კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამოა თანამედროვე საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ უნდობლობა და რა ცოდვის ჩადენა ეკრძალებათ სასტიკად სასულიერო პირებს

წმიდა მამების სწავლებით, ადამიანის სული გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეებს გაივლის, რომელთაგან ერთ-ერთი, ანუ მერვე საზვერე, არის ანგარების ცოდვა (მექრთამეობა, მევახშეობა), რომელიც ძალიან გავრცელებულია დღეს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– სამწუხაროდ, ბევრ თანამედროვე ქრისტიანსა და ღვთისმეტყველს არ სჯერა საზვერეების არსებობის, მაგრამ, ძალიან ბევრი დიდი წმიდა მამა აღაირებს სწავლებას საზვერეების შესახებ. მევახშეობა, ანგარება – ეს არის მერვე საზვერე, რომელსაც გარდაცვლილის სული გაივლის. მაცხოვარი პირდაპირ ბრძანებს  ადამიანების ურთიერთობის შესახებ: „როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ, ისე მოექეცი სხვას; გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.” თუ გიყვარს მოყვასი, მას ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა, რომ შემდეგ ის შენ მოგექცეს და მაშინ არც მევახშეობის ცოდვაში ჩავარდები, არც ვერცხლისმოყვარეობაში, არც განიკითხავ სხვას და არც ცუდად მოექცევი მას. თუ ამ ოქროს კანონს ჩვენ ცხოვრების წესად გავიხდით, მაშინ არ გავუკეთებთ სხვას ცუდს,  აღარ ვიქნებით დაბოღმილები და გაბოროტებულები. ხშირად აცხადებს მრევლი: მე სამსახური არ მაქვს, არ ვმუშაობ და ერთი რამ დამრჩენია – ფული გავასესხო, გავაპროცენტოო.

– როგორც ცნობილია, ამ საკითხის შესახებ წმიდა წერილშიც წერია. 

– ამ საკითხის შესახებ სწავლება ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში  ღმერთმა გადასცა მოსეს, რათა  ებრაელებს სცოდნოდათ. მაგალითად, მეთოთხმეტე ფსალმუნის მეხუთე მუხლში პირდაპირ წერია: „ვერცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო“. გამოსვლათა 22-ე თავის 25-ე მუხლში უფალი მოსეს ბაგეებით პირდაპირ ეუბნება: „თუ ვერცხლს ასესხებ ვინმე ღარიბ-ღატაკს,  ნუ შეავიწროვებ მას და ნუ გადაახდევინებ მას ვახშის გადასახადს“. ლევიტელთა 25-ე თავის 36-ე მუხლი: „თუ შენი ძმა გაღარიბდეს, დავრდომილი მოვიდეს შენთან, დაეხმარე მას და შენი ვერცხლი არ მისცე მას ვახშით და სარგებლით არ მისცე მას შენი პური“. ხალხი ისე იყო გაჭირვებული და ახლაც ისეთი გაჭირვებულია, რომ, ფული კი არა, შეიძლება, პური სთხოვოს სხვას, იმ სხვამ კი ერთის მაგივრად ორის დაბრუნება მოსთხოვოს. დღეს ვინმე რომ მოგესალმება, სახეზე მიხვდები, რომ რაღაც სარგებელი უნდა – მისალმებაშიც კი, სხვა ადამიანებისგან რაღაც სარგებლის მიღებას ელიან, რაც სავალალო მდგომარეობაა. გარდა ამისა, მევახშეობის გამო ბევრი ჩავარდა ძალიან რთულ სიტუაციაში და ბევრმა შემდეგ სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულა. სანამ ვინმე ამ მდგომარეობაში ჩავარდება, მანამდე არავინ აქცევს ყურადღებას, მერე კი, თავს რომ მოიკლავს, უკვე განიკითხავენ. სანამ ადამიანი გასცემს თანხას ვახშით, სარგებლით, მანამდე გაიხსენოს, რომ ახალ აღთქმაში ღმერთმა ადამიანებს უთხრა: თანხას რომ გასცემ, უკან მიღებაზე არც უნდა იფიქრო, არათუ სარგებელს ელოდო, რადგან ამას წარმართები აკეთებდნენო. რომის იმპერიაში, რომის სამართლით, ადამიანი, რომელიც ფულს გასცემდა, მას 12 პროცენტი უნდა აეღო ვახშის სახით, შემდეგ ეს პროცენტი გაიზარდა და უფრო მეტი გახდა. მოგვიანებით კი მართლმადიდებელმა იმპერატორმა კონსტანტინემ ეს ყველაფერი აკრძალა, ანუ ქრისტიანობამ ამ ყველაფერს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. სჯულის კანონში წერია, რომ ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკვანს სასტიკად ეკარძალებათ ასეთი უმსგავსობის ჩადენა. ეს იმდენად დიდი ცოდვა იყო, რომ ეკლესიაშიც კი მოიკიდა ფეხი. ამიტომაც, სჯულის კანონში წერია, რომ სასულიერო პირმა მსგავსი საშინელება არ უნდა ჩაიდინოს. თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩავარდა ამ მდგომარეობაში – მაღალი პროცენტებით გაასესხებენ ფულს და შემდეგ, გამოსართმევად, ყელში უჭერენ და ახრჩობენ. 

– ხშირად სწორედ იმ გაჭირვებული ადამიანების მძიმე მდგომარეობით სარგებლობენ.

– როცა ადამიანს შვილი ჰყავს ცუდად ან მშობელი, იმ მომენტში ის არაფერზე ფიქრობს გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრი გადაარჩინოს, უამრავ ვალს იღებს და მძიმე მდგომარეობაში ვარდება. საბოლოოდ, ის, რომელიც ფულს გაასესხებს და ის, ვინც ისესხებს, ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ხდებიან. თუ გინდათ, რომ სიკეთის ჩადენაში ჩაგეთვალოთ ფულის გასესხება, ისეთ ადამიანს უნდა ასესხოთ, რომ ეჭვი გეპარებოდეთ, დაგიბრუნებთ თუ არა უკან. მაგრამ, დღეს, თუ გინდათ, რომ ნათესავი ან ახლობელი მოიძულოთ, მას ფული უნდა ასესხოთ. ხომ შეიძლება, ეს თანხა დაგკარგვოდათ ან დაგწვოდათ?! ვეღარ გიბრუნებს შენი ახლობელი, აპატიე, შეუნდე და ღმერთი ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნებს იმ თანხას. ღმერთი გაძლევს თანხას – კარგი შემოსავალი გაქვს, ქონება დაგიტოვეს მშობლებმა, ამიტომ, თქვი, რომ ღმერთმა მოგცა და, შენც, შენი მხრივ, მიეცი იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ გეუბნებიან, ფული მაჩუქეო, გთხოვენ, ასესხო, შენ კი მერე მისგან უფრო მეტის ამოღებას ცდილობ. ბევრს უთქვამს: რა ვქნა, მამაო, ახლობელს ფული ვასესხე, ვერ მაძლევს და ვკარგავ ამ ადამიანსო. და როცა მე მას ვეუბნები: ღმერთი ხომ ამბობს – აპატიეო, ამის გაგონების შემდეგ ის თავჩაღუნული მიდის. ჩვენ ძალიან დიდი ვალი გვაქვს ღმერთის და ის არაფერს გვთხოვს, გვპატიობს. შენ თუ ღმერთმა მილიონი ცოდვა გაპატია, არ შეიძლება, შენც აპატიო ახლობელს 100 ლარი?! ღმერთს უნდა, შენ ეს ყველაფერი სარწმუნოებით გააკეთო, ამიტომ, თქვი გულში, რომ ღმერთმა გაპატიოს და არა ლანძღო და ეჩხუბო. თუმცა, არც ის არის მართალი, რომელიც არ აბრუნებს ვალს: შენ ხომ დაგეხმარნენ და, იმის სინდისი ხომ უნდა გქონდეს, რომ უკან დააბრუნო ის, რაც სხვას გამოართვი?! 

– ხალხის მძიმე მდგომარეობით სახელმწიფო, ბიზნესმენები და ადგილობრივი მოვაჭრეებიც ხშირად სარგებლობენ ბოროტად.

– ხელისუფლებამ, შეიძლება, ისეთი ზომები მიიღოს, რომ ხალხი გაჭირვების ჟამს კიდევ უფრო გაჭირვებულ, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს, რისი ფაქტებიც დღეს სახეზე გვაქვს. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: ურწმუნო ხელისუფლება არის დიდი ყაჩაღების ბანდა, რადგან, მცირე ყაჩაღების ბანდები ორღობეებში დაძრწიანო. როცა ადამიანი დიდი ბიზნესმენი, მოხელე ან ხელისუფალია, მას შეუძლია გააკეთოს როგორც ბევრი სიკეთე, ასევე ბოროტებაც; მაგრამ, ხელისუფლებაში მყოფი ბევრი პიროვნება სარგებლობს ხალხის გაჭირვებით, თუნდაც არჩევნების წინ, როდესაც მათ აძლევენ ცრუ დაპირებებს და, საბოლოოდ, საზოგადოება მოტყუებული, პირდაღებული რჩება. ეს საშინელი ავაზაკობაა. ხშირად რიგითი ადამიანებიც ცდილობენ, ყველაზე მძიმე, გაჭირვებულ სიტუაციაში, სხვების ხარჯზე მიიღონ მეტი შემოსავალი: აძვირებენ სურსათ-სანოვაგეს, თუნდაც მარხვაში – სამარხვო პროდუქტს. არ ჯობია, პირიქით, გააიაფოს, შეუმსუბუქოს ქრისტიანებს მარხვა და მათი ცხოვრების წესზე ააგოს ვაჭრობა?! ამ დროს, რომ ჰკითხო, ქრისტიანია, მორწმუნეა, დიდი პატრიოტია და, თან, მერე ტირის, როგორ არ მოემართა ხელი, როგორ არ მიდის მისი საქმეები კარგად – ხელი მაინც ვერ მოვითბეო, ამაში კი მათ ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ ხელს. ქვეყანა ვერ დადგება ფეხზე, როცა ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, როცა დეპუტატი თავისი ელექტორატის გაჭირვებული მდგომარეობით სარგებლობს. შევა გაჭირვებული ადამიანი ბანკში – ატყუებენ; შევა აფთიაქში – ატყუებენ; შევა ბაზარში – ატყუებენ; ყველგან ატყუებენ და, საბოლოოდ, ისევ თავად რჩებიან მოტყუებულები, რადგან, საკმაოდ დიდი უნდობლობაა საზოგადოებაში არა მხოლოდ ხელისუფლების, უკვე ეკლესიის მიმართაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასულიერო პირები გარკვეულ ღვთისმსახურებაში თანხას ითხოვენ. ეს უნდა გამოსწორდეს, სხვა შემთხვევაში, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ყველას ყველაფერი მოეკითხება, რადგან უფალი ზეცაშია და ის ყველაფერს ხედავს. 

скачать dle 11.3