მიყვარხარ და მოგწამლე!
კარლ ბოგანს არასდროს უფიქრია, რომ ცოლს მოკლავდა, თუმცა ცოლი სძულდა და ზოგჯერ ნანობდა კიდეც, უღელში თავი რომ გაყო.
ლაურას ბევრი ფული ჰქონდა, ძვირფასი სახლი სანაპიროზე, უყვარდა კიდეც კარლი, მაგრამ, პრობლემა ის იყო, რომ კარლს არ შეეძლო, ყოფილიყო მხოლოდ ერთ ქალთან, მას მოსწონდა სასიყვარულო თავგადასავლები და ცოლს ხშირად ღალატობდა, ძალიან ხშირადაც კი. ლაურამ ეს იცოდა და სკანდალებსაც არ აკლებდა, რამაც კარლი ძალიან დაღალა. იმ ჭკუაზე იყო, ყველაფერზე უარი ეთქვა და სადმე შორს გაქცეულიყო.
ლაურა სასტუმრო ოთახში ელოდებოდა, როგორც ყოველთვის, დიდი, იატაკზე დასადგმელი საათის გვერდით, ნახევრად სიბნელეში. კარლმა წინასწარ იცოდა ტექსტი, რომელსაც ქალი ეტყოდა და, შეეცადა, სიმშვიდე შენარჩუნებინა, მაგრამ ლაურამ დაუყვირა, რომ სახლიდან აგდებდა – დაუყოვნებლივ უნდა წათრეულიყო და ერთ ცენტსაც ვერ მიიღებდა.
– მოკეტე! – დაიღრიალა პასუხად კარლმა და მასში ერთბაშად იფეთქა სიძულვილმა, თვალები ბოროტად აუელვარდა, ცოლს მივარდა და ყელში სწვდა.
– კარლ... – ამოიხრიალა ქალმა და მისი მომჩვარული სხეული იატაკზე განერთხა.
კარლმა ამოისუნთქა. სიმშვიდე ნელ-ნელა მოვიდა. ოთახის მეორე კუთხეში ბუხართან მივიდა და სიგარეტი გააბოლა. ასე... ახლა თავისუფალი იყო, თუმცა, კარგი არაფერი ელოდა. გვამი არავის არ უნდა ენახა. მაგრამ, რა უნდა მოეხერხებინა მისთვის? მეორე სიგარეტი რომ მოწია, გონება გაუნათდა: მათ სახლს შესანიშნავი სარდაფი ჰქონდა. ჰოდა, სწორედ იქ ჩამარხავდა. ასეც მოიქცა. ამ საქმეს ერთ საათზე ნაკლები მოანდომა. მიწა კარგად მოასწორა, ზემოდან ჯვალოს ფარდაგიც დააფარა და, საკუთარი ნამუშევრით ძალიან კმაყოფილი, სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. სახლში ყველაფერი ძველებურად იყო – საათიც კი, რომელიც მოწმე იყო მომხდარისა, ძველებურად წიკწიკებდა. კარლიც აბსოლუტურად დამშვიდდა. დილით ბედნიერმაც კი გაიღვიძა. მის ცოლს ახლო ნათესავები და მეგობრები არ ჰყავდა. თუმცა, კარლმა ბევრი არაფერი იცოდა ცოლის შესახებ – დილით გარბოდა სახლიდან, გვიან ბრუნდებოდა და მაშინაც ჩხუბობდნენ. ამიტომ, ლაურას წესიერად გაცნობა ვერ მოახერხა. ცოლის მემკვიდრეობაზე ფიქრი ნაადრევი იყო, ჯერ მისი უკვალოდ გაქრობის შესახებ უნდა გამოეცხადებინა, შვიდი წლის შემდეგ კი მიიღებდა მემკვიდრეობას... სახლის გაყიდვას გაცილებით ადრე შეძლებდა... კარლმა შუბლი მოისრისა, – მეზობლები! ისინი აუცილებლად შენიშნავენ ლაურას უცაბედ გაუჩინარებას... შიშმა ისევ შეუბოჭა ხელ-ფეხი. მეორე დღეს საერთოდ არ გამოსულა სახლიდან – ფიქრობდა, ბოლოს კი რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.
მესამე დღეს, დილით, პროდუქტების საყიდლად წავიდა. უკან რომ დაბრუნდა, ყველაზე ცნობისმოყვარე მეზობელი, მისის მარჯორი ვარ-რეისი, ეზოში ბუჩქებს კრეჭდა. სალამზე შემოტრიალდა და გაუღიმა:
– როგორ ხართ, მისტერ ბოგან, მისის ბოგანი როგორ არის? სამ დღეზე მეტია, არ დამინახავს. ლაურა ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს რწყავდა ყვავილებს. გუშინ ხორცის მაღაზიიდან ბაყალმაც იკითხა, არ დაურეკავს და შეკვეთა არ გაუკეთებიაო...
– შეუძლოდ არის, მისის მარჯორი, ძალიან დასუსტდა. ალბათ, მომვლელს დავუქირავებ, რომ, სანამ სამსახურში ვიქნები, მიხედოს.
– თუ გნებავთ, შემიძლია, ბულიონი გავუკეთო.
– არა, ასე ვერ შეგაწუხებთ, ხვალ მოვიყვან მომვლელს.
კარლ ბოგანმა მოქმედების ზუსტი გეგმა დასახა: თავისი ერთ-ერთი ბოლო საყვარელი შეარჩია და საქმის ვითარება გააცნო, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ:
– ბეტა, საყვარელო, მომისმინე... შენ მისი ნახვა არ მოგიწევს – ის მეორე სართულზე წევს, საძინებელში. მუცელი მოეშალა და ძალიან მძიმედ არის. თან, დეპრესიაც დაერთო ფიზიკურ სისუსტეს. უცხოს ვერ შემოვუშვებ სახლში, მარტო კი თავს ვერ ვაბამ საქმეს. მოხვალ თერთმეტ საათზე და ოთხზე მე თვითონ გაგაცილებ. მანამდე გაზეთში განცხადებას განვათავსებ, რომ ცოლისთვის მომვლელი მჭირდება...
– ეგ რატომ არის საჭირო?
– ვინმემ ეჭვი რომ არ აიღოს ჩვენი სიახლოვის შესახებ – მითქმა-მოთქმა არაფერში მჭირდება. ყველაფერი გაიგე?
– კარლ, მოკვდება?
– არ ვიცი, ბეტა. გეუბნები, ძალიან სუსტად არის. ექიმი ყოველ მეორე დღეს მოდის და სანუგეშოს ვერაფერს მეუბნება. თუ გაუგრძელდება და გაუმწვავდება მდგომარეობა, დახურულ, კერძო პანსიონში მოვათავსებ. ჯერ კი ვერ გავაკეთებ ამას... გესმის, ხომ, ჩემი?
ქალმა თავი დაუქნია.
– ხომ გიყვარვარ, კარლ?
– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარხარ. ამიტომაც მინდა, ჩემ გვერდით იყო ასეთ მძიმე წუთებში. პირველ სართულს დაალაგებ, სადილს მოამზადებ და დამელოდები. ზოგჯერ კინოში წასვლასაც შევძლებთ, როცა ლაურა ადრე დაიძინებს. დასაძინებელ საშუალებებს ხშირად ვასმევთ, რადგან, კოშმარები ესიზმრება.
– კარლ, ხომ იმის მერეც გეყვარები, როცა შენი ცოლი მოკვდება და ხომ ერთად ვიქნებით?
– რა თქმა უნდა, საყვარელო...
ბოგანს ყველა დეტალი მოფიქრებული ჰქონდა და, არ უნდოდა, შვიდი წელი დალოდებოდა ლაურას ქონებას. მისი ჩანაცვლება შეიძლებოდა. ჯერ გაავრცელებდა ხმას, რომ ცოლი კერძო პანსიონში გაგზავნა სამკურნალოდ, მერე კი იტყოდა, მოკვდაო და დაკრძალვას ისე გააკეთებდა, კუბოს თავს არ ახდიდნენ. თვითონ ბეტასთან ერთად გაემგზავრებოდა სადმე მთებში და იქ რომელიმე ხევში გადაჩეხავდა, სიკვდილის ცნობას კი ცოლის სახელზე აიღებდა – ვინ იცნობდა ბეტას? იქვე გაუკეთებდა კრემაციას და გადმოასვენებდა... ბოგანი თითქმის ზეიმობდა გამარჯვებას. ერთხელ იფიქრა, ბეტას ხომ არ ვუთხრა, ცოლი რომ მოვკალიო, მაგრამ, მაინც ვერ ენდო.
ერთი თვის განმავლობაში კარლს აჰქონდა მეორე სართულზე ლანგარი, ზედ ხელსახოცგადაფარებული სადილით. შეჰქონდა ცოლის ოთახში, ჭამდა ყველაფერს და ცარიელი ჭურჭელი უკან ჩამოჰქონდა... ზოგჯერ ბეტა მართლა მიჰყავდა კინოში და მასთანაც წვებოდა... თან მეზობლებში ამყარებდა აზრს ცოლის მძიმე ავადმყოფობის შესახებ...
იმ საღამოსაც ჩვეულებრისამებრ აიტანა ლანგარი ზემოთ, ყველაფერი შეჭამა და ტუჩებიც კი მოიწმინდა...
– მგონი, მოეწონა შენი ნახელავი, – უთხრა ბეტას, როცა ქვემოთ ჩამოვიდა, – უბრალოდ, ლაპარაკი არ შეუძლია, ისევ სუსტად არის.
– არავითარი უკეთესობა?
– არა. შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს ასე, – ამოიოხრა კარლმა.
– არა, – გადაჭრით თქვა ბეტამ, – აღარ გაგრძელდება.
– რა? – ვერ მიხვდა კარლი და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
– მითხარი, ხომ გიყვარვარ, საყვარელო! ეს შენი გულისთვის გავაკეთე, კარლ... მხოლოდ შენი გულისთვის!
– რა გააკეთე?..
– საჭმელი მოვუწამლე, კარლ, სწრაფად და უმტკივნეულოდ მოკვდება... სამაგიეროდ, ჩვენ გავთავისუფლდებით და დაქორწინებას შევძლებთ...
– იდიოტო! – დაიღრიალა კარლმა და იატაკზე მოცელილივით ჩაიკეცა – ვეღარ მოასწრო გაოცებული ბეტასთვის იმის თქმა, ვინ შეჭამა მისი მომზადებული მოწამლული კერძი.