რატომ აქვს კაცს ცოლის მეგობრის „შებმის“ სურვილი და რა უნდა ქნას ამ დროს ცოლმა
სასიყვარულო სამკუთხედი... აქვს თუ არა გამართლება ქალს, რომელიც წყვილს შორის დგება? რა თქმა უნდა, არა – ასეთი იქნება უმრავლესობის პასუხი ამ შეკითხვაზე, თუმცა, ეს ურთიერთობები სხვადასხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან, არ არსებობს ცალმხრივად დამნაშავე და ყოველმხრივ მართალი. კიდევ არის უამრავი გასათვალისწინებელი ნიუანსი და, თუკი მათ სათითაოდ მოუსმენ, შეიძლება, კონკრეტულ დამნაშავეს ვერც მიაკვლიო...
თამრიკო (27 წლის): ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ასეთი ტკივილი მიმეღო ცხოვრებისგანო, – მითხრა ჩემმა მეგობარმა და მაშინ ვიგრძენი საკუთარი დანაშაული ამ ადამიანის წინაშე. მანამდე კიდევ ვცდილობდი სირაქლემას პოზაში ყოფნას და საკუთარი თავისთვის იმის მტკიცებას, რომ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მე კი მხოლოდ პროვოცირება მოვახდინე ამ ყველაფრის.
– თქვენი მეგობრის ქმარმა მიატოვა ცოლი და თქვენთან წამოვიდა. ასეა?
– დიახ, თუმცა, საშინლად არ მინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, მე ჩემი დაქალი სერიოზული პრობლემისგან ვიხსენი. არ ვხუმრობ და არც ცინიზმია ჩემს სიტყვებში. ჩემი დაქალის ქმარი მაშინ შემიყვარდა, როცა ისინი ჯერ არ იყვნენ დაქორწინებულები, ანუ, გაცნობის დღიდან. ისე მოხდა, რომ ერთდროულად გავიცანით – ერთ დღეს და ერთ სიტუაციაში. ეს იყო სრულიად მოულოდნელი.
– რატომ? კარგად ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ.
– არასდროს მოგვწონდა ერთი ტიპის მამაკაცები – მე სულ სხვანაირი ტიპაჟები მხიბლავდა, ჩემს მეგობარს – სხვანაირები. როგორ მოხდა, დანახვისთანავე რომ შემიყვარდა, ახლაც არ ვიცი, ვერაფრით მივმხვდარვარ, მაგრამ, სიყვარული ძალიან ძლიერი იყო და ეს მალევე ვიგრძენი, თუმცა, გავჩერდი. მიჭირდა, არ იყო ადვილი სიყვარულის დამალვა. შევყურებდი ძალიან მხიარულს, ძალიან თავისუფალს, ძალიან მომხიბვლელს და ტუჩებს ვიკვნეტდი. ვერ ვაქტიურობდი. ბრმა დაინახავდა, ერთმანეთს როგორ შესციცინებდნენ... ამიტომ, შუაში ვერ ჩავდექი.
– ვერ ჩადექით მხოლოდ დროებით... მერე კი მაინც მოხდა ეს?
– დიახ, მაგრამ, არც ისე მარტივად ყოფილა საქმე, როგორც თქვენ ფიქრობთ. თავიდან მართლა მეგონა, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს. კარგი წყვილი იყო, არ უარვყოფ და ამიტომაც გავდექი განზე. არ იყო ეს ადვილი, დამიჯერეთ. ჩემში დიდ სიყვარულს ვებრძოდი, საკმაოდ ძლიერ გრძნობას, თან, არ უნდა შემტყობოდა. იყო შემთხვევები, როცა ერთად ვიყავით და ახლო კონტაქტი გვქონდა. მაშინ ხომ, საერთოდ, ვკვდებოდი...
– რატომ არ წახვედით საერთოდ მათი ცხოვრებიდან?
– რამდენჯერ ვცადე. მინდოდა, მაგრამ, ჩემი დაქალი არ მაცლიდა, სულ გვერდით ვყავდი. თუ მე არ დავურეკავდი, თვითონ მირეკავდა და სახლშიც მაკითხავდა. რა მეთქვა? შენი ქმარი მიყვარს და მეშინია, ჩვენ შორის რამე არ მოხდეს-მეთქი?
– უფრო კორექტული გამოსავლის პოვნაც შეიძლებოდა...
– ალბათ... არ გეკამათებით, მაგრამ, როცა შეყვარებული ხარ, ამდენს ვერ ფიქრობ. მოკლედ, დაქორწინდნენ. ჩემი დაქალი ძალიან დარდობდა, რომ მისი პირადი ცხოვრება მოეწყო, მე კი ისევ მარტო ვიყავი. მეუბნებოდა, ვეტყვი ჩემს ქმარს, იქნებ კარგი მეგობარი ჰყავდეს და გაგაცნოს; მინდა, ჩემი ბედნიერება სრულყოფილი იყოსო. ამის მოსმენისას როგორ გუნებაზე დავდგებოდი?!
– ამიტომაც „დააწერეთ“ ქმარი?
– როგორ გეკადრებათ! ეს საერთოდ არაფერ შუაშია! ჩემი დაქალი ზედ ჰყვებოდა თავის ქმარს – ანებივრებდა, იმას უკეთებდა, რაც, პირიქით, ქალს უნდა გაუკეთოს კაცმა. მისთვის ყიდულობდა ძვირფას ტანსაცმელს და, ესეც ხელზე კოცნიდა – აუ, რა მაგარი ცოლი მყავსო.
– თუ ასეთი ეგოისტი და საზიზღარი იყო, თქვენ რატომღა გინდოდათ?
– მინდოდა?! ეს ძალიან ცუდი ნათქვამია. სულაც არ მინდოდა, მხოლოდ მიყვარდა და ამაშია საქმე. მაგრამ, ერთბაშად რაღაც ძალა შემიჩნდა, საშინელი ძალა, რომელიც მუდმივად მიბიძგებდა, მებრძოლა ჩემი სიყვარულისთვის. ვისაც ეს გამოუცდია, მხოლოდ ის გამიგებს. მუდმივი ჭიდილი საკუთარ თავთან და გრძნობებთან არასოდეს მთავრდება სასურველი ან წინასწარ გათვლილი შედეგით. დაგიფიცებთ, რომ ცუდი არასდროს მდომებია ჩემი დაქალისთვის, ის ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს, თუმცა, ვიცი, რომ არასოდეს მაპატიებს, რაც გავაკეთე და ამას შეგუებული ვარ. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, არ შემყვარებოდა ჩემი მეგობრის ქმარი, ან, მოვრიდებოდი მას – შორს წავსულიყავი, რაც შეიძლება შორს. ჩემი დაქალი შეძლებული ოჯახიდან არის. ამიტომ შეაჩერა არჩევანი მასზე ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა.
– კიდევ უფრო ცუდი პიროვნება ყოფილა, უარყოფითი.
– მე არც ვამბობ, იდეალურია-მეთქი. ეს უაზრობა იქნებოდა, მაგრამ, სიყვარული ძალიან ცუდი მრჩეველია... ცოლი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დამდგარიყო. მერე კი დაფიქრდა იმაზე, ვინ უყვარდა.
– ანუ, მატერიალურად მომძლავრდა და ცოლის დაქალის „შებმის“ სურვილი გაუჩნდა?
– ძალიან მწარე სიტყვებია, მაგრამ, სიმართლესთან ახლოს არის. ვიცი, რომ არცერთი არ ვართ მართალი, ორივეს თავი უნდა შეგვეკავებინა, ერთმანეთს მოვრიდებოდით, თუმცა, ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. თეორიულად ყველაფერი მესმის და ყველაფერს ვხვდები, მაგრამ, თეორიები სხვაა და რეალური ცხოვრება – სხვა. დიახ, სხვის უბედურებაზე არ უნდა ააგო საკუთარი ბედნიერება და, ძალიანაც რომ მოინდომო, არც აიგება, მაგრამ შეყვარებული ამდენს არ ფიქრობს.
– საკუთარ დაქალს გაუმწარეთ ცხოვრება. ის ხომ არ იყო „სხვა“?!
– „სხვა“ ნამდვილად არ იყო, გეთანხმებით, მაგრამ, მე საკუთარი თავიც გავიმწარე. ნამდვილად არ ყოფილა ისე, რომ, ასე მოხდა და რა ვქნა-მეთქი, მეთქვა. ძალიან ბევრი ვინერვიულე და არც ახლა მაკლია ნერვიულობა. მყიფე და საშიში იყო ჩემი ურთიერთობა მეგობრის ქმართან, ძალიან საშიში და ჩემთვისვე დამაზიანებელი... არც ალქაჯისა და ოჯახის დამანგრევლის იმიჯია მომხიბვლელი, დამიჯერეთ.
– ანუ, ვისი ბრალია?
– ყველასი. ჩვენი, სამივესი ერთად. ცალ-ცალკე ვერავის ბრალეულობას ვერ გამოვყოფ. ყველაზე ნაკლებად დამნაშავე, ალბათ, ჩემი დაქალია, თუმცა, არც ის მოიქცა მართებულად, როცა გათხოვდა კაცზე, რომელსაც საერთოდ არ უყვარდა.
– როგორ უნდა მიმხვდარიყო, რომ არ უყვარდა?
– ეს აშკარა იყო, მეტისმეტად თვალშისაცემი. არ არის ისეთი მსახიობი, რომ ეთამაშა, თანაც, ასეთ მაღალ დონეზე. უბრალოდ, ჩემმა დაქალმა გამოიყენა თავისი ფინანსური შესაძლებლობები და ამით მაჯობა.
– საკმაოდ უსიამოვნოა ამ თემაზე ასე საუბარი.
– დიახ, მეც არ მომწონს, მაგრამ, რომ არ ვთქვა, ესეც არ შემიძლია. არავის არ უნდა ჩემი მოსმენა. ჩემმა აწ უკვე ყოფილმა დაქალმა მითხრა, ეს როგორ გამიკეთე, ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით, მე შენი მჯეროდაო... თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს. ცუდად გამოვიდა ყველაფერი, ძალიან ცუდად. პრობლემა ისიც არის, რომ ის თავის ცოლს დაუბრუნდა – ვითომ არაფერი მომხდარა. ახლა მე ურჩხულად გამომიყვანეს და თავად ანგელოზები არიან. გული მტკივა. ქმარს აპატია, მე – არა! არადა, როცა ჩემთან მოვიდა, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა ის ვაჟბატონი... ასეთი ფარისეველი როგორ შეიძლება, იყო? რატომ მოვიდა, თუკი ისევ უკან უნდა მიბრუნებულიყო? არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი მიტოვება დანაშაულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ნაძირალაა.