კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნიკალურ კოლექციებს ინახავს თეატრმცოდნე გუბაზ მეგრელიძე და როგორ იხსნა მისმა მამამ ფიროსმანის ორიგინალები ყაჩაღებისგან

მსოფლიოში ფიროსმანის 221 ნახატია ცნობილი. ისინი ინახება მოსკოვში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და ბუნებრივია, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში – თბილისის ხელოვნების მუზეუმსა და მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმში. ფიროსმანის შედევრების უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია, არავისთვის იქნება ახალი ამბავი, თუმცა, ის საინტერესო თავგადასავალი, რომელიც მის ორ ნახატს, თამარისა და შოთას პორტრეტებს გადახდა, მხოლოდ გამონაკლისებმა თუ იციან.  ამის შესახებ, „თბილისელებს” ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, გუბაზ მეგრელიძემ უამბო.


– ბატონო გუბაზ, როგორც ვიცი, თქვენს ოჯახში ძალიან დიდი არქივი და მნიშვნელოვანი კოლექციები ინახება.
– მამაჩემი სოსო მეგრელიძე ფართო პროფილის მეცნიერი იყო – ფილოლოგი, რუსთველოლოგი, არქეოლოგი. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა და ურთიერთობების შედეგად, ჩვენს ოჯახში თავი მოიყარა დიდმა და მრავალფეროვანმა კოლექციამ.  ჩვენთან ინახება იმდროინდელი დიდი ადამიანების უამრავი ფოტოსურათი, რომლებთანაც მამაჩემს მეცნიერული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა. მათ შორის არიან: გალაკტიონი, აკაკი შანიძე, ლადო გუდიაშვილი და სხვა.  ჩვენთან ინახება ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის ფოტო, რომელიც სინას მთაზეა გადაღებული 1902 წელს, როცა მათ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა აღმოაჩინეს; ასევე, იქ აღმოჩენილი დავით აღმაშენებლის ხელნაწერი, რომელზეც ივანე ჯავახიშვილის თითებიც ჩანს. დავითის ეს ერთადერთი ხელნაწერია შემორჩენილი დედნის სახით. მამაჩემს ნიკო მარის ძალიან დიდი კოლექცია ჰქონდა და როცა ჩოხატაურში მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა, მათ გადასცა ძალიან ბევრი რამ. თუმცა, ძირითადი ნაწილი, ისევ ჩვენს ოჯახში ინახება. პირად კოლექციაში გვაქვს ასევე, უამრავი და უმნიშვნელოვანესი წიგნი.  ძალიან ძველი გამოცემები. „ვეფხისტყაოსნის” 67  უმნიშვნელოვანესი გამოცემა, სხვადასხვა დროის და სხვადასხვა ენაზე, სწორედ ჩვენს ოჯახში ინახება. ასევე, წერილები, ილუსტრაციები, ხალხური სიმღერების აუდიოჩანაწერები და ორიგინალი ნახატები. გვაქვს ლადო გუდიაშვილის ნახატები, რომელიც ლადომ მამაჩემს აჩუქა, ელენე ახვლედიანის ნახატები და ასე შემდეგ.
– თქვენს ოჯახში ინახებოდა ასევე, ფიროსმანის ორი ნახატი, ძალიან საინტერესო „თავგადასავლით”. ამის შესახებ გვიამბეთ.
– ჩემს ოჯახში ინახებოდა ფიროსმანის ორი ნახატი: „თამარ მეფის პორტრეტი” და „რუსთაველის პორტრეტი”. მამაჩემს მისი მეგობრობის მუზეუმისთვის ჩაბარება მას შემდეგ გადაუწყვეტია, რაც 1978 წელს, ჩვენს ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი და პრაქტიკები მოსკოვში გვქონდა. ოჯახში ჩემი სახელით ორი ადამიანი მისულა. უთქვამთ: გუბაზმა გამოგვგზავნა, რომ მისი ამბავი გვეთქვა. კარგად არის და პრაქტიკებიც კარგად მიდისო. მაშინ ხომ მობილური ტელეფონები არ იყო დასაკავშირებლად. თითქოს, ამ ამბის სათქმელად მივიდნენ ყვავილებით ხელში. მიხაკები მოუტანიათ, რომელიც მაშინ მოდაში იყო და თურმე, საკმაოდ ზრდილობიანად იქცეოდნენ. მერე დაუწყიათ ლაპარაკი ფიროსმანის ნახატების შესახებ. უთქვამთ, უნდა წავიღოთო და ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღიათ, რომელიც მაშინ დიდი იშვიათობა იყო. ძნელად  იშოვებოდა. მოუნდომებიათ ნახატების ჩამოხსნა და წაღება. მამაჩემი მართალია, პროფესორი იყო და იმ დროს 67 წლის გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო და  შეძლო თავდამსხმელებისთვის იარაღის წართმევაც და კარის ჩაკეტვაც, რომ არ გაქცეულიყვნენ. შემონახული მაქვს მამაჩემის პირადი ჩანაწერები, რომელშიც ამ ამბავს დეტალურად აღწერს: „შემდეგ მოაყოლა, ერთ საქმეზე ვართ მოსული... არ იღელვოთ, წყნარად, მშვიდად, არ იღელვოთ! რეაქციას მნიშვნელობა არა აქვსო. მე წამოვხტი და ვიყვირე:  რას დგახარ მანდ, გამოდი, აქეთ დაჯექი-მეთქი. პირველი წამოხტა, ჯიბიდან ნაგანი ამოიღო: ხმა! არ გაინძრეთ, გესვრითო..!  მე ისევ გავუმეორე – რა გინდათ ჩვენგან, რას მოითხოვთ-მეთქი… და მოულოდნელად, შემოვუარე ჩემს გვერდით მდგარ სკამსა და მაგიდას მარჯვნიდან და ხელი ვსტაცე თამაზს (ერთ-ერთი თავდამსხმელი – ავტორი)... რევოლვერის ლულაზე ხელი ვუტაცე, ისე, რომ ნინოსკენ არ გაესროლა. თანაც, ზევით ავაწევინე ხელი, მკლავის ტყავ-ხორცზე უფრო და უფრო მოვუჭირე. გაუჭირდა, იარაღი  წავართვი, ლულით მე მეჭირა, რომ  მეორემ იძრო მეორე ნაგანი: გაგათავებო, შეჰყვირა. მე თამაზი შევაბრუნე მისკენ, ამან  სტაცა ხელი  და ისევ ჩასჭიდა რევოლვერს. მე ლულის კირამ ხელი გამიჭრა, იარაღი მას შერჩა... ჭიდაობით წავართვი. დერეფნისკენ მიებჯინა კარის ჩარჩოს. გამიჭირდა, მაგრამ  დავასწარი, დერეფანში გავაგდე, იქიდან – გასასვლელით აივანზე, უკან ფეხი მოვარტყი და კარი ჩავკეტე”. დიდი ამბავი შექმნილა. უნდა ეჩივლათ, თუმცა მერე დედაჩემს ურჩევია მამაჩემისთვის, გაუშვიო. იმ მოტივით, რომ შეიძლებოდა, მოსკოვში ჩემთვის რამე დაეშავებინათ. ვმსჯელობთ მე და ნინო, დავრეკოთ თუ არა მილიციაში: არაო, მითხრა ნინომ, გუბაზს არაფერი ავნონო, – წერს მამაჩემი. დილით უნივერსიტეტში დაურეკავს დამაგვიანდებაო. „ბორის დარჩიას დავურეკე, ინსტიტუტში დამაგვიანდება, ასეთი ამბავი შემემთხვა-მეთქი. მოუდიათ ეს ამბავი მთელი ქალაქისთვის. მოდებულა ხმა – სოსომ ორი შეიარაღებული კაცი განაიარაღა – გმირია გმირიაო, ასე იძახდნენ და ინსტიტუტში ტაშით შემხვდნენ”, – წერს მამა. ამ ამბის შემდეგ, მამაჩემმა გადაწყვიტა, სურათები მეგობრობის მუზეუმისთვის გადაეცა და ასეც მოიქცა: „ფიროსმანის სურათები – „თამარი” და „რუსთაველი” ჩავაბარე მეგობრობის  მუზეუმს. მილიცია ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა, არცაა იმედი, რომ დაგვიცავს და ამიტომ, გავიტანე სახლიდან”. სურათებმა მეგობრობის მუზეუმში ათი წელი გაატარა. 1988 წელს, როცა ის დაიშალა, ნახატები მირზაანის მუზეუმს გადასცეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომელიც ყველამ გააშუქა. მათ შორის გაზეთმა „პრავდამაც”. მე ხელთ მაქვს „პრავდის” კორესპონდენტის, გიორგი ლებანიძის კორესპონდენცია, რომელიც შემდგომ ყველამ გადაბეჭდა. „პრავდა” საკავშირო პრესა იყო და მასში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები იბეჭდებოდა.
სურათები ერთხელ  იყო გამოფენილი ხელოვნების მუშაკთა სასახლეში, 20 წელზე მეტი წლის წინათ. ახლა, ფიროსმანის სხვა ორიგინალებთან ერთად, მირზაანის სახლ-მუზეუმიდან ჩამოიტანეს და თეატრისა და კინოს მუზეუმშია გამოფენილი.

 

скачать dle 11.3