რომელი ციხის ალყა გაგრძელდა შვიდი წელი და რა სასწაული გადახდათ ამ დროს ქართველ მეომრებს
კასპიის ზღვის სამხრეთით, ირანის მთიანეთში, ქალაქ ყაზვინის ჩრდილო-დასავლეთით, მდებარეობდა აუღებელი ციხე-სიმაგრე ალამუთი. ამ ციხე-ქალაქში იყო შიიტური ისლამის განშტოების, ისმაილიტების სექტის – „მეომარი ნიზარიტების” ცენტრი. აზიაში მათ „ჰაშიშიუნებს” უწოდებდნენ. აქედან წარმოდგა მათი ევროპული სახელწოდება – ასასინები.
ისმაილიტები შიიტური სარწმუნოების წიაღში წარმოქმნილი მიმართულებაა. 1080-იან წლებში მათ შორის მოღვაწეობდა უნიჭიერესი მქადაგებელი ჰასან იბნ საბაჰი. ასკეტმა საბაჰმა უამრავი ადამიანის შემოკრება შეძლო.
1090 წელს საბაჰმა 3 000 დინარის საფასურად დაიკავა ციხე-სიმაგრე ალამუთი და იქ გამაგრდა. შემდგომში მისი გამგებლობის ქვეშ გადავიდა არაერთი ციხე-სიმაგრე ირანსა და სირიაში. ალამუთის გარშემო მან შექმნა თავდაცვითი სისტემა, რისთვისაც გამოიყენა იმ დროისთვის არსებული საინჟინრო მიღწევები.
საბაჰმა უარი განაცხადა სელჩუკების მორჩილებაზე და ერთგვარი სახელმწიფო დააარსა, რომელსაც მისცა რელიგიური ორდენის, კომუნის მსგავსი სახე, სადაც ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას.
ალამუთის აღება უნდოდა თურქ-სელჩუკების ერთ-ერთ უძლიერეს სულთანს – მელიქ-შაჰს. 1092 წლის გაზაფხულზე მის მიერ გაგზავნილ ნაწილებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰყავდათ ალყაში მცირე საკვების ამარად მყოფი ალამუთის ციხეში გამაგრებული 60-70 ასასინი, თუმცა, უშედეგოდ. ოქტომბერში ასასინებს მოუვიდათ დამხმარე ძალა – 300 მეომარი, რომლებიც მოულოდნელად დაესხნენ თავს მოალყე სელჩუკებს და გააქციეს.
ჰაშიშიუნებმა არ აპატიეს ეს თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ასასინებს ქალაქ სავაში შემოაკვდათ ერთი მუეძინი (სალოცავად მომწოდებელი), რადგან ეშინოდათ, არ გაგვთქვასო. ამან აღაშფოთა თურქ–სელჩუკთა ორი დიდი სულთნის – ალფ-არსლანისა (1063–1072) და მელიქ-შაჰის (1072–1092) სპარსული წარმოშობის დიდი ვეზირი ნიზამ ალ მულკი და ბრძანა, წამებით მოეკლათ იმ ქალაქში ფარულად მოღვაწე დამნაშავე ისმაილიტების წარმომადგენელი. ისმაილიტი წამებით მოკლეს და მისი გვამი რამდენიმე დღე ბაზარში დააგდეს, რათა ყველას ენახა.
მანამდე ნიზამ ალ მულკს ბრძანება ჰქონდა გაცემული ჰასან საბაჰის დაპატიმრებაზე, რადგან ის მიაჩნდა სელჩუკთა სახელმწიფოს საშიშ მტრად.
ჰასან საბაჰს ეახლნენ გამწარებული ასასინები და მოახსენეს მომხდარი. ერთმა ახალგაზრდამ, ბუ თაჰირ არანიმ, დაუჩოქა და შეჰფიცა, რომ მის ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდა.
სექტის მეთაურმა ბრძანება გასცა და არანი და მისი თანამებრძოლები გაემგზავრნენ ნიზამ ალ მულკის სასახლისკენ. რამდენიმე ხანში მიაღწიეს დიდი ვაზირის სასახლეს. არანი შეიპარა როგორც მლოცველი და ხანჯლით მოკლა ნიზამ ალ მულკი. ის იქვე აჩეხეს, თუმცა მისმა თანამებრძოლებმა შეუტიეს სასახლეს და მრავალი დახოცეს.
ამ ამბავმა უდიდესი გამოხმაურება პოვა მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. სუნიტები დაშინდნენ, ჰასან საბაჰი კი დარწმუნდა, რომ მას უზარმაზარი ძალაუფლების მოპოვება შეეძლო.
საბაჰმა ჩამოაყალიბა თავისი სწავლება, გასამხედროებული სახე მისცა სექტას და უმკაცრესი დისციპლინა დაამყარა. ასე ყალიბდებოდა მკვლელთა ორდენი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული პოლიტიკური ტერორიზმის წარმოშობა.
ასასინები მიზნის მისაღწევად მიმართავდნენ, ჩვენი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ტერორისტულ აქტებს. მეომარ ჰაშიშიუნებსა და ფიდაებს წლების განმავლობაში ამზადებდნენ როგორც შეიარაღებულ მკვლელებს. როგორც მორწმუნეებსა და სექტა-სახელმწიფოს მეთაურის ბრძანების უსიტყვო შემსრულებლებს და შემდეგ გზავნიდნენ დავალების შესასრულებლად – მტრის, ვინმე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანის მოსაკლავად. სექტა ამგვარად ცდილობდა, შიში დაეთესა მოწინააღმდეგეებს შორის.
ქართული წყაროები ასასინ მკვლელებს „მულიდებს” უწოდებს.
მათ სხვადასხვა ადგილას გზავნიდნენ ხოლმე – მონღოლებმა ხომ ომის მეტი არაფერი იცოდნენ.
1249 წელს მონღოლებმა გადაწყვიტეს ალამუთის აღება და ალყაში მოაქციეს ციხე-ქალაქი და მისი შემოგარენი. მათ ახლდათ ქართველების სამხედრო ნაწილიც.
მართალია, ყოველ წელს იცვლებოდა ნაწილები, მაგრამ, სამშობლოდან შორს მყოფი ქართველები ძალიან გაწვალდნენ ციხესთან დგომითა და სამშობლოსგან მოშორებით ყოფნით.
მონღოლი სარდლები – ჩარმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩუ სარდლობდნენ ამ ბრძოლას და მუდამ იქ იყვნენ; ქართველები კი ნაწილი ადგილზე იყო, ნაწილი სამშობლოში ბრუნდებოდა და ისევ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან მაშინ გადაადგილებას დიდი დრო სჭირდებოდა, რის გამოც ისინი ძალიან გაწვალდნენ ამ უცხოთა ომში.
მეშვიდე წელი დაიწყო ალამუთის ალყიდან. ერთ ღამეს, დახელოვნებული მკვლელი ასასინი შეიპარა ჩაღატა ნოინის კარავში, მძინარე ნოინი მოკლა და ისე გაიპარა, რომ ვერავინ შეამჩნია.
ჩაღატას მცველებმა დილით ნახეს, რომ მათი ნოინი მოეკლათ. მონღოლები ტიროდნენ და ყვიროდნენ და ვერ გაერკვიათ, რა მოხდა, ვინ იყო მკვლელი, მათ იფიქრეს რომ მკვლელი ქართველი იყო.
როცა გამძვინვარებული მონღოლები მოუახლოვდნენ ქართველებს, ქართული ნაწილის სარდალმა, ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა შესძახა თავის მეომრებს:
„მხოლოდ ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეუძლია ჩვენი შველა ახლა. ყოველმა ჩვენგანმა სამჯერ მუხლი მოვიყაროთ მეტანიით და წარმოვთქვათ ლოცვა ღვთისმშობელისადმი:
„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ“.
ამ დროს გაცოფებული მონღოლები უკვე მოახლოებული იყვნენ მლოცველ ქართველებთან და, ის იყო, უნდა დაეწყოთ უდანაშაულოთა ხოცვა, რომ, იქვე ლერწმიანიდან გამოვარდა ვიღაც კაცი, ზე აღმართა მარჯვენა ხელი, რომელშიც სისხლიანი ხანჯალი ეკავა და დაიყვირა:
„მან ქუშტემ ჩაღატა!“, – რაც სპარსულად ნიშნავს: „მე მოვკალი ჩაღატა,” – და ისევ ლერწმოვანში გაუჩინარდა.
თათრები დაედევნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. ამიტომ ცეცხლი მოუკიდეს ლერწმოვანს და ასე შეიპყრეს ნოინ ჩაღატას მკვლელი ასასინი.
ჩარმაღან, იოსურ და ბიჩუ ნოინებმა დაკითხეს მკვლელი. მან განაცხადა, რომ იყო ასასინი და დავალება ჰქონდა, მოეკლა რომელიმე ნოინთაგანი, ალამუთის ალყიდან. ამისთვის დიდი საჩუქრებიც მიუციათ მისთვის. „მოვკალი ერთი და ლერწმიანში დავიმალეო“.
„კი მაგრამ, რატომღა გაეცი თავი, რა იყო ამის მიზეზიო?“ – ჰკითხეს ნოინებმა.
„დედოფალი გამომეცხადა, მეც გამოვყევი და ისე მოვიქეცი, როგორც მომთხოვა. როგორც კი დავიძახე და თქვენ დამინახეთ, დედოფალი გაქრა. არ ვიცი საიდან მოვიდა და ვინ იყო. მერე თქვენ დამიჭირეთო“, – დაასრულა მულიდმა.
გაკვირვებულმა მონღოლებმა ორად გაკვეთეს ჩაღატას მკვლელი მულიდი.
ასე იხსნა დედაღვთისამ მისი წილხვედრი ქვეყნის უდანაშაულო შვილები ალამუთის ციხესთან დახოცვისგან.