მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-14(745)
***
მერაბ გამრეკელი და ვაჟა ზვიადაური ლიადოვს მოსკოვში დაუკავშირდნენ და თბილისში ჩამოსვლა სთხოვეს. თადარიგის გენერალი რამდენიმე საათში ჩამოფრინდა საქართველოს დედაქალაქში. მეგობრებს პირდაპირ ოფისში ეწვია და იკითხა:
– ამჯერად რა მოხდა?
– ფანტომი გამოჩნდა, – მიუგო სტუმარს გამრეკელმა.
– მადლობა ღმერთს. მე კი ვიფიქრე, ჩვენს ბიჭს ხომ არაფერი შეემთხვა-მეთქი, – თქვა ლიადოვმა და სიგარეტი გააბოლა.
– სწორედ ჩვენმა ბიჭმა მიაგნო მის კვალს, – გაეცინა ზვიადაურს.
– ჯაბამ? – გაოცდა ლიადოვი.
– სწორედ მან, – ლაპარაკში კვლავ გამრეკელი ჩაერთო და სტუმარს მოზესების ფოტოები მიაწოდა, – იმის დიდი ალბათობაა, რომ ესენი მამა-შვილი პესკასელები იყვნენ და თუ ეს ასეა, მაშინ ფანტომ-კალმარი დონ კარლო მოზესია.
ლიადოვმა ერთხანს ყურადღებით ათვალიერა ფოტოები. შემდეგ მაგიდაზე დააწყო და გამრეკელს უთხრა:
– ეს გრძელთმიანი სუბიექტი რომ ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი კარლო მოზესია, ვიცი. ამ ქალს კი არ ვიცნობ.
– კარმენია – მოზესის ქალიშვილი და მარჯვენა ხელი, – მიუგო გამრეკელმა.
– საიდან მოიტანეთ, რომ ისინი პესკასელები არიან?
– ჯაბას აქვს ასეთი ეჭვი. უფრო სწორად, ჯაბა ფიქრობს, რომ დონ კარლო კალმარია და თუ ეს ასეა, მაშინ ის ნესტორ პესკასელი გამოდის, – თქვა გამრეკელმა.
– მაშინ კი გამოდის მასე, მაგრამ ჯაბა რატომ ფიქრობს მოზესზე, რომ ის ფანტომ-კალმარია?
გამრეკელმა სტუმარს მოკლედ უამბო მამა-შვილ მოზესების ქართულენოვანი დიალოგის შესახებ და ბოლოს უთხრა:
– აი, რატომ ფიქრობს ასე ჯაბა.
– ჰმ, რა ვიწროა ეს სამყარო, – თავი გააქნია ლიადოვმა, – საკმაოდ რეალურია, რომ კარლო მოზესი ნესტორ პესკასელი იყოს. ის ხომ თვითმფრინავში ჩანახშირდა და მისი პიროვნების იდენტიფიცირება იმ ჩემოდნით მოხდა, რომელიც ხელბორკილებით ჰქონდა ხელზე მიბმული. ასე არ არის, მერაბ?
– სწორედ ასეა.
– ჰო და, არაა გამორიცხული, ის ჩემოდანი სულ სხვა კაცს ჰქონოდა ხელზე მიბმული. თვითმფრინავის კატასტროფა კი თავად ნესტორმა მოაწყო და იმ თვითმფრინავში არ მჯდარა. შემდეგ კი გარეგნობა შეიცვალა, კარლო მოზესი გახდა და ასეთი სახით მოევლინა სამყაროს.
– ჩვენც ამას ვფიქრობთ, ჩემო პავლე.
ლიადოვი წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ მაგიდასთან შეჩერდა და მასპინძლებს უთხრა:
– ის კატასტროფა რომ დღეს მომხდარიყო, ნესტორს დნმ-ით ამოიცნობდნენ, ან პირიქით. მაშინ კი ასეთი რამ შეუძლებელი იყო და როგორ გინდა, სიმართლე დაადგინო? თუმცა, შეიძლება, ვცადოთ ეს.
– რას გულისხმობ?
– რას და, თუკი ჯაბა მოზესის თითების ანაბეჭდს მოიპოვებს, მათ იდენტიფიცირებას შევეცდები.
– როგორ?
– როგორ და, „კაგებეს“ ძველ არქივებში აუცილებლად უნდა იყოს გენერალ ნესტორ პესკასელის თითის ანაბეჭდები. „ფეესბეში“ კი ახლობელი მყავს და მას ვთხოვდი ამის გაკეთებას. იქნებ ხმა მიაწვდინოთ ჯაბას და უთხრათ ეს.
– შენი კაცი „ფეესბეში“ სანდოა? ხომ იცი, ჯაბას სახელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ამოტივტივდეს.
– ვიცი, ვიცი და არ ამოტივტივდება. ჩემი კაცი კი სანდოა. უფრო სწორად კი – ქალი. ახალგაზრდა გოგონაა – ჩემი ყოფილი თანამშრომლის ქალიშვილი. მამა სპეცდავალების შესრულებისას დაეღუპა და ბავშვობიდანვე ვზრუნავდი მასზე. ორგანოში სამუშაოდაც მე მოვაწყვე. სწორედ არქივში მუშაობს და რამდენჯერმე საჭირო ინფორმაციაც მომაწოდა.
– პავლე, უფრო მეტად რომ გავრისკოთ? – ჰკითხა ლიადოვს გამრეკელმა.
– რას გულისხმობ?
გამრეკელმა ლიადოვს სამი პაკეტი დაულაგა მაგიდაზე და უთხრა:
– პირველ პაკეტში კარლო მოზესის თითების ანაბეჭდებია, მეორეში – თმა, მესამეში კი – მის მიერ მოწეული სიგარის ნამწვავი. რისკში კი პესკასელის გვამის ფარულ ექსჰუმაციას ვგულისხმობ. მიხვდი?
– მივხვდი, დნმ ანალიზს.
– სწორედაც, – დაუდასტურა გამრეკელმა, – გვამის ექსჰუმაცია და ნიმუშის აღება უნდა მოხდეს. დნმ-ის ანალიზი კი უტყუარად დაადგენს მოსკოვის სასაფლაოზე დაკრძალული დანახშირებული სხეული ნამდვილად მოზეს-პესკასელი რომ არ არის. ამაში კი ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
– კარგი სვლაა. მანამდე კი უნდა დავადგინოთ, რომ მოზესი პესკასელია. ამაში თითების ანაბეჭდები დაგვეხმარება და ფარული ექსჰუმაციაც აღარ გახდება საჭირო, – მიუგო ლიადოვმა, – მოკლედ, საკუთარ თავზე ვიღებ იდენტიფიკაციის საკითხს და მაქსიმუმ ორ კვირაში მეცოდინება პასუხი. ახლა კი დაწვრილებით მომიყევით ჯაბას ამბავი. ვფიქრობ, მას თქვენთან არაფერი დაუმალავს და არც ჩემთან აქვს აზრი დამალვას.
გამრეკელმა ლიადოვს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– აი, პავლე, ასეა ჩვენი ბიჭის საქმე და დიდ შარშია გახვეული. ერთი მხრივ, ისლამისტები დგანან, მეორე მხრივ – ამერიკა, მთელი თავისი ჯოჯოხეთური მანქანით. ჯაბას სიცოცხლე კი ბეწვზე ჰკიდია. ისევ ჩვენ უნდა ვიღონოთ რამე, რომ მას ეს საფრთხე თავიდან ავარიდოთ და თამაშიდან ისე გამოვიყვანოთ, ვერავინ მიწვდეს.
– უმძიმესი მდგომარეობაა. მივქარეთ, რომ ჯაბა „ფებეერის“ აკადემიაში გავუშვით.
– მივქარეთ, მივქარეთ... – დაეთანხმნენ ლიადოვს ზვიადაური და გამრეკელი.
– ძალიან დიდი დარტყმის ქვეშაა ჯაბა და ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ საკუთარი ნებით გაუჩინარებას არ დაგვთანხმდება. ფარულად მოგვიწევს მოქმედება, – თქვა ლიადოვმა და ჩაფიქრდა, – დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და გეგმაც მაქვს შემუშავებული.
– რა გეგმა? – ჰკითხა გამრეკელმა.
– რა და, ჯაბა ხაფანგში უნდა შევიტყუოთ და გავიტაცოთ. შემდეგ კი ჩვენი არგუმენტების სისწორეში დავარწმუნოთ. გარეგნობის შეცვლაზე დავითანხმოთ და ახალი ცხოვრება დავაწყებინოთ. მით უმეტეს, რომ მსგავსი რამ უთქვამს მისთვის „ფებეერის“ ხელმძღვანელობასაც. მაგრამ, მათი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება.
– სად, როგორ და როდის უნდა მოხდეს ეს?
– არაუგვიანეს ერთი თვისა. მას მერე, როდესაც ჯაბა მოზესს ეწვევა კოლუმბიაში და იარაღს წამოიღებს. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც საქართველოში და არც რუსეთში, რომ ჩვენზე არ მიიტანონ ეჭვი. საუკეთესო ვარიანტი ავღანეთია, მაგრამ ძალიან რთულია. ამიტომ, ისევ პრაღაში უნდა ვქნათ ეს. ჯაბას კონსპირაციულ ბინაში დავიბარებთ შეხვედრაზე. დავაძინებთ და რუსეთში, ძალიან საიმედო ადგილზე გადავიყვანთ. იქ კი მას სათანადოდ დავამუშავებთ.
– გეგმა კარგია, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს, ჯაბა არ დაგვემორჩილება, თქვა ვაჟა ზვიადაურმა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ლიადოვმა.
– ჯინა ქროსს. ჩემს შვილს მისი ცოლად მოყვანა უნდა და არ მგონია, უარი თქვას გოგონაზე. ის კი „ფებეერის“ აგენტია და რა იცი, რა ჭკუაზეა. რა დაავალეს მას და რა გარანტია გვაქვს, რომ ყველას არ გაგვყიდის? ასეთ შემთხვევაში, ჯინაც უნდა გაქრეს და მასაც გარეგნობა უნდა შევუცვალოთ. წყვილის მოძებნა კი ბევრად უფრო გაუადვილდებათ ამერიკელებსაც და სხვებსაც... ჯაბას უსაფრთხოება ნულს გაუტოლდება, – მიუგო ვაჟამ.
– აი, ეს კი საკმაოდ დიდი პრობლემაა და ჯაბასგან ფარულად ვერ გადაწყდება, – თქვა ლიადოვმა, – რა თქმა უნდა, იმ გოგონას გაქრობაც შეიძლება, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ვქნათ. რატომ უნდა მოვკლათ? ან, რომ მოვკლათ, ადრე თუ გვიან, ამას მაინც გაიგებს ჯაბა და რას მოიმოქმედებს, ვინ იცის. ამიტომ, ეს საკითხი ღიად რჩება და მთელ ჩვენს მცდელობებს აბათილებს.
– ჰოდა, გამოდის, რომ არაფერი გამოგვივა. ჯაბა კვლავ დარტყმის ქვეშ რჩება. ამის დაშვება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, – თქვა გამრეკელმა.
– აბა, რა ვქნათ, ბატონო მერაბ? – ჰკითხა გამრეკელს ზვიადაურმა.
– მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ჯაბა ყველა შემთხვევაში უნდა გავიტაცოთ და მასთან შეთანხმება ვცადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიღუპება, – თქვა გამრეკელმა.
– მეც მაგ აზრზე ვარ, – დაამატა ლიადოვმა.
– თანახმა ვარ. ყველა შემთხვევაში უნდა ავარიდოთ ჯაბას საფრთხე და შემდეგ უკვე მან გადაწყვიტოს, – დაეთანხმა მეგობრებს ზვიადაური.
– კარგი, ძმებო, ამაზე შევთანხმდით. მაგრამ, კიდევ ერთი დელიკატური საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, – თქვა ლიადოვმა.
– რა საკითხი? – ჰკითხა გამრეკელმა.
– ფანტომის საკითხი, ძმებო, – თქვა ლიადოვმა, – თუ მოზესი პესკასელი არ არის და აქედან გამომდინარე, არც ფანტომი, მაშინ ჯაბას შევატყობინებთ და ამ საკითხს წერტილი დაესმევა. მაგრამ, თუ პირიქითაა და ჯაბას ეჭვები დადასტურდა, ამ შემთხვევაში, რა ვქნათ, შევატყობინოთ თუ არა მას ეს?
– არც ესაა იოლი რამ, – მიუგო გამრეკელმა.
– მეც ამას ვამბობ. ასეთ შემთხვევაში, ჯაბა შურისძიებას მოინდომებს. ამას კი რა მოჰყვება, ღმერთმა უწყის, – მხრები აიჩეჩა ლიადოვმა.
– ყოველ შემთხვევაში, ჯაბა შეგვპირდა, რომ ჩვენ გარეშე არაფერს მოიმოქმედებს, – თქვა გამრეკელმა, – თუ მოზესი პესკასელია და ესე იგი, ფანტომი, მაშინ მას ყველაფრისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ.
– ესე იგი, ჯაბას უნდა ვუთხრათ, თუ, რა თქმა უნდა, მოზესი ფანტომია, სწორად გავიგე? – ჰკითხა გამრეკელს ლიადოვმა.
– პავლე, თუკი მოზესი ფანტომი აღმოჩნდა, ჩვენ ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ მზად და პასუხი ვაგებინოთ. ამიტომ, ახლავე უნდა მოვიფიქროთ მოქმედების გეგმა, – მიუგო გამრეკელმა, რომელიც ფანტომის განადგურების დაუოკებელი ჟინით იყო შეპყრობილი.
– დავუშვათ, მოზესი ფანტომია. ჩვენ ეს ორი კვირის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, ანუ ჯაბას მასთან ვიზიტამდე, – თქვა ლიადოვმა, – ჩვენ ის ხაფანგში უნდა შევიტყუოთ და ასეთი რამის გაკეთება მის ტერიტორიაზე ძალიან რთულია. ამიტომ, მოზესი ევროპაში უნდა ჩამოვიყვანოთ.
– როგორ და სად? – ჰკითხა გამრეკელმა.
– ალბათ, ისევ პრაღაში და ჯაბას მეშვეობით, – მიუგო ლიადოვმა.
– კი, მაგრამ, რა არგუმენტით უნდა ჩამოიყვანოს ჯაბამ მოზესი პრაღაში?
– ვიცი, რა არგუმენტითაც.
– თქვი.
– ამაში ლეონიდ კოზლოვი დაგვეხმარება.
– როგორ?
– როგორ და, რუსული მაფიის ნათლია კოლუმბიური საქონლის ევროპაში შეზღუდულად შემოტანის საკითხს წამოწევს და ამას სხოდკაზე იტყვის. იქ კი მოზესის მოწვევის საკითხი დადგება. ჯაბა რომ კოლუმბიაში იარაღისთვის ჩავა, მოზესს ამ ყველაფერს მოუყვება და მხარდაჭერას შეჰპირდება. ამგვარად ჩამოიტყუებს პრაღაში. შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმეა. ჩვენ ჩავერთვებით და ჯაბასა და მოზესს ერთად მოვიტაცებთ.
– ცუდი გეგმა არაა. მაგრამ, ჯერ მოზესის ფანტომობა უნდა დამტკიცდეს, – თქვა ზვიადაურმა, რომელსაც მაინცდამაინც არ ხიბლავდა ჯაბას ზედმეტად საფრთხეში ჩაგდების პერსპექტივა. თუმცა, ამას ხმამაღლა არ ამბობდა.
– რა თქმა უნდა, – ერთხმად დაეთანხმდნენ ზვიადაურს ლიადოვი და გამრეკელი. მერაბმა კი დაამატა:
– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭი არ ცდება და მოზესი ფანტომია.
პავლე ლიადოვი ღამით გამრეკელთან დარჩა. დილით მოსკოვში გაფრინდა. ხუთი დღის შემდეგ კვლავ თბილისში ჩამოვიდა. ძველ მეგობრებს მოულოდნელად ესტუმრა ოფისში და თქვა:
– ყველაფერი გავარკვიე. თითების ანაბეჭდები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. მოზესი და ნესტორ პესკასელი ერთი და იგივე პიროვნებაა. აი, გაეცანით დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას.
გამრეკელს ცივმა ოფლმა დაასხა. სწრაფად დასწვდა ფურცელს და სამჯერ გადაიკითხა დასკვნა. შემდეგ სტუმარს ჰკითხა:
– პავლე, შეცდომა გამორიცხულია?
– აბსოლუტურად, მერაბ. ამ დასკვნას წყალი არ გაუვა. მოზესი პესკასელია.
გენერალ მერაბ გამრეკელს თვალები აენთო და მის წინ კალეიდოსკოპური სისწრაფით გაირბინა განვლილმა წლებმა. თვალწინ დაუდგა ფანტომის მიერ მოკლულთა სახეები, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი და მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ასაკოვან გენერალს თვალში ცრემლები ჩაუდგა და ახალგაზრდული შემართებით თქვა:
– ნესტორი უნდა დაისაჯოს და პირადად მე შევასრულებ ამ მისიას!
ოდნავ რომ დამშვიდნენ, ლიადოვმა მასპინძლებს უთხრა:
– ჯაბას მოზესთან ვიზიტამდე თვრამეტი დღე დარჩა. მას ეს ამბავი უნდა შევატყობინოთ და ჩვენი გეგმა გავაცნოთ. რა თქმა უნდა, იმ დეტალის გარეშე, სადაც მის მოტაცებაზეა ლაპარაკი.
– როგორ აპირებ ამას, პავლე? – ჰკითხა გამრეკელმა.
– პირადად. ამაღამვე პრაღაში მივფრინავ ინკოგნიტოდ და კოზლოვთან შევჩერდები. ლეონიდი კი მას ჩემთან ფარულად მოიყვანს და ყველაფერს მოვუყვები. იქვე დავაზუსტებთ მოზესის პრაღაში ჩამოტყუების გეგმასაც.
– ფანტომზეც კოზლოვის წინაშე ილაპარაკებთ?
– რა თქმა უნდა, არა. კოზლოვს მხოლოდ გეგმის ნაწილი ეცოდინება, – მიუგო ლიადოვმა.
ყველაფერზე რომ შეთანხმდნენ, პავლე ლიადოვი ასადილეს. შემდეგ სტუმარმა ორიოდე საათი დაისვენა და აეროპორტისკენ აიღო გეზი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანუ, ზედმეტ თვალს რომ მორიდებოდნენ, მასპინძლებს სტუმარი არ გაუცილებიათ. ოფისშივე გამოემშვიდობნენ მას და გამრეკელმა მეგობარს უთხრა:
– აბა, შენ იცი, პავლე. ჩემგან ჭკუა არ გესწავლება, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. ჯაბას კი გადაეცი, თავი არ გაიშიფროს ფანტომთან და იმპროვიზაცია არ დააპიროს. ის ნაძირალა ყველას წინაშეა დამნაშავე და ერთად უნდა დავსაჯოთ.
– ნახვამდის, ძმებო. პრაღიდან კვლავ აქ ჩამოვალ, – მიუგო გამრეკელს ლიადოვმა. მეგობრებს გადაეხვია და წავიდა.
პრაღაში ჩაფრენილი ლიადოვი ჩვეული სიფრთხილით შეუდგა საქმეს. მან რამდენიმე ტაქსი გამოიცვალა და მხოლოდ მაშინ მივიდა კონსპირაციულ ბინაში, როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ „აძოვებდა“. თადარიგის გენერალმა კონსპირაციულ ტელეფონზე დარეკა და კოზლოვს ჩამოსვლის შესახებ შეატყობინა. ნახევარი საათის შემდეგ პავლე ლიადოვი უკვე რუსული მაფიის ნათლიის პირისპირ იჯდა და ჰკითხა მას:
– იმედია, ლეონიდ, რომ აქ ზედმეტი ყური არ მოგვისმენს.
– რაზეა ლაპარაკი, ამხანაგო გენერალო, ყველა ზედმეტი ყური უკვე დიდი ხანია, მოვკვეთე, – გაეცინა კოზლოვს, – შეგიძლიათ, თამამად ილაპარაკოთ.
– აი, ამ კაცთან უნდა შემახვედრო პირადად და რაც შეიძლება, მალე. რა თქმა უნდა, კონსპირაციულობის სრული დაცვით, – უთხრა ლიადოვმა ყოფილ ხელქვეითს და ფურცელზე გაწერილი ჯაბას სახელი გაუწოდა.
– ბედი გქონიათ, პაველ ნიკოლაევიჩ. ათიოდე წუთში მოგიყვანთ.
– ასე მალე? – გაუკვირდა ლიადოვს.
– დიახ. ის ახლა ჩემთანაა და წასვლას აპირებდა. მე კი ვთხოვე, მოეცადა. გულმა მიგრძნო, რომ მასთან შეხვედრა გინდოდათ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. უთხარი, რომ ველოდები, – უთხრა ლიადოვმა კოზლოვს და მცირე პაუზის შემდეგ, დაამატა, – ლეონიდ, ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, პაველ ნიკოლაევიჩ.
– იქნებ ჩვენი შეხვედრა სუფთა ჰაერზე მოაწყო?
– ფიქრობთ, რომ აქ ზედმეტი ყურია?
– უბრალოდ, თავი რომ დავიზღვიოთ.
– კეთილი. იყოს სუფთა ჰაერი. ათ წუთში სანაპიროზე გავდივართ.
– გელოდები, ლეონიდ, – ლიადოვმა კოზლოვს გაუღიმა და გააბოლა.
ათიოდე წუთის შემდეგ ლიადოვი, ჯაბა და კოზლოვი დუნაის პირას დინჯად მისეირნობდნენ. თადარიგის გენერალმა ბოდიში მოუხადა თავის ყოფილ ხელქვეითს და ჯაბასთან პირისპირ დარჩენა სთხოვა.
– თქვენ გაისეირნეთ და აქ დაგელოდებით, – კოზლოვმა ლიადოვს და ჯაბას გაუღიმა და მოაჯირს მიეყრდნო.
ოციოდე მეტრი რომ გაიარეს, ლიადოვმა ჯაბას ჰკითხა:
– როგორ ხარ, შვილო?
– კარგად, ძია პავლე. თქვენ?
– არა მიშავს.
– ძია პავლე, კოზლოვი სანდოა?
– როგორ ფიქრობ, მასე რომ არ იყოს, აქ მოვიდოდი?
– თქვენზე რომ მკითხოს, რა ვუთხრა?
– არ გკითხავს. მან იცის, რომ ბიზნესის ხაზს გაჭრევინებ. იარაღის ყიდვაში გეხმარები და წარმოდგენაც არ აქვს, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.
– გასაგებია. მართალია, რომ კოზლოვი მამაჩემს იცნობდა?
– ლეონიდი და ცხონებული გივი მეგობრები იყვნენ, – მიუგო ლიადოვმა და გააგრძელა, – არაფერი შეიმჩნიო და ყურადღებით მომისმინე. ძალიან სერიოზული რაღაც უნდა გითხრა.
– ხომ მშვიდობაა, ძია პავლე? ჩემები როგორ არიან?
– ხომ გითხარი, არაფერი შეიმჩნიო-მეთქი. შენები კარგად არიან.
– მადლობა ღმერთს. გისმენ, ძია პავლე.
– ჯაბა შვილო, ფანტომ-კალმარი გავშიფრეთ.
– ფანტომ-კალმარი? – გაიმეორა ჯაბამ.
– ჰო. ფანტომ-კალმარი კარლო მოზესია. შენ მიერ მოპოვებული თითების ანაბეჭდები დაემთხვა არქივში შენახულ თითების ანაბეჭდებს. კარლო მოზესი და ის, ვითომ ავიაკატასტროფაში დაღუპული გენერალი – ნესტორ პესკასელი ერთი და იგივე პიროვნებაა. აქედან გამომდინარე კი, სწორედ ისაა – ფანტომ-კალმარი.
– ნაძირალა. ოთხში ამოვიღებ. წამებით სულს ამოვხდი, – კბილებში გამოსცრა ჯაბამ.
– სწორედ იმიტომ ჩამოვედი აქ, რომ გაგაფრთხილო – სისულელე არ ჩაიდინო. არ აღელდე და ყველაფერი არ ჩაშალო. როგორც ვიცი, თექვსმეტ დღეში კოლუმბიაში უნდა ჩააკითხო მას იარაღის წამოსაღებად, დიდი სიფრთხილე და თავშეკავება გმართებს. შენ ხომ პირობა დადე, რომ ჩვენებთან, მათ შორის ჩემთანაც, შეუთანხმებლად არაფერს მოიმოქმედებ და იცოდე, არ დაარღვიო.
– ძია პავლე, ვინ იცის კიდევ როდის მომეცემა მოზესთან შეხვედრის შანსი და არ გამოვიყენო?
– დამშვიდდი და მომისმინე.
– გისმენთ.
– მოზესისთვის ხაფანგი გვაქვს დაგებული. მის გაბმაში კი შენ და კოზლოვი უნდა დაგვეხმაროთ.
– რა ხაფანგი?
– ნათლიების სხოდკაზე ლეონიდი კოლუმბიელების წინააღმდეგ გაილაშქრებს და ევროპაში მათი საქონლის შეზღუდვას მოითხოვს. ამის გამო საჭირო გახდება მოზესის აქ ჩამოსვლა და ასე ჩამოვიტყუებთ ევროპაში. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმეა. იმ ნაძირალას გავიტაცებთ და დავსჯით. შენ რომ მოზესთან ჩახვალ, ამ ყველაფერს ეტყვი, თან მხარდაჭერას შეჰპირდები.
– გასაგებია. კოზლოვი რატომ მოდის ამაზე?
– მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თხოვნით. ეს, უპირველესად... თანაც, არც მას აწყობს ევროპაში ლათინოსების გაძლიერება.
– ამ ოპერაციას რა საბაბს უდებთ კოზლოვის თვალში, ანუ რას ეუბნებით მას?
– მას ვეუბნები, რომ თითქოს მოზესის მოშორება იმიტომ მინდა, ის ავღანელებისთვის იარაღის მიყიდვაში, ანუ ჩემს ბიზნესში ხელს მიშლის.
– გასაგებია.
– კოზლოვს ახლა ჰგონია, რომ მე შენ ამ თემაზე გელაპარაკები და ეჭვი არ ეპარება ამაში. ამიტომ, უკან რომ დავბრუნდებით, მასაც ჩავრთავთ საუბარში.
– გასაგებია, ძია პავლე.
ჯაბა და ლიადოვი ათიოდე წუთის შემდეგ დაბრუნდნენ მოაჯირთან მარტო დარჩენილ კოზლოვთან. ვითომ ჯაბას რომ არ გაეგო, ლიადოვმა თავის ყოფილ ხელქვეითს რუსულად უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა, ლიონკა. კლიენტი დაიკერა და საქმე საჩვენოდ გადაწყდება.
ჯაბას გაეცინა. ვითომ და პროტესტის ნიშნად ხელები გაშალა და რუსებს ინგლისურად უთხრა:
– პროტესტს ვაცხადებ, მეგობრებო. რუსული არ მესმის და გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ.
– ბოდიში, ბოდიში. პროტესტი მიღებულია, – ღიმილითვე მიუგო კოზლოვმა ჯაბას და დაამატა, – თქვენი საწინააღმდეგო არაფერი გვითქვამს. უბრალოდ, რუსები ვართ და მშობლიურ ენაზე ორიოდე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს.
– ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. დრო არ ითმენს, – ინგლისურად თქვა ლიადოვმა. მოაჯირს მიეყუდა და გააბოლა. პაუზა გააკეთა, შემდეგ კი კოზლოვს უთხრა:
– ლეონიდ, ჩვენი ავღანელი მეგობარი თანახმაა, დაგვეხმაროს.
– ძალიან კარგი. რუსული ანდაზაა: ხელი ხელს ბანსო. ის ჩვენ დაგვეხმარება, ჩვენ კი – მას, – გაეღიმა კოზლოვს და იკითხა, – აბა, რაზე შეთანხმდით?
– ასეთი კომბინაცია მოვიფიქრეთ. ჩვენი ავღანელი მეგობარი მოზესს პრაღაში ჩამოიტყუებს. მას კი ჩემი ხალხი ააორთქლებს და ამით ორ კურდღელს ერთდროულად დავიჭერთ. მე და ჩემს მეგობრებს ერთი ძლიერი ბიზნესკონკურენტი მოგვაკლდება. შენ კი კოლუმბიელების ადგილს დაიკავებ ევროპულ ნარკობაზარზე. სამაგიეროდ, ჩვენს ავღანელ მეგობრებს რუსულ ნარკობაზარზე შესვლაში დავეხმარებით და ერთად იმუშავებთ.
– მშვენიერი კომბინაციაა. კონკრეტულად მე, რა უნდა გავაკეთო თქვენს გეგმაში? – იკითხა კოზლოვმა.
– როგორც შევთანხმდით, შენ საერთო სხოდკაზე, კოლუმბიური საქონლის ევროპაში შეზღუდულად შემოტანას მოითხოვ. ამის გამო, აქ დონ კარლო მოზესის ჩამოსვლა გახდება საჭირო. ჩვენი მეგობარი ორიოდე კვირაში კოლუმბიაში უნდა გაემგზავროს ერთი ბიზნესკონტრაქტის შესასრულებლად. ის მოზესს შენს მოთხოვნას გადასცემს. თან, მხარდაჭერას შეჰპირდება. მოზესი პრაღაში ჩამოვა. შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით საქმეში. მოზესს ავაორთქლებთ. წერტილს დავუსვამთ მის პარპაშს და ყველანი ვიხეირებთ.
– მშვენიერია. როდის გაიმართება სხოდკა? – იკითხა კოზლოვმა.
– ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, – მიუგო ჯაბამ.
– მე მზად ვარ. შევთანხმდით, – თქვა კოზლოვმა, – თუ მეტი არაფერია სალაპარაკო, მაშინ ჩემთან გეპატიჟებით, რომ ეს გარიგება დავასველოთ.
– არა, არა. გმადლობთ. სხვა დროს იყოს, უკვე გვიანია და უნდა წავიდე, – იუარა ჯაბამ, – როგორც კი ყველაფერი მზად იქნება, სხოდკის დროსა და ადგილს შეგატყობინებთ.
– სამწუხაროა, მაგრამ, რას იზამ, საქმე – უპირველეს ყოვლისა. ნახვამდის, – უთხრა კოზლოვმა ჯაბას და ხელი ჩამოართვა.
– შეხვედრამდე, ჩემო მეგობარო, – ლიადოვმაც ხელი ჩამოართვა ჯაბას, რომელიც კოზლოვის დაცვის ერთ-ერთ „ჯიპში“ ჩაჯდა და წავიდა.
– ლეონიდ, ცოტა ხნით ჩვენც გავისეირნოთ დუნაის პირას, – უთხრა ლიადოვმა კოზლოვს. ხელკავი გამოსდო და ადგილიდან დაიძრა.
– გავისეირნოთ, პაველ ნიკოლაევიჩ. მშვენიერი საღამოა, – მიუგო კოზლოვმა.
– იმედია, არ გწყენია, ავღანელს რომ ერთი ერთზე ველაპარაკე. მისი დაკერვა ასე უფრო მოსახერხებელი იყო.
– არა, რას ბრძანებთ, ამხანაგო გენერალო, – მიუგო კოზლოვმა.
– მოკლედ, ასეა, ჩემო ლიონკა. ჩვენ, რუსებმა თანმიმდევრულად და მყარად უნდა დავიკავოთ მოწინავე პოზიციები, უპირველესად, ევროპაში. შემდეგ კი, თუ ღმერთი ინებებს, დანარჩენ სამყაროშიც. ვინ ოხრები არიან ეს ლათინოსები, ასე შორს რომ ეტენებიან და ჩვენი სივრცის დაპყრობა სურთ? რა, არ ვამბობ სიმართლეს?
– ასპროცენტიანი სიმართლეა.
– ან, თუნდაც ავღანელები. ვინ მისცა მათ ევროპაში პარპაშის ნება?
– მართალს ბრძანებთ. მაგრამ, ლათინოსებისგან განსხვავებით, ავღანელებს ძალიან მყარი პოზიციები უკავიათ აქ.
– უკავიათ. მაგრამ, არ უნდა ეკავოთ. ისე უნდა მოვაწყოთ საქმე, რომ ეს პოზიციები ჩვენ დავიკავოთ. ანუ, შენ და შენმა ხალხმა.
– მზად ვარ ამისთვის. რამე კონკრეტულს მთავაზობთ?
– ჯერ არა. ავღანალები ჯერ გვჭირდებიან და ხელს ვერ ვახლებთ. თუმცა, მათ მოსაშორებლად ყველაფერს ვიღონებთ და ამაში ჩვენი კომბინაცია დაგვეხმარება. ჩვენი მეგობრის დახმარებით რომ მოზესს მოვიშორებთ, ამით კოლუმბიელებს გადავკიდებთ მათ. გაჩაღდება ომი მათ შორის. ჩვენ თან გამშველებლის როლს ვიკისრებთ, თან პოზიციებს გავიმაგრებთ. ხვდები, რას ვამბობ?
– რა თქმა უნდა, პაველ ნიკოლაევიჩ, ვხვდები.
– ჰოდა, ჩემო ლიონკა, რუსული მაფია ერთპიროვნული ლიდერი გახდება. შენ კი ამ მაფიის ერთადერთი და ერთპიროვნული ლიდერი ხარ. გესმის, რამხელა პასუხისმგებლობა გენიჭება და რამხელა ძალაუფლებას შეიძენ?
– მესმის და მზად ვარ ამისთვის.
– შენი დიდი იმედი მაქვს, ლიონკა. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და გენდობი?
– გქონდეთ ჩემი იმედი, პაველ ნიკოლაევიჩ, არ გაგაწბილებთ, – მიუგო კოზლოვმა ლიადოვს და მცირე პაუზის შემდეგ უთხრა, – ამხანაგო გენერალო, რაღაც მინდა გკითხოთ და ხომ არ მიწყენთ?
– არა. რას ამბობ, გისმენ.
– ამხანაგო გენერალო, ძნელი მისახვედრი არაა, რომ თქვენ გვერდით დიდი ძალები დგას. თუ საიდუმლო არაა, მითხარით, ამ ძალებში მთავრობაც იგულისხმება?
– შენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? – კითხვა შეუბრუნა ლიადოვმა.
– პრინციპში, არა. ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ რუსები ვართ. ეს კი სამშობლოს სამსახურს გვავალდებულებს.
– აი, სწორედ ასეთ პასუხს ველოდებოდი შენგან და ამიტომაც გამოგარჩიე ყველასგან, – მიუგო ლიადოვმა და დაამატა, – შენს კითხვაზე კი გიპასუხებ, – რაღაც სამთავრობო ძალები მართლაცაა ჩართული ჩვენს საქმეში და არაა გამორიცხული, უფრო მჭიდრო ინტეგრაცია მოხდეს. მთავარია, ჩვენი – რუსების ერთიანობა და ვის რა სახელი დაერქმევა, რა სტატუსი ექნება, საერთო საქმისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ ეტაპზე მეტს აღარაფერს გეტყვი. დანარჩენზე კი თავის დროზე ვილაპარაკოთ.
– გასაგებია, – გაეღიმა კოზლოვს.
– და კიდევ ერთი, ჩემო ლიონკა...
– დიახ, გისმენთ პაველ ნიკოლაევიჩ.
– ლიონკა, ამიერიდან შენ უმნიშვნელოვანესი ფიგურა ხარ და თავს უნდა გაუფრთხილდე. ამიტომ, ვალდებული ხარ, პირადი უსაფრთხოება გააძლიერო და დღესვე დაიწყე ეს.
– გასაგებია. დღესვე დავიწყებ.
– თანაც, კარგად შეამოწმე შენი ოფისები და განსაკუთრებით – რეზიდენცია, რომ მიყურადების ვარიანტი გამორიცხო.
– შევამოწმებ.
– ახლა კი წავედით. შენი სტუმარი ვარ. მაგრამ, საქმეზე სიტყვა არ უნდა დაგვცდეს. რა თქმა უნდა, მანამდე, სანამ აბსოლუტურად არ გამოირიცხება „ყურების“ არსებობა შენს სამფლობელოში.
– წავედით, ამხანაგო გენერალო, – მიუგო ლიადოვს კოზლოვმა და დაჯავშნილ „ჯიპში“ მიიპატიჟა.
პავლე ლიადოვი ორი დღის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. მეგობრებს ოფისში ეწვია. სავარძელში მოკალათდა და უხმოდ გააბოლა.
– როგორ ხარ, პავლე, რა ჩუმად ხარ? – ჰკითხა გამრეკელმა.
– თქვენ როგორ გიკითხოთ? – კითხვა შეუბრუნა ლიადოვმა.
– შენმა მოლოდინმა დაგვღალა.
– მე კი მგზავრობამ.
– ხომ მშვიდობაა, რა ქარაგმებით ლაპარაკობ?
– ვფიქრობ.
– რაზე?
ლიადოვს გაეცინა და მეგობრებს უთხრა:
– ერთი გენიალური აზრი მომივიდა თავში და იმაზე.
– აღარ იტყვი?
– თქვენი რჩევა მჭირდება.
– რა რჩევა?
– რას იტყვით, ძმებო, ღირს თუ არა, რომ რუსულ მაფიას ჩავუდგე სათავეში?
– ხუმრობ... თადარიგის გენერალო?
– სულაც არა.
– მაშინ ბოლომდე თქვი სათქმელი.
– მოკლედ, ასეა. კოზლოვს რომ ვაბოლებდი, საუბარი ისე აეწყო, რომ მან მსხვილ მაფიოზად მიმიჩნია. მე მაშინვე ჩავავლე ამ მომენტს და ეს ხაზი განვავითარე. კოზლოვმა ჭამა. მას ჰგონია, რომ რაღაც საიდუმლო ჯგუფს წარმოვადგენ, რომელიც რუსეთის მთავრობის გარკვეული ფრთის ხელდასხმით მოქმედებს. ის დათანხმდა მასთან თანამშრომლობაზე, ანუ – დაბოლდა. ახლა მე მის თვალში მსხვილი საიდუმლო ფიგურა ვარ და მემორჩილება.
– გასაგებია, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ გაირკვევა სიმართლე და ეს ძალიან საშიშია, – თქვა გამრეკელმა.
– რატომაა საშიში? ამ ბლეფს სიმართლედ ვაქცევ.
– როგორ?
– მართლაც შევქმნი ასეთ ჯგუფს. ხალხსაც ვიცნობ, ვინც ასეთ რამეზე წამოვა და საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც უკავიათ სხვადასხვა სტრუქტურაში.
– მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედებს ებრძოდი და პრინციპებს გადაუხვიე?
– სულაც არა. უბრალოდ, არსებულ რეალურ ძალას დავუქვემდებარებ, შეძლებისდაგვარად, ჩემს, უფრო სწორად, ჩვენს პრინციპებს.
– ესე იგი, ჩვენც გვითრევ ამ ავანტიურაში?
– გარკვეულწილად, ყველაფერი ავანტიურაა. ჩემი წინადადება კი საკმაოდ მყარ საფუძველზე დგას. ბოლოს და ბოლოს დიდი ძალის კონტროლის ბერკეტებს დავიჭერთ ხელში. რა, ტყუილს ვამბობ? ჩვენი მოღვაწეობა კანონიერია, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს?
– პრინციპში, მართალი ხარ. მაგრამ, ამ ყველაფერს კარგად გააზრება უნდა.
– ჰოდა, ჩვენც გავიაზროთ.
– კი, ბატონო, გავიაზროთ. მაგრამ, ეგ – მერე. ახლა საქმეზე ილაპარაკე.
– ყველაფერი კარგადაა, ძმებო. კალმარს ჯაბა ჩამოიტყუებს და შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით. ოპერაცია გეგმურად ხორციელდება და ამ მხრივ კარგადაა საქმე, – თქვა ლიადოვმა და მეგობრებს გაუღიმა.
***
ჯაბა თავისმა მეწყვილემ გააცილა აეროპორტში. თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ კი უთხრა:
– აბა, შენ იცი, ძმაო... ბედნიერ მგზავრობას გისურვებ და მოუთმენლად გელოდები.
– ნახვამდის. შენ იცი, აქაურობას მიხედე, – მიუგო ჯაბამ. მეწყვილეს გადაეხვია და გასასვლელისკენ გაემართა.
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტამდე ფრენას თითქმის მთელი დღე დასჭირდა და ჯაბას გადაჯდომა მოუწია. ადგილზე რომ ჩავიდა, აეროპორტში მას დონ კარლო მოზესის ხალხი დახვდა. საბაჟო კონტროლი რომ გაიარა, სტუმარი ძვირად ღირებულ „ჯიპში“ ჩასვეს და მთელი სისწრაფით გააქანეს ცნობილი ნარკობარონის რეზიდენციისკენ. დაჯავნილი მანქანების კორტეჟს ყველა ერიდებოდა. პოლიციელები კი ხელის აწევით ესალმებოდნენ მათ და მოძრაობას აჩერებდნენ, რათა მათ მწვანე გზა ჰქონოდათ. აეროპორტიდან მოზესის ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციამდე სამოც კილომეტრზე მეტი იყო და ეს მანძილი სულ რაღაც ოცდახუთიოდე წუთში გაიარეს. ნარკობარონის უზარმაზარ რეზიდენციაშიც დიდი სისწრაფით შევიდნენ და უზარმაზარი, ფეშენებელური ვილის წინ შეჩერდნენ. ჯაბას ერთ-ერთმა ავტომატიანმა მცველმა კარი გაუღო და შორეული სტუმარი მანქანიდან გადმოვიდა. სახლის წინ მას კარმენი დახვდა. ქალი შავ კაბაში იყო გამოწყობილი და ბევრად უფრო ქალურად გამოიყურებოდა, ვიდრე მაშინ, როდესაც ჯაბამ ის პირველად ნახა. დიასახლისმა სტუმარს გაუღიმა და უთხრა:
– კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, ძვირფასო სტუმარო.
ჯაბა ხელზე ეამბორა კარმენს და გაუღიმა:
– კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ წალკოტში. თქვენ კი, დონია კარმენ, ამ სილამაზის გვეირგვინი ბრძანდებით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში