800 წლის ანზორა
უკვე ნამკურნალები ანზორი კლინიკიდან უნდა გაეწეროს და მეტი დამაჯერებლობისთვის ბატონმა ავლიპმა საფინალო გასაუბრება განიზრახა:
– ახლა, ანზორ, შენ მალე უნდა გაგწეროთ, უკვე გამოჯანმრთელდი.
– ძალიან კარგი, – გაუხარდა ანზორას.
– აბა, ახლა მითხარი, რამდენი წლისა ხარ შენა?
– ძალიან ბევრის.
– მაინცა, მაინცა?
– ალბათ, ვიქნები ასე 800-900 წლის, ზუსტად არ ვიცი.
– როგორა, კაცო... – წამსვე გადაიფიქრა გაწერა დიდმა ფსიქიატრმა.
– ჩვეულებრივად.
– გამოდის, რო შენა რუსთაველისა და თამარ მეფის დროს ცხოვრობდი?
– რა თქმა უნდა! მაშინ, ახლა რომ ვარ, იმაზე პატარა ვიყავი, შედარებით, რა თქმა უნდა.
– მოიცა, მოიცა, მაშ, გამოდის, რომ შენა რუსთაველი გინახავს?
– აბა რა, ისე, როგორც თქვენ გიყურებთ, ექიმო.
– და, თამარ მეფეც?
– აბა, რა! – იუკადრისა ანზორამ, მაშინაც მეფე იყო, მაგრამ, ქალი რომ იყო, მეფე მაინც იყო.
– რუსთაველიც მეფე იყო?
– არა, რუსთაველი ლექსებს წერდა, აქვეყნებდა და ამით ირჩენდა თავს.
ავლიპმა საბოლოოდ გადაიფიქრა ანზორას გაწერა, მაგრამ, ექსპერიმენტი „გაიჩითა“ და აღარ მოეშვა:
– ახლა სადაა რუსთაველი, აბა, თუ მეტყვი?
– ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, გერმანიაშია ახლა. იქ ცხოვრობს დეიდასთან.
– შენ რო გახსოვს, მაშინ სადა ცხოვრობდა?
– სად ცხოვრობდა, არ მახსოვს, მე ხომ მაშინ პატარა ვიყავი... ისე, კაჭრეთში გავიცანი დაბადების დღეზე. მაშინ ჯერ ლექსებს არ წერდა. ხაშლამას ჭამდა ხელებით.
– თამარ მეფეც იქ, დაბადების დღეზე გაიცანი, ალბათ.
– კარგით, რა, ექიმო... თამარი მეფე იყო და დაბადების დღეზე რა უნდოდა მეფეს? – მხიარულად გადაიხარხა ანზორამ – რას მეუბნება ეს ექიმი კაციო...
– აბა, სად გაიცანი?
– სად და... ჰო, გამახსენდა: მე მივდიოდი, ის მოდიოდა და გავიცანი მოულოდნელად. ჩემგან გესწავლებათ, როგორც ხდება? – ისევ გამხიარულდა პაციენტი.
– აი, მაგას კი ვეღარ დაგიჯერებ! (სხვა ხომ სჯეროდა).
– რატომ, რატომ? – ხმაზე ნერვიულობა დაეტყო 800 წლის (სჩემტო) კაცს.
– იმიტომა, რომა, იტყუები.
– როგორ გეკადრებათ, მე და ტყუილი? გინდა, თვითონა ჰკითხე, ნახამ, თუ არ გეტყვის.
– მაშ, დაიფიცე.
– კი ბატონო, ღამე, როცა თავი მიდევს ბალიშზე, ხო ისე მძინავს? ჯერ თავს ვდებ ბალიშზე და მერე ვიძინებ ხოლმე ჩვეულებრვად. იმ ბალიშს გეფიცები.
(აუუუუ!)
– მაინცა ცრუეობ შენა, – არ ეშვება ექსპერიმენტს ავლიპი.
– რათ არა გჯერა, ექიმო? – შეწუხდა ანზორა.
– მაშ, როგორ დაგიჯერო, კაცო! როგორ დაგიჯერო, 800 წლის წინათ ვცხოვრობდიო, ამბობ.
– ჰო, მერე?
– მერე ისა, რომა, ჩემო კარგო, რომა, ადამიანი 800 წელი არა ცოცხლობს.
– ი, გამაგიჟებს (ვითომ ისე ძალიან დალაგებული იყო) ეს კაცი, ხელი ხელს შემოჰკრა ანზორამ, – აგე, თუ არა ცოცხლობს... აგე, თუ არა ცოცხლობს! აბა, მე რა, ცოცხალი არა ვარ?!