როგორ გახსნა ქართველმა მაიორმა ერმიტაჟის მაფიის საქმე
რევიზია
1973 წლის თებერვალში ლენინგრადის ერმიტაჟში გეგმური, საექსპერტო რევიზია ჩატარდა. მისი მიზანი იყო, ეგრეთ წოდებულ დახურულ ფონდში განთავსებული ხელოვნების ნიმუშების შემოწმება. კვალიფიციური ხელოვნების ექსპერტები ადგენდნენ ამა თუ იმ ექსპონატის ვარგისიანობას და დაზიანებულ ნივთებს სარესტავრაციოდ ამზადებდნენ. 1963-1972 წლებში ამ რვაკაციან კომისიას პროფესორი ვალენტინ სელეზნიოვი ხელმძღვანელობდა. 1973 წელს კი სელეზნიოვი გარდაიცვალა და მის ნაცვლად, პროფესორი იური პავლოვი დანიშნეს. შეიცვალნენ კომისიის წევრებიც და განახლებული შემადგენლობა ენერგიულად შეუდგა მუშაობას.
პავლოვის კომისიამ ერთი კვირის განმავლობაში 200 ექსპონატი შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ 100 ექსპონატი ყალბი იყო. ამ აღმოჩენამ საშინელი სკანდალი გამოიწვია. საქმეში „კაგებე“ ჩაერთო და დაიწყო დაპატიმრებები. ციხეში აღმოჩნდნენ როგორც ერმიტაჟის თანამშრომლები, ასევე სელეზნიოვის კომისიის ის შვიდი წევრიც, ვინც თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა გარდაცვლილ პროფესორთან. საერთო ჯამში, ამ საქმის გამოძიებისას 60 ადამიანი სცნეს ეჭვმიტანილად, რომლებიც კრესტებში მოათავსეს. ექსპერტიზის კომისიის მუშაობა გაგრძელდა და მოქმედი გამოფენების შემოწმებაც დაიწყო. 3 თვის განმავლობაში ექსპერტიზა გაიარა 3 ათასმა ექსპონატმა და მათ შორის 1 600 ყალბი აღმოჩნდა. ამიტომ, ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირის მთავარ და უმდიდრეს მუზეუმში ორგანიზებულ დამნაშავეთა კონსპირაციული ჯგუფი მოქმედებდა. ჯგუფი ორიგინალებს კარგად დამზადებული დუბლიკატებით ცვლიდა, ხოლო სად მიდიოდა ორიგინალები, ჯერჯერობით გაურკვეველი იყო. ცნობილი გახდა, რომ კრიმინალურ საქმიანობაში პროფესორი სელეზნიოვიც იყო გარეული, მაგრამ რა დოზით, არავინ უწყოდა. კომისიამ ზარალიც დათვალა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, ასტრონომიული თანხა მიიღეს. ზარალმა 120 მილიონი მანეთი შეადგინა და დაკარგულ შედევრებს შორის იყო რაფაელის, ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რუბენსის, როდენის შედევრები.
ფალსიფიკატორები
ერმიტაჟის საქმის ძიებაში მოსკოვიდან სპეციალურად მივლინებული მაიორი ალექსანდრე იაშვილი ჩაერთო. ის „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის თანამშრომელი გახლდათ და ამ პროფილის საქმეთა გამოძიების საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა. მან გულდასმით შეისწავლა მოკვლევის მასალები და დარწმუნდა, რომ გარდაცვლილი პროფესორი სელეზნიოვი ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა იყო ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფში. იაშვილი დარწმუნდა, რომ დაპატიმრებულთა შორისაც უნდა ყოფილიყო მსგავსი პიროვნება და ეჭვი მაკარ კოზლოვზე მიიტანა. ის ერმიტაჟის დახურული საცავის უფროსი გახლდათ და სურათებისა და სხვა ექსპონატების მის გარეშე შეცვლა არ მოხერხდებოდა. ამიტომ ქართველმა მაიორმა კოზლოვის დაკითხვა გადაწყვიტა და სასწრაფოდ კრესტებში გაემართა, მაგრამ კოზლოვი მკვდარი დახვდა. ერმიტაჟის საცავის უფროსი ფოლადის გისოსზე იყო ჩამოხრჩობილი ზონრით. ამ შემთხვევამ ძიება, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა, რადგან დამნაშავეთა ჯგუფის ხელმძღვანელობასთან დამაკავშირებელი ჯაჭვი გაწყდა. თუმცა, იაშვილმა სხვა კუთხით განაგრძო ძიება და გადაწყვიტა, უშუალოდ იმ ხალხზე გასულიყო, ვინც ამ მსოფლიო შედევრების თითქმის უნიკალურ ასლებს ამზადებდა. მაიორმა ყველა ნიჭიერი მხატვრისა და მოქანდაკის სია შეადგინა. შემდეგ მათი დოსიეები ამოიღო „კაგებეს“ არქივიდან და შესწავლას შეუდგა. 40 დოსიედან იაშვილმა 8 ადამიანი შეარჩია და დარწმუნებული იყო, რომ ფალსიფიკატორები მათ შორის უნდა ეძებნა. ამიტომ, რვავე ეჭვმიტანილზე ფარული თვალთვალი დააწესა. „კაგებეს“ სპეცჯგუფმა მათი ბინები და სახელოსნოები ფარულად და გულდასმით დაათვალიერა. ამ ქმედებამ დადებითი შედეგი გამოიღო – მხატვარ ანტონ რუდაკოვის სახელოსნოში, რომელიც ლენინგრადის ერთ-ერთ გარეუბანში, გატჩინოში მდებარეობდა, რამდენიმე შედევრი აღმოაჩინეს. უშიშროების თანამშრომლებმა რუდაკოვის სახელოსნოზე და თავად მხატვარზე თვალთვალი გააძლიერეს. 1973 წლის 5 მაისს კი, რუდაკოვი და მისი ოთხი კოლეგა დააპატიმრეს. ისინი მუშაობის პროცესში აიყვანეს, ანუ იმ დროს, როცა შედევრებიდან დუბლიკატებს ამზადებდნენ.
– რუდაკოვ, გაებით?! თუ გსურთ, რომ სასჯელი შეგიმსუბუქდეთ, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოთ, – უთხრა იაშვილმა მხატვარს, რომელიც სახელოსნოს აღმოსავლეთ კედელზე მიკრული, უზარმაზარი სარკის გვერდით იჯდა.
– გავები, – თავი დააქნია რუდაკოვმა და წამოდგა. შემდეგ სარკისკენ გაქანდა, მთელი სხეულით შეასკდა, შეამტვრია და საიდუმლო კიბეზე დაეშვა. რკინის კარი ჩაკეტა და გაიქცა.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, „კაგებეს“ თანამშრომლები გაოგნდნენ, ხოლო, როდესაც კარი შეამტვრიეს, კიბეს ჩაუყვნენ და გვირაბი დაათვალიერეს, აღმოჩნდა, რომ ის მდინარე ნევის ნაპირზე გადიოდა. მხატვარი უკვალოდ გაქრა და მასზე საკავშირო ძებნა გამოაცხადეს. დანარჩენმა ოთხმა მხატვარმა განაცხადა, რომ ისინი რუდაკოვის დაკვეთას ასრულებდნენ და სხვა არაფერი იცოდნენ. მხატვრები კრესტებში ჩასვეს, ხოლო იაშვილმა დაჯგუფებისკენ მიმავალი სხვა გზების ძიება დაიწყო.
წითელი ფხვნილი
სახელოსნოდან გაქცეული რუდაკოვი კატერში ჩაჯდა, რომელიც მდინარის ნაპირზე ეყენა. მან ძრავა ჩართო და მდინარეში შეცურდა. სამიოდე კილომეტრი გაიარა და ეგრეთ წოდებული, აგარაკების რაიონში ჩამოვიდა. ნაცნობი სახლი მოძებნა, ეზოში შევიდა და დააკაკუნა.
– აქ რატომ მოხვედი, ანტონ? – არ ესიამოვნა მასპინძელს მხატვრის ვიზიტი.
– კომიტეტჩიკებს გამოვექეცი, საშა, დამმალე...
მასპინძელმა უხალისოდ შეიყვანა რუდაკოვი ბინაში და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. შემდეგ ვახშამი გაუშალა და მხატვარმა ჭამა რომ დაიწყო, მოულოდნელად თავში ნაჯახის ტარი ჩაარტყა. გათიშულს კი პისტოლეტი დაადო კეფაზე და მოკლა. როცა შებინდდა, მკვლელმა გვამს ფეხებში ჩაავლო ხელები და სახლიდან კლდოვან ნაპირამდე მიათრია. მერე ორფუთიანი გირი გამოაბა ფეხებზე და წყალში გადააგდო.
– ესეც ასე, – ჩაილაპარაკა მკვლელმა, – უკანასკნელი მოწმეც მოცილებულია და ახლა მეძებონ...
მოკლული მხატვრის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრში ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს მეთევზეებმა და მილიცია გამოიძახეს. ოპერებმა ჯერ კიდევ გაუხრწნელ გვამში ძებნილი რუდაკოვი ამოიცნეს და იაშვილი პირდაპირ პროზექტურაში მივიდა, სადაც ცხედრის ექსპერტიზა ტარდებოდა.
– რას იტყვით? – ჰკითხა მაიორმა პათანატომს, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა.
– ჯერ მძიმე, ბლაგვი საგნის ჩარტყმითაა გათიშული, მერე კი ტყვიით – მოკლული. გარდა ამისა, როგორც ეტყობა, ის ათრიეს და მერე ჩააგდეს წყალში. ინტერესს იწვევს მისი ფრჩხილებიდან ამოღებული წითელი ფხვნილის ნიმუშები, რომელიც მას თრევისას ჩარჩა.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ასეთი ფხვნილი კარგად მოწესრიგებულ, მოვლილ და მდიდრულ აგარაკებზეა მოყრილი. სავარაუდოდ, მკვლელობის ადგილი აგარაკებში უნდა ვეძებოთ და თუკი სადმე მსგავს ეზოს იპოვით, იქიდან ფხვნილის ნიმუში უნდა მოიტანოთ. ნიმუშს რუდაკოვის ფრჩხილებიდან ამოღებულ ფხვნილს შევადარებთ და თუ დაემთხვა, ესე იგი, მკვლელობის ადგილსაც მივაგენით.
მანიაკი გენერალი
იაშვილის ოპერები დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს და აგარაკებს შეესივნენ. მდიდრულად მოწყობილი აგარაკი სულ სამი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი ეკუთვნოდა საჰაერო-სადესანტო ჯარების გენერალს, ალექსანდრე ზაიცევს. სწორედ ზაიცევის აგარაკის აგურის ნამტვრევები დაემთხვა მოკლული რუდაკოვის ფრჩხილებიდან ამოღებულ წითელ ფხვნილს და აშკარა გახდა, რომ მკვლელობა სწორედ ზაიცევის აგარაკზე მოხდა. თუმცა, გენერლის დაპატიმრება, ან თუნდაც ეჭვმიტანილად ცნობა არც ისე იოლი საქმე იყო. იაშვილს პირადად ანდროპოვთან დასჭირდა აუდიენცია, რომ მისთვის ჩხრეკისა და გენერლის დაკითხვის უფლება მიეცათ. „კაგებეს“ შეფმა ყურადღებით მოუსმინა მაიორს და ბოლოს უთხრა:
– თუ შეცდით, მაშინ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ახლა კი იმოქმედეთ, წადით გენპროკურატურაში და აგარაკის ჩხრეკის ორდერი აიღეთ.
მაიორმა ორდერი აიღო. შემდეგ მოსკოვიდან ლენინგრადში გადაფრინდა და თავის ხელქვეითებს შეუერთდა, რომლებიც მზად იყვნენ მოქმედებისთვის.
გენერალი ალექსანდრე ზაიცევი მარტო ცხოვრობდა აგარაკზე და როდესაც „კაგებეს“ საგამოძიებო-ოპერატული ჯგუფი იქ შევიდა, გაოგნდა. ზაიცევს უზარმაზარი ბუნკერი ჰქონდა გათხრილი სახლის ქვეშ და სწორედ იქ აღმოჩნდა იმ სურათების ნაწილი, რომლებიც ერმიტაჟიდან დაიკარგა ბოლო ათი წლის განმავლობაში. შესაბამისად მოწყობილ კედლებზე ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ტიციანისა და სხვა გენიალური მხატვრების სურათები ეკიდა.
– არ გაგატანთ, ჩემია! – ისტერიკულად აღრიალდა გენერალი და როდენის შიშველი ქალის ქანდაკებას დასწვდა, გულში ჩაიხუტა და ატირდა...
ზაიცევი დააპატიმრეს და პირდაპირ მოსკოვში გადააფრინეს, შემდეგ „მატროსსკაია ტიშინაში“ ჩასვეს და დაკითხეს. გენერალი არაადეკვატურად პასუხობდა იაშვილის კითხვებს და საქმეში ფსიქიატრების ჩარევა გახდა საჭირო. მას სათანადო ექსპერტიზა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ გენერალი ხელოვნების ნიმუშების სიყვარულის მანიით იყო შეპყრობილი. ამიტომ, ზაიცევი სერბსკის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს და მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს. ამასობაში ძიება გაგრძელდა და დადგინდა, რომ ზაიცევს შედევრების ნაწილი უცხოეთში ჰქონდა გაყიდული, რაშიც მას პროფესორი სელეზნიოვი ეხმარებოდა. „კაგებემ“ სელეზნიოვის ქალიშვილის ბინაში 2 მილიონი დოლარი აღმოაჩინა. შვეიცარიის ბანკების ანგარიშები კი 37 მილიონი დოლარი ირიცხებოდა.
თანხები ამოიღეს, სურათები კვლავ ერმიტაჟს დაუბრუნეს. გაყიდულ ექსპონატებს კი, რომლებიც სხვადასხვა კერძო, დახურულ კოლექციებში იყო გაბნეული, ვერ მიაგნეს.
გენერალმა ზაიცევმა სერბსკის კლინიკის საკანში ვენები კბილებით გადაიღრღნა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ალექსანდრე იაშვილს კი, პირდაპირ პოლკოვნიკობა მიანიჭეს.