რატომ არ მისცა ეკლესიამ ველისციხელ ქალზე დაქორწინების უფლება ლაშა-გიორგის და როგორ დაარღვია მისი ანდერძი დამ, რუსუდანმა
ლაშა-გიორგიმ გარდაცვალების წინ თავისი და – რუსუდანი დროებით მეფედ გამოაცხადა და დატოვა ანდერძი, რომ რუსუდანს უნდა გაეზარდა მისი ვაჟი, დავითი. როცა ის სრულწლოვანი გახდებოდა, მისთვის ტახტი უნდა დაეთმო.
ლაშას გარდაცვალების შემდგომ რუსუდანი ტახტზე აიყვანეს. ის ზრდიდა თავის ძმისშვილს – დავითს. ლაშას ის ველისციხელი გლეხის (სხვა გადმოცემით აზნაურის) ქალისგან ჰყავდა, რომელიც ქმარს წაართვა და ცოლად უნდოდა, მოეყვანა. მაგრამ, ეკლესიამ არ მისცა ამისი ნება. გიორგი-ლაშას ველისციხელი ქალი ეკლესიამ წაჰგვარა და ქმარს დაუბრუნა.
რუსუდანი უნდა გათხოვილიყო შირვანის შაჰზე, მაგრამ ძმის გარდაცვალების შემდგომ, ცოლად გაჰყვა ტფილისის სამეფო კარზე მძევლად მყოფ არზრუმის სულთნის, თოღრულ შაჰის ვაჟს – მოღის ედ დინს, რომელმაც მართლმადიდებლობა მიიღო.
რუსუდან მეფეს შეეძინა ქალ-ვაჟი, რომელთაც თავისი მშობლების სახელები დაარქვა – თამარი და დავითი. რუსუდანს ძალაუფლების ხიბლმა და ვაჟის დაბადებამ გადააწყვეტინა, დაერღვია ძმის ანდერძი, ლეგიტიმიზმის წესები და თავისი ვაჟი გამოეცხადებინა ტახტის მემკვიდრედ. ვითარებამაც ხელი „შეუწყო“. რუსუდან მეფის მმართველობის დროს საქართველო ძალიან დასუსტდა. ჯერ იყო და 1225 წელს ქართული ჯარი დამარცხდა გარნისის ბრძოლაში მონღოლებისგან გამოქცეული ხვარაზმის სულთნის, ჯალალედინის ლაშქართან, უვარგისი მეთაურობის გამო. რუსუდანის მთავარსარდლის, ივანე მხარგრძელის შურიანობის მიზეზით, რომელსაც არ უნდოდა, ძმებ ახალციხელებს კვლავ ესახელებინათ თავი, დამხმარე ძალები არ მიაშველა მათ და ბრძოლის გარეშე ძირითად ნაწილებს უკან დაახევინა.
1226 წელს ჯალალედინმა აიღო ტფილისი და 100 000 ადამიანი მოკლა ოდესღაც უძლიერესი ქვეყნის დედაქალაქში. რუსუდან მეფემ თავისი დედაქალაქი მიატოვა და ქუთაისში გადავიდა. დაახლოებით ხუთი წელი არბევდა ჯალალედინი საქართველოს და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, სანამ ისევ არ დაამარცხეს მონღოლებმა. მერე კი უსახელოდ მოკლა უბირმა ქურთმა, 1231 წელს.
1235 წელს საქართველოში უბრძოლველად შემოვიდნენ მონღოლები. რუსუდანმა ისევ არ გაუწია წინააღმდეგობა მტერს, ტფილისი გადაწვა და გადავიდა ქუთათისში. უმეთაუროდ დარჩენილი დიდებულები ცდილობდნენ თავის გადარჩენას და შეიკეტნენ ციხე-სიმაგრეებში. შემდეგ კი ცალ-ცალკე მორჩილება გამოუცხადეს მონღოლებს.
რუსუდანმა ქუთათისში მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი ძე – დავითი. ამ დროს ის მხოლოდ დასავლეთ საქართველოს – აფხაზეთს აკონტროლებდა. რუსუდანის ძის თანამეფედ გამოცხადებას ვერ დაესწრნენ (ალბათ, არც დაუდასტურებიათ) მცხეთელი კათალიკოს-პატრიარქი და სრულიად საქართველოს დიდებულები, მათ შორის, სარგის თმოგველი.
რუსუდანს ადარდებდა თავისი ძის არალეგიტიმურობა, ლაშას ანდერძის მნიშვნელობა. ქვეყანა რომ ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილიყო, ალბათ ის ამ გეგმის ასე ადვილად განხორციელებას ვერ შეძლებდა. ყველას ახსოვდა ლაშას ანდერძი. რაც მთავარია, ლაშას ძე მამით ბაგრატიონი იყო, რუსუდანის ძე კი – სელჩუკი. 1236 წელს პოლიტიკური მოსაზრებით, რუსუდან მეფის ასული – თამარი მიათხოვეს რუმის (იკონიის) სულთან ყიასედდინ ქეი ხოსროვ მეორეს. ვერაგმა მამიდამ ძმისშვილი მაყრად გააყოლა თავის ასულს. მერე კი სიძეს მოსთხოვა დავითი მოეკლა. სულთანმა ყიასედდინმა დავით ლაშას ძე საპყრობილეში ჩააგდებინა. დავითს მამისგან მიჩენილი ჰყავდა მსახური, სახელად სოსანა. სოსანა ყოველდღიურად პურსა და წყალს აწვდიდა დატყვევებულ უფლისწულს.
ტახტის შენარჩუნების მიზნით, რუსუდანი იძულებული იყო მონღოლების ბატონობა ეღიარებინა. ის აღმოსავლეთ საქართველოში, ტფილისში გადმოვიდა, სამაგიეროდ, მონღოლებს მისი შვილი მეფედ უნდა დაემტკიცებინათ. რუსუდანმა თავისი ვაჟი მონღოლთა ნოინებთან გააგზავნა, რომლებიც მაშინ სომხეთში იყვენ დაბანაკებულნი.
მონღოლმა ნოინებმა დავით რუსუდანის ძე ოქროს ურდოში, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილთან, ბათო ყაენთან წარგზავნეს, რომელიც ფლობდა ოსეთს (ჩრდილო კავკასიის ველები), ყივჩაღეთს, ხაზარეთსა და რუსეთს. დავით რუსუდანის ძეს იქვე დახვდა ავაგ ათაბაგიც, ივანე მხარგრძელის ვაჟი, რომელიც უფრო ადრე გამოუდგა ამ გზას ხლათის სულთანთან ერთად.
ბათო ყაენთან ორი წელი დაყო დავით რუსუდანის ძემ თავის ამალასთან ერთად. საბოლოოდ, ბათომ თავის თავზე არ აიღო ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და რუსუდანის ვაჟი მონღოლეთის უმთავრესთან, ჩინგიზ ყაენის მთავარ მემკვიდრესთან – მანგუ ყაენთან გააგზავნა ყარაყუმში.
1245 წელს რუსუდან მეფე გარდაიცვალა. უკანასკნელი წლები მან მწუხარებასა და გლოვაში გაატარა. არაფერი იცოდა თავისი ძის, დავითის შესახებ, რომელიც დიდი ხნით დაიტოვეს ურდოში. სახელმწიფო უმეფოდ დარჩა. ამ დროს საქართველოში მოვიდა ცნობა, რომ იკონიაში ცოცხალი იყო დავით ლაშას ძე. დავით ლაშას ძის ამბავი საქართველოში, ვაჭრების პირით, შემოთვალა სოსანამ, უფლისწულის მსახურმა.
ქართველმა პატრიოტებმა მონღოლ მხედარმთავრებს, რომლებიც ჩვენს რეგიონს აკონტროლებდნენ, იკონიის სულთნისგან მისი გამოხსნა მოსთხოვეს. თან, უამბეს მისი ისტორია. ველური დამპყრობლები გააოცა რუსუდანის ვერაგობამ. მონღოლებს იმ დროისთვის უკვე დამარცხებული ჰყავდათ ყიასედდინი, რა თქმა უნდა, ქართული ჯარის მონაწილეობითაც. ანგურაგ მოციქული – ელჩი, ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი რუმში გაემართნენ, მცირე ამალით.
რუმში ჩასულები მოძებნა სოსანამ და ყველაფერი წვრილად უამბო. ანგურაგმა, ვარამ გაგელმა და სარგის თმოგველმა ყიასედდინს სთხოვეს გადაეცა მათთვის ქართველი უფლისწული. სულთანს არ ეგონა ლაშას ძე თუ ცოცხალი იქნებოდა. საპყრობილედან გამოიყვანეს ობოლი ქართველი უფლისწული. ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი გულამოსკვნით ტიროდნენ, როცა იხილეს სიკვდილის პირას მყოფი, გაძვალტყავებული, გაყვითლებული, წელამდე თმით მოსილი და ფრჩხილებგრძელი საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ხუმრობა ხომ არაა, ხუთი წელი დაჰყო დავით ლაშას ძემ ჯურღმულში.
მთელი საქართველო სიხარულით მიეგება ლაშას ძეს. მეფედ დასამტკიცებლად მონღოლთა ნოინებმა ისიც ოქროს ურდოში, ბათო ყაენთან გაგზავნეს. უფლისწულს დიდ გზაზე გაჰყვნენ ზაქარია ამირსპასალარი, ვარამ გაგელის ძე აღბუღა და სარგის თმოგველი. ბათომ დიდი პატივით მიიღო ქართველნი. შემდეგ დავით ლაშას ძეც ყარაყორუმს მიავლინა მანგუ ყაენთან.
ლაშას ძეს ურდოში რუსუდანის ძე დახვდა. ამგვარად, საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი ერთად ითხოვდა მეფობას. ქართველ დიდებულთა შორის კამათი გაიმართა – ვის უფრო ეკუთვნოდა ტახტი.
საბოლოოდ, მონღოლებმა მეფედ სცნეს ორივე დავითი, „უპირატესი პატივი და ზედაჯდომა ლაშას ძეს ეპყრა ლაშას ძეობისათვის“ და ასაკით უფროსობისთვის. ლაშას ძეს ულუ (უფროსი), რუსუდანის ძეს (ნარინი) უწოდეს.
ერთი პერიოდი ერთად განაგებდნენ მთელ საქართველოს ტფილისიდან. მერე დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში გადავიდა და ქუთათისის ტახტი დაიკავა. ის არ ემორჩილებოდა მონღოლებს. ამ შესანიშნავმა მეფემ შეაგელვა ცხენი ტრაპიზონში და ეს უძველესი ქართული მხარე კვლავ დაუბრუნა საქართველოს გავლენას.
დავით ლაშას ძე საქართველოს ოცდასამი წელი, 1270 წლამდე განაგებდა. ის რამდენჯერმე აუჯანყდა მონღოლებს, გაიმარჯვა კიდეც ბრძოლებში, მაგრამ დიდებულთა ღალატის გამო, დამარცხდა. მეფის ოჯახი მონღოლებს ჩაუვარდა ტყვედ. მისი მეუღლე გვანცა, დემეტრე თავდადებულის დედა, მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს.
დავით ლაშას ძის თესლიდან წარმოდგნენ ისეთი დიდი მეფეები, როგორებიც იყვნენ დემეტრე თავდადებული (შვილი) და გიორგი ბრწყინვალე (შვილიშვილი), წმიდა ლუარსაბ მეფე, წმიდა ქეთევან დედოფალი და სხვები. ყველა დღევანდელი ბაგრატიონი მისი შთამომავალია.
სამწუხაროდ, დიდებული მეფე დავით ნარინის შთამომავლობის ხაზი სამი თაობის მერე შეწყდა, ან გვარი შეუცვალეს.