კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იკრძალებოდა საქართველოში ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში და როგორი ტრადიციები შემორჩა კახეთში კვირაცხოვლობას

ბწყინვალე შვიდეულის კვირას, დღეებს აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე, საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ტრადიციები, რომლებსაც ქართველები ოდითგან არ ღალატობდნენ, დროსთან ერთად შეიცვალა, თუმცა, როგორც პროფესორი, ისტორიის დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, საქართველოს ზოგიერთ კუთხეს დღემდე შემორჩა ტრადიციებისა და რიტუალების ის ნაწილი,  რომლითაც გამორჩეული იყო ქართული ეთნოსი.   

როზეტა გუჯეჯიანი: სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები და რწმენა-წარმოდგენები მხოლოდ აღდგომის დღით არ შემოიფარგლებოდა. იმ დრომდე, ვიდრე საქართველოში საბჭოთა იმპერია  რელიგიას შეზღუდავდა, აღდგომის დღესასწაული და ბრწყინვალე შვიდეულის კვირა ძალიან ფართოდ აღინიშნებოდა. ბუნებრივია, ამ დღეს  ქართველებს აუცილებლობად მიაჩნდათ თავიანთი მიცვალებულების საფლავებზე გასვლა, რომ მათ სულებთან ერთად გაეზიარებინათ აღდგომის დიდი სიხარული.  საფლავებზე გასვლის ტრადიციას არ ახლდა ტირილი, პირიქით, ეს იყო სიხარულისა და შვების გამოხატულება. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ყველა ოჯახში მზადდებოდა შესაბამისი ატრიბუტიკა: სანთლები, სააღდგომო სურსათ-სანოვაგე, წითელი კვერცხი, რომლითაც  გადიოდნენ მიცვალებულთა საფლავებზე. ზოგან, მაგალითად – კახეთში, უფრო მიღებული იყო ახალი მიცვალებულების საფლავზე გასვლა, დანარჩენ საქართველოში კი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მათი ოჯახის წევრი ახალი გარდაცვლილი იყო თუ დიდი ხნის.  ეს იყო ტრადიცია ყველასთვის. საფლავებზე გასვლას მოჰყვებოდა საერთო ლხინი.    

 აღდგომის დღესასწაულზე  ხალხური რიტუალების დასაბამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვეპოვება ვახუშტი ბატონიშვილის წყაროებში, სადაც ის აღწერს სამეფო კარის სააღდგომო ტრადიციებს. ამ წყაროს მიხედვით,  საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მეფე და დიდებულნი გაიხსნილებდნენ და შემდგომ იმართებოდა ყაბახი:  დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმებოდა ოქროს ან ვერცხლის თასი და თავადიშვილები მართავდნენ შეჯიბრებას ისრით სროლაში. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ მის მიერვე ჩამოგდებული თასით. შემდგომ იმართებოდა ბურთაობა. ზოგიერთი  სააღდგომო რიტუალისთვის  სპორტული სახეობის მიცემა  განპირობებული იყო იმით, რომ, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად ვიყავით საბრძოლო მზადყოფნაში და ესეც ამის გამოხატულება იყო.   ბოლოს კი ყველაფერი მთავრდებოდა ნადიმით, რომელსაც ახლდა გალობანი და სახიობანი. 

–  რიგითი მოსახლეობა როგორ აღნიშნავდა აღდგომის დღესასწაულს?

–  როგორც კი დადგებოდა აღდგომის დღესასწაული, სააღდგომო წირვის დასრულების   შემდეგ, მოსახლეობა იწყებდა  ხალხური რელიგიური სახალხო დღესასწაულების  ჩატარებას.  სვანეთში შუაღამისას მთელი მოსახლეობა დაიძვრებოდა მთავარი ეკლესიისკენ და იქ ესწრებოდნენ საზეიმო წირვას, დილით კი გადიოდნენ სასაფლაოზე, სადაც წინასწარ, ყოველ საფლავზე, თითო სანთელი იყო დანთებული და, იქვე, ტაბლაზე, გაშლილი იყო საკურთხი. დილით, წირვის შემდეგ, მღვდელი აკურთხებდა ტაბლებს და ხალხი ამის შემდეგ გაიხსნილებდა. ამის შემდგომ იმართებოდა საერთო ტრაპეზი სოფლის შუაგულში, სასოფლო მოედანზე, ეკლესიის მიმდებარედ. აქვე სრულდებოდა ძალიან საინტერესო ხალხური საგალობლები.  დღეობის შემდეგ იმართებოდა სპორტული ასპარეზობანი, რომლებიც, როგორც წესი, სამხედრო-საწესო ელემენტებს შეიცავდა: იმართებოდა დოღი, ისრის სროლა, ჭიდაობა და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გურიაში არსებობდა აღდგომის დღეს ლელო-ბურთის თამაშის წესი და ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია, მაგალითად, სოფელ შუხუთში. აღდგომისთვის გურიაში სპეციალურად იკერავდნენ ახალ ტანსაცმელს. ყველაფერს მოიკლებდნენ, მაგრამ ამ დღეს აუცილებლად ახალი სამოსით უნდა გასულიყვნენ ეკლესიაში. უნდა გითხრათ, რომ ხალხურ ყოფაში  ხარების  დღესასწაულზე მნიშვნელოვან რიტუალად ითვლებოდა ახალ ნაჭერზე ნემსით ერთი ნაკერის სიმბოლურად ამოვლება, რაც  იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი ამ ნაჭრით შეკერილ სამოსს სიხარულით გაცვეთდა.  სამეგრელოში  არსებობდა ტრადიცია სააღდგომოდ სპეციალური  საზედაშე ქვევრის  გამოყოფისა, რომელთანაც სპეციალურ ლოცვას აღავლენდა ოჯახის უფროსი მამაკაცი და იქვე შესწირავდა ბატკანს ან გოჭს. ხევში სააღდგომოდ, წირვის შემდეგ, იმართებოდა ნიშანში სროლა და გამარჯვებული ჯილდოს შესწირავდა ეკლესიას ან შესაბამის თანხას მოახმარდა სოფლის საჭიროებას. ხევსურეთში აღდგომას „ახვსებას“ უწოდებდნენ; ხევსურები ადიოდნენ თავ-თავიანთ ხატში და იქ აღნიშნავდნენ „ახვსებას“. ძველ საქართველოში ყველგან სრულდებოდა ჭონის რიტუალი. აღდგომას, თანასოფლელ მგალობელთა   ჯგუფი – მეჭონეები, კარდაკარ ჩამოივლიდნენ მთელ სოფელს, ასრულებდნენ სააღდგომო სიმღერებს და ყოველ ოჯახს აღდგომას ულოცავდნენ. დიასახლისები მათ სურსათ-სანოვაგითა და ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ. შეგროვილი ხორაგით კი საღამოს საერთო ლხინი იმართებოდა. 

– როგორი იყო სააღდგომო სუფრა?

– სააღდგომო სადღესასწაულო სუფრა მრავალფეროვანი იყო და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში თავისებურებებით გამოირჩეოდა, მაგრამ, ყველგან აუცილებელი იყო წითლად შეღებილი კვერცხები და სააღდგომო ქადები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან სააღდგომო პასქის უნივერსალურმა ფორმამ შეცვალა. ამის გამო ბევრი ტადიციული ქადის ნაირსახეობა დაიკარგა, თუმცა, დღემდე ცოცხალია გურული საშობაო და სააღდგომო ღვეზელების ცხობის ტრადიცია; რაჭაში ამ დღისთვის მზადდებოდა ხორბლის ფაფა, აცხობდნენ კეცეულებსა და განატეხებს; თუშეთში – კოტორებს. სუფრაზე აუცილებელი იყო ბატკნის ან გოჭის, ზოგან კი – მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი; ასევე, აუცილებლად – ხილი და წითელი ღვინო. სააღდგომო სუფრა ყოველთვის ზომიერებით იყო გამორჩეული. 

–  როგორ აღინიშნებოდა საქართველოში ბრწყინვალე შვიდეულის კვირა – დღეები აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე? 

– აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ზარ-ზეიმი გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში და დიდი მასშტაბურობით მთავრდებოდა კვირაცხოვლობის დღესასწაულით. ემოციურად, ბრწყინვალე შვიდეულის კვირა დღესასწაული იყო მთაშიც და ბარშიც; შრომითი საქმიანობა, ფაქტობრივად, ყველგან შეწყვეტილი იყო. ეს იყო უქმეები საეკლესიო სწავლებით; უქმე ლოცვის, განწმენდის, სულიერი სიმშვიდისათვის უნდა ყოფილიყო მიძღვნილი. ტრადიციულ ყოფაში  მკაცრად  იკრძალებოდა შრომა, დათესვა, რკინეულის აჟღარუნება, მჭედლობა, ნადირობაც კი, რადგან ეს ყველაფერი ხმაურთან, სიმშვიდის დარღვევასთან იყო დაკავშირებული.   კვირაცხოვლობამდე აღინიშნებოდა  რამდენიმე ხალხური დღესასწაული. ძალიან საინტერესოა რაჭისა და ლეჩხუმის ტრადიცია: ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, აღდგომის მეორე დღეს, იმართებოდა გორგოთობის ტრადიცია.  ეს იყო კვერების ცხობის, შესაწირის, ლოცვის ხალხური ტრადიცია. სვანეთში, ბეჩოს თემში, სრულდებოდა საერთო სახალხო ლოცვა ღვთისმშობლის სახელზე.  ღვთისმშობლის სახელზე აღვლენილი ლოცვა იმართებოდა ქართლსა და კახეთშიც. ამ დღეს კახეთში იხარშებოდა წანდილი; ეკლესიაში საკურთხად  მიჰქონდათ პური, ღვინო  და შემდეგ გადიოდნენ მიცვალებულთა საფლავებზე. საფლავზე გასვლა ხდებოდა  როგორც კვირა დღეს, ასევე ორშაბათს.  საბჭოთა პერიოდში, როცა მკაცრად კონტროლდებოდა აღდგომის მასშტაბურად აღნიშვნის წესი, ორშაბათი სამუშაო დღედ იყო გამოცხადებული და მოსახლეობა იძულებული იყო, საფლავზე სულთა მოხსენიების ტრადიცია კვირა დღეს გადმოეტანა და ეს მალულად გაეკეთებინა.   

– ზოგიერთი სასულიერო პირი კვირა დღეს საფლავზე გასვლას დღესაც  უარყოფითად უყურებს.

–  ეს ნამდვილად ასეა, თუმცა, ამ ტრადიციაში საკრიტიკო  ნამდვილად არაფერია. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს სრულდებოდა საეკლესიო დღესასწაული – სამებობა. ამ დღეს საინტერესო ტრადიციები ჰქონდათ ქართლში,  ხევში, მთიულეთში.  ოთხშაბათს რაჭაში არსებობდა პურის ლოცვის ტრადიცია, რაც უკავშირდებოდა  ბარაქიანი, ხვავიანი მოსავლის მოსვლას.  ზოგიერთი ოჯახი დღემდე ასრულებს ამ ლოცვას. ამას უკვე მოჰყვებოდა კვირაცხოვლობა. იმ კუთხეებში, მაგალითად – კახეთში, სადაც არის კვირაცხოვლობის ეკლესიები,  ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ახმეტის რაიონში და ქიზიყში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები. წირვა-ლოცვის შემდეგ იმართება ხალხური დღესასწაულები. ამ დღეს სამეგრელოში „დიდ თანაფას“, ანუ გათენებას, ღამისთევას უწოდებდნენ; სვანეთში – უფლიშს, უფლის დღეს. ამასთან დაკავშირებით სვანეთში მეტად საინტერესო ტრადიცია არსებობდა: კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ყოველი სოფელი გამოარჩევდა ერთ საუკეთესო ბუღას, რომელსაც საგულდაგულოდ უვლიდნენ, თაფლიან წყალს ასმევდნენ, მოხარშულ ქერს აჭმევდნენ, სახრესაც კი არ გადაარტყამდნენ – მას სპორტული ასპარეზობისთვის   ამზადებდნენ. კვირაცხოვლობის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ სასოფლო მოედანზე იმართებოდა ამ ბუღების ჭიდილი. ეს ტრადიცია არსებობდა აჭარაშიც, სადაც მას „ბუღიების ჭედობა“ ეწოდებოდა.  საგულისხმოა, რომ ბუღების ჭიდაობის ტრადიცია დღესაც ცოცხალია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, თანამედროვე ართვინის ვილაიეთში. 

скачать dle 11.3