ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება გადავიდა სახელმწიფო ხაზინის საკუთრებაში. მოქალაქეს დარჩა მევალეები. შეუძლიათ თუ არა მათ, მოითხოვონ წილი მისი ქონებიდან?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები; ხოლო, უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას, სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისევე, როგორც მემკვიდრე.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ ხდება ნასამართლეობის მოხსნა და ვის უნდა მივმართო ამ საკითხის გადასაწყვეტად?
პასუხი: ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები (ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) რაიონული, საქალაქო პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ.
კითხვა: არ მაქვს თანხები, რომ ავიყვანო კვალიფიციური ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე. ამიტომ, გთხოვთ მიპასუხოთ, არსებობს თუ არა რაიმე ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ გამიწევს მომსახურებას ან მასწავლის, როგორ უნდა დაიწეროს და რა გარემოებები უნდა იქნეს ასახული სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო საჩივარში და როგორი უნდა იყოს საჩივრის შინაარსი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოში არსებობს იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადვოკატებით და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული დახმარებისა და იურიდიული მომსახურების გაწევას.
კითხვა: დამქირავებელი, ხელშეკრულების მიხედვით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარგებლობდა დაქირავებული ნივთით, რომელიც გაცვდა და ამის გამო ღირებულება არსებითად შეუმცირდა. შეუძლია თუ არა გამქირავებელს, ამის გამო მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისთვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს; უფრო მეტიც გამქირავებელი მოვალეა, გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისთვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.
კითხვა: ქორწინებაში ვიმყოფები 1972 წლიდან და გადასული ვარ მეუღლის გვარზე. შეიძლება თუ არა, დავიბრუნო ქალიშვილობის გვარი? ვის მივმართო და რა თანხა დამიჯდება?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, დაიბრუნოთ თქვენი ქორწინებამდელი გვარი და ამ კუთხით რამე შეზღუდვა სამოქალაქო კანონმდებლობით, კონკრეტულად კი საოჯახო სამართლით, გათვალისწინებული არაა. ამისათვის თქვენ უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.