სიკვდილი რეცეპტით
სამანტა ვიზერბმა ძმაზე უფროსობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი მშობლები გარდაიცვალნენ და სოლიდური ქონება დაუტოვეს. სამანტა ორმოცი წლის იყო, ჰომერი ორმოცდაერთის, მაგრამ ქალი მაინც ახერხებდა მბრძანებლობას და ოჯახსაც ის მართავდა. ძმაზე მთელი თავით მაღალი იყო და მასთან შედარებით მტკიცე ხასიათი ჰქონდა. არ გათხოვდა და ეს ჰომერს მხოლოდ დისკომფორტს უქმნიდა. ტირანიაში ცხოვრებამ უპრინციპო და დამთმობი გახადა. შეიძლება, შინაგანი პროტესტი ჰქონდა, მაგრამ აშკარად არ გამოხატავდა. უსიტყვოდ ასრულებდა დის მითითებებს. ყოველთვის, როცა ჰომერი სამსახურში მიდიოდა, სახლიდან გასვლის წინ სამანტა მიაძახებდა ხოლმე: ქუჩაზე ნელა გადადი, მანქანა არ დაგეჯახოს და ფეხები არ გაფშიკო, ხომ იცი, როგორი იდიოტიც ხარო... ჰომერი ამასაც უპასუხოდ ტოვებდა. ერთ დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, თავში ერთმა აზრმა გაუელვა: რა მოხდებოდა, თავად სამანტას რომ გაეფშიკა ფეხები?! ჰომერი უცებ ჩაფიქრდა. სამანტას მოკვლის იდეა ნელ-ნელა ძალიან მოეწონა...
მიდიოდა სამსახურში და მის წარმოსახვაში ერთმანეთს ცვლიდა იმ ბედნიერი ცხოვრების კადრები, რომლებიც დის თავიდან მოშორების შემდეგ დაუდგებოდა – სრული სიმშვიდე და კომფორტი, როცა სამანტა სახლში აღარ იქნებოდა... სამსახურიდან დაბრუნებული, სასტუმრო ოთახში მოწევდა სიგარას და დივანზე ფეხებსაც შემოაწყობდა. სამანტას ოთახს თავის კაბინეტად გადააკეთებდა, სანადიროდ და ბარში ივლიდა, ცოტას დალევდა და არავინ არაფერს უბრძანებდა... ოცნება მომავალ, შესაძლო ბედნიერებაზე ისეთი ტკბილი იყო, რომ ჰომერს შეაჟრჟოლა კიდეც სიამოვნებისგან. საღამოსაც ჩუმად იჯდა და ფიქრობდა...
მერე სამანტამ უბრძანა, ხელები დაებანა და მისთვის შოკოლადი მოემზადებინა. ეს მისი რიტუალი იყო – საღამოს, დაწოლის წინ აუცილებლად მიირთმევდა ფინჯან შოკოლადს ნაღებით, რომელიც არც ცივი უნდა ყოფილიყო და არც ცხელი... ჰომერმა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა დის მოკვლა – ამაზე ფიქრი უკვე აღარანაირ შოკს აღარ ჰგვრიდა. შოკის მომგვრელად ამიერიდან სამანტას გვერდით ცხოვრება უფრო მიაჩნდა. მაგრამ, როგორ უნდა მოეკლა?! ქალი ფიზიკურად მასზე ძლიერი იყო და, ვერც მოახრჩობდა და ვერც დანით გამოსჭრიდა ყელს. ადვილი შესაძლებელი იყო, ქალს იქით მოეღო მისთვის ბოლო, ეს კი ჰომერის გეგმებში არ შედიოდა. მას უნდოდა, ახალი, ბედნიერი ცხოვრება დაეწყო და არა საფლავში ან ელექტროსკამზე აღმოჩენილიყო. ერთადერთი საშუალება რჩებოდა – საწამლავი. საწამლავების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ნაკლი რომ შეევსო, ერთ საღამოს სამსახურიდან ცოტა ადრე წამოვიდა, ქალაქის ბიბლიოთეკაში შეიარა და ორ საათში ყველაფერი წაიკითხა მომწამვლელი ნივთიერებების შესახებ. სამანტა ისეთ ტკბილ შოკოლადს სვამდა, რომ დარიშხანიც და კალიუმის ციანიდიც თავისუფლად შეეძლო მასში შეერია, მაგრამ, სად ეშოვა ან ერთი და ან მეორე?! პრაქტიკული მკვლელობის იდეა თვალსა და ხელს შუა ეცლებოდა. მაინც მოსინჯა და ერთ-ერთ აფთიაქში შეიარა. დარიშხანი რომ მოითხოვა, აფთიაქარმა მაშინვე ჰკითხა, რისთვის გინდათო. ჰომერმა უპასუხა, საკუჭნაოში ვირთხების მოსაწამლავადო. დარიშხანს ურეცეპტოდ არ ვაძლევთ. გირჩევთ, მღრღნელების მოსაწამლი სპეციალური საშუალება წაიღოთ, ადამიანებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოაო. გამწარებული ჰომერი იძულებული გახდა, მღრღნელების მოსაწამლი საშუალება ეყიდა. ყოველი შემთხვევისთვის, ანოტაცია მაინც გულდასმით წაიკითხა. არა, ეს არაფერში გამოადგებოდა, ამიტომ, პირველივე ურნაში მოისროლა და გაგულისებული დაბრუნდა სახლში... ჰომერის ცხოვრება ორად გაიყო – ვირტუალურად და რეალურად. ვირტუალურში სამანტა უკვე მკვდარი იყო, თავად კი თავისუფლებით ტკბებოდა, ხოლო რეალური ყოფა კოშმარად ექცა...
ხსნა მოულოდნელად მოვიდა. სამანტა ავად გახდა – გაცივდა თუ რაღაც ვირუსი შეეყარა, ახველებდა და აუტანლად იქცეოდა. ჰომერზე ვერ იტყოდი, ძალიან გამჭრიახიაო, მაგრამ, როცა ოჯახის ექიმმა სამანტას რეცეპტი გამოუწერა და დატოვა, მიხვდა, რომ შეიძლებოდა აქედან რაღაც სარგებელი ენახა. რეცეპტი ყურადღებით წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ ტაბლეტები, რომლებიც ექიმმა სამანტას გამოუწერა, კოდეინს შეიცავდა, ოღონდ, მცირე დოზით. ბიბლიოთეკაში წაკითხული წიგნებიდან ახსოვდა, რომ კოდეინი ოპიატების, ანუ, მომწამლავი ნივთიერებების რიცხვში შედიოდა. ვერ გაიხსენა, რამდენად საშიში იყო ადამიანისთვის, მაგრამ, თუ ტაბლეტებში კოდეინის შემცველობა გაიზრდებოდა, მაშინ... გადაწყვიტა, ეცადა: რეცეპტი ფრთხილად ჩაასწორა და წინდახედულებაც გამოიჩინა – აბების შესაძენად ექვსი კვარტლის იქით მდებარე აფთიაქში წავიდა. გულაფართხალებული ელოდებოდა, სანამ წამალს უმზადებდნენ, მერე ძვირფასი პაკეტი გულში ჩაიხუტა და სახლში დაბრუნდა. ახლა კი მშვიდად, აუღელვებლად უნდა ემოქმედა...
სამანტა საშინელ გუნებაზე დახვდა. გაანჩხლებულმა საყვედურებით აიკლო – ამდენ ხანს სად იყავიო... ისეთი დაბდური ხარ, აფთიაქს ვერ მიაგნებდიო. ჰოვარდმა გაიღიმა – კიდევ ცოტა ხანს მოუწევდა სამანტას ატანა, სულ ცოტა ხანს, მერე კი ამოისუნთქავდა და ლაღად გაშლიდა ფრთებს...
– ჰომერ, მე ახლა შოკოლადს დავლევ, მერე კი წამალს დავაყოლებ, თუკი ჭკუა გეყოფა და არაფერს აურევ... წადი, მოამზადე შოკოლადი! – ბრძანება გასცა სამანტამ.
ჰოვარდმა თავი დაუქნია, სამზარეულოში გავიდა და შოკოლადი მოადუღა. ფინჯანში ჯერ ათი აბი ჩაყარა, მერე, ცოტა ყოყმანის შემდეგ კიდევ ათი აბი ჩაუმატა და ზემოდან შოკოლადი დაასხა... კოვზის წვერით ამოიღო სასმელი და ენა ფრთხილად დაადო... მწარე იყო... სამანტა მიხვდებოდა... სწრაფად ჩაუმატა კიდევ რამდენიმე ნატეხი შაქარი, კოვზის ტარით მოურია და ისევ დაადო ენა... შოკოლადი გაცივებულიყო... ეტყობა, წამალმა გააცივაო, – გაიფიქრა ჰომერმა. ცალკე კიდევ მოადუღა ცოტა შოკოლადი და ფინჯანში ჩაამატა. მერე ლანგარზე დადო და სამანტას შეუტანა.
– დაგეძინა?! – შეუყვირა დამ და ფინჯანი აიღო. ჰომერი გაფაციცებული უმზერდა – ქალი დალევას აყოვნებდა.
– ცხელია... რა არის ეს? როგორი იდიოტი ხარ, ჰომერ! – სამანტამ ფინჯანი ლამბაქზე დადგა. ცოტა შოკოლადი გადმოიღვარა და ლამბაქზე პატარა გუბე გაჩნდა. სამანტას კატა, როჯერი, რომელიც ქალს მუხლებზე ეჯდა მსუნაგად აკრუტუნდა...
– საყვარელო, შოკოლადი გინდა? – მიუალერსა სამანტამ კატას, – ახლავე მოგართმევ, – და ამ სიტყვებით ლამბაქი იატაკზე დადგა. ჰომერს ძარღვებში სისხლი გაეყინა. კატამ ქალის მუხლებიდან ისკუპა და ლამბაქი მოაცარიელა... ჰომერის საქმე ცუდად იყო. ახლა მისი ბედი იმაზე იყო დამოკიდებული, დალევდა თუ არა სამანტა შოკოლადს მანამდე, სანამ კატას რამე მოუვიდოდა. როჯერი ჯერ გაინაბა, მერე ერთი დაიკრუნჩხა და იატაკზე გორაობას მოჰყვა, თათები ხან უშეშდებოდა, ხან ეკრუნჩხებოდა. სამანტა გაოგნებული მისჩერებოდა საყვარელ ფისოს, სანამ ეს უკანასკნელი საბოლოოდ არ გაშეშდა.
– ჰომერ! – მთელი ხმით იყვირა ქალმა, – შენ რა, ჩემი მოკვლა გადაწყვიტე და შოკოლადი მომიწამლე?
– რას ამბობ, სამანტა? – ძლივს ამოილუღლუღა ჰომერმა.
– მაშინ, აქ მოდი და ეს შოკოლადი დალიე, ახლავე! – სამანტას ხმა სასტიკად ჟღერდა. ჰომერმა ამოიოხრა და დის სავარძლისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ქალმა უყოყმანოდ გაუწოდა ფინჯანი და შეუბრალებლად გაიცინა.
– კატა... როგორ ვერ გავითვალისწინე... – ეს ჰომერის უკანასკნელი სიტყვები იყო...
თარგმნა