კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაშალა „კაგებეს“ სპეცოპერაცია ცნობილმა ქართველმა „მედვეჟატნიკმა“

გაქცევა

1973 წლის 17 მაისს თბილისის ორთაჭალის ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა. 1933 წელს დაბადებული იასონ დარჯანია და 1948 წელს დაბადებული ვანო იაშვილი. დარჯანია ცნობილი რეციდივისტი იყო და თორმეტწლიან სასჯელს თბილისის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს სეიფის ძარცვისთვის იხდიდა. ბოროტმოქმედთა სამყაროში მას „კურკას“ სახელით იცნობდნენ. ვანო იაშვილი კი მოსკოვიდან იყო თბილისში ექსტრადირებული და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი საიუველირო მაღაზიის ძარცვაში მონაწილეობისთვის. ის ოთხკაციან მძარცველთა ჯგუფში მძღოლის ფუნქციას ასრულებდა და მილიციის ოპერჯგუფთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა. მისი დანარჩენი მეგობრები კი ლიკვიდირებულები იქნენ.

კურკამ და იაშვილმა კონტროლიორი ბაზაევი მოისყიდეს და მანაც პატიმრებს ციხის თანამშრომლების უნიფორმა გადააცვა და საღამოს ცვლის დამთავრების შემდეგ საპყრობილედან გამოიყვანა. გაქცეულებზე, მათ შორის ბაზაევზეც საკავშირო ძებნა გამოცხადდა. ციხის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მათზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმავე ღამეს გადაკეტეს თბილისი. გაქცეულთა აღმოსაჩენად და დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.

კონსპირაციული ბინა

ციხიდან გამოსული კონტროლიორი და პატიმრები ორთაჭალის მოედანზე დაშორდნენ ერთმანეთს. ბაზაევმა იაშვილს კონვერტი გადასცა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. კურკა და იაშვილი კი ტაქსით თბილისის რკინიგზის სადგურისკენ გაემგზავრნენ და თბილისი-მოსკოვის მატარებლის ორადგილიან კომფორტულ კუპეში მოთავსდნენ. კონვერტში სწორედ მატარებლის ბილეთები და ათასი მანეთი იდო.

– მოსკოვში მივემგზავრებით? – ჰკითხა კურკამ იაშვილს.

– სწორედ იქ, კურკაჯან. ისე დაგმალავ, რომ ეშმაკიც ვერ მოგვაგნებს. იქ საიმედო ხალხი მყავს. ათასი მანეთიც ორი-სამი კვირა გვეყოფა. მერე კი რამე საქმეს გავჩითავთ და კარგ კუშსაც მოვხსნით, – მიუგო კურკას იაშვილმა.

ციხიდან გაქცეულები 20 მაისს ჩავიდნენ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში და მოსკოვის ცენტრში, თეატრალურ მოედანთან მდებარე, ერთ-ერთი ძველებური სამოთახიანი „ასობნიაკის” მეხუთე სართულზე დაიდეს ბინა. იაშვილის განმარტებით, ბინა მის საყვარელს, ბალერინა დიანა კოზლოვსკაიას ეკუთვნოდა. იმ პერიოდში დიასახლისი გასტროლებზე იმყოფებოდა უცხოეთში და ბინა ცარიელი იყო. გაქცეულები საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს კონსპირაციულ ბინაში და მათ არავინ აწუხებდათ. ტელეფონი კი გამორთული ჰქონდათ. პროდუქტების საყიდლად იაშვილი ბინიდან საღამოობით გადიოდა და სამი-ოთხი დღის მარაგით ბრუნდებოდა უკან.

შურა „ნავოდჩიცა“

3 ივნისს, ანუ ციხიდან გაქცევის მეჩვიდმეტე დღეს, კონსპირაციულ ბინაში ახალგაზრდა, ელეგანტურად ჩაცმული ქალი მივიდა. კარი მას იაშვილმა გაუღო. ოთახში შეიყვანა და კურკას გააცნო:

– ეს შურა ზახაროვაა. გაიცანი, კურკა. ჩვენი მეგობარი და უბრალოდ, ლამაზი ქალი.

ახალმოსულმა მომხიბვლელად გაუღიმა კურკას. ტანის რხევით გაიარა. სავარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მოხდენილი თეძოები გამოაჩინა. შემდეგ გააბოლა და იაშვილს უთხრა:

– ვანიჩკა, რას დამალევინებთ?

– რასაც ინენებ, შურაჩკა. სასმელი შენ თვითონ აირჩიე. საჭმელი მაცივარშია. სამწუხაროდ, მე სამი-ოთხი  საათით უნდა დაგტოვოთ და აბა, შენ იცი, როგორ გაუმასპინძლდები ჩვენს სტუმარს.

სახლიდან გასვლის წინ იაშვილმა კურკა გაიხმო და უთხრა:

– მე შუაღამისთვის დავბრუნდები. შენ კი მანამდე შურასთან გაერთე. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ.

– ეგ ვინ არის?

– ნავოდჩიცაა (საქმის მიმცემი). რაღაც სერიოზული ნაკოლი აქვს და რომ დავბრუნდები, ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ.

– მაინც, სად მიდიხარ?

– ჩემს ქალთან. მე იქ ვისიამოვნებ, შენ კი – აქ, – მიუგო იაშვილმა კურკას და წავიდა.

ბრილიანტების საქმე

ვანო იაშვილი ღამის პირველ საათზე დაბრუნდა კონსპირაციულ ბინაში. ოთახში რომ შევიდა, კურკა და შურა სავარძლებში ისხდნენ. ეწეოდნენ და საუბრობდნენ.

– აი, ვანიჩკაც დაბრუნდა. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – თქვა შურამ და სიგარეტი ჩააქრო.

– გისმენთ, შურაჩკა. აბა, რით გაგვახარებ? – ჰკითხა ქალს იაშვილმა და სავარძელში მოკალათდა.

– მოკლედ ასე, ოცდაორ ივნისს ელენა ბუგრიმოვას წარმოდგენა აქვს ცირკში. ატრაქციონი საღამოს რვა საათზე იწყება და ის ყველაზე ადრე, ღამის თორმეტ საათზე დაბრუნდება სახლში. ანუ, ბაითი ოთხი საათის განმავლობაში ცარიელი იქნება და ამ დროში უნდა ჩავეტიოთ, – თქვა ქალმა.

– კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთოთ? – იკითხა კურკამ.

– ბუგრიმოვა მხეცების მომთვინიერებელია. მას ბრილიანტების უნიკალური კოლექცია აქვს, რომელსაც თავის ბინაში, საიდუმლო სეიფში ინახავს. სეიფის ადგილმდებარეობა უცნობია. შენ უნდა აღმოაჩინო ის, გახსნა, ბრილიანტები გადმომცე და შენ და ვანიჩკა იქაურობას მოშორდებით. მაქსიმუმ ერთ კვირაში კი, მე თქვენ ორმოცდაათი ათას მანეთს მოგიტანთ და შუაზე გაიყოფთ. არ გაწყობთ?

– მაწყობს, – თქვა იაშვილმა და კურკას ჰკითხა:

– რას იტყვი, ცუდი წინადადება არაა.

– სად მდებარეობს ბინა, – ჰკითხა კურკამ ქალს.

– ძველ არბატზე.

– როგორ შევაღწევთ იქ?

– ჩვეულებრივად. გასაღებით გაგიღებ და შეხვალ. მე და ვანიჩკა კი მანქანაში დაგელოდებით, ქუჩაში.

– კარგი. მაწყობს, – მიუგო ქალს კურკამ და გაუღიმა.

ძარცვა

1973 წლის 22 ივნისს, საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე კურკა ცნობილ საბჭოთა მომთვინიერებლის ფეშენებელურ, ხუთოთახიან ბინაში ფეხაკრეფით შევიდა. ხელში მწვანეშუქიანი ფანარი ეჭირა და საიდუმლო სეიფის ძებნას შეუდგა. კვალიფიციურმა „მედვეჟატნიკმა“ (სეიფების გამხსნელი) სულ რაღაც ნახევარ საათში საძინებელ ოთახში აღმოაჩინა სეიფი. მის გახსნას თხუთმეტი წუთი მოანდომა და იქიდან ბრილიანტებით გაწყობილი უძვირფასესი სამკაულების კოლექცია გამოიღო, რომელიც ოცდარვა ნივთისგან შედგებოდა. კურკამ ნაძარცვი ნივთები ნაჭრის პატარა ტომარაში ჩაყარა. ტომარა ქამრით წელზე შემოირტყა და ბინიდან გავიდა. შეთანხმებისამებრ, კუკრა ქვევით უნდა ჩასულიყო და ნაძარცვი ნივთები შურასთვის გადაეცა. მან კი მარშრუტი შეცვალა და სახურავზე ავიდა. შემდეგ მეზობელ სახლზე გადაძვრა და ქვევით დაეშვა. პატარა ჩიხში გავიდა და სიბნელეში გაუჩინარდა. იაშვილი და შურა მანამდე ელოდნენ კურკას, სანამ სახლში დიასახლისი დაბრუნდებოდა. შემდეგ კი იქაურობას გაეცალნენ.

ჩაშლილი ოპერაცია

ვანო იაშვილი სინამდვილეში „კაგებეს“ ოპერაციული თანამშრომელი, უფროსი ლეიტენანტი მერაბ სილაგაძე იყო და „კაგებეს“ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რომელსაც ბრილიანტებზე მონადირე ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა ევალებოდა. „ნავოდჩიცა” შურა, იგივე შურა ზახაროვა, ამ ჯგუფის მეკავშირე იყო და ოპერაციის მიხედვით, სწორედ მისი მეშვეობით უნდა გასულიყვნენ მთავარ ბოროტმოქმედებზე. მას მერე, რაც ის მოპარულ ბრილიანტებს წაიღებდა, „კაგებეს“ ოპერჯგუფს მისთვის უნდა ეთვალთვალა და მთავარი დამნაშავეები შეეპყრო. კურკას მოქმედებამ კი მთელი ოპერაცია ჩაშალა და მედვეჟატნიკის ძებნა უკვე „კაგებემ“ დაიწყო.

ეს ოპერაცია, პირადად „კაგებეს“ შეფის, იური ანდროპოვის დავალებით ტარდებოდა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის წინააღმდეგ იყო მიმართული. ანდროპოვმა იცოდა, რომ შჩოლოკოვის ოჯახის წევრები ბრილიანტებით იყვნენ გატაცებულნი და სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით ეუფლებოდნენ ცნობილ კოლექციებს. სწორედ ამიტომ ჩანერგეს მერაბ სილაგაძე ამ დანაშაულებრივ ჯგუფში და ანდროპოვს იმედი ჰქონდა, რომ ბუგრიმოვას ბრილიანტებით მსხვილ დამნაშავეზე გავიდოდა. შეიპყრობდა მას და ერთხელ და სამუდამოდ მოაშორებდა გენერალ შჩოლოკოვს მინისტრობიდან. თუმცა, კურკამ ყველაფერი ჩაშალა.

იასონ დარჯანია, იგივე კურკა, მილიციამ მოსკოვში შეიპყრო 1973 წლის 2 ივლისს და მას ბრილიანტები ჩამოართვეს. დაჰკითხეს და ისე საიმედოდ გამოამწყვდიეს, რომ ვერავინ, მათ შორის „კაგებემაც“ ვერ შესძლო მისი მოხელთება. კურკას ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს შურა ზახაროვაც, სილაგაძე კი „კაგებემ“ გადამალა.

გენერალი შჩოლოკოვი ეშმაკი კაცი იყო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ცნობილ მომთვინიერებელს ზარ-ზეიმით დაუბრუნეს ბრილიანტები. კურკა კი გაასამართლეს, თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და რომ არავის მოეკლა, სასჯელი შინაგან ციხეში მოახდევინეს, რომელიც შჩოლოკოვის უწყებას ექვემდებარებოდა.

P.S. 1983 წელს ათწლიანი პატიმრობის შემდეგ კურკა ციხიდან გამოუშვეს და ორი კვირის შემდეგ ის მოსკოვის ცენტრში დაუდგენელმა მანქანამ გაიტანა.

скачать dle 11.3