რა საფრთხეს უქმნის დედამიწაზე დაწყებული გლობალური დათბობა საქართველოს მოსახლეობას და რომელ საკურორტო ადგილებს ემუქრება წყლით დაფარვა
მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა ყოველ 40 წელიწადში 1 გრადუსით იმატებს. საუკუნეში ორ-ნახევარი გრადუსი თითქოს არც ისე დიდი რიცხვია, მაგრამ, ტემპერატურის ასეთი ზრდა მინიმუმ 50-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე გასული 10 000 წლის განმავლობაში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები. დედამიწის კლიმატი ბუნებრივად იცვლება, მაგრამ უკანასკნელი საუკუნის გლობალური დათბობა მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით ვერ აიხსნება; მისი ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, გარემოს დაბინძურებაა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება, თუ დათბობა გაგრძელდება, მაგრამ, ის კი ვიცით, რომ დედამიწაზე ამინდი ნამდვილად შეიცვლება. ოკეანეებიდან მეტი წყალი აორთქლდება, რასაც მეტი წვიმა და, შესაბამისად, სანაპირო რეგიონების დატბორვა მოჰყვება. ხმელეთიდანაც მეტი წყალი აორთქლდება, რაც მიწის გამოშრობას გამოიწვევს. კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდება ცხოველებისა და მცენარეების ნაწილის მიგრაცია ახალ ადგილებზე, ნაწილი კი გადაშენდება. გლობალური დათბობის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. თუმცა, როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატური ცვლილებების სამსახურის უფროსი, ბატონი გრიგოლ ლაზრიევი ამბობს, არსებობს გლობალური დათბობის შენელების ბევრი ხერხი, მაგალითად, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ნაგვის ხელახალი გადამუშავება და ფეხით ან ველოსიპედებით გადაადგილება ავტომობილების ნაცვლად.
– ბატონო გრიგოლ, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ დედამიწაზე დაწყებულია გლობალური დათბობა. რა ბუნებრივი კატაკლიზმები მოჰყვება ამას და არის თუ არა ეს პროცესი, რეალურად საფრთხის მომტანი?
– სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ გლობალური დათბობა ნიშნავს იმას, რომ დედამიწის ტემპერატურა იზრდება. ამის მიზეზი კი სათბურის „აირებია“. დედამიწის ზედაპირი მზის სინათლეს შთანთქავს და მას სითბოდ აქცევს. ამ სითბოს ნაწილი ისევ კოსმოსში აღწევს, ნაწილს კი ატმოსფეროში შემავალი აირები (მაგალითად, ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი) შთანთქავს. ამ აირებს „სათბურის აირებს“ უწოდებენ, ვინაიდან ისინი სათბურის შუშების მსგავსად მოქმედებს – სინათლეს შიგნით უშვებს, სითბოს კი გარეთ აღარ ატარებს. ბუნებრივი სათბური ეფექტის გარეშე დედამიწა ძალიან ცივი იქნებოდა და მასზე სიცოცხლეც ვერ იარსებებდა. პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ატმოსფეროს სათბურის აირების დამატებითი რაოდენობით აბინძურებენ. ეს აირები ატმოსფეროში გროვდება და სულ უფრო მეტ სითბოს აკავებს. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანმა დაიწყო ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის მოხმარება და დღემდე გრძელდება. რაც მეტად ვითარდება კაცობრიობა, მით მეტ ენერგიას მოიხმარს. სწორედ ამის მიზეზია გლობალური დათბობის პროცესი. რაც შეეხება შედეგებს, ამაზე ნამდვილად უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, ფიზიკური კანონების მიხედვით, ტემპერატურის გათბობის შედეგად ნებისმიერი სხეული ფართოვდება, მათ შორის – წყალიც, რასაც მოჰყვება ოკეანს დონის მაღლა აწევა და ის საფრთხეს უქმნის სანაპირო ზოლში მცხოვრებ ადამიანებს. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის, რადგან გლობალური დათბობა მათ დედამიწიდან გაქრობით ემუქრება. ეს პროცესი რეალურად დაწყებულია და, სავარაუდოდ, საუკუნის ბოლოსთვის მოხდება.
– გლობალური დათბობის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს რა საფრთხეს უქმნის?
– შავი ზღვის დონის აწევა აჭარის ტერიტორიაზე გარკვეულ საშიშროებებს შექმნის, კერძოდ, ეს ეხება ადლიას ტერიტორიას, სადაც ქანების ჩარეცხვა დაწყებულია და ზღვის დონის მომატებაც, თვალშისაცემად შესამჩნევია. რეალური საშიშროება კი, სავარაუდოდ, 2050 წლისთვისაა მოსალოდნელი, როდესაც მიწის ადგილს წყალი ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, გრიგოლეთში მოსახლეც მიუთითებდა ადგილზე, სადაც ადრე საცხოვრებელი სახლი მდგარა, დღეს კი ის ტერიტორია ზღვამ მიიტაცა. ასე რომ, გრიგოლეთის უნიკალური პლაჟები, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში საერთოდ ჩარეცხოს ზღვამ. იგივე, საფრთხე ემუქება ფოთსაც. ამავდროულად, საშიშია გლობალური დათბობისგან გამოწვეული ექსტრემალური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობა, რომელიც საქართველოში ბოლო დროს ხშირად ხდება – გაიხსენეთ გასული წლის შედეგები და მისგან მიყენებული ზარალი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე, გვალვა, რომელმაც არანაკლები ზიანი მიაყენა სოფლის მოსახლეობას და, ზოგადად, სოფლის მეურნეობას. მაგალითად, შარშან აღმოსავლეთში საშინელი გვალვა იყო, დასავლეთში კი – წყალდიდობები და საკმაოდ დაზარალდა მოსახლეობა. სამწუხაროდ, წინასწარი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა, რეალურად, შედეგების დაჯამება ხდება.
– ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა?
– დიახ, სწორედ ასეა და, ეს კლიმატური ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, თუ ის დიდხანს გაგრძელდა, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მოხუცებზე და ქრონიკული დაავადებით დასნებოვბნებულებზე. ალბათ გახსოვთ, გასული ზაფხულის აგვისტო, როცა ყველაზე მეტი სასწრაფო დახმარების გამოძახების სტატისტიკა დაფიქსირდა. სწორედ დედამიწაზე ტემპერატურის მომატების გამო იყო დასავლეთ ევროპისთვის 2002 წელი კატასტროფული, როცა 38 ათასი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე წლის წინ კი იქ ზამთარში, ნამდვილი გამყინავრება იყო, რომელსაც ასევე ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასე რომ, გლობალური დათბობა იმ ცირკულაციას ააქტიურებს, რომელსაც თბილი და ცივი ჰაერის მასები ჰქვია და ამის ფონზე, დედამიწის ერთ ნაწილში პერიოდულად აუტანელი სიცივეა, მეორე ნაწილში კი – გაუსაძლისი სიცხე.
– აქტიურადაა დაწყებული მყინვარების დნობა. რა შედეგებზე შეგვიძლია საუბარი, თუ ეს პროცესი, კლიმატური ცვლილებების ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდა?
– არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც, მყინვარების დნობის პროცესის გააქტიურება კლიმატური ცვლილებების ფონზე, საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. თუ დნობას ინტენსიური სახე მიეცა, ძალიან დიდი ზარალი მოჰყვება. საქართველოში მყინვარების ზომები შემცირებულია, არადა, მოგეხსენებათ, მყინვარი კვებავს მდინარეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ მათ დაიწყეს ინტენსიური დნობა, შემცირდება მდინარის წყლის დონე, რაც ნეგატიურ გავლენას მოხდენს ენერგოსისტემასა და სასმელ წყალზე. მყინვარი, ასევე, ქვა-ღორღის ნარევია, ამ მასის ჩამოშლაც მოხდება და ეს საკმაოდ ცუდ შედეგს გამოიწვევს, კერძოდ, საფრთხე შეექმნება მთიან დასახლებებს კავკასიონის გაყოლებაზე, რასაც, რასაკვირველია, მსხვერპლიც მოჰყვება. ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს დაახლოებით 15-20 წელიწადში, თუ რეალური ზომები არ იქნა მიღებული.
– ბატონო გრიგოლ, რა ზომებზეა საუბარი, როცა საკითხი ბუნებრივ კატალიზმებს, კლიმატურ ცვლილებებს, ტემპერატურის აწევასა და მყინვარების ინტენსიურ დნობას ეხება?
– ამ პროცესების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, პროცესის შენელებაა შესაძლებელი, თუ ადამიანი ნაკლებ საწვავს მოიხმარს, დიდი ზომის „ჯიპიდან” ისეთ მანქანაზე გადაინაცვლებს, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს; ხშირად გააჩერეთ ავტომანქანა ფარეხში და ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ველოსიპედით; გამოიყენეთ სუფთა წყლის, ჰაერის, მზის ენერგია; ასევე, სახლებსა და ოფისებში დაზოგეთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი – ყოველივე ეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს. დაფიქრდეს იმაზე, რა წვლილის შეტანა შეუძლია იმ პროცესში, რასაც თქვენ ახალი კლიმატური ეპოქა უწოდეთ. თუ სერიოზული ღონისძიებები არ გავატარეთ ამ კუთხით, როგორც გითხარით, 2050 წელს, გლობალური დათობის სავალალო შედეგებია მოსალოდნელი. ზოგადად, მთელ დედამიწაზე ტემპერატურა მაღლა იწევს და ეს შესამჩნევია, თუ წლევანდელ ზამთარს გავიხსენებთ. კლიმატის მკვეთრი ცვლილების ფონზე, ზოგ ტერიტორიაზე ისეთი მოვლენები ფიქსირდება, რაც ადრე არასდროს მომხდარა. მაგალითად, არის ადგილები, სადაც თოვლი არასდროს მოსულა და ამ ბოლო დროს მოვიდა, ან, ისეთი ყინვა დაფიქსირდა, რომ რეკორდი მოხსნა.