამ კომპლექსმა გადაწყვიტა ეს ამბავი. ახლა მე თქვენ გიამბობთ ერთ რამეს: ჩვენ ვიცნობთ ეკატერინე ზღულაძეს, ხატია დეკანოიძეს, ალექსანდრე კვიტაშვილს, როგორც სააკაშვილის მონა-მორჩილებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები მათ იცნობენ, როგორც ეფექტიან მენეჯერებს და ბევრჯერ მომისმენია მათგან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ეფექტიანი ტექნოკრატები არავის ჰყავს. „ნაცები“ ხომ ფულს სხვანაირად აკეთებდნენ?! ზღულაძე ხომ ქრთამს ვერ აიღებდა?! ამიტომ მას პრემიებს უწერდნენ. ამდენად, ეს საინტერესო სისტემაა. იცით, რა თქვა ჯორჯ სოროსმა, როდესაც სააკაშვილი ინიშნებოდა პოროშენკოს მიერ? ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილს არ დაუმარცხებია კორუფცია, მან მისი პრივატიზება მოახდინაო.
– პოროშენკოს მოტივი გასაგებია, მაგრამ ჩვენმა მეგობარმა ილჰამ ალიევმა რატომ მიიპატიჟა?
– ალიევი არაფერ შუაშია, სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს შერჩათ სერიოზული კონტაქტები აზერბაიჯანში. მერაბიშვილსაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა: აზერბაიჯანისგან ხშირად ყიდულობდა იარაღს დემონსტრაციების დასარბევად. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პრეზიდენტ ალიევს ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა პირადად სააკაშვილისადმი. მაგრამ იმ ფონზე, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა თავისი უნიათობით თუ განზრახ, ხელები აქვს გახსნილი! რა ქნას ბაქომ, როდესაც ადამიანი გამოცხადებულია უპირველეს რეფორმატორად და დემოკრატიას აშენებს უკრაინაში პოროშენკოსთან ერთად?! ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ბრიუსელშია ყოველ მეორე დღეს?!
– ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მშრალად გამოვიდა პრობლემებიდან?
– ვერ გამოვა, ამ ყველაფერის მიუხედავადაც, „ოცნების“ დაკარგული ხმები არ გადადის „ნაციონალური მოძრაობისკენ“. ამ ეტაპზე, დიდი ალბათობით, ვერც სააკაშვილის ჩამოყვანას მოახერხებენ, ვერც ადეიშვილის და ვერც სხვების, მაგრამ ისეა საქმე, რომ, შესაძლოა, სააკაშვილმა უკრაინიდან ვერ გაასწროს.