მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-13(744)
***
ჯამალისა და ჯალალის წარმატებებმა საბოლოოდ გადაუწურა იმედი კლაუს ჰაშეკს. ამიტომ, ნებაყოფლობით გადაწყვიტა უფლებამოსილების დათმობა. მან ავღანელები თავის კაბინეტში მიიწვია და უთხრა:
– თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს, ბატონებო და ამიტომ გიხმეთ.
– გისმენთ, ბატონო კლაუს, – ერთხმად მიუგეს ავღანელებმა.
– მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობას არ ვუჩივი, უკვე ასაკში შევდივარ და იმდენი ენერგია აღარ მაქვს, რაც ჩვენს ბიზნესს სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე, პენსიაზე გავიდე და ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო, ანუ – თქვენ, ჩემო ჯამალ და ჯალალ. რას იტყვით ამ წინადადებაზე?
ავღანელებმა ერთმანეთს გადახედეს. ჯამალმა კი ჰაშეკს უთხრა:
– ბატონო კლაუს, ამ საკითხის გადაწყვეტა ჩვენ არ შეგვიძლია და ჩვენს უფროსებს უნდა შევუთანხმდეთ.
– რა თქმა უნდა, – მიუგო ჰაშეკმა.
– ბატონო კლაუს, თქვენ ეს მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი? – ჰკითხა ჯალალმა.
– მტკიცედ, წყალი აღარ გაუვა, – მიუგო ჰაშეკმა, – ასე რომ, კარლო მოზესთან მოლაპარაკებებში, რომელიც ერთი კვირის შემდეგ უნდა შედგეს, უკვე თქვენ იქნებით მთავარი ფიგურანტები.
– მოზესთან შეხვედრაზე არაფერი ვიცით, – გაუკვირდა ჯალალს.
– ამ დილით გავიგე მეც. თავად დონ კარლომ ისურვა ეს. დამირეკა და მითხრა.
– სად უნდა მას შეხვედრა?
– თავისთან, კოლუმბიაში მიმიწვია, მაგრამ უარი ვუთხარი და აქ ჩამოსვლა შევთავაზე.
– დათანხმდა?
– პასუხი დღეს უნდა მაცნობოს.
– ხომ არ უთქვამს, რა უნდა?
– არა.
– კარგი. მაშინ ასე ვქნათ... – ჩაფიქრდა ჯალალი და მცირე პაუზის მერე დაამატა, – ერთ-ერთი ჩვენგანი ჩვენს უფროსებთან გაემგზავრება საკონსულტაციოდ, რომ ისინი საქმის კურსში ჩავაყენოთ. მეორე კი აქ დარჩება.
– მასე ქენით, – გაიღიმა ჰაშეკმა, – მეგობრებო, იმედია, პენსიონერ კაცს არ მაწყენინებთ და ბიზნესის წილიდან არ ამომაგდებთ. რაც არ უნდა იყოს, ეს საქმე მე ავაწყვე. თანაც, დიდი გამოცდილება მაქვს და კონსულტანტად გამოგადგებით.
– რა თქმა უნდა, ბატონო კლაუს. რაზეა ლაპარაკი, – უთხრა ჯალალმა. შემდეგ ჯამალს მიუბრუნდა:
– ჯამალ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– მივხვდი, მივხვდი. ალბათ, იქაურობა მოგენატრა და ავღანეთში გამგზავრება გინდა. გაემგზავრე, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, – გაუღიმა ჯამალმა მეწყვილეს.
ჯალალი იმავე საღამოს გაემგზავრა ავღანეთში, რათა საველე მეთაურებისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა და კარლო მოზესთან შეხვედრისთვის უკან დაბრუნებულიყო.
უშბამ ახალი ამბავი ცენტრს აცნობა. იქიდან კი უბრძანეს, რომ ჯინა ქროსის შეყვანის ოპერაცია დაეწყო. დაშიფრული პასუხი ცენტრიდან ასეთი იყო: „რადგან სიტუაცია შეიცვალა, აუცილებელიცაა, თან, მიზეზიც გაქვს, რომ ჯინა საქმეში ჩართო. მას შენს მდივნად აიყვან და მოლაპარაკებებზე იახლებ დროთა განმავლობაში. ტყუილად ღელავ. ის კარგად მომზადებული აგენტია და დაგაზღვევს.”
ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯალალს ახალი ამბავი დაახვედრეს. ჰაშეკმა მას ხელი ჩამოართვა, მოიკითხა და უთხრა:
– ბოტონო ჯალალ, კარლო მოზესი ზეგ პრაღაში ჩამოდის მოსალაპარაკებლად და მას უკვე თქვენ ორნი გაუწევთ მასპინძლობას.
– ძალიან კარგი, – მიუგო ჯალალმა, – ჩვენმა უფროსებმა მოგიკითხეს, ბატონო კლაუს. თან, მადლობა შემოგითვალეს თქვენი ჟესტის გამო, პირველობა რომ ჩვენ დაგვითმეთ. მათი თქმით, თქვენ ყოველთვიური შემოსავლიდან ოცპროცენტიან წილს მიიღებთ. რას იტყვით, თანახმა ხართ?
– რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ოცი პროცენტი საერთო შემოსავლიდან დიდი თანხაა და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდი ამას, – თქვა გახარებულმა ჰაშეკმა.
– ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ, ბატონო ჰაშეკ, – დაამატა ჯამალმა.
– რა თქმა უნდა, მე ამაში წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, – მიუგო ჯამალს ჰაშეკმა.
ორი დღის შემდეგ პრაღაში ჩამოსულ კოლუმბიელ ნარკობარონს უკვე ჯამალმა და ჯალალმა გაუწიეს მასპინძლობა. კლაუს ჰაშეკმა მათ დიდსულოვნად დაუთმო თავისი სასახლის რამდენიმე აპარტამენტი და კოლუმბიელ სტუმარს უთხრა:
– დღეიდან ყველაფერს ჩვენს ბიზნესში ეს პატიოსანი ახალგაზრდები განაგებენ, ბატონო მოზეს და ამიერიდან მათთან გექნებათ მოლაპარაკებები.
დონ კარლოს ეს სიტყვები მაინცდამაინც არ ეპიტნავა. თუმცა არაფერი შეიტყო და ჰაშეკს ჰკითხა:
– ხომ ჯანმრთელად ხართ, კლაუს?
– ჯანმრთელად ვარ და ამ მხრივ, პრობლემები არ მაქვს. უბრალოდ, ყველასთვის ასე აჯობებს. უპირველესად კი, ბიზნესისთვის, – მიუგო ჰაშეკმა.
კარლო მოზესმა ავღანელებს ხელი ჩამოართვა. მიულოცა და უთხრა:
– ბატონებო, რადგან აქ თქვენ ხართ უკვე მთავარი, მაშინ სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ჩემი დელიკატური პრობლემა.
– მოდით, ასე ვქნათ, – მიუგო ჯამალმა კოლუმბიელს, – ჯერ ვისადილოთ, შემდეგ კი საქმეზე დავილაპარაკოთ. მგონი, ასე აჯობებს. სადილობამდე კი ერთი საათია და სანამ სუფრას მივუსხდებოდეთ, თქვენთვის გამზადებულ აპარტამენტებში მოისვენეთ. დიდი გზა გამოიარეთ და დაღლილები იქნებით.
ჯამალის სიტყვებმა ნათლად აგრძნობინა მოზესს, თუ ვინ იყო იქ სიტუაციის ბატონ-პატრონი და სიბრაზემ შეიპყრო. თუმცა არ შეიმჩნია. ოდნავ უკან მდგომი ოცდათხუთმეტიოდე წლის შავგვრემანი ქალი მოიხმო და ავღანელებს წარუდგინა:
– ეს კარმენია. ჩემი ქალიშვილი და მარჯვენა ხელი – იცნობდეთ.
ჯამალი ხელზე ეამბონა კარმენს. ჯალალმა მხოლოდ ხელი ჩამოართვა ქალს. კლაუს ჰაშეკმა კი გადაკოცნა და ჰკითხა:
– როგორ ხართ, კარმენ? თქვენ ძველებურად მშვენიერი ხართ და არ იცვლებით. დღითი დღე მშვენიერდებით.
გარეგნული სილამაზის მიუხედავად, კარმენს ქალურობა აკლდა. კაცივით ცივი გამოხედვა ჰქონდა. მამამისს ჰგავდა და ეტყობოდა, რომ თუკი დასჭირდებოდა, არავის დაინდობდა.
– თქვენ როგორ ბრძანდებით, მისტერ ჰაშეკ? – კითხვა შეუბრუნა კარმენმა ჰაშეკს.
– მე უკვე პენსიაზე ვარ, – თქვა ჰაშეკმა და კარისკენ გაიშვირა ხელი, – აპარტამენტებში მოისვენეთ, ძვირფასო სტუმრებო და ერთმანეთს სადილზე შევხვდებით.
მოზესის ოთხი მცველი პატრონსა და მის ქალიშვილს სასახლის ეზოში ელოდებოდა. სტუმრები კი მსახურმა აპარტამენტებამდე მიიყვანა და წამოვიდა.
ჯამალი და ჯალალი ერთ პატარა ოთახში განმარტოვდნენ, რომელიც სპეციალურად ისე იყო მოწყობილი, რომ გარეთ ხმა არ გადიოდა. შემდეგ დინამიკები ჩართეს და სმენად იქცნენ. ისინი სტუმრებისთვის განკუთვნილ აპარტამენტებში მყოფ მოზესს უსმენდნენ.
– რას იტყვი, შვილო. როგორ მოგეწონა ეს სიახლე? – ჰკითხა დონ კარლომ კარმენს.
უშბას, დონ კარლო მოზესის სიტყვებზე ძარღვებში სისხლი გაეყინა. მღელვარებამ შეიპყრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მის მეწყვილეს არაფერი შეემჩნია. საქმე ის იყო, რომ მამა და შვილი ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ...
– თავდაჯერებული ნაბიჭვრები სჩანან და უნდათ, გვიჩვენონ, რომ ისინი არიან მდგომარეობის ბატონ-პატრონები, – მიუგო ქალმა მამას.
– ძველი სჯობდა, მაგრამ ამათთანაც უნდა გამოვნახოთ საერთო ენა. ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია არ უნდა გავამწვავოთ. მერე კი საქმე გვიჩვენებს.
– რომ არ დაგვთანხმდნენ?
– მაშინ კიდევ უფრო უნდა დავაკლოთ ფასი.
– როდემდე? ერთხელ თუ დავუთმეთ, ყოველთვის დათმობას მოგვთხოვენ. ასე კი საქმე ჩაგვივარდება და წონასაც დავკარგავთ კოლეგებში.
– ახლა თუ არაფერი გამოგვივიდა, დათმობა მოგვიწევს. მერე კი მათ მოშორებაზე უნდა ვიზრუნოთ.
– როგორ? ამ გიჟებთან ომს აპირებ?
– არა.
– აბა, რას?
– ერთი კაცი მყავს და დახმარებისთვის მას მივმართავ.
– ვინ კაცი?
– აქ მისი სახელის ხსენება არ შეიძლება. სახლში რომ დავბრუნდებით, იქ ვილაპარაკოთ, – მიუგო კარლომ შვილს. ამ დროს აპარტამენტის კარზე მსახურმა დააკაკუნა და სტუმრები სუფრასთან მიიწვია.
– რა უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ, – უთხრა ჯალალმა ჯამალს, – ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. შენ?
– ვერც მე, – მიუგო ჯამალმა, – უცნაურია. თუ არ ვცდები, მამა-შვილი სწორედ იმ ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელზეც ბადალოვის ხალხი, თბილისში რომ ვიყავით და მანქანით წაგვიყვანეს თავის ბოსთან.
სადილმა ზომიერად ჩაიარა. შემდეგ ყველამ ერთ მყუდრო ოთახში გადაინაცვლა და კარლო მოზესმა ინგლისურად თქვა:
– ბატონებო, იმ სიშორიდან ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანია, ერთი დელიკატური საკითხის მოგვარება. ეს საკითხი კი ჩეჩნეთიდან წამოსული საქონელია. არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ძალიან აღელვებთ ეს პრობლემა.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ, დონ მოზეს? – ჰკითხა კოლუმბიელს ჯამალმა.
– რას და, თუ ასე გაგრძელდა, ჩეჩნური საქონელი ჩვენსას ჩაანაცვლებს, რაც ჩვენი ბიზნესისთვის კატასტროფული იქნება.
– დონ მოზეს, ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხის საქონელს გვთავაზობენ, თანაც ძალიან იაფად. თქვენი საქონელი კი ძვირია.
– ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, დავაკლოთ, მაგრამ უსასრულოდ არა. რა მნიშვნელობა აქვს დაბალი ფასი გაგვაკოტრებს თუ ბაზარზე ადგილის დაკარგვა?
– დონ კარლო, ჩვენ გვესმის თქვენი და შეგვიძლია, ერთად მოვძებნოთ გამოსავალი.
– უნდა მოვძებნოთ. სხვაგვარად ბიზნესი ჩაგვივარდება.
– გეთანხმებით, დონ კარლო და სულაც არ გვსურს ეს. მე და ჯალალი პირველად ვართ ასეთ ამპლუაში და სულ მალე ბიზნესის ახალ სტრატეგიას შევიმუშავებთ. ვფიქრობ, ნაწყენი არავინ დარჩება.
– რაში მდგომარეობს თქვენი ახალი სტრატეგია?
– ბაზრის გაფართოებაში, დონ კარლო.
– თუ საიდუმლო არაა, სად გეგმავთ ახალი ბაზრის მოპოვებას?
– არავითარი საიდუმლო, დონ კარლო. ჩვენ რუსეთის ბაზარს ვგულისხმობთ. იქ, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ჯგუფები, მაგრამ თუკი სწორად ვიმოქმედებთ, ჩვენ მათ ვშთანთქავთ და ბურთი და მოედანი დაგვრჩება. აი, მაშინ კი ფართოდ გავშლით ფრთებს და ადგილი ყველას ეყოფა.
– ძალიან საინტერესოა. რუსეთის ბაზარი ყველასთვის მიმზიდველი იქნება.
– რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ არ ვავიწროებთ ჩეჩნებს. ისინი ამ საქმეში დიდ დახმარებას გაგვიწევენ. გარწმუნებთ, რომ სულ მალე, თქვენ კონკურენტებიდან მეგობრებად გადაიქცევით. ამით კი ყველანი ვიხეირებთ.
– გარანტიები?
– რას გულისხმობთ?
– დაახლოებით როდის შევდგამთ ფეხს ამ ბაზარზე?
– იმაზე მალე, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. ამის სიტყვას ჩვენ გაძლევთ, – ჯამალმა ჯალალისკენ გაიშვირა ხელი და განაგრძო, – მანამდე კი იმაზე შევთანხმდეთ, რომ თქვენს საქონელს, სულ რაღაც ხუთი პროცენტით დააკლებთ ფასს, რათა არავინ დარჩეს ნაწყენი.
– შევთანხმდით, – მიუგო მოზესმა, რომელიც უარეს შედეგს ელოდა.
– დონ კარლო, – ლაპარაკში ჯალალი ჩაერთო, – თქვენთან ერთი თხოვნა აქვს აჰმად მანსურს.
– ბრძანეთ, გისმენთ, – მიუგო მოზესმა.
– მან გთხოვათ, დაეხმაროთ, თუკი, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, შეიარაღების კონკრეტული სახეობის შეძენაში. შეგიძლიათ ეს?
– შეიარაღებას გააჩნია. კვლავ „სტინგერები“ გნებავთ?
– არა. ავტომატები და ტყვიამფრქვევები ტყვია-წამლიანად. აგრეთვე „ც 4-ის“ ტიპის პლასტიკური ასაფეთქებლები და რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით. თანაც, ტრანსპორტირებას საკუთარ თავზე ვიღებთ.
– შემიძლია. მაგრამ, ამისთვის კოლუმბიაში ჩამოსვლა მოგიწევთ.
– როდისთვისაა ეს შესაძლებელი?
– მაქსიმუმ ერთ თვეში, შეგიძლიათ, ჩამობრძანდეთ და წაიღოთ.
– კეთილი. მოვილაპარაკეთ, – ჯალალმა ხელი ჩამოართვა კარლო მოზესს. მის ქალიშვილს კი გაუღიმა...
***
სტუმრები რომ გაემგზავრნენ, ჯაბამ დაღლილობა მოიმიზეზა და თავის ოთახში განმარტოვდა. საწოლზე წამოწვა და ჩაფიქრდა. მას კარლო მოზესისა და მისი ქალიშვილის ქართულენოვანი საუბარი აფიქრებდა და უცნაური წინათგრძნობა დაეუფლა. „ჩემს მეწყვილეს ამაზე დიდი ყურადღება არ მიუქცევია, – ფიქრობდა ჯაბა, – ეს კი ძალიან უცნაურია. აშკარაა, რომ დონ კარლო სულაც არაა სინამდვილეში ის, ვისადაც თავს ასაღებს. ის ქართველია და არაა კოლუმბიელი. მაგრამ, როგორც მოხვდა იქ? თანაც ასეთი სტატუსი აქვს. ამას მე არც ჯინას გავუმხელ, არც ცენტრს და თავადვე უნდა ამოვხსნა ეს საიდუმლო. მაგრამ, როგორ?.. როგორ, როგორ, – იმეორებდა გუნებაში ჯაბა, – როგორ და თბილისში უნდა გავემგზავრო. ჩემებს შევხვდე და ყველაფერი მოვუყვე. მაგრამ, როგორ მოვახერხო თბილისში ისე გამგზავრება, რომ არც აქ დაეჭვდნენ და არც ცენტრში? როგორმე, რამე უნდა მოვიფიქრო“.
ჯაბა ცენტრს დაუკავშირდა და სასწრაფოდ ითხოვა შეხვედრა ოპერაცია „კარტელის“ კურატორთან. მან კარგად იცოდა, რომ ასეთ შეხვედრას თბილისში დაუნიშნავდნენ, რადგან თბილისი პრაღაზე საიმედოდ მიაჩნდათ ამერიკელებს. უშბა სატელიტით დაუკავშირდა ცენტრს და დაშიფრულად ელაპარაკა.
– მანდ როგორ ახსნი ამ ვოიაჟს? – ჰკითხეს ჯაბას.
– გერლფრენდთან ერთად რომანტიკული დროსტარებით, – მიუგო ჯაბამ.
– ესე იგი, ჯინასთან ერთად ჩამოხვალ?
– კი.
– რას იტყვი, სად მიემგზავრებით?
– იტალიაში სამი დღით.
– გასაგებია. ფრთხილად.
ჯაბა და ჯინა მანქანით გაემგზავრნენ გერმანიაში. თუმცა, მანქანა საიმედოდ გადამალეს ერთ პატარა ქალაქში. შემდეგ გარეგნობა შეიცვალეს. ყალბი საბუთებით ისარგებლეს, რომლებიც ჯინას ჰქონდა შენახული და ფრანკფურტიდან თბილისში ჩამოფრინდნენ. წყვილი ერთ პატარა, კერძო სასტუმროში მოეწყო. შხაპი მიიღეს. ვახშამი და შამპანური შეუკვეთეს და ჯადოსნური ღამის გასატარებლად მოემზადნენ.
– ძვირფასო, სიმართლე მითხარი. აქ იმიტომ ჩამომიყვანე, რომ ჩემი ოპერაციიდან გაყვანა მოსთხოვო ცენტრს, ხომ? – უთხრა ჯინამ ჯაბას.
ჯაბამ შამპანურის ჭიქა მიაწოდა ჯინას და მიუგო:
– საქმეზე თავის დროზე ვილაპარაკოთ. ახლა კი დალიე და მოდუნდი.
ჯინამ რამდენიმე ყლუპი მოსვა. შემდეგ მოითენთა. თვალები გადაუტრიალდა და იქვე მიეძინა. ჯაბამ მას ტანსაცმელი გახადა და საწოლში ჩააწვინა. შემდეგ საათს დახედა და გაიფიქრა: „თორმეტი საათი მაქვს. უნდა ვიჩქარო“.
ჯაბამ კარი გადარაზა. სასტუმროს ნომრიდან ფრთხილად გადაძვრა ქუჩაში. მიიხედ-მოიხედა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა მტკვრის სანაპიროს. ერთ-ერთ დაკონსერვებულ სამალავში მივიდა და მოხუცის ტანსაცმელში გამოეწყო. ხუთასიოდე მეტრი ფეხით გაიარა, ქუჩის ტელეფონ-ავტომატიდან მობილურის ბარათით მამამისს დაურეკა და დაშიფრულად ელაპარაკა. გმირთა მოედანზე თხუთმეტი წუთის შემდეგ შეხვედრა დაუნიშნა, თან უთხრა, რომ მერაბ გამრეკელიც წამოეყვანა. ღამის პირველი საათი სრულდებოდა, როდესაც ვაჟა ზვიადაური და მერაბ გამრეკელი შეხვედრის ადგილზე მივიდნენ. ჯაბა მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან დაიძრნენ.
– სად მივდივართ? – იკითხა ჯაბამ.
– ჩემთან. აგარაკზე, წყნეთში, – მიუგო გამრეკელმა. საჭესთან მჯდომმა ვაჟამ კი შვილს ჰკითხა:
– რა მოხდა, შვილო, ტყუილად არ დაგვიბარებდი ასე სასწრაფოდ.
– რომ მივალთ, მერე ვილაპარაკოთ. დედა და და-ძმები როგორ არიან?
– კარგად, შვილო, კარგად. მხოლოდ შენზე ვნერვიულობთ, როგორც ყოველთვის.
– თქვენი ცოლ-შვილი, ძია მერაბ?
– კარგად არიან. არაფერი უჭირთ, – მიუგო გამრეკელმა.
წყნეთში რომ ავიდნენ, ლამის ორი საათი იყო დაწყებული. სამივე მყუდრო კაბინეტში განმარტოვდა და ვაჟამ შვილს ჰკითხა:
– აღარ იტყვი, რა ხდება?
ჯაბამ საათს დახედა. გაეღიმა და მიუგო:
– ათ საათზე ცოტა მეტი დარჩა ქეითის გაღვიძებამდე, მაგრამ ამდენი დრო არ მაქვს. სამ, მაქსიმუმ ოთხ საათში, უნდა დავბრუნდე უკან, რომ არ გავიშიფრო.
– ჰოდა, მიდი, რას აყოვნებ, – უთხრა ვაჟამ.
– მამი, ადრე ასეთი სულსწრაფი არ იყავი და ჩვენც სიდინჯეს გვასწავლიდი, – გაეღიმა ჯაბას.
– ვბერდები, ეტყობა, – უპასუხა ზვიადაურმა.
– თქვენის ნებართვით, გავაბოლებ, – თქვა ჯაბამ და თანხმობა რომ მიიღო, სიგარეტს მოუკიდა. ორი ნაფაზი დაარტყა და სერიოზული სახით დაამატა, – ახლა რასაც გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო საიდუმლოებაა და უკეთეს შემთხვევაში, მისი გათქმა მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება. უარეს შემთხვევაში – მუდმივი პატიმრობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე შედეგების შემთხვევაში, – სიკვდილით დასჯაც არაა გამორიცხული. ასე რომ, ძალიან დიდ რისკზე მივდივარ.
– ჯაბა, შვილო, – შეაწყვეტინა სიტყვა გამრეკელმა, – თუ ეჭვი გეპარება რამეში, მაშინ არაფერი თქვა.
– არა, რას ბრძანებთ, ძია მერაბ. მე ეს იმიტომ ვთქვი, რომ ყველაფერ ამის დიდი მნიშვნელობა უკეთ გაგეგოთ. თქვენზე სანდო და ახლობელი ხალხი კი მე ამ ქვეყნად სხვა არავინ მყავს, – მიუგო ჯაბამ.
– განაგრძე, შვილო, გისმენთ. – თქვა ვაჟამ.
– თავიდან დავიწყებ და ყველაფერს თანმიმდევრულად გეტყვით.
– მიდი, – უთხრა გამრეკელმა.
– „ფებეერის“ აკადემიის ბოლო კურსზე რომ ვიყავი, ამ უწყების ძალიან მაღალჩინოსნებმა დამიბარეს და მათ მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობა შემომთავაზეს. ოპერაციას „კარტელი“ ეწოდება და ავღანელი საველე მეთაურების ერთბაშად განადგურებას ისახავდა მიზნად. მე ამ ოპერაციის ცენტრალური ფიგურა ვიყავი და მთავარი მისია უნდა შემესრულებინა. დავთანხმდი. საიდუმლო ბაზაზე გადამიყვანეს და ექვსი თვე მამზადებდნენ. შემდეგ, ავღანეთში ჩემი ჩანერგვის ოპერაციაც წარმატებით განხორციელდა და საველე მეთაურებს დავუახლოვდი, მათი დიდი ნდობა მოვიპოვე. როდესაც ყველაფერი მზად იყო და ოპერაციის ფინალს ვიწყებდი, ვაშინგტონიდან მისი შეჩერების ბრძანება მომივიდა. როგორც ეტყობა, იქ რაღაც მოხდა, თორემ არ გამაჩერებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ავღანეთში სპეცკურიერი გამომიგზავნეს. მან პირადად „ფებეერის“ დირექტორისა და მისი მოადგილის სახელით მაცნობა, რომ დიდი დარტყმის ქვეშ ვდგავარ და თუკი საჭიროდ ჩავთვლი, შემიძლია, ნებისმიერ დროს გამოვიყენო ვარიანტი „ცე“ და ამაში ისინი პირადად დამეხმარებიან.
– რას ნიშნავს ვარიანტი „ცე“? – ჰკითხა ჯაბას გამრეკელმა.
– წარმოებული ოპერაციიდან გამოსვლას. ეს კი ასე ხდება – ჩავდივარ წინასწარ გამზადებულ ადგილზე. სპეცჯგუფს კი უფრო უსაფრთხო ადგილზე გადავყავარ. მიცვლიან გარეგნობას, მაძლევენ ახალ, სუფთა საბუთებს და ახალ ცხოვრებას ვიწყებ, – განმარტა ჯაბამ.
– რადგან ასეთი რამ პირადად „ფებეერის“ დირექტორმა და მისმა მოადგილემ შემოგვითვალეს, ესე იგი, ზედა ეშელონებში მოხდა ისეთი რამ, რაც მათ არ მოეწონათ და საკუთარი აგენტის გადარჩენაზე ზრუნავენ. შეიძლება, საკუთარი კარიერის ხარჯზეც კი. ეს კი მათ წესიერებაზე მეტყველებს. თუმცა, ვინ იცის, რა უდევთ თავში, – თქვა ვაჟამ.
– მაგაში მართალი ხარ. დირექტორიც და მისი მოადგილეც პატიოსანი ხალხია. ყველაფერი კი თომას ბრაუნმა აურია. ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს ხელმძღვანელობს. პირადად პრეზიდენტის დანიშნულია და მან შეცვალა „კარტელის“ მიმართულება. შემდეგ ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეწყვილე ნარკობიზნესში ჩაგვაბეს საველე მეთაურებმა. დღეს კი უკვე მე და ის წამყვანი ნარკოდილერები ვართ ევროპაში და კლაუს ჰაშეკის ადგილი დავიკავეთ.
– ეგღა მაკლდა, – გაეცინა ვაჟას, – ნარკობარიგად გზრდიდი?
– მერე, მერე, – თქვა გამრეკელმა.
– ახლა მე და ჩემი მეწყვილე პრაღაში ვცხოვრობთ. „ფებეერმა“ ბრაუნის გვერდის ავლით, მეკავშირე და დამზღვევი გამომიგზავნა. ის ჩემი გერლფრენდი იყო და „ფებეერმა“ გადაიბირა, მოამზადა და გამომიგზავნა. თან, ნარკომაფიაში შეყვანას მთხოვენ ცენტრიდან, რომ წყვილში ვიმუშაოთ. მე კი ეს არ მინდა და მასთან ერთად ჩამოვედი თბილისში, რომ ცენტრიდან გამოგზავნილ კაცს პირადად მოვთხოვო ჯინას ოპერაციიდან გაყვანა.
– აბა, ქეითიო? – თქვა ვაჟამ.
– სინამდვილეში ჯინა ჰქვია და მასზე დაქორწინებას ვაპირებ. ახლა მას ღრმად სძინავს სასტუმროს ნომერში.
– ამერიკელი რძალიღა მაკლდა, – გაეცინა ვაჟას. გამრეკელმა კი ჯაბას ჰკითხა:
– და შენ ჯინა გამოიყენე საბაბად, რომ თბილისში ჩამოსულიყავი და შეგვხვედროდი, ხომ?
– დიახ, ძია მერაბ.
– გადადი მთავარ სათქმელზე. გისმენთ.
– ახლა ყველაზე მთავარს გეტყვით. მოკლედ, ვინმე დონ კარლო მოზესი ძალიან მსხვილი კოლუმბიელი ნარკობარონია. ის ამ ერთი კვირის წინ პრაღაში იყო ჩამოსული თავის ქალიშვილთან ერთად, რათა მათი საქონლის ფასზე გველაპარაკა. მამა-შვილი აპარტამენტებში მოვასვენეთ, ის ოთახი კი ისმინება. მე და ჩემმა მეწყვილემ მოსასმენი მოწყობილობა რომ ჩავრთეთ, მოზესების ქართულენოვანი საუბარი მოვისმინეთ.
– ქართულენოვანი – გაოცდა ვაჟა.
– კი, – თქვა ჯაბამ.
– როგორ გამოიყურება ეგ დონ კარლო? – ჰკითხა გამრეკელმა ჯაბას და მღელვარება რომ დაემალა, სიგარეტი გააბოლა.
– თქვენი ასაკისა და სიმაღლისაა დაახლოებით. უკან შეკრულ, გრძელ თმას ატარებს, – ჯაბამ გამრეკელს რამდენიმე ფოტოსურათი მიაწოდა, – აი, ჩუმად გადავუღე.
გამრეკელმა ყურადღებით დაათვალიერა ფოტოები. მაგიდაზე დააწყო და ჯაბას ჰკითხა:
– მისი ქალიშვილი ეს ქალია?
– დიახ, ძია ვაჟა.
– ოცდათხუთმეტიოდე წლისაა, ალბათ, – ჩაილაპარაკა გამრეკელმა.
– მეტის არ იქნება, – დაეთანხმა ჯაბა.
გამრეკელმა მცირე პაუზის შემდეგ ჯაბას ჰკითხა:
– ასე რატომ აგაღელვა მათმა ქართულის ცოდნამ. რამე მნიშვნელოვანი თქვეს?
– ისეთი არაფერი უთქვამთ. ჩემი და ჩემი მეწყვილის ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ და დონ კარლომ ვიღაც მეგობარი ახსენა – თუ დამჭირდა, იმას დავიხმარებო. მთავარი კი მათი ქართულია. საიდან, როგორ მოხვდა კოლუმბიაში ქართველი, თანაც, ასეთ ამპლუაში.
– ქართველია, რომ? – თქვა გამრეკელმა.
– დარწმუნებული ვარ ამაში, – მიუგო ჯაბამ.
– მეც მასე ვფიქრობ. მაგრამ, მერე რა? – უთხრა გამრეკელმა.
– რა მერე და, ძია მერაბ, ეგ ხომ არაა ის ფანტომ-კალმარი, რომელსაც თქვენ მთელი ცხოვრება ვერ იხელთებთ, რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა და გივი ჯაფარიძე მოკლა, – თქვა ჯაბამ.
– მერე და ამის გაგებას როგორ აპირებ?
– თუ პირველი ვარიანტი არ გამოვა, მაშინ ვა-ბანკზე წავალ. კარლო მოზესს მოვიტაცებ, ვაწამებ და სიმართლეს ვათმევინებ, – თვალები აენთო ჯაბას.
– პირველი ვარიანტი თქვი.
ჯაბამ სამი ცალი ცელოფნის პაკეტი დააწყო მაგიდაზე და თქვა:
– ამ პაკეტში მოთავსებულ ჭიქის ნამსხვრევზე კარლო მოზესის თითის ანაბეჭდებია. მეორეში – მისი თმა. მესამეში კი მის მიერ მოწეული სიგარის ნამწვავი. თითის ანაბეჭდებითა და დნმ-ის ნიმუშებით კი პიროვნების დადგენა შეიძლება.
– ყოჩაღ, აგენტო ჯაბა. „ფებეერის“ სკოლა გეტყობა, – გაეცინა გამრეკელს.
– აი, ამის გამო ჩამოვედი აქ.
– დავუშვათ და ეგ კარლო მოზესია ფანტომ-კალმარი და გავშიფრეთ. რას აპირებ, შვილო? – ჰკითხა ვაჟამ ჯაბას.
– დადასტურდეს და მერე მე ვიცი.
– მაინც, რას იზამ? – ჩაერთო გამრეკელი.
– ამქვეყნად გაჩენას ვანანებ! – მიუგო თვალებანთებულმა ჯაბამ.
– მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, შვილო, – უთხრა გამრეკელმა ჯაბას, – რომ დაადასტურო მოზესის კალმარობა, არაფერი შეიმჩნიო და ჩვენთან შეთანხმების გარეშე, არაფერი მოიმოქმედო. გვპირდები?
– გპირდებით, – მტკიცედ მიუგო ჯაბამ.
– ძალიან კარგი. ჩვენ კი აქ ვიმუშავებთ და როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, მაშინვე შეგატყობინებთ.
– აი, ეს კი არაა ადვილი. მე აქ კიდევ როდის ჩამოვალ, ვინ იცის.
– პრაღაში დაგიკავშირდებით.
– არც ესაა იოლი. იქ მე მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და საეჭვო შეხვედრამ შეიძლება, გამშიფროს.
– ლეონიდ კოზლოვს თუ იცნობ?
– რუსული მაფიის შეფს?
– ჰო.
– ვიცნობ.
– ჰოდა, ის გადმოგცემს ჩვენგან ინფორმაციას.
– კოზლოვი თხუნელაა?
– არა, უბრალოდ, ჩვენი ახლობლისთვის გააკეთებს ამას.
– ლიადოვისთვის ხომ არა?
– მისთვის და ნუ გეშინია. კოზლოვი უსაფრთო არხია, – მიუგო გამრეკელმა და დაამატა, – სხვათა შორის, კოზლოვი კარგად იცნობდა მამაშენს.
– ყველაფერი გასაგებია. კოზლოვი ლიადოვის ხელქვეითი იყო, ისევე, როგორც გივი ჯაფარიძე. შემდეგ ის ევროპაში გაემგზავრა და მაფიოზი გახდა, – თქვა ჯაბამ.
– კი. სწორედ ასეა, – დაუდასტურა გამრეკელმა.
ჯაბამ საათს დახედა და თქვა:
– ჩემი წასვლის დროა. უკვე თენდება და, შეუმჩნევლად უნდა დავბრუნდე უკან.
გამრეკელმა და ზვიადაურმა ჯაბა ჯერ სამალავთან მიიყვანეს და მან მოხუცის გრიმი მოიშორა. შემდეგ სასტუმროს სიახლოვეს დატოვეს და გაემგზავრნენ.
ჯაბა შეუმჩნევლად შეიპარა სასტუმროს ნომერში. ჯინას გაუნძრევლად ეძინა. უშბამ წამლიანი ჭიქა საგულდაგულოდ გარეცხა და თავის ადგილზე დადო. შემდეგ საათს დახედა და ჩაილაპარაკა: „ხუთ საათში გაიღვიძებს. ცოტას წავუძინებ...“
ჯაბა ჯინას მუჯლუგუნმა გამოაღვიძა.
– გაიღვიძე, რა მკვდარივით გძინავს... – მოესმა ჯაბას. გადმოტრიალდა და შიშველ, სახედაღრეჯილ ჯინას მოჰკრა თვალი, რომელიც თავზე იკიდებდა ხელებს.
– გაიღვიძე, შე მცირელიტრიანო? – გაუღიმა ჯაბამ ჯინას, – თუ შამპანური გწყენდა, ვერ მითხარი?
– თავი მისკდება, – თქვა ჯინამ.
– არცაა გასაკვირი. მთელი ღამე ვჟიმაობდით და გადაიღალე.
– მაინც, რა მოხდა, არ იტყვი?
– ისეთი არაფერი. ერთი ჭიქა რომ დალიე, ლოგინზე წამოწექი, წამოვწექი მეც და კოცნა რომ დავაპირე, სწორედ მაშინ ჩაგეძინა. ნახევარი საათი დაგელოდე. შემდეგ მეც დავიძინე.
– უცნაურია, – თქვა ჯინამ.
– გზამ ხომ არ დაგღალა, ძვირფასო?
– რა გზამ. ალბათ, უვარგისი სასმელი იყო და მაწყინა.
– მე რატომ არ მაწყინა?
– რა ვიცი, შენზე არ იმოქმედა, ჩემზე – კი.
– რაც იყო, იყო. მოემზადე. სამ საათზე შეხვედრა გვაქვს და ფორმაში უნდა იყო. ჯერ მე შევალ საშხაპეში, – თქვა ჯაბამ, წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.
ჯაბა და ჯინა ოპერაცია „კარტელის“ კურატორს, დენის მორისს სიონის ეკლესიასთან ჩაუსხდნენ მანქანაში. გამოცდილმა მზვერავმა რამდენიმე მანევრი გააკეთა. როდესაც დარწმუნდა – არავინ ადევნებია, მცხეთისკენ აიღო გეზი. მორისმა ერთ მყუდრო ადგილზე გააჩერა „ჯიპი“. უკან მსხდომთ მიუბრუნდა და უთხრა:
– აბა, რაშია საქმე? ასე სასწრაფოდ რატომ გადმომაფრინეთ ამხელა ოკეანეზე.
– ეს ამ ვაჟბატონს ჰკითხეთ, სერ, – მიუგო ჯინამ მორისს.
– აბა, ბრძანე, აგენტო უშბა, რაშია საქმე, – უთხრა მორისმა ჯაბას.
– სერ, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ქეითი ოპერაციაში ჩაერთოს. ის მხოლოდ მეკავშირედ უნდა დარჩეს, – მტკიცედ თქვა ჯაბამ.
ჯინას სიბრაზე გამოეხატა სახეზე. მორსიმა კი ჯაბას ჰკითხა:
– რატომ?
– იმიტომ, სერ, რომ ოპერაცია შეიძლება, ჩავარდეს.
– რატომ ფიქრობ ასე, დაასაბუთე!
– სერ, უცნაურად არ ჩანს ის, რომ ვიღაც უცხო ქალი, თუნდაც გერლფრენდი, ერთ-ერთი ევროპული მაფიის წიაღში ასე სწრაფად აღწევს? ეჭვი რომ აიღოს ვინმემ, თუნდაც ჩემმა მეწყვილემ?!
– სისულელეა, სერ, – ჩაერთო ჯინა, – ამის გიჟ მეწყვილესთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. იმაში კი საეჭვო რა არის, რომ გავლენიანმა მაფიოზმა თავისი საყვარელი გოგონა მდივნად აიყვანოს და თან იახლოს? აქ ხომ მთელი აქცენტი სექსსა და სიყვარულზეა გადატანილი და საკმაოდ კარგი ფარია ორივესთვის.
– რას ერჩი? მართალია ეს გოგო, – გაეღიმა მორისს.
– მე ასე არ ვფიქრობ. ცოტა მაინც მოვიცადოთ, რომ ჯინას შემოყვანა თვალში არავის ეცეს, – თქვა ჯაბამ.
– არავის ეცემა. მით უმეტეს თქვენი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ. თქვენ ხომ ახლა იტალიაში ატარებთ სამ რომანტიკულ დღეს? ამიტომ, პრაღაში დაბრუნებისთანავე ჯინასთან დაქორწინების ამბავს გაავრცელებ და პრობლემაც ამით მოიხსნება.
– თქვენ გავიწყდებათ, სერ, რომ მე მუსლიმანი ვარ და ქრისტიანზე დაქორწინების უფლება არ მაქვს.
– რა პრობლემაა. პრაღაში ჩასვლისთანავე შეიცვლის ჯინა რჯულს, – თქვა მორისმა და თვალები გაუბრწყინდა, – კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი ეჭვიანებისთვის. მოკლედ ასე, ჯინას მაფიაში შეიყვან. როგორც ვიცი, ერთი თვის შემდეგ, შენ ან შენი მეწყვილე, მოზესთან უნდა ჩახვიდეთ კოლუმბიაში იარაღისთვის. ეს შენ უნდა გააკეთო და ჯინასაც თან იახლებ.
ყველაზე მეტად ჯაბას მორისის ბოლო ფრაზა მოეწონა. ის ისედაც თავად გეგმავდა მოზესთან სტუმრობას, მისი გაშიფვრისა და მოკვლის მიზნით. უშბამ ხელები გაშალა და ოპერაციის კურატორს მიუგო:
– გასაგებია, სერ. ჯინა ჩემთან მიმყავს.
ჯინა და ჯაბა რომ სასტუმროს ნომერში დაბრუნდნენ, თვალებგაბრწყინებულმა გოგონამ ჯაბას უთხრა:
– აბა, ჩემო ქმარო, შეასრულე შენი მოვალეობები საყვარელი ცოლის წინაშე.
ქალ-ვაჟი მთელი ღამე ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. დილით ცოტა დაისვენეს. შემდეგ ისადილეს და თბილისიდან იმავე მარშრუტით პრაღაში გაემგზავრნენ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში