კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის წავიდა ძალიან დიდ რისკზე მერაბ ბერძენიშვილი და რატომ დააბნია მან ხალხს გულზე დავით გურამიშვილის სურათი

უნიკალური რკინაბეტონის მონუმენტი – „დიდების მემორიალი,” ქუთაისში 1982 წელს დაიდგა, 2009 წელს კი ხელისუფლებამ მისი დემონტაჟი დაიწყო ახალი პარლამენტის შენობის აშენების გამო. „ხელისუფლება ხელოვნების ნაწარმოებს, ძეგლს, ამჯერადაც ისე მოექცა, როგორც მაშინ, როცა ავტორის გარეშე დავით აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანა” („რადიო თავისუფლება”). გული უგრძნობდა, ოდესმე „დიდების მემორიალის” დროც დადგებოდა:  „მანამდე რა მოხდა, იცით? დაარბიეს, შუაგული ამოჭრეს და თითქმის ორი წელიწადი იყო ეგრე ამოჭრილი. ვწერდი გაზეთში, მივმართე ქუთაისის საზოგადოებას, იქაურ მთავრობას – არავითარი ყურადღება… 1981 წელს, ეგრეთ წოდებული „ზასტოის ეპოქაში”, გაქანებული „ცივი ომის” დროს, როცა საბჭოთა ტანკები ავღანეთში შეიჭრნენ, ასეთი ძეგლის დადგმაც გმირობის ტოლფასი იყო გარკვეული თვალსაზრისით... დღეს კი ამ ძეგლს „საბჭოთა ხელოვნებად” ნათლავენ,” – ამბობს გულდაწყვეტილი მოქანდაკე, გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ ამხელა შრომა რამდენიმე წამში გაუნადგურეს და  ამასთან, ძეგლი, როგორც თავად ამბობს, იმ ხალხმა შეუფასა, საერთოდ რომ ვერ ერკვევა ხელოვნებაში... თუმცა, ბედნიერია, ქართულმა საზოგადოებამ რომ მხარი დაუჭირა… „კიდევ ერთხელ დავინახე საზოგადოების ჩემდამი დამოკიდებულება. სტრესის გადასატანად კი მაქვს ფილმები მიქელანჯელოზე, ლეონარდოზე”…
საქართველოში არ არსებობს ქალაქი, სადაც მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრებს არ შეხვდებით. თითოეული ნამუშევარი ძალიან დიდი შრომისა და ნერვების ფასად დაუჯდა. ასეთივე ბედი ხვდა თავის დროზე მის სულ პირველ ნამუშევარს – დავით გურამიშვილის ძეგლს. ამ ძეგლის შექმნის ისტორიას ის თავადვე გიამბობთ თავის დღიურებში.   
„კულტურის სამინისტრომ დავით გურამიშვილის ძეგლი დამიკვეთა. მე ის შევასრულე. ნამუშევარს მოწონება ხვდა სპეციალისტთა შორის, შემდეგ კი ქალაქში დასადგმელად მივიღე დაკვეთა. ესკიზი სამი თვის განმავლობაში ხან სად იყო გამოფენილი და ხან სად, საბოლოოდ კი დამტკიცდა. ის იყო, მუშაობას უნდა შევდგომოდი, რომ ამბავი მომივიდა, მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ ორგანოებში, რომ კონკურსი ჩატარდესო. მართლაც ასე მოხდა. კონკურსში მე არ მიმიღია მონაწილეობა. ვერაფერი შეარჩიეს და კვლავ მე შემომთავაზეს საქმის გაგრძელება. უსახელოსნოდ ძალზე მიჭირდა. სახელდახელოდ გაკეთებულ სახელოსნოში ვიყავი დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ღამითაც იქ ვრჩებოდი. ძეგლი კომისიამ მიიღო და გაგზავნა ქალაქ ლენინგრადში, ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკების ჩამოსხმა. საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა  ის, რომ გამოეყოთ ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა: „თქვენ სად გინახავთ ასეთი ქართველი?” – მკითხა მან. „მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენიათ ქართული.” იგი ადგა, უეცრად პალტო მიართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად. ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში („იუჟნი პარკი”) პერონზე ეგდო. დღესაც იქ იქნებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი – უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ, მხატვრულ ქანდაკებებს ვუდგამდი. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა. დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშებთან ერთად ვცოდვილობდი. ხან რა სჭირდებოდათ, ხან – რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება! ამიტომ, მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიცა და შედეგით დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი. კიდევ ის იყო, რომ დღეში ასობით შეკითხვაზე მიხდებოდა პასუხის გაცემა… ასე გადიოდა დღეები. ერთმა და იმავე შეკითხვებმა აპარატად მაქცია, თორემ, ამდენი გინება ძნელად რომ კაცმა აიტანოს. მოახლოვდა ქანდაკების გახსნის დღე. მე გულზე გასაკეთებელი სამახსოვრო ნიშნები – გურამიშვილის თავი გავაკეთებინე და დავურიგე იმათ, ვისაც გულწრფელად მოსწონდა ძეგლი. მოსაწვევი ბარათებიც მზად იყო, მას გურამიშვილის ლექსი ამშვენებდა. ეს ჩემი პირველი ქანდაკება იყო. აღფრთოვანებულმა მოქანდაკე ამირან ბილანიშვილმა სიყვარულით მთხოვა – ვისაც ქანდაკება მოსწონს, ყველას ვპატიჟებ, წავიდეთ, დავილოცოთო… ჩემი ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე… ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის, ვერც იმ საღამოს დავივიწყებ.
ერთხელ, როდესაც გურამიშვილის ძეგლზე ვმუშაობდი, გამაფრთხილეს, დიდად პატივცემული სიმონ ჩიქოვანი მოდისო ძეგლის სანახავად. მე ძალიან ავღელდი, რადგან დავით გურამიშვილის სულს თუ ვინმე ჩასწვდა – ეს იყო სიმონ ჩიქოვანი… და აი, ჩემთან მოდის პოეტი, რომელმაც მთელი არსებით, სიყვარულითა და ღრმა განცდით უმღერა დავით გურამიშვილს. ბუნებრივია, ავღელდებოდი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ სიმონ ჩიქოვანს მე ვთვლიდი გურამიშვილის ტკივილების თანაზიარ პოეტად, რომელმაც ასე ძლიერად განასახიერა სიტყვაში გურამიშვილი. მე ვღელავდი და ვფიქრობდი, ის კი იდგა მდუმარედ. სიჩუმე საუკუნედ მეჩვენა და შემდეგ ჩემს სახელოსნოში გაისმა დაბალი ხმა: „სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ ჰგოდებდი ასტრახანში ღამით...“ ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად – ლაკონური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა, სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით… ყველაფერი მიზნისათვის კეთდება. მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ, სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს… მე სწორედ ეს ავიღე და პლასტიურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო…”
(მერაბ ბერძენიშვილი, მოგონებებიდან, „საბჭოთა საქართველო,” 1979 წელი) 

скачать dle 11.3