როდის გადის ჩვენი ორგანიზმიდან უარყოფითი მუხტი და დაძაბული ენერგია და რისგან გვიცავს სარკის ენერგეტიკა
ცნობილია, რომ სარკეს ენერგეტიკული მუხტის მიზიდვის საოცარი უნარი გააჩნია. ის იზიდავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ენერგიას. ასტროლოგებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სარკე აქტიურად იზიდავს უარყოფით მუხტს და ამით შეიძლება საცხოვრებლის გაწმენდა უარყოფითი ენერგიებისგან. ასეთ დროს, ოთახის კედლებთან ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგათ ორი სარკე. როგორც კი ნებისმიერი უარყოფითი ძალა მოხვდება ამ ორი სარკის ზონაში, სახლი უმალვე განიმუხტება, ანუ, უარყოფით მუხტს ან ერთი სარკე დაიჭერს, ან მეორე და ოთახიც გაიწმინდება.
ადამიანების უმრავლესობას, დილით გაღვიძებისას, სიმძიმის გრძნობა აწუხებს. ამ დროს (გაღვიძების მომენტში) ხდება ასტრალური სხეულის გადმოსვლა ფიზიკურ სხეულში, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როდესაც სააბაზანო ოთახში შევდივართ და სარკეში ვიყურებით, ვხედავთ ჩვენს დასიებულ თვალებს, შეშუპებულ სახეს და ამ მომენტში ვერ ვაფიქსირებთ, თუ რა სახის ენერგიას ვუშვებთ სარკისკენ – ამ დროს ჩვენგან გადის უარყოფითი მუხტი, ეს არის დაძაბული ენერგია. ამას მაშინვე იჭერს სარკე, კეტავს საკუთარ თავში და ამ უარყოფითი მუხტისგან ასუფთავებს ჩვენს გარემოს.
წარმოიდგინეთ, ოჯახის თითოეული წევრი ყოველდღე რამდენ უარყოფით ენერგიას უშვებს სარკისკენ. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, ის გაიბზაროს ან სულაც გატყდეს, ამის მიზეზი კი უდავოდ ჩვენ მიერ მისკენ გაშვებული და მის მიერ შეწოვილი უარყოფითი ენერგოვიბრაციაა. ასე რომ, რაც მეტ დადებით ენერგიას გადავცემთ სარკეს, მით უფრო დიდხანს გვემსახურება ის.
სარკე გაბზარვით ან გატეხვით (რაც შემთხვევით არ ხდება), გვაძლევს მინიშნებას, რომ ჩვენ ირგვლივ საკმაოდ ბევრი უარყოფითი და საშიში ენერგია დაგროვდა.
თუ სარკისკენ დიდი რაოდენობით გაუშვებს ადამიანი დადებით ენერგიას – გაუღიმებს, ეტყვის, რომ ყველაფერი რიგზეა და მომავლის იმედი აქვს, ოპტიმისტურად ჩაიხედავს მასში, – მაშინ უკანვე მიიღებს იმ დადებით ენერგომუხტს და ენერგოინფორმაციას, რასაც მისკენ გაუშვებს, ანუ, სარკეც დიდხანს გემსახურებათ.
უძველესი წესია, როცა სახლში მიცვალებულია სარკეს ნაჭერს აფარებენ. ბევრმა არ იცის რას უკავშირდება ეს ტრადიცია. ამის არსი კი ის არის, რომ სხეულიდან ამოსვლის პირველ ეტაპზე სული ძალზე ქაოსურ მდგომარეობაშია – მას უჭირს გარკვევა, თუ სად არის ილუზია და სად სიმართლე. ამიტომ აღებენ კარ-ფანჯარას, სარკეს კი აფარებენ ქსოვილს, რათა სულმა თავისუფლად იმოძრაოს და სხეულიდან ამოსვლის პირველ ეტაპზე სარკეში არ დაინახოს თავისი საყვარელი საგნის, მაგალითად, საწოლის, სკამის, მაგიდის ან სხვა ანარეკლი. სული, შეიძლება, ახლოს მივიდეს სარკესთან და უცბად მასში ჩაიჭედოს. ამ დროს სული მუხტია, სარკე კი ენერგოინფორმაციულ მუხტს იჭერს. ასეთ მდგომარეობაში, შესაძლოა, გარდაცვლილი ადამიანის სული წლობით იყოს და ეს ოჯახისთვის ცუდია. ხშირად, ასეთ სარკეში ჩახედვისას, ადამიანებს ეწყებათ თავის ტკივილი, შიშები, უჩნდებათ შეგრძნება, თითქოს სარკიდან ვიღაც უყურებს, ამ მოვლენების ახსნა კი უჭირთ და ცდილობენ, არავის გაუმხილონ.
ანტიკვარულ მაღაზიაში ძველი სარკეების შეძენა და სახლში გამოსაჩენ ადგილას დაკიდება ძალიან სახიფათოა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სარკეს აქვს ბიოენერგეტიკული მუხტების მიღების უნარი. შესაძლოა, სწორედ ნაყიდმა სარკემ მოგვიტანოს ბევრი პრობლემა და უბედურება, რადგან ის თავად იყო ასეთი პრობლემებისა და უბედურებების მომსწრე. ამიტომ, ასეთი ენერგიების მქონე სარკის ყიდვა და დაკიდება ოჯახში ძალიან საშიშია, რადგან მისი აგრესია ნელ-ნელა იჩენს თავს. ასევე, არ შეიძლება სარკის გაჩუქება და თხოვება ან იმ სახლიდან მოტანა, სადაც გარდაცვლილი ადამიანი იყო.
ზოგადად კი, სახლის ინტერიერის გაფორმებისას, ძირითადი ყურადღება ფერსა და სინათლეს უნდა დაუთმოთ. ბინის კედლების, ავეჯისა და მორთულობის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო სილამაზე, არამედ ისიც, რა განწყობაზე დაგაყენებთ მომავალში ასეთ ბინაში ცხოვრება.
ფერთა გამა ადამიანის ფსიქოემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს და ეს ასტროლოგიაში საკმაოდ ცნობილი ფაქტია. ზოგი ფერი სიმშვიდისა და სილაღის შეგრძნებას ბადებს, ზოგი კი – პირიქით, დამთრგუნველად მოქმედებს. მაგალითად:
* ბინაში იისფრად შეღებილი კედლები მკვეთრად არეგულირებს სისხლის წნევას;
* წითელი ფერის განათება ფსიქიკის სტიმულაციასა და შინაგანი ორგანოების აქტივაციას იწვევს. დღეს უცხოეთში ზოგი ასტროლოგი-მკურნალი, რომელიც ფერთა გამით მკურნალობს ავადმყოფებს, გულის, თირკმელების, სისხლძარღვებისა და ნაწლავთა დაავადების მქონე პაციენტებს ურჩევს, დიდხანს დაყონ წითელი ფერის განათებაში.
* ნარინჯისფერი ადამიანის ორგანიზმს აჯანსაღებს. ის დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკაზე. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ნერვულ სისტემაზე ეს ფერი უარყოფითად მოქმედებს, ანუ მას აღაგზნებს. ამიტომ, ნერვიულმა და აფექტურმა ადამიანებმა ბინის კედლები ნარინჯისფრად არ უნდა შეღებონ.
* ცისფერი ზრდის შრომისუნარიანობას და მკვეთრად აუმჯობესებს განწყობას.
* მწვანე ფერიც ანალოგიურად მოქმედებს. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ნერვებს ამშვიდებს, აწყნარებს და ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება, აგრეთვე, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმს და შინაგანი ორგანოების მუშაობას არეგულირებს.
* ყვითლად შეღებილი ოთახის კედლები ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მოქმედებს დადებითად. ის ინტელექტუალურ და ფიზიკურ აქტივობას ზრდის.
ნებისმიერ ჩვენგანს ფერთა გამის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, ბავშვებს უყვართ წითელი ფერი, ზრდასრული ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ცისფერს ან ვარდისფერს ანიჭებს, ხოლო ასაკში შესული ადამიანისთვის ყველაზე მისაღები ნაცრისფერია. ასევე, არსებობს ფერები, რომლებიც ერთმანეთს კარგად ერწყმის და „ეხმარება” ბინაში გარკვეული ეფექტის მიღწევაში.
გაფრთხილებთ, დიდხანს ყოფნა ინტერიერში, სადაც კაშკაშა ფერებია, არ ღირს, რადგან ადამიანი ასეთ გარემოში ძალიან სწრაფად იძაბება და იღლება.
გაითვალისწინეთ ასტროლოგიური რჩევა: ნუ შეღებავთ სამუშაო ოთახის კედლებს იისფრად – ის საგრძნობლად შეამცირებს შრომისუნარიანობას; უმჯობესია, ეს ფერი მოსასვენებელ ოთახში გამოიყენოთ.