ადამი და ევა
უბიძგე და დაიმორჩილე!
ძალიან სასარგებლოა და საჭირო, იცოდეთ, როგორ გაართოთ თქვენ გარშემო ადამიანები – ეს საშუალებას მოგცემთ, არ მოექცეთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ.
არაფერია ცუდი იმაში, თუკი ადამიანების მართვას შეძლებთ. გასაგებია, რომ არავის უნდა, იყოს მართული, მაგრამ რეალურად ცხოვრება ამის გარეშე წარმოუდგენელია. ვიყოთ გულახდილები საკუთარ თავთან – ჩვენც ხშირად გვაქვს მცდელობა, გავლენა მოვახდინოთ გარშემო მყოფებზე, რომ მივაღწიოთ საწადელს. ანუ, ზოგჯერ ეს არის არა მანიპულაცია, არამედ, ბიძგი – მოდი, პატარა გაკვეთილი ჩავატაროთ...
ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ, მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ, დიდხანს ფიქრობენ, ყოყმანობენ, წონიან და ეჭვი ეპარებათ... როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს, მით უმეტეს, როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე თქვენი ხვალინდელი დღე, თქვენი ყოფაა დამოკიდებული?! ბუნებრივია, უნდა იმოქმედოთ: დაუსვათ მას „მასტიმულირებელი“ შეკითხვები, ისეთები, რომლებიც ცოტათი მაინც უკარნახებს მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს; დაეხმარება ქმედების შედეგის გაანალიზებაში. ამის შემდეგ ადამიანს ეგონება, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, სხვების დახმარების გარეშე; ან, პირიქით, ისე ელაპარაკეთ, რომ ჩიხში შეიყვანოთ და რბილად აიძულოთ, მიიღოს გადაწყვეტილება, მაგალითად: „დამეთანხმე, რომ...“; „შენ ხომ არ გინდა, რომ...“
ასეთი ფრაზებით აუცილებლად მოგიწევთ იმ ტიპის ადამიანის „წაჯიკავება,“ რომელიც არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში... და, რა თქმა უნდა, იმ მამაკაცისაც, რომელიც ვერა და ვერ ბედავს გითხრათ: „გამომყევი ცოლად!“
სარკის უკანა მხარე
ქვეცნობიერში ჩვენ გვიჩნდება სიმპათია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რაღაცაში გვგვანან; შეიძლება, უმნიშვნელოდ, მაგრამ, ესეც საკმარისია. ამიტომ, თუკი გინდათ, ახალგაცნობილ პიროვნებაზე, მით უმეტეს – მამაკაცზე, დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ, შეეცადეთ, იქცეთ „სარკედ“ და ის აირეკლოთ: გაიმეორეთ მისი ჟესტები; ხშირად გაუღიმეთ და დაიმახსოვრეთ, რომელ ფრაზებს იმეორებს ხშირად... თუ მოახერხეთ აითვისეთ მისი მიმიკებიც – ეს კარგად „მუშაობს“. მაგრამ ზემდეტი არ უნდა მოგივიდეთ და ეს ყველაფერი კომედიას, ფარსს არ უნდა დაემსგავსოს, მით უმეტეს, როცა საქმე სერიოზულად არის, ან, როცა გგონიათ, რომ მისი ნაკლის კოპირებაც გამოგადგებათ. მაგალითად, როგორ გგონიათ, ენაბლუს მოეწონება, ბორძიკ-ბორძიკით თუ განაგრძობთ საუბარს? შეხვედრის ბოლოს კი აუცილებლად უთხარით, არ დაგავიწყდეთ: „თქვენთან გატარებული დრო ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან საინტერესო და საყვარელი მოსაუბრე ხართ, სიამოვნებით შეგხვდებოდით კიდევ“...
ეს მეთოდი შეგიძლიათ, წარმატებით გამოიყენოთ პირადი და საქმიანი შეხვედრების დროს, ანუ, პაემანზეც გამოგადგებათ...
სილამაზე წლებისა
ბევრ ქალბატონს ვერ ერევა წლები – ვერც მათ ენერგიულობას აკლებს რამეს და ვერც მშვენიერებას; მეტიც, ასაკის მატებასთან ერთად, ეშხიც ემატებათ და უფრო თავისუფლები, ლაღები და თამამები ხდებიან. მათ უკვე იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და... მამაკაცებისგან. შეიძლება, ძალიან ბევრი მამაკაცი ამიტომაც ირჩევს პარტნიორად სწორედ ასეთ ქალბატონს. ასე რომ, ჯერ არაფერია დაკარგული. სიყვარული ყველა ასაკში შესაძლებელია, თანაც, ის ყოველთვის ინდივიდუალურია – მხოლოდ შენი და შენზე მორგებული.
ქალი ყოველთვის თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს თავისი სიამაყით, პრინციპულობითა და დაკონკრეტებული სურვილებით.
სტერეოტიპების დიდი ნაწილი დამსხვრეულია, ზოგიც გზადაგზა იმსხვრევა. შეუძლებელია, იცხოვრო სხვისი კარნახით, სხვის საამებლად და არა საკუთარი თავის ბედნიერებისთვის. მერე რა, თუ თქვენი ასაკის სხვა ქალბატონებს სხვანაირი ცხოვრება აქვთ – ამზადებენ მურაბებს, კომპოტებს და უვლიან შვილიშვილებს, ან, შვილებს დასდევენ უკან – ეს არ არის ჩარჩო ან შაბლონი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერგოთ. იყავით თავისუფალი საკუთარ სურვილებში და არჩევანიც შესაბამისად გააკეთეთ, მით უმეტეს, რომ ჯერ ცხოვრების თანამგზავრი არ გიპოვიათ – ეს არ არის პრობლემა. თუკი გყავთ მეუღლე ან პარტნიორი და ცდილობთ, წლებს არ დანებდეთ, ამაში მხოლოდ პოზიტივის დანახვა შეიძლება. ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს და ეს სილამაზე თქვენს ხელშია, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ გინდა, იყო მშვენიერი ქალი ნებისმიერ ასაკში, ამას აუცილებლად მოახერხებ, ამიტომ, ნუ დაიხევთ უკან!
ტირანი ოჯახში
ზოგჯერ მამაკაცი ტირანია და ამას თითქმის ვერავინ ამჩნევს, რადგან, ისე კარგად არის შენიღბული, რომ გარშემო მყოფებზე დადებით შთაბეჭდილებასაც კი ახდენს. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ის თავს გამოავლენს. თუმცა, შესაძლებელია ტირანის ბევრად ადრე „გაშიფვრაც“... დასაწყისისთვის დაიმახსოვრეთ, რომ ოჯახის ტირანი არ არის მანიაკი, ყოველ შემთხვევაში, არა ყოველთვის. „შინაური“ ტირანი ხშირად შემოიფარგლება მთელი ოჯახის კონტროლის სურვილით; უნდა, რომ აბსოლუტური უფლებებით სარგებლობდეს ცოლსა და შვილებზე და ამისთვის იყენებს სხვადასხვა მეთოდებს: ილანძღება; მიმართავს ოჯახის წევრებს დამცინავი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით; ამცირებს მათ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა დაუკარგოს; ძალიან უყვარს განკარგულებების გაცემა და მბრძანებლობა. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ, სამსახურში ამ ტიპის ადამიანები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით, არიან კარგი ხელმძღვანელები და საქმეც კარგად გამოსდით, სამაგიეროდ კი სახლში სრულ ტირანებად გარდაიქმნებიან. ოჯახს, სამწუხაროდ, უჭირს იმის აღიარება, რომ მათ სათავეში ტირანი უდგას, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა მიდის ლოგიკურ ფინალამდე – სკანდალი, ხმაურიანი დაშორება, ან, უარესი – ტირანისგან გაქცევა. როგორმე უნდა შეძლოთ და საქმე აქამდე არ მიიყვანოთ. თუ მოინდომებთ, თქვენ ადრევე გაშიფრავთ ტირანს და ამის ნუ შეგეშინდებათ. გაშიფრეთ და დაუპირისპირდით, ოღონდ, აშკარა ბრძოლას კი ნუ გამოუცხადებთ, ტაქტიანად და ეშმაკურად იმოქმედეთ, მოაჩვენეთ, რომ ისეთია, როგორც ყველა. ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ შეზღუდეთ მისი უფლებები და მიახვედრეთ, რომ, თუკი თავისას გააგრძელებს, აუცილებლად მარტო დარჩება. ამან უნდა იმუშაოს, მაგრამ, თუ ეს ტირანი თან მანიაკია, მაშინ თავს უშველეთ – გაიქეცით მისგან!