რა რევანში აუღეს წლების შემდეგ დედას ტყუპებმა – თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეებმა და როგორ გახდა ბერა ივანიშვილი მათი მესამე ტყუპისცალი
ტყუპების მიმართ ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და ამ კუთხით, ალბათ, გამონაკლისს არ წარმოვადგენ – ვფიქრობ, იშვიათია ადამიანი, რომელიც მათი დანახვისას გულგრილი რჩება. განსაკუთრებით კი გიორგი და თორნიკე ჯიბლაძეების, ორი ძალიან სიმპათიური ტყუპის მიმართ, რომლებიც გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მოცეკვავეები არიან, ასევე ძალიან სასიამოვნო და როგორც ჩვენში იტყვიან, კარგად აღზრდილი ბიჭები გახლავან. მათ დედას, თამუნა ერგემლიძეს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ მინისტრის, თეა კოტრიკაძის როლის შესრულებით გახდა ცნობილი, არაფერი რომც არ გაეკეთებინა, საამაყოდ ასეთი ნიჭიერი, კარგი, პოზიტიური შვილების გაზრდაც ეყოფოდა.
თორნიკე: ძირითადი ინტერესების ბაზისი ემთხვევა, მაგრამ გემოვნება ცოტა სხვანაირი გვაქვს. ჩაცმულობაშიც შეიძლება, ერთი და იგივე სტილი მოგვეწონოს, მაგრამ დეტალებში რომ შევდივართ, მერე იშლება. გვინდა, ვგავდეთ ერთმანეთს, რადგან ტყუპები რომ ვართ – იყოს „ფიშკა“, საქმისთვისაც კარგია, კარგად მუშაობს, მაგრამ, მთლად კოპირება არ გვინდა, ისედაც ვაბნევთ ხალხს.
– სკოლაში გისარგებლიათ თქვენი მსგავსებით?
გიორგი: ხშირად არ ვსარგებლობდით ამით, რადგან ორივე კარგად ვსწავლობდით. თუმცა, შემთხვევები ყოფილა.
თორნიკე: სკოლაში ნაცნობები, უცხოები გვაჩერებდნენ, გვეუბნებოდნენ: თვალს დავხუჭავ, დატრიალდით და გამოვიცნობ, რომელი რომელი ხართო. ამის გამო, მგონი, მთელი ცხოვრება ტრიალში გვაქვს გატარებული.
– თქვენი პროფესიის არჩევაში, ალბათ, მშობლების როლი ძალიან დიდია.
– დედას „მზეს“ ვეძახით. ვიზუალითაც ჰგავს და ისეთი ხასიათი აქვს, არ შეიძლება, არ მიამსგავსო მზეს და ყველაფერ კარგს. დედას დიდი როლია იმაში როგორც ვცეკვავთ და იმაშიც, როგორებიც აქამდე მოვედით. ასი პროცენტით ჩვენზე იყო გადმორთული და ჩვენი ცხოვრების მიზანია: დავამტკიცოთ, რომ ეს დრო ტყუილად არ დაგვიხარჯავს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთულია ტყუპების გაზრდა. დედამ ჩვენ გამო ბევრ რამეზე თქვა უარი და გვინდა, ჩვენით იამაყოს – ამით კომპენსირება მოვახდინოთ ყველაფრის. ზოგადად, ძალიან შეკრული ოჯახი გვაქვს, მამაც გვერდში გვიდგას. ჯერ წარმოიდგინეთ, რა რთულია ტყუპებზე ორსულობა, შემდეგ კი – მათი გაზრდა. თან, მე და ჩემი ძმა კარატეზე შევედით. ოთხი წელი ვემზადებოდით. დედასთან სტუმარი რომ მოდიოდა, ჩვენ მეორე ოთახში ვიწყებდით ჭიდაობას, ისმოდა დალეწვის ხმა, „ნუ მირტყამ“ – ძახილი. მერე დედა შემოვიდოდა და მაგიდის გარშემო დაგვსდევდა ჩუსტებით. ბოლოს ყველანი ერთად ვიცინოდით – ჰო, ცოტა გავაწვალეთ დედა...
– ცოტა ხნის წინ დედათქვენი „ჩემი ცოლის დაქალებში“ მინისტრის როლს თამაშობდა, თან, პატარა ბიჭთან ჰქონდა რომანი. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?
– მოგვეწონა მინისტრი დედა. გვითხრა, შემოთავაზება მაქვსო და ყველანი შინაგანად ვხვდებოდით, რომ მას უნდა მიეღო მონაწილეობა. თვითონაც გადაწყვეტილი ჰქონდა და ძალიან გაგვიხარდა. რაც მთავარია, მოგვწონს მისი შესრულებული როლი. არ გვქონია პრობლემა, რადგან ვიცით, რა არის ხასიათში შესვლა, როლის თამაში, პროფესიონალიზმი და ეს ყველაფერი გაძლევს იმის უფლებას, საშუალებას, ასეთ რაღაცეებზე არ გაღიზიანდე, თვალი დახუჭო. დედის პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ამაზე ცუდად ნამდვილად არ გვიფიქრია.
გიორგი: იმდენად კარგად თამაშობდა როლს, რომ დედას იმ მომენტში სხვა ამპლუაში ვხედავდი და საერთოდ არ ყოფილა ეს გამაღიზიანებელი.
თორნიკე: ჩვენი აზრით, დედა ძალიან ნიჭიერია და გვინდა, ეს ნიჭი კიდევ გამოამჟღავნოს, ბევრ როლში მიიწვიონ რეჟისორებმა.
გიორგი: დედა ცეკვაშიც ნიჭიერია. ბავშვობაში ცეკვავდა. პირველი ქორეოგრაფია სწორედ დედამ დაგვიდგა საბავშვო ბაღში, ზოლიანი ბანანები.
თორნიკე: და ახლა რევანში ავუღეთ, ჩვენ ვაცეკვეთ. კარგად აითვისა, ყოველმხრივ ნიჭიერია.
– როდის დაიწყეთ ცეკვა?
– თავიდან ცეკვა ექსტრაჯგუფში დავიწყეთ, „ბასტი-ბუბუს“ მსგავსი იყო, ოღონდ დიდებისთვის. მაგრამ ჩვენი პროფესიული წინსვლა სამი წლის წინ დაიწყო ბერა ივანიშვილთან, ჩვენს ძალიან ახლო მეგობართან. მან ბევრი რამ გვასწავლა და დღესაც მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მისი წყალობით ვმუშაობდით უცხოელ მოცეკვავეებთან, ქორეოგრაფებთან და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან საქართველოში ასეთი ფუფუნება იშვიათია. ბერას ორივე ტურნეში ვმონაწილეობდით. შემდეგ „ჯიდიესზე“ პროექტ „ერთი ერთში“, მე და ჩემი ძმა ვიყავით სამი სეზონის განმავლობაში ქართველი მოცეკვავეები, დანარჩენები უცხოელები იყვნენ.
– როგორ გაიცანით ბერა?
გიორგი: ქასთინგის საშუალებით მოვხვდით მასთან. იქიდან მოყოლებული, ვმეგობრობთ. ხან ვხუმრობთ კიდეც: ჩვენი მესამე ტყუპიაო. როცა საქართველოშია, თითქმის 24 საათს ერთად ვატარებთ. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, სამივე ფიტნესით ვართ დაკავებულები. კარგი ინსტრუქტორიც გვყავს და ჩვენ, სამივეს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებს, აქცენტი უფრო ვარჯიშზე გვაქვს გადატანილი. ბერა იმდენს მუშაობს სულ ახალ რეპერტუარზე, რომ გართობისთვის ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ამასაც ვახერხებთ.
– ბერასგან ბევრი რამ ვისწავლეთო და რას გულისხმობთ?
– მისგან კარგის მეტი არაფერი გვისწავლია. ცეკვის მხრივ, ბერა იმაზე მეტს არ ცეკვავს, რაც არტისტს სჭირდება. მაგრამ, მის ქორეოგრაფებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.
თორნიკე: იმდენად გონებაგახსნილი ადამიანია ბერა, მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ ძმაკაცობაში, ადამიანების დაფასების კუთხით. ახლა გამოდის ბერას ახალი ამერიკული კლიპი, რომელშიც დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად.
– არ აპირებთ უცხოეთში წასვლას?
– ძალიან გვინდა, ვაპირებთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩვენი სტუდია გავხსენით Twincity Studio. ვიღებთ ცეკვის შესწავლის მსურველებს 12 წლის ასაკის ზემოთ. სქესი არ არის შეზღუდული და არც ასაკი. გვინდა, უცხოელებთან მუშაობით მიღებული გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ. ვასწავლით კომერციულ „ჰიპ-ჰოპს”, რომელიც სასცენოა და კარგად იყიდება.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?
– გარდატეხა იყო „ჯიდიესზე“, ბერასთან მოხვედრა. იქ ხელოვანისთვის საუკეთესო საშუალებაა, წარმატებას მიაღწიო. ამან სწორ გზაზე დაგვაყენა. არ შევცვლით ჩვენს გზას.
გიორგი: წარმატებას რაც შეეხება, ზაკ რისი არის ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი. მასთან მუშაობა კი დიდი გამოცდილებაა. ეს ჩვენ მივიღეთ. ახლა კარგად გამოვიყენებთ – სხვებსაც გავუზიარებთ.
– გოგონებთან დაკავშირებით ემთხვევა თქვენი გემოვნება?
თორნიკე: გემოვნება არ ემთხვევა, არ გვყოლია ერთნაირი ტიპის შეყვარებულები. ამჟამად არ გვყავს შეყვარებული, ძიების პროცესში ვართ. თან, 21 წლის ვართ, უფრო კარიერაზე გადავერთეთ. თუ ურთიერთობა ამაში ხელს შეგვიწყობს, კარგია, მაგრამ თუ ხელს შეგვიშლის, მაშინ გვირჩევნია, კარიერას მივხედოთ.
– რომ ვერ განსხვავებენ ხოლმე, ერთ გოგონას თუ მოსწონებიხართ ორივე?
გიორგი: თავიდან ხდება, რომ ვერ გაგვიგია რომელი მოსწონს და მერე ირჩევენ ხოლმე, რომელიც უფრო ერგებათ. აქაც ფარული კონკურენცია გვაქვს და საბოლოოდ, მაღალ ხარისხამდე მივდივართ. ვცდილობთ, კარგი კუთხით ყველაფერში ერთმანეთს შევეჯიბროთ და ეს განვითარებისთვის ძალიან კარგია.