როგორ გაუსწორდა მამაკაცი ცოლის საყვარელს, რომელიც მას ნარკოტიკებით ამარაგებდა
54 წლის მერაბ გ-იურის ცხედარი სამართალადამცევლებმა საკუთარ ბინაში აღმოაჩინეს. მას სასტიკად დასახიჩრებული ჰქონდა სახე და ბასრი საგნით დასერილი – მთელი ტანი. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში დახვდათ განზრახ მკვლელობის რეალური სურათი. ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მყოფი გარდაცვლილი მამაკაცი მიბმული იყო სამზარეულოს მაგიდაზე, რომელზეც სუფრა იყო გაშლილი. არყის დაცლილი ბოთლი და საჭმლის ნარჩენები მიუთითებდა, რომ მკვლელმა დანაშაულის ჩადენამდე მასპინძელთან ერთად დალია, შემდეგ კი, სასტიკად გაუსწორდა.
წინასწარი მოკვლევით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მერაბ გ-იური ბინაში მარტო მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც ცოლს გაშორდა. მისი მეუღლე ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში წავიდა. მერაბ გ-იური წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი – ერთხელ ხულიგნობისთვის, მეორედ კი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. ამ დანაშაულისთვის მან გისოსებს მიღმა რვა წელი გაატარა, ციხიდან გამოსულს კი ცოლ-შვილი საბერძნეთში დახვდა წასული. მათთან თავიდან ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ყოფილმა ცოლ-შვილმა მასთან კავშირი გაწყვიტა. მერაბ გ-იური მარტოხელა კაცის ცხოვრებას ეწეოდა. მას ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე ძველი მეგობრები თუ „ამფსონები”. ვინ გახლდათ მკვლელობის ღამეს გარდაცვლილის სტუმარი, გამოძიებისთვის იქამდე უცნობი იყო, სანამ ამის შეასხებ გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობლისგან არ გახდა ცნობილი. პროფესიით ექთანმა ქალბატონმა გამოძიებას განუცხადა, რომ მკვლელობის ღამეს, გამთენიის ოთხ საათზე, როდესაც ავადმყოფ მეზობელთან გადადიოდა ნემსის გასაკეთებლად, მერაბ გ-იურის ბინიდან გამოსული კოტე ი-ძე შენიშნა. მან ქალბატონის დანახვისთანავე, გეზი შეიცვალა და სხვა მეზობლის ჩიხში შევიდა. ქალბატონის განცხადებით, ამას ყურადღება მხოლოდ მეორე დღეს მიაქცია, როცა მერაბ გ-იურის მკვლელობის შესახებ შეიტყო.
სამართალდამცველებმა კოტე ი-ძის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაადგინეს, რომ მას გარდაცვლილთან წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდა. უფრო მეტიც, ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი კოტე ი-ძე, რომელიც ასევე ნასამართლევი იყო, მერაბ გ-იურისგან ხშირად მარაგდებოდა ნარკოტიკული საშუალებებით. მათ თავადაც მოიხმარდა და ასევე, მეგობრისგან შესყიდულის რეალიზაციასაც ეწეოდა. სწორედ ამ ნიადაგზე, მამაკაცებს შორის, რომლებიც ძველი მეგობრები იყვნენ, დიდი უთანხმოება ჩამოვარდა. უსიამოვნებას ისიც დაერთო, რომ კოტე ი-ძემ ეჭვიანობა დაიწყო ძველ მეგობარსა და თავის ცოლზე მას შემდეგ, რაც წარსულში მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო. ეს ფაქტორი მამაკაცებს არ გაუხმაურებიათ. თუმცა, მერაბ გ-იურისგან რამდენიმე ახლობელმა საიდუმლოდ შეიტყო, რომ კოტე ი-ძე მათზე ძალიან ეჭვიანობდა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა, სწორედ ამ თემასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ეს ვერსია მით უფრო სარწმუნო გახდა, რაც მერაბ გ-იურის მეზობლებმა დაადასტურეს, რომ ხათუნა ბ-ია ბოლო თვეებში რამდენჯერმე ნახეს მარტოხელა მამაკაცის ბინაში, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში.
სამართალდამცველებმა კოტე ი-ძე მის წინააღმდეგ მოპოვებული მრავალი მტკიცებულების შემდეგ დააკავეს. მან დანაშაულთან ყოველგვარი კავშირი უარყო, დაიკითხა კოტე ი-ძის მეუღლე – ხათუნა ბ-იაც. მან კი ქმარს ისეთი ალიბი შეუქმნა, გამოძიებისთვის დიდი თავსატეხი აღმოჩნდა. სასამართლო პროცესზე ცხადი გახდა, რომ განსასჯელს და მის მეუღლეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები ჰქონდათ მიცემული. საქმის პირველადი მასალებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კოტე ი-ძის მეუღლე, ხათუნა ბ-ია აცხადებდა, რომ მკვლელობის ღამეს მისი ქმარი სახლიდან არ გასულა და მის გვერდით ეძინა. წინასწარ გამოძიებაში იგივეს ამტკიცებდა განსასჯელი და მისი უფროსი შვილიც. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოპოვებული იქნა მტკიცებულება ექთანი ქალის ჩვენების მიხედვით, კოტე ი-ძემ ჩვენება შეცვალა და „გაიხსენა”, რომ იმ ღამეს ათი წუთით შეიარა გარდაცვლილის ეზოში. მაგრამ, რადგან მერაბ გ-იურს ბინაში შუქი ჩამქრალი ჰქონდა, აღარ დაუძახა და ეზო რამდენიმე წუთში დატოვა. კოტე ი-ძე, გარდაცვლილის მეზობლის გარდა, ორმა მეძებარმა ძაღლმაც ამხილა. ოდოროლოგიურმა, ანუ სუნის ექსპერტიზამ, დაადგინა, რომ ის მერაბ გ-იურის მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. მისი კვალი იყო დარჩენილი არყის ბოთლზე, თოკზე, ჭიქებზე. არადა, ორი მეძებარი ძაღლის პარალელურად, არსებობდა ორი მოწმე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობის დროს განსასჯელი მათ გვერდით იყო. მაგრამ, სამართალდამცველები ძაღლებს უფრო ენდნენ, ვიდრე – როგორც შემდეგ საქმის მასალებით დადგინდა, ცრუ მოწმეებს. მოგვიანებით, ხათუნა ბ-იამ ჩვენება შეცვალა და აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენება მისცა. მან ქმარი მერაბ გ-იურის მკვლელობაში ამხილა. საქმის მასალების მიხედვით, ხათუნა ბ-ია თავადაც საეჭვო რეპუტაციის ქალი გახლდათ. ცხადი იყო, მან მკვლელობის შესახებ რაღაც იცოდა. თუმცა, ქალის მიერ მიცემული რომელი ჩვენება იყო სარწმუნო, ამის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც განსასჯელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. დაკავებულის მეუღლის განცახდებით, რაც მან სასამართლო პროცესზეც დაადასტურა, გვიან ღამით, ქმრის ნაბიჯებმა გააღვიძა. ხათუნა ბ-იამ სისხლში მოსვრილი ქმარი რომ დაინახა, ეგონა, დაჭრილი იყო. ქალის შეკითხვაზე, რა მოხდა, რა მოგივიდაო, მამაკაცმა სახეში გაარტყა და უთხრა: შენს საყვარელს ჰკითხე, იმქვეყნად რომ გაგამგზავრებო. ამონაწერი ხათუნა ბ-იას ჩვენებიდან: „იმ ღამეს ვერ მივხვდი, რა მოხდა. კოტემ ხელები დაიბანა და დაიძინა. დილით, როცა მერაბის მკვლელობის ამბავი გავიგე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ჩვენი უფროსი შვილიც ყველაფერს მიხვდა. მან დაინახა სისხლში მოსვრილი მამა. მაგრამ, კახას ვთხოვე, რომ თუ დაკითხავდნენ, ეთქვა, რომ კოტე იმ ღამეს სახლში იყო. კახა არ მთანხმდებოდა, მაგრამ ბოლოს ვაიძულე, გამოძიებისთვის ეს ჩვენება მიეცა. თუმცა, მკვლელობიდან საკმაოდ მალე, მე თავად გამოვცხადდი პოლიციაში და განვაცხადე მომხდარის შესახებ. გარდა იმისა, რომ კოტეს შანტაჟს ვეღარ ვუძლებდი, სინდისიც არ მასვენებდა. კოტეს ავადმყოფურ ეჭვიანობას შეწირული მერაბი, რომელიც ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო, ძალიან მებრალებოდა და ქმარს ეს მაინც ვერ ვაპატიე”.
სასამართლომ კოტე ი-ძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ორწლიანი პირობითი მსჯავრი დაედო მის მეუღლეს, ხათუნა ბ-იას, რომელმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და ამ დანაშაულებრივ ქმედებაში უფროსი შვილიც ავტომატურად ჩართო. თუმცა, ახალგზარდა მამაკაცის ცხოვრების წესიდან გამომდინარე (ის მცირეწლოვანი ბავშვის მამა და სპორტსმენია), დამნაშავე ცოლ-ქმრის უფროსი შვილი სასჯელს გადაურჩა.