„ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა…“
გასულ კვირას დედაქალაქის საკრებულომ, როგორც იქნა, დაამტკიცა „შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი“. ხოლო, რაკი დაამტკიცა, ამიერიდან სავალდებულო გახდა ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ხოლო რეგისტრაციის მომენტიდან ერთ თვეში კი პატრონი ვალდებულია, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ტატუირებით, „საჭდით“ და ყელსაბამით.
რაც მთავარია, ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე. ისიც კი განისაზღვრა, სად და როდის უნდა გაასეირნონ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ადამიანებმა. ასევე, პატრონი ვალდებულია, დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე (უნდა ვაღიაროთ, რომ შინაური ცხოველების ექსკრემენტები ჩვენი დედაქალაქის ლამის სავიზიტო ბარათია).
ამას გარდა, დაწესდა უპატრონო ცხოველების მოვლის წესებიც და მათი მოკვდინება თუ მათი სტერილიზაცია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებითაა დასაშვები – ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე. –
ერთი სიტყვით, რეგულაციების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა ცხოველთა უფლებადამცველებმა და შინაური ცხოველების პატრონებმა ახალი წესი გაააპროტესტეს: რიგი საკითხებისა დასაზუსტებელიაო. ჩვენ არ ვიცით, გაიზიარებს თუ არა საკრებულო მოპროტესტეთა შენიშვნებს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ შინაურ ცხოველთა მოვლის პრობლემის გააქტიურებამ საზოგადოების ნაწილში იქედნური დამოკიდებულება გამოიწვია (პათოსით, რა დროს ცხოველთა უფლებებია, როდესაც ადამიანის უფლებები ვერ დაგვიცავსო). მეორე მხრივ, არც ისაა საიდუმლო, რომ მაინცდამაინც, არც ბუნებაზე ზრუნვით გამოვირჩევით და არც ცხოველებისადმი სიყვარულით, რაც ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ, თუნდაც, ვაჟა-ფშაველას ციტირების სიყვარული უფრო პოზაა, ვიდრე მისი თანამოაზრეობა.