ზნედაცემული ანგელოზები
ფართო აივანზე, კომფორტულ შეზლონგზე წამოწოლილმა მამაკაცმა მაღალი ჭიქიდან ლუდს რომ წრუპავდა, მუქმინიანი სათვალე შუბლზე აიწია და იქვე, მაგიდასთან მჯდარ მეორე მამაკაცს გახედა.
– ჰა, აბა, სად არიან?! ეგ იყო შენი პირობა, მაგარ ნაშებს ამოვყრიო. აუ, ვიცოდი, რა, რომ ბაქი-ბუქობდი... ზურა! – გასძახა სახლის შიგნით ვიღაცას, – ზურა! გამოდი, ერთი... ამას დანაპირების შესრულება არ მოვთხოვოთ? თანაც, წააგო, ხომ ეგრეა?! წაგებული კი უნდა ჩაბარდეს, ძმაო...
– გეყოფა, – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ის, ვისკენაც იყო მიმართული ძირითადი საყვედური, – გითხარი, იქნება-მეთქი. რა გეჩქარება, ჯერ ახლა არ ამოვედით?
– მერე, შენ გიყურო? თუ სახლში ვერ დავლევდი ამ თბილ ლუდს? გაგეციებინა მაინც.
– როდის უნდა გამეციებინა, – გამოაჯავრა იმან, აგარაკის პატრონად რომ მოიაზრებოდა, – თქვენთან ერთად არ ამოვედი?
სათვალიანმა გაიცინა.
– ზურა! გამოდი, ბიჭო, რას აკეთებ მანდ... გესმის? აი, მე ლუდი ყოველთვის მხვდება გაციებული. იმიტომ რომ, ცოლი მყავს, თანაც იმ ცოლს ვუყვარვარ...
– ცოლს უყვარს, ეს კი, ნაშებზეა „ჩაციკლული“... შე ჩემისა... ცივ ლუდს თუ გახვედრებს ცოლი და თავზე გევლება, მე და ზურას რას გვიყურებ... წადი, ჭამე, დალიე, მოეფერე იმ ქალს...
სათვალიანმა თვალები მოჭუტა.
– პროვოკაციას არ ავყვები... არ გამოვა, ვერ გამოძვრები... ფულს ჟმოტავ, ხო? გამოტყდი, გამოტყდი, რომ გენანება.
– რა მენანება, გაგიჟდი?! ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვუთხარი პაშკას... დამპირდა, მოვალთო...
– რას ნიშნავს, მოვალთო... ეგ „პიდარასტი“ რაში მჭირდება, გააფრინე?!
– ნუ, მოვლენო, რა... რას „ავარდი“?
– ხომ იცი, რომ ვერ ვიტან...
– არავინ გთხოვს, შეიყვარეო... საერთოდ, რას ერჩი, არ მესმის... ძალიანაც კარგი ტიპია... მე არ მეჯავრება, მართლა.
– კოტე! შენ რაც ცოლს გაშორდი, ძალიან აურიე... მსოფლმხედველობა გეცვლება ნელ-ნელა... ზურა, გამოდი, ბოლოს და ბოლოს... გაღებული კარის ზღურბლზე, დაბალი, საკმაოდ თმაშეთხელებული, მაგრამ მოღიმარი კაცი გამოჩნდა.
– რა გამიტ... ე, ჭამა არ გინდათ? სადილს ვამზადებდი...
– რა? – გადაიხარხა სათვალიანმა, – კოტე, გაიგონე, რა თქვა?
– ჰო, რა იყო. ჯერ არ გიჭამია მისი მომზადებული საკვები? მართლა მომშივდა.
– მერე, შეგვეკვეთა რამე... ეს რატომ უნდა ითხიპნებოდეს.
– ნიკუშ, გეყოფა. შარზე ნუ ხარ. მაგარ რაღაცას ვაკეთებ, მოგეწონება, – სთხოვა ზურამ და კოტესკენ შებრუნდა.
– მართლა, სად არიან აქამდე? გადაურეკე, აბა, იმ პაშკას... „ნაშებზე“ არ ვგიჟდები, მაგრამ ნათქვამი რადგან იყო, განვეწყვე...
– აუ, თქვენ ახლა შემჭამთ, ხომ ვიცი... – ხელები უკმაყოფილოდ აიქნია კოტემ, – კარგი, დავრეკავ...
***
... დოდომ ტუჩებზე საცხი ფრჩხილის წვერით შეისწორა და შემობრუნდა.
– ვაგვიანებთ. ლალიკო, რას აკეთებ აქამდე?
– თმას გავიმშრალებ და მზად ვიქნები! – გამოსძახა ლალიმ.
– შენ არ მოდიხარ? – მაინც ჰკითხა დოდოშკამ ტატას.
– მე მეკითხები? – ტატამ ხელებზე დაიხედა... ლამაზად გამოყვანილი ფრჩხილები სიამაყით შეათვალიერა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ეს არას ნიშნავს?
– ჰო. მე არ წამოვალ.
– რატომ? ფული არ გჭირდება? – დადარაჯებულივით ჰკითხა დოდოშკამ.
– მჭირდება. ფული ყველას სჭირდება, მაგრამ გრძელვადიანი სპონსორი გამომიჩნდა, – გადაიკისკისა ტატამ.
დოდომ და ლალიმ ერთმანეთს გადახედეს.
– რა სპონსორი... თანაც, გრძელვადიანი. აბა, ერთი მოყევი... – ლალიმ თვალები მოჭუტა.
ტატამ ირონიულად ჩაიცინა.
– რატომ უნდა მოვყვე? კონფიდენციალური ინფორმაციაა. თანაც არ მინდა, ჯერ ამაზე ლაპარაკი... მგონი, მაქვს უფლება, ჩემი პირადი არ გაგიმხილოთ. რომელი ჩემი დაქალები თქვენ ხართ, რომ გული გადაგიშალოთ.
ლალიმ აღშფოთებით ამოიოხრა. დოდოშკამ კი საკმაოდ მკვახე ტონით ჰკითხა.
– ესე იგი, ჩვენ შენთვის არაფერს წარმოვადგენთ? სულ არაფერს? ტატა, შემომხედე, მაგრად გაგვიტეხე... შვილს გეფიცები...
– შვილს თუ თორნიკეს? – დამცინავად ჩაეკითხა ტატა. დოდოს სახე შეეცვალა და ნირწამხდარმა ხელები გაასავსავა. მის ნაცვლად ლალი გამოეპასუხა.
– აუ, ამას შენგან არ ველოდი. რა იყო ახლა ეგ... რატომ უთხარი?! ნახე, როგორ ატკინე გული... ტატა, არ გრცხვენია?
– ისეთი რა ვთქვი?! ჩვენი პროფესიის სასტავები რომ არ მეგობრობენ, პირველად გაიგე?! ისე მიყურებთ, თითქოს ციდან იყოთ ჩამოცვენილები შენ, ან ეს... რა გჭირთ? მოდით რა აზრზე. თითოეული საკუთარი თავის გადარჩენისთვის რომ ვზრუნავთ, არ იცით? კლიენტების ახევაც რომ მოსულა, უცხოა თქვენთვის?
– და... შენ გეშინია, რომ ჩვენ კლიენტს აგახევთ? – განცვიფრებისგან თვალები დაუმრგვალდა ლალის.
ტატას ხმამაღლა გაეცინა.
– რატომღაც... თქვენ რომ მე რამე ამახიოთ, მით უმეტეს, კლიენტი. ჩემამდე ჯერ ძალიან ბევრი გიკლიათ, ძალიან...
– თორნიკეს ხსენება მაინც მეტისმეტი იყო... – წყრომით ჩაილაპარაკა დოდოშკამ.
– კარგი რა, ცოტა შეჯანჯღარება არ გაწყენს, აიტან.. აუ, რა სისულელეებზე გელაპარაკებით, რა... მოვედი, ყავა რომ დამელია და მორჩა!
– კარგი, ნუ წამოხვალ, – მხრები აიჩეჩა დოდოშკამ. ეტყობოდა, წყენას ჯერაც არ გაევლო მისთვის.
– რა გგონიათ, გოგოებო, არ მცალია, თორემ, – ხელები გაშალა ტატამ...
– დოდოშკა, მერე იქ რომ სამი ტიპია? პაშკამ ხომ თქვა, სამნი იქნებიანო...
– პაშკამ? – დაიღრიჯა ტატა, – პაშკას შეკვეთას უყურე, როგორი ვაჟნია. მესამე ნაშად თვითონ წამოვიდეს და ეგ იქნება.
– არ გამოვა, – სერიოზულად მიიღო ლალიმ, – ტრადიციული სასტავიაო.
– აუ, ამისი გულუბრყვილობა გამაგიჟებს, – ხელი ხელს შემოჰკრა ტატამ, – ტრადიციული... არატრადიციული... გოგო, შენ გგონია, ვინმე არსებობს ჩვენს სივრცეში, ვინც ექსპერიმენტზე უარს იტყვის? გეუბნები, პაშკა წაიყვანეთ... კარგად გამოპრანჭეთ და შეიძლება, თქვენზე თქვან იმ ტიპებმა უარი.
დოდოშკამ ხელი ჩაიქნია, აქაოდა, ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო.
– დაგვაგვიანდება, ჩვენ... – ლალიკომ საათს შეხედა, – ტაქსი მოვაო, არ თქვა?
– დაურეკე, რაღას ველოდოთ. ეს არ მოდის. ისიც უთხარი, რომ ორნი ვართ.
– მოიცადე, თვითონ რეკავს, – ლალიკომ მობილური აიღო, – პაშკა, მზად ვართ ჩვენ უკვე და სად არის.... რას ვაგვიანებთ... კიდევ ერთი საათია დრო. ისინი რას გირეკავენ არ ვიცი. ჩვენ ასე შევთანხმდით... და კიდევ, ტატაშკა არ მოდის... ვაიმე, შენ ხომ არ აფრენ – მე რა ვიცი, რატომ არ მოდის? პაშკა, ჩვენ მოვდივართ, მეტი რა ვქნა?.. აუ, რას გადამეკიდე... ტატაშკა მე არ მაბარებს ანგარიშს... დოდოშკაა... ყვირის ეს... მესამეს რა ვუყოო...
– მოძებნოს ვინმე. მე რა ვქნა. თუ ბევრს იყვირებს, ჩვენც არ წავალთ და მერე სამი ეყოლება მოსაძებნი... – ჩაილაპარაკა დოდომ.
– რა ვქნათ, მივდივართ?
– მაგას ჰკითხე... მოვა ტაქსი? წავალთ...
– რა პრობლემა გახადა, მაგან კიდევ... ამისთანა ვინ ჰყავს იმ აგარაკზე, რომ მაქსიმალურ კომფორტს ითხოვს... ორნი მიდიხართ სამთან? – ლაპარაკში ჩაერთო ტატა – თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ მე არ გავრისკავდი... აგარაკზე, სამი მთვრალი ძმაკაცი და ორი ქალი. თან, პაშკაა შუამავალი... ვინ იცის, რა მოუვათ თავში.
– პაშკას ცუდ კლიენტთან არასოდეს მივუშვივართ... თან იცის, რომ მთვრალებთან ჩვენ არ ვმუშაობთ.
– იცის, ჰო, იცის, მაგრამ მე მაინც გაგაფრთხილეთ, – მხრები უდარდელად აიჩეჩა ტატამ, – თან, ფულიც წინასწარ გამოართვით. ჩემი ხათრით...
– დაგვცინის, – ეწყინა ლალიკოს.
– რა ენაღვლება. სპონსორი უშოვია... მოვა ტაქსი? რა გითხრა ბოლოს და ბოლოს?
– ჰო. ათ წუთში ქუჩის კუთხეში იდგებაო... გოგო, მართლა რამე პრობლემა არ იყოს, – შეფიქრიანდა ლალი.
– რა უნდა იყოს, ტაქსს არ გამოვუშვებთ და წამოვალთ უკან.
– რა ვიცი, ტატაშკამ დაგვთარსა...
– მე? რას ამბობ? პირიქით. ძალიან მინდა, ფანტასტიკური საღამო გაატაროთ... მე აქ დაგელოდებით და შთაბეჭდილებებს რომ მოყვებით, ვისიამოვნებ.
– პოზებიც ხომ არ მოგიყვეთ? – დასცინა დოდოშკამ გესლიანად.
– რატომაც არა?! მე ხომ გადავწყვიტე, მერე ტრენინგის კურსები გავხსნა.
– წამოდი, წამოდი, თორემ ეს დღეს მართლა ძალიან სხვანაირია, – აბუზღუნდა დოდოშკა. ლალიკოს მკლავზე მოჰკიდა ხელი და კარისკენ გაიყოლა.
***
ზურამ კონიაკის ბოთლს თავი მოხადა.
– ცოტა არ დავლიოთ, სანამ მოვლენ?
– ბიჭო, იმ პაშკამ, მთვრალებთან არ მუშაობენ და ფულსაც წინასწარ იღებენო, – თქვა კოტემ.
– მთვრალებთან არ მუშაობენ რას ნიშნავს, „ფლეიბოის“ მოდელებს გვიგზავნის? – გაიცინა ნიკუშამ, – ზოგი იმისთანაა, თუ არ დალიე, ვერ გაეკარები.
– მე ეგეთებს ახლოს არ ვუშვებ. ასე მიცნობ? პაშკასთან ადრეც მქონია საქმე. უმაღლესი ხარისხის პროდუქციას მიგზავნის ხოლმე, – თქვა კოტემ უკმაყოფილოდ.
ნიკუშა ახარხარდა.
– გააჩნია, უმაღლეს ხარისხს რას ეძახი... ყველაფერს აქვს მნიშვნელობა – ასაკს, გარეგნობას, ოსტატობას... ასე რომ, ტყუილად ნუ გვეტრაბახები, ვნახოთ ჯერ!
– აუ, ამას უყურე რა... შენ სულ ასეთი ჭინჭყლი და უმადური რატომ ხარ? მე ვკისრულობ, ძმაო და დააფასე.
– ვაფასებ, კოტე, ვაფასებ... მაგრამ ძალიანაც ნუ გამოიდებენ თავს, დედოფლები მყვანან თუ კეთილშობილი ასულები... თორემ მოვლენ და ნახავ... ეგ პაშკა ქალია თუ კაცი?
– რატომ გაინტერესებს, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?
– ჰო, რა ვიცი. „მამაშები“ ქალები არიან ხოლმე, მაგრამ მაგას რომ კაცის სახელი ჰქვია, ცოტა დავიბენი.
კოტემ ზურას გახედა.
– გეუბნები რა, ეს არ უნდა წამოგეყვანა. ჩაგვაშხამებს ყველაფერს. წადი რა, შენს ცოლთან, მოგვეშვი. ცუდები იქნებიან თუ კარგები, გადავწყვეტთ როგორმე.
– არა, მეც მოგების პონტში ვარ და ვერ მომტეხავ... – ნიკუშამ კონიაკი მოსვა, – მმ... მაგარია... შე ჩათლახო, სად შოულობ ასეთ მაგარ სასმელს...
– ვყიდულობ, ნიკუშ... იყიდება მაღაზიებში. თუ გინდა, ამ მაღაზიების მისამართსაც მოგცემ. ჟმოტი არ უნდა იყო და კარგ სასმელზე ფული არ უნდა გენანებოდეს, მეტი არაფერი..
– ჩათლახი ხარ! მე ვარ, ბიჭო, ჟმოტი? ირლანდიიდან მაგარი ვისკი რომ ჩამოვიტანე, სულ შენს მუცელში არ ჩავასხი? რა უნდა გელაპარაკო..
– მოიცა, პაშკა მირეკავს... – ხელი აიქნია კოტემ...– მოკლედ ასე, ორნი არიან. მესამე ვერ მოდის... რაღაც საქმე გამოუჩნდაო...
– რა დრო დადგა... პუტანკებიც რომ საქმიანები იჩითებიან. სასაცილოა რა, – ხელები გაშალა ზურამ... – ახლა რა უნდა ვქნათ? მგონი, ერთ-ერთი მართლა ისე ვრჩებით და კენჭი ხომ არ გვეყარა? იცოდეთ, მე უარს ვერ მათქმევინებთ.
– ჰოდა, ნიკუშას მაინც პრეტენზიები აქვს, თან სახლში ცოლი ელოდება... დალიოს ეს კონიაკი და წავიდეს.
– უფ, როგორ არა. კენჭი ვყაროთ...
– მერე, შენ რომ გაგიმართლოს და ნაშა გერგოს, ეგ უსამართლობა არ იქნება? – გააპროტესტა ზურამ.
– რატომ იქნება უსამართლობა?
– რა ვერ გაიგე? ცოლი გყავს, ჩვენ უქალოდ ვართ!
– არა. არ მოსულა... ვერ დამითანხმებ, – ჯიუტად გაიმეორა ნიკუშამ. ზუსტად ცოლი რომ მყავს, იმიტომაც მეკუთვნის კომპენსაცია – რელაქსაციის მიზნით. თანაც ნინი აქ არ არის... კიდევ ორი დღე არ ჩამოვა. ეგვიპტეში გავუშვი ბავშვთან და დაქალთან ერთად.
– მაგარი შეუგნებელი ხარ! – სერიოზულად გაცხარდა ზურა.
– რა გაჩხუბებთ. ჯერ მოვიდნენ და მოვიფიქრებთ რამეს, – სიტუაციის განეიტრალება სცადა კოტემ...
***
დოდოშკამ მკლავზე მოჰკიდა ლალიკოს ხელი და მაგრად მოუჭირა.
– რა ხდება? – ჰკითხა ლალიმ.
– გოგო, რაღაც ეს გზა არ მომწონს.
– ნუ პანიკობ. ტატასგან გამოგყვა, ხო? ყველაფერი კარგად იქნება, თან, ცოტა რომ შებნელდა, ჟუტკად ჩანს გზა.
– არა, ეგ რა შუაშია, ჩემს აგარაკზეც ამ გზით ამოვდიოდით.
– შენს აგარაკზე?
– ნუ ჩემი ყოფილი ქმრის აგარაკზე, რა მნიშვნელობა აქვს. უკან ხომ არ მივბრუნდეთ?
– გაგიჟდი? ახლა რა დროს მიბრუნებაა, გველოდებიან, ტეხავს. თან, კარგად იხდიან, მოეშვი, რა...
მანქანამ ცოტა ხანს კიდევ იარა, მერე მძღოლმა ტელეფონით დარეკა და რაღაცას ვიღაცასთან ათანხმებდა... მერე ასფალტიანი გზიდან გადაუხვია და მოჩუქურთმებულ ალაყაფის კართან გაჩერდა.
– მოვედით. აქ არის.
ლალიმ დოდოს შეხედა.
– რა გჭირს?
– გოგო, ცუდად ვარ... გითხარი? ეს... ის არის... ჩვენი აგარაკია...
გაგრძელება შემდეგ ნომერში