როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
წვერავა
გვარი ნაწარმოებია მამაკაცის სახელიდან – წვერა.
ქართულში წვერა წვერის მქონე პირსაც აღნიშნავს.
წვერავა ივანიკა მოხსენიებულია ხონის ეკლესიის 1824 წლის სიგელ-გუჯრებში.
საქართველოში 516 წვერავა ცხოვრობს: თბილისში – 131, ქუთაისში – 72, სამტრედიაში – 30.
ჩაკაშვილი-ჩოკოშვილი
აზნაური ჩაკაშვილების წინაპრები კახეთიდან გადმოსულები არიან თეიმურაზ მეფის დროს, 1629 წელს: „საციციანოს გერდის წინ მოსახლენი ძველად ჩოკოშვილთაგანნი მდაბალნი აზნაურნი და ცნობილნი დროსა ვახტანგ მეფისასა, რომელთაცა ჩოკას მაგიერ გაუგვარდათ ჩოკოშვილობა და არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“.
ისტორიულ წყაროებში, ასევე, თავად ციციშვილის აზნაურად გვხვდება ჩაკაშვილი.
„თავად ჯანდიერისშვილს მეფემან მისცა ჯილდოდ თავადობა გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა; ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩოკაშვილებად ამავე ჯანდიერთა გვარისა და არიან აზნაურნი“.
საქართვლეოში 452 ჩოკოშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 240, თბილისში – 106, გურჯაანში – 71.
პატარიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პატარა.
ეს სახელი 1202 წელს თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული.
ამავე ძირისაა გვარი პატარაია.
1874 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიება პაშა პატარიძე.
საქართველოში 1 654 პატარიძე ცხოვრობს.
გორგოშიძე
გორგოშიძეთა გვარში ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გორგა. ეს სახელი სპარსული სიტყვიდან იღებს სათავეს, რაც ქართულად „მგელს“ ნიშნავს.
გორგოშიძე გვარ გორგოშაძის განაყოფი გვარია. გორგოშაძეები გურიაში და აჭარაში ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა გორგოშიძედ არის ჩაწერილი.
1614 წელს სვიმონ გურიელმა თავისი მამულის მოსახსენიებლად ბაოჭულა გორგოშიძე აჭის წმიდა გიორგის შესწირა და გამოსაღები დაუწესა.
საქართველოში 83 გორგოშიძე ცხოვრობს: ზუგდიდში – 48, ქუთაისში – 17, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
ბაიდარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაიდო.
სავარაუდოდ, ბაიდარაშვილი სადაურობის აღმნიშვნელი გვარი უნდა იყოს, ისევე, როგორც დიღმელიშვილი, რაჭველიშვილი, მანგლელი და ასე შემდეგ.
„თონეთელმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 1875 წელს დიდი ენაგეთის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ჩხიკვთაში მცხოვრებ ანდრია ბაიდარაშვილის ასულ მაგდალინაზე“.
სოფლის მორიგი აკლებისას, საგინაშვილები კახეთში გახიზნულან და იქ ჭავჭავაძეებთან დანათესავებულან. ამას ადასტურებს საფლავის ქვების წარწერები მაწევანსა და სამებაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უკანვე, აღბულაღის რაიონში, დაბრუნებულ საგინაშვილებს კახეთიდან თან წამოუყვანიათ იქაური გლეხები, გვარად ბაიდარაშვილები.
გადმოცემით, ბაიდარაშვილები დაახლოებით ხუთი თაობის წინ გადმოსულან სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგიდან. სოფელში ამჟამად ბაიდარაშვილთა ორი შტოა, კერძოდ, კორელაანი და ზანდარაანი.
ზანდარაანთ ბაიდარაშვილები ჩხიკვთაში, ტბისსა და თბილისში ცხოვრობენ.
საქართველოში 225 ბაიდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 105, თეთრი წყაროში – 85, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით