ჭეშმარიტი სარწმუნოება
„არა არს ხელმწიფება, გარნა ღმრთისაგან“
ბერძენთა მეფე ვალენტი არიოსისი ერესის მიმდევარი იყო. მან განდევნის განაჩენი გამოუტანა სამოსატის ეპისკოპოს ევსევის. ამ განაჩენის აღსასრულებლად წარგზავნილი პიროვნება სამოსატში ჩავიდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ შესდგომოდა დაკისრებულ საქმეს, რადგან ხალხს უყვარდა წმიდა მამა და მზად იყო საყოველთაო ჯანყისათვის, რათა იგი მსაჯულის ხელში არ ჩაეგდო. როცა წმიდა ევსევიმ ეს შეიტყო, გვიან საღამოს მოიხმო თავისთან მეფის წარმოგზავნილი და ტკბილად უთხრა:
– ნურავის გაუმხელ შენი აქ ჩამოსვლის მიზეზს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი აჯანყდება და მოგკლავენ. არ მსურს, შენს სიკვდილში დამნაშავე ვიყო.
ამის შემდეგ მან საღამოს მსახურება აღასრულა. როდესაც დაღამდა, მან ჩუმად გაუმხილა საიდუმლო ერთ მსახურს. ის დილით ადრე ადგა, მთავარეპისკოპოსის სასახლიდან გამოვიდა ერთგულ მხლებელთან ერთად, რომელსაც მისი სამოსი და წიგნები მოჰქონდა – ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც წმიდა მამამ თან წაიღო. მდინარე ევფრატთან, რომელიც ქალაქთან ახლოს მიედინებოდა, ის მეფის მოხელეს ჩაბარდა და ნავით ქალაქ ზევგმისაკენ გაცურა.
საშინლად შეძრწუნდა სამოსატის მოსახლეობა, როცა თავიანთი მოძღვრის ხვედრი შეიტყვეს. ყველა აღელდა, ტიროდა და კითხულობდა, რომელ მხარეს გაემართა წმიდა ევსევი. როდესაც მათ შეიტყვეს, რომ მისი მგზავრობის პირველი პუნქტი ქალაქი ზევგმი იყო, სასწრაფოდ დაედევნენ ნავებით მთავარეპისკოპოსს. მათი ტირილი და ქვითინი შორიდანვე შემოესმა ევსევს.
როგორ არ ევედრებოდნენ ისინი თავიანთ მწყემსსა და მასწავლებელს, რომ დაბრუნებულიყო! ფეხებში უვარდებოდნენ და ცრემლებს ღვრიდნენ, არწმუნებდნენ, რომ მისი სამწყსო ვინმე მტაცებელ მგელს, არიანელს ჩაუვარდებოდა ხელში, მაგრამ წმიდა ევსევი ყოველ ახალ არგუმენტს მხოლოდ ამ სიტყვებით პასუხობდა: „ყოველი ხელმწიფებასა მას უმთავრესისა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი გარნა ღმრთისაგან და რომელნი – იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან, რომელი აღდგებოდეს ხელმწიფებასა ღმრთისა ბრძანებასა აღდგების. ხოლო რომელნი იგი აღდგებოდიან თავისა თვისისა სასჯელი მიიღონ“ (რომაელთა მიმართ 13, 1-2).
– ასე, შვილნო ჩემნო, – განუწყვეტლივ ამბობდა იგი, შეუძლებელია, რომ მე ქვეშევრდომი ვეწინააღმდეგებოდე მეფის ნებას. ასევე თქვენც, როგორც ქვეშევრდომნი, უბედურნი იქნებით, აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც, თუ არ დაემორჩილებით მეფის ნებას. ასეთ შემთხვევაში, მე პირველი დაგადანაშაულებთ.
ხალხმა დაინახა თავისი მწყემსის შეუდრეკელობა და გზად მიმავალს სთავაზობდნენ, ვისაც რა შეეძლო: ზოგი ოქრო-ვერცხლს, ზოგი – სამოსს, ზოგი კი – მონებს. მაგრამ, წმიდა მამას წიგნისა და უბრალო შესამოსელის გარდა, არაფერი ესაჭიროებოდა. სულიერი შვილების საამებლად მან მხოლოდ მცირეოდენი, უმნიშვნელო ნივთი წაიღო. ყველას შეახსენა, რომ მტკიცედ შეენახათ მართლმადიდებლური დოგმატები, ელოცათ მისთვის. შემდეგ აკურთხა ისინი და გზას გაუდგა.