რატომ უნდა გავყიდოთ მალევე „ფორდის“ მარკის ავტომობილი
რედაქციაში უამრავი კითხვა შემოდის კონკრეტულად ავტომობილებთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებს, საკუთარი ავტომობილის დაწვრილებითი, ვრცელი დახასიათება. თქვენი თხოვნა გავითვალისწინეთ და ამჯერად „ფორდის“ მარკის ავტომობილზე გესაუბრებით.
მევლუდ მელაძე: „ფორდი“ ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ავტომწარმოებელია. მას დღესდღეობით რამდენიმე ქვეყანა უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულია. ყველაზე ხარისხიანი მათ შორის, მაინც, გერმანიაში აწყობილი ავტომობილებია. მაგრამ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ფორდი“ მაინც ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ბრენდად არის მიჩნეული. მას ხშირად აქვს „თავის ტკივილები“, რაც ზოგადად, მისი დაუხვეწაობის ბრალია. შეიძლება, უცებ ისეთი დეტალი გაუფუჭდეს, რასაც ვერასდროს ივარაუდებდით. ვისაც „ფორდის“ რომელიმე მოდელი ჰყავს, მან იცის, რა სატანჯველია, როდესაც ვერავინ იგებს, თუ რა სჭირს შენს ავტომობილს. გერმანიაში ყოფნისას სულ ახალი „ფორდი“ შევიძინე, რომელმაც ორ კვირაში ჭრიალი დაიწყო. ამას ძლივს ვუშველეთ და ცოტა ხანში, სხვა რამ დაემართა. მე რომ ვერაფერი გავუგე, გაბრაზებულმა ავტომობილი „ფორდის“ ცენტრში მივიყვანე, მაგრამ იქაც ვერ გაუგეს, რა სჭირდა. თუმცა, აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ იაფია და მისი შესყიდვის ძირითადი მიზანი სწორედ ესაა.
– „ფორდ-ფოკუსზე“ რას გვეტყვით, რომელიც საკმაოდ ბევრი დადის თბილისში.
– ეს საკმაოდ ლამაზი ავტომობილია, თან იაფი. 2000 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომობილს შვიდ, რვა ათას დოლარად შეიძენთ. ეს იმ დროს, როცა ამ წლოვანების ავტომობილები ბევრად ძვირია. ამის მიზეზი ისევ ხარისხია. ვთქვათ, ვიყიდეთ „ფოკუსი“, რომელიც ძალიან კარგად დადის, არაფერი სჭირს და კარგი ძრავა აქვს. გადის რაღაც მცირე პერიოდი და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მაყუჩში („გლუშიტელში“) რაღაც ჩხრიალებს, ანუ რაღაც ჩაიშალა. ამ დროს, უმეტეს შემთხვევაში, მაყუჩის გამოცვლა გვიწევს. შემდეგ უცებ, შეიძლება, აღმუვლდეს, ანუ „პაჩევნიკი“ გახდეს გამოსაცვლელი. ამას მხოლოდ საკუთარ მაგალითზე არ ვამბობ – მსოფლიო პრაქტიკიდანაა ცნობილი. ძირითადად, არავინ იცის მისი მწყობრში მოყვანა. რომელიმე ხელოსანმა შესაძლოა, უბრალოდ „გაარტყას“ და ვთქვათ, სწორედ ის გადამცემი შეცვალოს, რომელიც გაფუჭებულია. მაგრამ, ეს ავტომობილის სრულფასოვან შეკეთებას არ ნიშნავს. შესაძლებელია, ძებნისას, ხელოსანმა ისეთი რამე დააზიანოს, ისეთ დეტალს შეეხოს, რაც წვას გაზრდის. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის რთული შესაკეთებელია წვრილმანისგან გამოწვეული პრობლემები, რადგან რთული საპოვნელია. სულ პატარა „კაბელის“ დაზიანებამ, შეიძლება, მანქანა მწყობრიდან გამოიყვანოს.
– რისი ბრალია ეს? საქართველოში ეს მანქანა ცუდად შეისწავლეს?
– არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ის „კაბელიც“ უხარისხოა. როცა ავტომობილში ყველაფერი უხარისხოა, ძნელია, მას რაიმე მოსთხოვო. „ფოკუსი“ და მის შემდეგ გამოშვებული მოდელები საკმაოდ ლამაზია ვიზუალურად, მაგრამ ძველი მოდელები არცთუ ისე „კარგი შესახედია“, მაგალითად, „ფორდ-სიერა“, „სკორპიო“ და სხვა. ეს მოდელები ძალიან იაფი ღირს. მაგრამ არ გირჩევთ მის ყიდვას, თუ თავად არ გეხერხებათ ავტომობილის შეკეთება და არ ერკვევით მის „ანატომიაში“. ის სულ რაღაცის შეკეთებას მოითხოვს. მაგალითად, „ფორდ-ესკორტი“ მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ საკმარისია, ერთ-ორ ორმოში ჩავარდეთ, რომ საბურავები გვერდებში გაიწევს, გაიჩაჩხება. „კუზაოც“ ძალიან სუსტი აქვს. ამ დროს ამბობენ, „ბაკავინებში“ გაიჩაჩხაო (იცინის). ძალიან ბევრი წვრილმანია, რომელსაც სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი. ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად საკმარისია, „კაპოტი“ ახადოთ. ძველი მოდელების შიდა მოწყობილობები იმდენად ულამაზოა, რომ მიხვდებით, ის ხარისხიანიც არ იქნება. ახალ მოდელებში გაჩნდა პლასტმასის დეტალები, ვიზუალურობა ცოტა დაიხვეწა. იგივე შეიძლება ითქვას „ფოკუსზე“, რომელიც ასე თუ ისე, ყველაზე წარმატებული მოდელია. საწვავსაც ნორმალურად წვავს, იმის მიხედვით, თუ რამხელაა ძრავას მოცულობა. მძლავრი ძრავის მქონე ბევრს წვავს, ხოლო შედარებით სუსტი – ნაკლებს.
– კარგი მონაცემები აქვს?
– კარგი მხოლოდ ის აქვს, რომ იაფია. თუ ძალიან ცოტა ფული გვაქვს და იმ დროს აუცილებლად გვჭირდება ავტომობილი, მაშინ შეიძლება, „ფორდის“ რომელიმე, ძველი მოდელი შეიძინოთ. მაგრამ, ის აუცილებლად მალევე უნდა გაყიდოთ. „ფორდის“ მოდელებიდან მხოლოდ და მხოლოდ „ტრანზიტის“ ყიდვას თუ გირჩევთ. ეს მიკროავტობუსები ნორმალური ხარისხისაა. ნაკლებად აქვს ძრავის პრობლემები. ზოგადად, მიკროავტობუსები უფრო მარტივი კონსტრუქციისაა. თან, „ფორდს“ აქცენტი თავიდანვე სატვირთოზე ჰქონდა გადატანილი, „ფორდ-ტრანზიტი“ კარგად ერგება ჩვენს პირობებს. ძველ მოდელებზე უნდა აღვნიშნო, რომ ისინი არ არის გათვლილი მაღალ სისწრაფებზე, ანუ „ფორდისგან“ სისწრაფეს არ უნდა ელოდოთ. ეს სიტუაცია შედარებით ახალ მოდელებში გამოსწორდა.
– სულ ბოლო მოდელები? ისინი თბილისში არცთუ ისე პოპულარულია.
– ჯერ ერთი, თბილისში არ არის „ფორდის“ წარმომადგენლობა, რომლებიც სულ ახალ მოდელებს შემოიყვანა. დილერები კი მათ ჩამოყვანას ერიდებიან, რადგან სულ ახალი „ფორდის“ ფასად, მომხმარებელი მაინც სხვა მარკის სამი-ოთხი წლის მოდელს შეიძენს. თან, ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც რეკლამა იმდენად არ მოქმედებს ხალხზე, რამდენადაც ჭორი და ახლობლების რჩევები. ის, რომ „ფორდი“ სუსტ ავტომობილებს აწარმოებს, ყველამ იცის. მაგრამ, „ფორდს“ სულ არ აინტერესებს საქართველოში მასზე რას ფიქრობენ და უამრავ ახალ მოდელს ქმნის.
– „ფორდ-კაზე“ რას იტყვი?
– ის ვიზუალურად საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. სწორედ ამის ხარჯზე ფიქრობდნენ მწარმოებლები, რომ მას თინეიჯერები შეიძენდნენ. სხვათა შორის, თავიდან ძალიან კარგად იყიდებოდა, მაგრამ პრობლემები ძალიან მალე დაეწყო.