რატომ უწევენ წინააღმდეგობას ქართველი მამაკაცები პოლიტიკაში ქალებისთვის კვოტის შემოღებას და რატომ ემეტებათ ისინი მხოლოდ სამზარეულოებში ფუსფუსისთვის
ქართველი საზოგადოების მამრობითი ნაწილის უმეტესობა უარყოფითად გამოეხმაურა რეკომენდაციას, რომ პოლიტიკურ პარტიებში ქალებს განსაზღვრული კვოტა უნდა გამოეყოთ, რათა საზოგადოების მდედრობითმა ნაწილმა სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყოველდღიურობაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საპირისპიროდ, როგორც წესი, მამაკაცები ასეთ დილემას აყენებენ: მაშინ ქალმა იმუშაოს ყანაში და იმსახუროს ჯარში. თუმცა ყანაში სამუშაოდ, სულაც, არ არის აუცილებელი ფიზიკური ძალა, ყანის მოსავლელად მუშახელის დაქირავებაც საკმარისია. რაც შეეხება ჯარში სამსახურს: ჯერ ერთი, ქართველი ქალები უარზე არ არიან და, მეორეც, თუ მამაკაცები ბავშვებს გააჩენენ, ქვეყნის იარაღით ხელში დაცვის საქმეს ქალები შეითავსებენ. ბუნებრივია, ზემოთქმული იუმორითაა გაზავებული, თუმცა ფაქტია, რომ ქალებისთვის პოლიტიკურ პარტიებში კვოტების გამოყოფის პერსპექტივამ ქართველი კაცების გააფთრება გამოიწვია: რატომ ენანებათ ქალებისთვის ადგილი პოლიტიკური ცის ქვეშ და რა საფრთხეს ხედავენ ისინი, თუკი ქალები სრულფასოვნად შეძლებენ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღებას, – თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– რით ხსნით მამაკაცების დიდი ნაწილის ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას ქალების კვოტირების გამო, თითქოს ეს აკნინებს ქალს, ესე იგი, არასრულფასოვანია, რადგან კვოტირება სჭირდებაო. ეს მოტივი გულწრფელი გგონიათ?
– არ ვიცი, რამდენად გულწრფელია, მაგრამ კვოტირება იწვევს შეშფოთებას, რადგან ამ პროცესმა შესაძლოა, ხელოვნური სახე მიიღოს. რაც შეეხება ყანის გათოხნას, რუსეთში კომბაინებზეც ბევრი ქალი მუშაობდა, რაც არ მგონია, ქალის საქმე იყოს. ზომიერმა კვოტირებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს, რადგან ქალებს საკითხების სხვანაირი ხედვა აქვთ. ხშირად სახტად დავრჩენილვარ, რადგან, როდესაც მგონებია, რომ მოვლენა ყველა კუთხით მაქვს შესწავლილი, მეგობარ ქალებს სულ სხვა კუთხით დაუნახვებიათ. ისე, რაც ჩემთვის დაფარული იყო, როგორც მთვარის მეორე მხარე. ქალები ხედავენ მთვარის მეორე მხარეს, პოლიტიკა იქნება, ზოგდად, ცხოვრება თუ ნებისმიერი სხვა სფერო. შეიძლება, კვოტის ამ რაოდენობამ, სიის ნახევარმა, გააჩინა ეს დამოკიდებულება. ჩემი აზრით, თუ 20-25 პროცენტი იქნება, გაშმაგება, შემცირდება, რადგან გამოვა, რომ ქალებს, ვინც ხელში მოხვდებათ, ჩაწერენ სიაში. ვთქვათ, აიღებენ 100-კაციან სიას და ბოლოსკენ მიაწერენ 25 ქალს.
– კაცებს არ წერენ სიებში ნაცნობობით და შევსებაზე, ვინც ხელში მოხვდებათ?
– კაცებსაც წერენ, მაგრამ პოლიტიკაში კაცები, ავია თუ კარგი, თავად გამოჩნდნენ ასპარეზზე თავიანთი საქმიანობით და ძალისხმევით. ზოგმა თვითონ პარტია შექმნა ან ილაპარაკა ბევრი და ცნობილი გახდა. ან ცნობილი არ არის, მაგრამ უძახიან, როგორც რაღაცის მცოდნეს, თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც ფული აქვთ და ასეთებს, როგორც წესი, მაჟორიტარებად უშვებენ. რომლებიც შემდეგ თავიანთ პარტიებს ქმნიან, განსხავავებით დასავლეთისგან, სადაც ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილს, რომელიც მას მოსწონს. მგონია, რომ, თუ კვოტის ზომა განისაზღვრებოდა 20-25 პროცენტით, ეს მოხსნიდა, როგორც თქვენ ამბობთ, მამაკაცების გააფთრებულ წინააღმდეგობას და მეორე მხრივ, მოხსნიდა იმ ხელოვნურ მიდგომას, რომ, ვინც გინდა ჩაწერეთ, ოღონდ ქალები იყვნენ.
– გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ პირადად მე, არასდროს შემქმნია პრობლემა, რაკი ქალი ვარ, რომ ჩემი აზრი არ მოუსმენიათ ან არ გაუთვალისწინებიათ და ასე შემდეგ, თუმცა წავწყდომივარ უამრავ საპირისპირო შემთხვევას.
– თქვენ გაქვთ თქვენი მკაფიო დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი, შეფასებები, ამდენად, არავის გაუკვირდება, ვინც გიცნობთ, თუ პოლიტიკური პარტია შემოგთავაზებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს იქნებოდა ბუნებრივი, სხვა საქმეა, თქვენ თუ დაეთანხმებოდით. მეორე მხრივ, ჩვენი, ქართველების დადანაშაულება, რომ ქალებს პატივს არ ვცემთ, არის აბსოლუტური სისულელე. თუმცა, ძალადობის ფაქტები ქალებისადმი იყო და კიდევ უფრო უნდა აღშფოთებულიყო ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ, ეს უცხოა ჩვენთვის და მგონია, არანორმალურმა სოციალურმა პირობებმა გამოიწვია მამაკაცების ასეთი ქცევა. იმის თქმა მინდა, რომ თვითონ ქალი უნდა წარმოადგენდეს რამეს, რადგან სიაში მათი ტყუილად ჩაწერა, არ მგონია, კარგი იყოს. ჩემთვის რომ ეთქვათ 10-კაციანი სიის შედგენა, სავსებით თავისუფლად ჩავწერდი იქ 5 ქალს, რომლებიც ნამდვილად საჭირო არიან პოლიტიკაში და არა იმიტომ, რომ კვოტა ითხოვს ამას.
– ერთია, თქვენი დამოკიდებულება და მეორე, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც არ ჩაწერენ ქალს პარტიულ სიაში, იმიტომ რომ, არ აღიარებენ სრულფასოვან ადამიანად. კვოტირება, ვფიქრობ, ასეთთა მენტალობის შეცვლას ემსახურება.
– ნებისმიერ საზოგადოებაში იცვლება დამოკიდებულებები, მაგრამ, როდესაც ქალი იღებს მონაწილეობას პროცესებში, იცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ. ჯერ ერთი, ქალების დასწრებისას კაცები უფრო კორექტულად იქცევიან, არ ბილწსიტყვაობენ, ცდილობენ, თავი მოაწონონ ამ ქალს და ჭკვიანურად ცდილობენ ჩამოაყალიბონ აზრი.
– ჭკვიანური სახით მაინც.
– ყოველ შემთხვევაში, დადებითი გავლენა აქვს ქალების ფაქტორს. ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის საყურებლად ნაკლებად დადიოდნენ ქალები, მაგრამ კალათბურთის მაყურებელთა ნახევარი გოგონები იყვნენ. ეს კალათბურთელებსაც აძლევდა სტიმულს და ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო. გოგონების გულშემატკივრობა სულ სხვანაირი იყო, ბოლომდე ამხნევებდნენ გუნდს. ვფიქრობ, სუფთა ტაქტიკური მოსაზრებით, კვოტა უნდა იყოს ზომიერი, თორემ შემდეგ შესაძლოა, კვოტას გაასწროს და მეტი ქალი ჩაებას ამ საქმეში. გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას, ვინც უცებ მახსენდება: ნინო ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი და ირმა ინაშვილი, მათ თვითონ დაადასტურეს თავიანთი როლი. სხვა საკითხია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ისინი, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით. მაგრამ, ასევე, არის ქალების მეორე ნაწილი, რომლებიც თვითონ ერიდებიან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, თუმცა საზოგადოებრივი პოზიცია მოპოვებული აქვთ. ეს საერთოდ სჩვევიათ წესიერ ადამიანებს და არა მხოლოდ ქალებს.
– მიღებული აზრია, რომ პოლიტიკაში, როგორც წესი, თავიანთ პროფესიაში ხელმოცარული და შეუმდგარი ადამიანები მიდიანო.
– ერთმა კაცმა თქვა, პატრიოტიზმი არის არამზადების ბოლო თავშესაფარიო და ხშირად ასე ხდება პოლიტიკაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. პოლიტიკა აუცილებელია მას შემდეგ, რაც ადამიანი არსებობს. პოლიტიკოსობა შინაგანი მოთხოვნილებაა. როდესაც არ არსებობდა პოლიტოლოგიის ფაკულტეტები, მაშინაც იყვნენ პოლიტიკოსები და ახლაც, როდესაც ეს გადაქცეულია მეცნიერებად, თქვენ ვერ ნახავთ, რომ პოლიტოლოგიის ფაკულტეტდამთავრებული გამხდარიყოს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსები, როგორც წესი, არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც აღმოაჩნდებათ ამის ძარღვი. ქალების შემთხვევაშიც ასე იქნება, თუმცა კვოტა გამოიწვევს ამის სტიმულირებას.
– კვოტის დაწესება ამ ეტაპზე საჭიროა. ასე ვფიქრობ მეც და აღმოჩნდა, რომ ასეთია რეკომენდაციის გამცემთა მოტივაციაც, იმ მენტალობის დასაძლევად, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა შვილების აღზრდა და ოჯახში ფუსფუსია. თუმცა ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ ჩვენთან შვილების აღზრდაში რატომღაც იგნორირებულია მამის როლი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.
– ეს თანდათანობით დაიძლევა ჩვენთან. იცით, როგორი ტრადიციაა ინგლისში? მამაკაცი რეცხავს ჭურჭელს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ინგლისელები ქალაჩუნობისგან ძალიან შორს არიან.
– ნეტავ, ჩვენ ვიყოთ ისეთი „ქალაჩუნები“, როგორებიც არიან ინგლისელები თავიანთი სახელმწიფოიანად.
– მათ ეს დამტკიცებული აქვთ ნებისმიერ სფეროში. მათი განგსტერებიც კი, თუ არიან, ისეთები არიან, ბარე ორი ვერ შეედრება დედამიწაზე. რაშიც არიან, არიან მაგრები, არის ეს – პოლიცია, ფლოტი, არმია.
– თუმცა ქართველი ქალები არ ამბობენ, თუ პოლიტიკაში კვოტას გამოგვიყოფთ, ჭურჭელს არ დავრეცხავთო.
– აკი ვამბობ, ინგლისელები რეცხავენ, გინდა პოლიტიკაში მყოფები და გინდა, პოლიტიკაში არმყოფები. ტეტჩერის მეუღლე იმიტომ კი არ რეცხავდა ჭურჭელს, რომ ტეტჩერი მასზე უფროსი იყო თანამდებობით, არამედ იმიტომ, რომ იქ ასეა მიღებული. მე, ალბათ, ვერ მოვესწრები, რომ ქართველი მამაკაცები ჭურჭელს დარეცხავენ, მაგრამ ქართველი საზოგადოება მეტად უშვებს ქალების მონაწილეობას ისეთ სფეროებში, რომლებიც მანამდე ქალებისთვის განკუთვნილად არ ითვლებოდა. ოღონდ ეს ნელი პროცესია და შეიძლება, ამის დაჩქარებას კვოტირებამაც შეუწყოს ხელი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ 30-მა პროცენტმა შეაძრწუნა მამაკაცები.
– ისე მეწინააღმდეგებოდნენ მსჯელობისას, მეგონა, პირიდან ლუკმას ვართმევდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვიყავი.
– რეკომენდატორები არ გვივარგა, უნდა დაებრეხვებინათ 50 პროცენტი და შიშისგან 30 პროცენტს დათანხმდებოდნენ… ჩემი აზრით, 20-25 პროცენტი და გადავკოცნოთ ერთმანეთი.
– ჩემთვის იყო აღმოჩენა, რაოდენ პროგრესულები ყოფილან ქართველი მამაკაცები არა მხოლოდ ჩრდილოეთ თუ სამხრეთ კავკასიაში, თვით რუსების, ანუ ჩრდილოელების ფონზე ქალისადმი დამოკიდებულებაში. ქალს ქართველი კაცები აღიქვამენ პარტნიორად.
– რატომ გაგიკვირდათ?! ჩვენ ხომ აღმოსავლეთ-დასავლეთის საზღვარზე ჩამოყალიბებული ერი ვართ?!
– ამიტომაც გამიკვირდა, ჩრდილო და სამხრეთკავკასიელებიც აქ არ ცხოვრობდნენ?
– არა… ჩვენ ვამბობთ, ევროპის ნაწილი ვართ და იქ უნდა დავბრუნდეთო, მაგრამ გეოგრაფიულად არ ვართ ევროპის ნაწილი და ვერსად დავბრუნდებით, იმიტომ რომ, არასდროს ვყოფილვართ ევროპაში. ქრისტანობით ვართ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი, იმიტომ რომ, ევროპა, ზოგადად, დასავლეთი, არის ქრისტიანული ცივილიზაცია, ამიტომ ხანდახან მეტიჩრულადაც კი ვითვისებთ დასავლური მასობრივი კულტურის კომპონენტებს. ჩვენ ვუსწრებთ ახლო აღმოსავლეთს, ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ჩამოვრჩებით ევროპულ სახელმწიფოებს, თუმცა ჩვენი ისტორიული მიდრეკილება და მისწრაფება იქითკენაა. არ ვუკვირდებით, თორემ ჩვენი არჩევანიც რუსეთის სასარგებლოდ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს იყო დასავლური. დასავლეთი იმდენად შორს იყო ჩვენგან, რომ კონტაქტი შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ ჩვენთვის უახლოესი დასავლეთი იყო რუსეთი და გავაკეთეთ ეს ქრისტიანობით გამოხატული არჩევანი. ასე რომ, ჩვენ ბუნებრივად მივიწევთ ევროპისკენ, უბრალოდ გვაფერხებენ, ხან – მონღოლობა, ხან – არაბობა, ხან – რა და ხან – რა.
– ახლა რუსობა.
– დიახ, სამწუხაროდ. გიორგი წერეთელი ამბობდა, თუ დაპყრობა იყო, გერმანელებს ან ინგლისელებს დავეპყარით, რაღაცას მაინც ვისწავლიდითო. სხვათა შორის, რუსების შემოსვლაშიც იყო დადებითი მომენტი. მაგალითად, ისინი მოერივნენ ტყვეთა სყიდვას, ამ საშინელ სენს, რომელიც ჩვენი ძალისხმევით ვერ დავამარცხეთ.
– ეს სამარცხვინო დაღია ჩვენს ისტორიაში.
– ერისთვის ეს კიბოზე უარესია. თუმცა, როდესაც რუსები გვამადლიან, გაგაერთიანეთო, პასუხი მარტივია, თქვენ გჭირდებოდათ და ამიტომ გაგვაერთიანეთ.
– ისინი იმპერიის საზღვრებს აფართოებდნენ და კავკასიიდან აძევებდნენ ოსმალეთსა და სპარსეთს. ჩვენი ინტერესები უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს.
– მარტივად აიხსნება ეს. ამიტომ მგონია, ევროპისკენ სვლის პროცესი დაჩქარდება, მართალია, ამოსავალი მოცემულობა იმაზე დემოკრატიულია, ვიდრე მიმდებარედ, თუნდაც, რუსეთში, მაგრამ ჩვენ უნდა შევედაროთ ევროპულ ქვეყნებს, ბალტიისპირეთს. იქითკენ უნდა ვიაროთ და მათ გადავასწროთ. მე მგონია, ამას რაგბი გამოხატავს ძალიან კარგად. სულ უფრო და უფრო მივიწევთ ევროპისკენ. ლაპარაკია ჩვენს დაშვებაზე ევროპულ ექვსეულში, იმიტომ რომ, მის ქვემოთ ჯგუფებში სულ პირველები ვართ. ასე უნდა ვიყოთ პირველები მიმდებარე ჯგუფებში და ბოლოს მარტივი დასკვნა გაკეთდება: ეს ხალხი იმსახურებს ამას.
– მეც ამას ვამბობ, დაუშვან ეს კვოტები ქალებისთვის და გარეგნული ფორმით უფრო დავემსგავსებით ევროპას.
– უნდა დავუშვათ. რაკი სავაჭროდ არ ითქვა 50 პროცენტი და რადგან 30-ს ასეთი რეაქცია მოჰყვა, ვიმეორებ, 25-პროცენტიანი კვოტა შექმნიდა აუცილებელ რაღაც მოთხოვნას და ამავე დროს გააჩენდა ფორმას.