რა სცენარით ეთამაშება დასავლეთი რუსეთს, რატომ წელავს დროს და როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მხარეებისთვის საქართველო სტრატეგიული ტერიტორია
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა და კონგრესმა მიმართა პრეზიდენტს რეკომენდაციით, მიაწოდოს იარაღი უკრაინას. მართალია, ბოლო სიტყვა ბარაქ ობამაზეა, თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე მოწმობს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები ახალი ძალით გაგრძელდება, რადგან ფაქტია, რფ-ც გააძლიერებს დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტების ბრძოლისუნარიანობას. რაზე მიუთითებს შექმნილი ვითარება, რა საფრთხეების წინაშე დგას რეგიონი და როგორ აისახება ეს რთული ვითარება საქართველოზე, – თემას პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რას ნიშნავს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის მზაობა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესახებ ევროპის თავშეკავების ფონზე? აქვე მინდა, ვთქვა ჩემი პოზიციაც, ომში უკრაინა უიარაღოდ არ უნდა იყოს.
– იმისთვის, რომ ამომწურავი პასუხი გავცე შეკითხვას, გავიხსენოთ კონტექსტი. ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ: არიან მკაცრი პოლიტიკის, ანუ იარაღის მიწოდების მომხრეები და ასევე, უფრო თანმიმდევრული მოქმედების მომხრეები. მაგრამ, საბოლოოდ, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მიმდინარეობს ომი, უბრალოდ ეს არის ომის ერთი ეტაპი, როდესაც ჯერჯერობით უშუალოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ ყველა ღონისძიება, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგამენ მხარეები, ემსახურება იმას, რომ საბრძოლო დაპირისპირების შემთხვევაში, ამა თუ იმ მხარეს ჰქონდეს უპირატესობა სტრატეგიული, ეკონომიკური, სამხედრო ელემენტების განლაგების მხრივ თუ პოლიტიკური. ანუ ყველა ცდილობს იმ ღონისძიების გატარებას, რაც შეუქმნის უეჭველ უპირატესობას. თუმცა რუსეთი ამას განსხვავებულად ხედავს, მას განსხვავებული რესურსი აქვს; ევროპა, ტრადიციულად, გარკვეულწილად მოუქნელია; ამერიკის შეერთებული შტატები, გაცილებით უკეთესი რესურსებისა და ომების წარმოების უფრო დიდი გამოცდილების ქონის პირობებში, გაცილებით ხისტია.
– აქ ერთი მომენტიც აძლიერებს ამერიკის სიხისტეს: ის შორსაა, ხოლო ევროპას ეს ბომბები შეიძლება, თავზე დააცვივდეს?
– თუ მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას ავიღებთ, ეს გასაგებია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის უსაფრთხოების კონცეფციაში უწერია, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას მსოფლიოს მშვიდობის არქიტექტურაში. ამ ეტაპზე ამერიკული პოლიტიკა, მოგვწონს ეს თუ არა, თვლის, რომ პასუხისმგებელია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, რადგან ასეთია ერთპოლუსიანი მსოფლიოს არქიტექტურა. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იღებს პასუხისმგებლობას, რომ არის უსაფრთხოების გარანტი, ფიზიკურად მას შეიძლება, არაფერი დაემუქროს, პრინციპით, რუსეთი მისგან შორსაა, მაგრამ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არც ისე მცირე წვლილი შეიტანა და მისი სამხედროები იღუპებოდნენ ევროპისა თუ აზიის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ამდენად, ამერიკისთვის კატასტროფა იქნება, თუ მის ძირითად მოკავშირე ევროპას რამე დაემუქრება და ევროპის დღევანდელი რეალობა ჩამოიშლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს უამრავი გამოწვევა აქვს აფრიკაში, არაბულ სამყაროსა თუ აზიაში, სადაც მას პრობლემებთან მარტო გამკლავება გაუჭირდება. ასე რომ, მას სჭირდება სანდო პარტნიორები, რომელთა ყოველდღიურობაც სტაბილურია და დამოკიდებული მმართველი პოლიტიკური ძალის ცვლილებაზე. იმის თქმა მინდა, რომ საფრთხე, რომელიც ევროპას ემუქრება, ასევე, მტკივნეული იქნება ამერიკისთვის როგორც ფინანსურად და ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ამდენად, მე ვერ ვიტყოდი, ამერიკისთვის სულერთია, რომ პირველი დარტყმა მიადგება ევროპას, რადგან ეს მაინც ერთი პოლიტიკური სივრცეა.
– იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მოვლენების უკიდურესი სცენარით განვითარებისთვის?
– ზოგადი სქემა ასე მუშაობდა: გარკვეულ ზღვარს შემდეგ რუსეთმა დაიწყო აქტიური მოქმედება, თუნდაც, როდესაც 2008 წელს საქართველოში შემოვიდა, მიუხედავად იმისა, ვისი პროვოცირებული იყო მოვლენები, რუსეთმა გაბედა და საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო; შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკრაინის მიმართულებით: დაიწყო სამხედრო მოქმედებები და ელოდებოდა, დაიწყებდა თუ არა დასავლეთი საბრძოლო მოქმედებებს. ანუ რუსეთმა იმოქმედა, მაგრამ ომის დაწყების ინიციატორი უნდა ყოფილიყო დასავლეთი. ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში, დასავლეთმა ვერ აიღო ეს ტვირთი, მაგრამ ახლა მომენტი შემობრუნდა. თუ დააკვირდებით, ბალტიისპირეთში, ჩეხეთში გერმანიიდან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფების მანევრები ხორციელდება, რაც გარკვეულწილად, კუნთების თამაშია და პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მარყუჟი ვიწროვდება. რუსეთის ერთადერთი პასუხი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაა.
– საბრძოლო მოქმედებების დაწყება ევროპის წინააღმდეგ?
– თავისთავად, მან უნდა დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები და დაიკავოს სტარტეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები ომის მიზნების ბოლომდე მისაყვანად, მაგრამ სწორედ ესაა პრობლემის მთელი სიმწვავე: დასავლურ პოლიტიკას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი – რუსეთი უნდა გავიდეს დაკავებული ტერიტორიებიდან – საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ალბათ, სომხეთიდანაც, რაც, თავისთავად, უკვე ნიშნავს, რომ რუსეთში ეს რეჟიმი ვეღარ იარსებებს. დაიწყება დეტონაციური პროცესები და იძულებული იქნება, დაადგეს ტრანსფორმაციის გზას დასავლური კაპიტალის მეშვეობით, იმიტომ რომ, სხვა კაპიტალი უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. ეს სცენარი დასავლეთს აქვს დამუშავებული და ეტაპობრივად ახორციელებს.
– რუსეთს არ აქვს კონტრსცენარი?
– რუსეთს არ აქვს კონტრზომები. დავუშვათ, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ხმელეთზე, მაშინ მან, დაახლოებით ის საბრძოლო მანევრი უნდა განახორციელოს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს – სტალინმა, როდესაც საბჭოთა კავშირის გარშემო შექმნა ბუფერული ზონა და იქ დასვა თავისი რეჟიმები. იმავეს გამეორება დღეს რუსეთს საკმაოდ გაუჭირდება. თუ მან მოახერხა ევროპის დაკავება, ეს მისთვის მძიმე ტვირთია და არ ნიშნავს, რომ ამით ანადგურებს შეერთებულ შტატებს. ამდენად, რუსეთისთვის სამხედრო გზა არის გზა არაფრისკენ. რუსეთი დღეს არის, როგორც მონღოლეთი, რომელიც მარტო იბრძვის მსოფლიოს წინააღმდეგ.
– საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკოსების კეთილგანწყობა რუსეთისადმი მხოლოდ პოლიტიკური ლაქუცია?
– ეს მაშინ იქნება მნიშვნელოვანი, თუ საფრანგეთი და გერმანია გამოვლენ სანქციების რეჟიმიდინ და დატოვებენ „ნატოს“. რას განაცხადებს სარკოზი ან რომელიმე გერმანელი პოლიტიკოსი თავისი ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები იცვლიან სტრატეგიას. მათ გაიზიარეს ყველა ის სანქცია, რაც დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ და ამ სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი. რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დასავლეთზეა ორიენტირებული, მაღალი ტექნოლოგიები მასთან დასავლეთიდან მიდის, ის კი არის ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების მიმწოდებელი. ანუ მას მოუწევს ბრძოლა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მისი პროდუქციის მთავარი მყიდველია.
– რუსეთისთვის ჩინეთის მოკავშირეობა რამდენად რეალურია?
– ჩინეთისთვის გაცილებით მიმზიდველია, დარჩეს ამერიკის 20-ტრილიონიან ბაზარზე, ვიდრე რუსეთის გაზისა და ნავთობის სატყუარათი დაკარგოს ეს ბაზარი და ითამაშოს 2-ტრილიონიან რუსულ ბაზარზე. აქვე გეტყვით, რომ ევროპული სივრცის ბაზარი 16-17-ტრილიონიანია. ეს ძალიან განსხვავებული კატეგორიებია და ომი მაშინაც კი წარმოუდგენელი იყო ფულის გარეშე, როდესაც მშვილდ-ისრებით მიმდინარეობდა. მით უმეტეს, თანამედროვე ომები, რომლებიც, ძირითადად, ფულზეა მიბმული.
– ფაქტია, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო სისხლიანი გახდება. ანუ უკრაინელებისა და მათი სეპარატისტების სისხლის დაღვრა აუცილებელია გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ორივე მხარისთვის? მარტო უკრაინამ უნდა გამოუშვას სისხლი, რომ რუსეთი თავის ადგილს დაუბრუნდეს?
– მოდი, ასე ვთქვათ, ყველამ თავისი მძიმე ჯვარი უნდა ზიდოს. ამ შემთხვევაში მორალისტური პოზიცია არ მომცემს საშუალებას, ვიყო ობიექტური, ამიტომ ასე ვიტყვი: იმისთვის, რომ უკრაინამ დაამტკიცოს, რომ ის სახელმწიფოა, მან უნდა იბრძოლოს. არც ყირიმი და არც ის ტერიტორია, სადაც დღეს საომარი მოქმედებებია, უკრაინელ ხალხს სისხლით არ მოუპოვებია. ამდენად, შესაძლოა, ეს პროცესები არ მომხდარიყო, მაგრამ უკრაინას, დიდი ალბათობით, მაინც მოუწევდა სისხლის დაღვრა, რომ თავისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ის საზღვრები, რომლებიც აქვს, მოეპოვებინა. სამწუხაროდ, მსოფლიოში საზღვრები ხშირად იცვლება და საზღვრების სასრულობა იმაზეა დამოკიდებული, იბრძოლებს თუ არა ესა თუ ის ერი ამ საზღვრების შენარჩუნებისთვის. თუ იმ კუთხით მივუდგებით საკითხს, არის თუ არა ეს დასავლეთის თამაში, გარკვეულწილად, ეს ასეა. მაგრამ, ვფიქრობ, პროვოკაციული ქმედებები დასავლეთს ნაკლებად ჰქონდა, რომ სპეციალური სცენარით მომხდარიყო რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება. ეს მათი მძიმე ჯვარია, მაგრამ ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, უკრაინამ შეძლოს უკრაინის რღვევის შეჩერება. მეორე მხრივ, უკრაინისთვის ფინანსებისა თუ იარაღის მიწოდება რუსეთმა შეიძლება, აღიქვას, როგორც აგრესიული ნაბიჯი და მე ვფიქრობ, ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად გაწელოს პროცესი. დაელოდოს, რა შედეგს გამოიღებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ახლა დრო პუტინის წინააღმდეგ მუშაობს, ის ბევრ შეცდომას უშვებს და დასავლეთი ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ის ზარალი, რაც შეიძლება რუსეთთან დაპირისპირებამ მოუტანოს და ელოდებიან ხელსაყრელ პოზიციას. ისინი თამაშობენ სტრატეგიულ ჭადრაკს, როდესაც დრო დასავლეთზე მუშაობს. ქართველებსაც არ უნდა გვეოცნება, რომ ვიღაც იომებდა ჩვენ ნაცვლად…
– ჩვენ ახლაც ამაზე ვოცნებობთ… ყველას თავისი მძიმე ჯვარი აქვსო, კიდევ ხომ არ მოგვიწევს ჩვენი მძიმე ჯვრის აწევა? „მიწების შემგროვებელმა“ ვეჭვობ, ბალტიისპირეთს რამე გაუბედოს, როგორც „ნატოს“ წევრს, მაგრამ ჩვენზე რა დაუშლის ქულების დაგროვებას? ჩვენი სისხლის გამოშვებაც ხომ არ დადგება დღის წესრიგში?
– ძალიან რთული სტრატეგიული საჭადრაკო თამაშია და ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს მოწინააღმდეგე. შესაძლოა, მოულოდნელი სვლებიც გაკეთდეს და ამიტომ დარწმუნებით იმის თქმა, რომ საქართველოს არაფერი დაემუქრება, საკმაოდ ძნელია. თუმცა, ჯერ ერთი, რუსეთს გაუჭირდება მომზადების გარეშე ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება, რაც გვაძლევს შედარებით მშვიდად ყოფნის საშუალებას. მეორე მხრივ, რუსეთისთვის წამგებიანი იქნება, სამხედრო თვალსაზრისით, ორ ცხელ წერტილში საომარი მოქმედებების წარმოება, თუ ის, რა თქმა უნდა, არ განახორციელებს პრევენციულ დარტყმას დასავლეთის წინააღმდეგ და შეძლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავებას. ასეთი ნაბიჯიც არ არის გამორიცხული და გარდა ბალტიისპირეთისა, ასეთი ტერიტორიაა სამხრეთ კავკასია. რუსეთს საქართველო აუცილებლად სჭირდება, რომ წინ აღუდგეს თურქეთის მხრიდან „ნატოს“ მოქმედებას, ასე რომ, ეს საფრთხე ბუნებაში არსებობს. თუმცა, ვიმეორებ, რეალურად, რუსეთისთვის უფრო მეტი შემაკავებელი ფაქტორი არსებობს, ვიდრე წამახალისებელი.
– და შეგვიძლია, ჯერჯერობით მშვიდად ვიძინოთ.
– დიახ, თუმცა არის მეორე, არანაკლებ სახიფათო პრობლემა და ამის პრეცედენტი მოხდა რუსეთში რევოლუციის სახით. მიუხედავად იმისა, რომ მეფის რუსეთის ეკონომიკა განიცდიდა აღმავლობას და პოლიტიკური პრობლემები არ ჰქონდა, უცებ, შიდა პრობლემების გამო, ჩამოიშალა იმპერია და რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, ისე, რომ რევოლუციონერებიც არ გეგმავდნენ, დაიწყო ქაოსი. ანუ ერთია, რომ პუტინი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მაგრამ ასეთმა ნერვულმა ეკონომიკურმა, სამხედრო და პოლიტიკურმა პრობლემებმა შესაძლოა, გამოიწვიოს უმართავი პროცესები, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ პერიფერიებზეც იგივე მოხდება.
– და არავინ იცის, რა ჯობია: რუსეთის რეგულარული ნაწილების თავდასხმა თუ ჩრდილო კავკასიელთა შეიარაღებული ბანდების ქაოსური შემოსევა?
– ეს სხვა ტიპის საფრთხეა და საკმაოდ მწვავე. აქ შეიძლება, არ დადგეს ქვეყნის ოკუპაციის საფრთხე, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს განაპირა რეგიონებს საფრთხე დაემუქრება და ის არ დაექვემდებარება არც ომის კანონმდებლობას და არც საერთაშორისო კანონებს, განსხვავებით რუსეთის რეგულარული ჯარის მოქმედებისგან და, თქვენი თქმის არ იყოს, სამარჩიელოა, რომელი რომელს ჯობია.