კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაარწმუნა რაინჰარდ გელენმა ჰიტლერი ქართველების გათავისუფლების აუცილებლობაში

რაინჰარდ გელენი – კაცი, რომელმაც ფედერალური სადაზვერვო სამსახური (ბნდ) შექმნა. მას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მზვერავს უწოდებდნენ. გელენს ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა. ამის თაობაზე გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ნიკა თევზაძე.

 

– ბატონო ნიკა, მართალია, რომ რაინჰარდ გელენი საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დროს ქართული ბატალიონების შექმნას უჭერდა მხარს?
– ნაციონალური ბატალიონების შექმნას (აქ შედიოდნენ როგორც ქართველები, ისე უკრაინელები, სომხები, შუა აზიელები...) არა მხოლოდ გელენი, არამედ ყველა საღად მოაზროვნე გერმანელი უჭერდა მხარს. მათ შორის, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ ადმირალი კანარისი. წინააღმდეგნი იყვნენ ჰიმლერი და მისი გარემოცვა, ასევე ნაცისტური პარტაპარატი, დოქტორ გებელსის მეთაურობით.
– რატომ?
– გებელსი თავის დღიურში ამის თაობაზე ცინიკური გულახდილობით იუწყება: იდიოტიზმია თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლი დავღვაროთ იმისთვის, რომ ვიღაც გავათავისუფლოთ. გებელსი და მისი მსგავსნი თავად იყვნენ იმ იდეოლოგიის ტყვეობაში, რომელსაც ქადაგებდნენ.
– ქართველებსა და გელენს შორის ახლო ურთიერთობები რამ განაპირობა?
– უწინარეს ყოვლისა იმან, რომ გელენი პროფესონალი ოფიცერი და პატრიოტი გახლდათ. მას კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ შიშველი ძალით რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. რუსეთი შიგნიდან უნდა ააფეთქო. ამას გარდა, ადამიანური მომენტიც არსებობდა. გელენის მამა ბრესლაუში (ახლა ამ ქალაქს ვროცლავი ჰქვია) გამომცემლობის მეპატრონე იყო. მასთან მუშაობდა ქართველი ემიგრანტი, მიხეილ ახმეტელი, რომელიც გელენების ოჯახს ძალზე დაუახლოვდა. გელენმა სწორედ მისგან მიიღო პირველი ინფორმაცია საქართველოზე. ის, რომ ჩვენ უძველესი ევროპული კულტურის ხალხი ვართ, რომ საქართველოში რენესანსი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დაიწყო და ასე შემდეგ. გელენი ქართული კულტურისადმი უდიდესი სიყვარულით განიმსჭვალა. ჩვენი პოეტებიდან განსაკუთრებით ვაჟა და რუსთაველი უყვარდა. გელენი ამბობდა, ვაჟა უდიდესი პოეტია, რომელიც შეიძლება, გოეთესა და შილერის გვერდით დააყენოო. ამან, ახმეტელთან მეგობრობამ და პლუს იმანაც, რომ საქართველოსთან კავშირი გერმანიისთვის ხელსაყრელი იყო, განსაზღვრა გელენის ქართველებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
– რაში გამოიხატებოდა ეს?
– უწინარეს ყოვლისა, იმაში, რომ გელენმა მხარი დაუჭირა ქართული შენაერთების შექმნას, რაც თანაბრად ეხება როგორც ბერგმანს (მთის კაცი), ასევე ქართულ ლეგიონსაც. ეს იოლი ნამდვილად არ იყო, განსაკუთრებით 1941 წელს, როცა ნაცისტები მოსკოვისკენ მიიწევდნენ. ჰიმლერი დაჟინებით ამტკიცებდა, ქართველები რაში გვჭირდება, რუსეთს მათ გარეშეც დავამარცხებთო. რაიხსფიურერი უკრაინული ბატალიონის ნაჰტიგალის (ბულბული) მაგალითსაც იშველიებდა. მოგეხსენებათ, უკრაინელებმა გერმანელები მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენეს და ლვოვის აღებისთანავე (1941 წლის 30 ივნისი) უკრაინის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამან ფიურერის რისხვა გამოიწვია. ჰიმლერი ამტკიცებდა, ქართველებიც იგივეს გააკეთებენო. ამას წინ აღუდგნენ როგორც კანარისი, აგრეთვე სამხედროები, მათ შორის გელენი.
– ის მაშინ აბვერში მუშაობდა?
– არა, გელენი გენშტაბის ოფიცერი იყო. 1942 წელს დაინიშნა აღმოსავლეთის უცხოური არმიების უფროსად. ამ სტრუქტურის ამოცანა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესწავლა-გაანალიზება, რუსეთის წინააღმდეგ სადაზვერვო-დივერსიული მუშაობის წარმოება იყო. აღნიშნული სტრუქტურა გენშტაბთან არსებობდა და აბვერისა და სდ-ის პარალელურად მოქმედებდა.
– ქართველების გამო გელენს ჰიმლერთან დაპირისპირება მოუხდა?
– დიახ, თანაც არაერთგზის. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა ბერგმანში წიკლაურის შეთქმულება გახსნეს; მეორედ, როცა ვერმახტი კავკასიას მიადგა. ჰიმლერი ამტკიცებდა, რომ თბილისის დაბომბვა აუცილებელია, გელენმა კი დაარწმუნა ფიურერი, რომ თბილისში არავითარი სერიოზული სამხედრო ობიექტები არაა და დაბომბვით ქართველებს ტყუილუბრალოდ ავიმხედრებთო. ჰიტლერმაც მაშინ გელენს დაუჭირა მხარი, თუმცა დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. შალვა მაღლაკელიძე, ისევე როგორც გივი გაბლიანი, ცდილობდნენ, ქართველი მეომრების სიცოცხლე გადაერჩინათ. ჰიმლერს ეს არ მოსწონდა. ის ქართველებს ჩვეულებრივ საზარბაზნე ხორცად განიხილავდა. გელენის, ისევე როგორც სამხედროთა ერთი ჯგუფის, პოზიცია განსხვავებული იყო. ისინი ხედავდნენ, რომ ჰიტლერს ომი უკვე წაგებული ჰქონდა, შესაბამისად, ცდილობდნენ, გადაერჩინათ ქართველები, რომლებიც მათ რუსეთთან შემდგომ ბრძოლებში გამოადგებოდათ.
– თქვენ თქვით, სამხედროთა ერთი ჯგუფიო, რომელ ჯგუფს გულისხმობთ?
– მათ, ვისაც ჰიტლერის გადაყენება, დასავლეთთან სეპარატისტული ზავი და მთელი ძალების რუსეთის წინააღმდეგ მობილიზაცია სურდა. დღეს ცხადია, რომ ეს უტოპიური გეგმა იყო. ჩერჩილი თავის მემუარებში პირდაპირ წერს, რომ, არავინ არავითარ სეპარატიულ ზავზე გერმანიასთან არ წავიდოდა. ერთადერთი პირობა სრული კაპიტულაცია იყოო. ასეა თუ ისე, გერმანიაში არსებობდა ჯგუფი, ვინც დასავლეთთან შეთანხმებას ცდილობდა. გნებავთ, მათ იდეალისტები უწოდეთ, გნებავთ ფანტაზიორები, მაგრამ ეს ხალხი არსებობდა და მათ რიცხვს გელენიც განეკუთვნებოდა. სწორედ ეს ხალხი იყო ჰიტლერზე თავდასხმის ორგანიზატორი, რომელიც მარცხით დამთავრდა.
– გელენი ანტიჰიტლერულ შეთქმულებაში მონაწილეობდა?
– ეს დოკუმენტებითაა დადასტურებული. სხვათა შორის, როცა ომის შემდეგ საბჭოთა მხარემ გელენის გადაცემა მოითხოვა, ამერიკელებმა ამაზე უარი უთხრეს. გელენს არ მიუძღოდა ბრალი ისეთ დანაშაულში, რომელიც შეიძლება, დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ის არ იყო ნაცისტური პარტიის წევრი, პირქით, ყველაფერს აკეთებდა, რათა გერმანია ნაციზმისგან გაეთავისუფლებინა, ოღონდ ისე, რომ ერთიანი ძლიერი გერმანული სახელმწიფო შენარჩუნებულიყო.
– გამოდის, რომ ბერმგანისა და ქართული ლეგიონის ნაცისტების დამქაშებად გამოცხადება, აბსოლუტური სიცრუეა?
–  არც ბერგმანელები, არც ლეგიონერები არ მონაწილეობდნენ მოსახლეობის მასობრივ ხვრეტაში, ანტისემიტურ აქციებში. პირიქით, ისინი იმ გერმანულ სამხედრო წრეებთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომლებიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. შემთხვევითი როდია, რომ ბევრმა მათგანმა ომის შემდგომ გერმანიაში მაღალი პოსტები დაიკავა. ობერლენდერი, რომელიც ბერგმანის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ, ლტოლვილთა საქმის მინისტრი და გერმანიის პარლამენტის დეპუტატი იყო, გელენმა კი ფედერალური სადაზვერვო სამსახური (ბნდ) შექმნა.
როგორც მაღლაკელიძე, ისე გაბლიანი თავიანთი ანტინაცისტური პოზიციის გამო, დაპატიმრებას სასწაულით გადაურჩნენ. მათ გადარჩენაში გელენის წვლილი უზარმაზარია. მოხდა ისევე, როგორც წიკლაურის შეთქმულების გახსნისას; ან გენერალ ილგენის გატაცებისას; ანდა ხორვატიაში მომხდარი შემთხვევის დროს.
– და რა შემთხვევა იყო ეს?
– მოგეხსენებათ, 1941 წლის 11 აპრილს ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხორვატიის სახელმწიფოს მეთაური, უსტაშტთა ორგანიზაციის ლიდერი ანტე პაველიჩი გახდა. 1943 წლის ბოლოსთვის ცხადი შეიქმნა, რომ ჰიტლერმა ომი წააგო. ხორვატულ არმიაშიც გამოიკვეთა ბირთვი, ვინც ტიტოს პარტიზანებს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გენერალი ლორკოვიჩი, რომელმაც მოაწყო აჯანყება, დაიკავა ქალაქი ლიკი და წითელი დროშა ააფრიალა. აჯანყება ჩაახშეს. ამის შემდეგ სდ-ს ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა დაიწყო მტკიცება, ქართული შენაერთი ბერგმანი, რომელიც ლიკში იმყოფებოდა, ტიტოს პარტიზანებთანაა დაკავშირებულიო. ყოველივე კი იმით დასრულდა, რომ გესტაპომ ხსენებული შენაერთის მეთაურები დააპატიმრა. გაბლიანმაც დახმარებისთვის გელენს მიმართა. აღმოსავლეთის უცხოური არმიის შეფი უმალ გაეშურა ზაგრებში და პირადად ანტე პაველიჩს შეხვდა. ერთი მხრივ გელენმა, მეორე მხრივ კი პაველიჩმა შეძლეს ჰიტლერის დარწმუნება, რომ ქართველების გათავისუფლება აუცილებელია.
– ომის შემდეგ გელენი ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს ედგა სათავეში. როგორი იყო მისი ურთიერთობა ქართველებთან?
– ფედერალური სადაზვერვო სამსახური (ბნდ) ამ სტრუქტურას მხოლოდ 1956 წელს ეწოდა. მანამდე მას უბრალოდ, გელენის ორგანიზაცია ერქვა. წლების განმავლობაში ის ნახევრად ლეგალურ სტრუქტურას წრმოადგენდა. ჰიტლერის უგუნურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტიგერმანული ფსიქოზი გამოიწვია. ბევრი მოღვაწე მიიჩნევდა, რომ გერმანიას არც არმია, არც სპეცსამსახური არ უნდა ჰყოლოდა. ამერიკელები, კერძოდ, ალენ დალესი, ამას შეეწინააღმდეგნენ. გელენის ორგანიზაციაც სწორედ მათი მხარდაჭერით შეიქმნა. ამერიკელები მას აფინანსებდნენ. შემდგომში, როცა შეიქმნა გფრ, ამ სტრუქტურას ნელ-ნელა უკვე გერმანიის ბიუჯეტი აფინანსებდა. კანცლერი ადენაუერი გელენს ყოველმხრივ ხელს უწყობდა. როგორც კი დასავლეთ გერმანია ფეხზე დადგა, გელენის ორგანიზაცია მთლიანად მის დაფინანსებაზე გადავიდა, 1956 წელს კი მან ბნდ-ს, ანუ ფედერალური სადაზვერვო სამსახურის სტატუსი ოფიციალურად მიიღო.
ქართველები ომისშემდგომ პერიოდში გელენის გვერდით იდგნენ, ახალი სპეცსამსახურის შექმნაში ეხმარებოდნენ. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მიხეილ ახმეტელი. ცნობილი საბჭოთა მზვერავი კიმ ფილბი  ახმეტელს ახასიათებს როგორც ერთ-ერთ, ყველაზე მზაკვარ პიროვნებას გელენის გარემოცვაში. ახმეტელი მოხსენიებულია ფრანგი მემარცხენე ჟურნალისტის, ალენ გერენის წიგნშიც „რუხი გენერალი“ და ეს შემთხვევითი არაა. ახმეტელის დამსახურება უდიდესია იმაში, რომ გელენმა თანამედროვე სპეცსამსახურის შექმნა მოახერხა.

скачать dle 11.3