როგორ დავიცვათ ძრავა გაფუჭებისგან
განსაკუთრებული აღნიშვნა არ სჭირდება, რომ ძრავა და გაგრილების სისტემა ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილებისთვის. სიმართლე გითხრათ, ძნელი გასაგებია, თუ რომელი ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მანქანისთვის. თუმცა, ძრავას მნიშვნელობის დაკნინება ძალიან არასერიოზული იქნებოდა. როგორ მოვუაროთ ძრავას, რომ დიდხანს გვემსახუროს. ამაზე ვრცლად პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე გვესაუბრება: .ვინც მექანიკაში კარგად ვერ ერკვევა, ძრავა მათთვის სერიოზული პრობლემაა. მას ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ მისი დაზიანება ძალიან ბევრ სახლაფორთოს ქმნის და ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული – თუ საერთოდ შესაძლებელია მისი შეკეთება. ვთქვათ, სავალი ნაწილი გაფუჭდა, მას უბრალოდ შეცვლით და დამთავრდება. ძრავას დაზიანებები კი, საშიშია. თუ ერთი პრობლემა შეექმნა, ის აუცილებლად გამოიწვევს სხვა დეტალების დაზიანებასაც.
– რეალურია ეს შიში?
– საკმაოდ რეალური. ძრავა ავტომობილის გულია.
– როგორ მოვუაროთ ამ გულს?
– ძრავა რომ არ დაზიანდეს, ამის პირველი პირობა, ზეთის გამოცვლის კულტურაა, ანუ, თავის დროზე უნდა შეცვალოთ. თუ არ იცით, რომელი ზეთი ჩაასხათ და თან, ვინც ჩაგისხათ, გაჯერებთ, რომ ორ იმდენ კილომეტრს გაივლის, ვიდრე მანამდეო, ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიჯეროთ. არ მომბეზრდება იმის გამეორება, რომ უპირატესობა ყოველთვის სახელოვან ბრენდს უნდა მიანიჭოთ. ზეთზე რომც იყოს მითითებული, მისი საშუალებით ავტომობილს ამდენი და ამდენი კილომეტრის გავლა შეუძლიაო, საქართველოში და კერძოდ, ჩვენს დედაქალაქში, ის გაცილებით ნაკლებს გაივლის, რადგან, ჩვენს პირობებში, სისტემატურად ვხმარობთ პირველ, მეორე და მესამე სიჩქარეს, იშვიათად – მეოთხეს და თითქმის არასოდეს – მეხუთეს, მხოლოდ ღამის საათებში. ანუ, ძრავას უფრო მეტი ბრუნის გაკეთება უწევს, შესაბამისად, უფრო მეტ მანძილს გადის, ვიდრე სადღაც, ევროპაში. სპიდომეტრზე თუ აწერია, რომ ავტომობილმა ათი ათასი კილომეტრი გაიარა, მან უფრო მეტი იბრუნა, ვიდრე ევროპაში. იქ, უმეტესად, მეხუთე სიჩქარით დადიან. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ზეთს ხუთი-ექვსი ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ შეცვლით, როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს. რაღაც ხარჯი უნდა გავიღოთ, რომ ძრავას მოუაროთ. ისევ ზეთს თუ დავუბრუნდებით, გეტყვით, რომ დაუშვებელია, ზეთის ავკარგიანობის ხელით შემოწმება – საკმარისად სქელი და წელვადია თუ არა ის. ყველაზე კარგი ხარისხის სინთეტიკური ზეთი ძალიან თხელია. აქვე გეტყვით, რომ ამბობენ, თუ ძრავაში ზეთი იკლებს, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლიათ, მინერალურიც ჩაასხათო, მცდარია. ნებისმიერ დროს უკეთესია, სინთეტიკური ზეთის ჩასხმა. ძრავას მოვლისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ცუდი ხარისხის ზეთი ძალიან ბევრ დეტალს აზიანებს. ეს კი უკვე ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ყველაფერი რეგრესისკენ მიდის. კიდევ ერთი შეცდომა, რაც მძღოლებს ხშირად მოსდით. გამიგია, როგორ ამბობენ, რომ თუ ზეთი იკლებს, შეცვლას რაღა აზრი აქვს, ვამატებ და თავისთავად იცვლებაო. ეს მცდარია, თუ იკლებს, ეს ნიშნავს, რომ უკვე სერიოზული პრობლემა აქვს, ანუ ზეთს წვავს. რადგან წვავს, მთელი ჭუჭყი შიგნით ილექება. ზეთის ფილტრს ძალიან დიდი ძალა ადგება და ის მალე იბიდნება. ასე რომ, დროზე ადრე უნდა შეცვალოთ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ძრავა არ გაფუჭდეს.
– რა უქმნის ძრავას კიდევ პრობლემებს?
– არის კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ეს მისი გადახურებაა. დანარჩენი კი უკვე მეორეხარისხოვანია.
– რა იწვევს გადახურებას?
– ძრავას გაცხელება. ამის მიზეზი კი წყლის ადუღებაა. წყალს, ისევე როგორც ზეთს, სისტემატური შემოწმება სჭირდება. თუ წყალი მინიმუმს ჩასცდა, ესე იგი, უკვე რაღაც პრობლემაა. წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს ხმა, რომელიც ძრავას მხრიდან მოდის. ანუ, წყალი იქ საკმარისი რაოდენობით არ არის. არასაკმარისი წყალი კი მის არასტაბილურ მუშაობას იწვევს.