ადამი და ევა
ბედნიერების ეტაპები
თუ ეს ნამდვილად სიყვარულია... მაშინ ვერანაირი წყალქვეშა რიფები მას ვერ შეაშინებს. როცა ერთმანეთს ხვდება ორი მონათესავე სული, იქ ყველაფერი ნათელი და მარტივი ხდება – რომანტიკაც, ვნების ქარიშხალიც, შედარებით სტაბილური, სითბოთი გაჯერებული ეტაპებიც თანაბარი მონაცვლეობით იკავებენ ადგილებს. დიახ, ბედნიერებას აქვს ეტაპები და როცა ერთი მეორეს ცვლის, შეიძლება, შიშიც კი ვიგრძნოთ... ვაი! რაღაც ისე ვერ არის... მაგრამ თქვენ უნდა მიხვდეთ, უნდა იგრძნოთ, რომ საფრთხე ნამდვილად არ არსებობს.
როცა თვალებს ახელ... გონება და შენი ემოციონალური ფონი პოზიტივისთვის უნდა განაწყო. უნდა იფიქრო ბედნიერებაზე და ბედნიერებაც მოვა შენთან... ყველაფერი გამოდგება იმისთვის, რომ ბედნიერების განცდამ არ მიგატოვოთ. ყოველთვის ვერ იქნება ბედნიერება ხელშესახები და ყოვლისმომცველი... ზოგჯერ ის თავად უნდა შექმნა. ქალებს ეხერხებათ ამის გაკეთება... თქვენ უკეთ იცით, რა მოგანიჭებთ სიხარულს... რა გაგიფერადებთ ყოველდღიურობას... რა იქნება თქვენთვის შთაგონების, აღმაფრენის წყარო.
ყველაფერი ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა – ეს არის რეალობა და რაც მალე გავაცნობიერებთ ამას, ბედნიერები ვიქნებით.
ბედნიერება არ დაგიძახებთ, მე აქ ვარო.... უნდა გაიხსნათ მის შესახვედრად და მისაღებად... გაიაროთ ყველა ეტაპი და იფიქროთ იმაზე, რომ ყველა ეტაპი თავისებურად მომხიბვლელია.
მარტო და... მთელი სამყარო!
მთავარია, შენთვის ყველაზე საინტერესო და მისაღები ვარიანტი ამოირჩიო და ზუსტად მიხვდები, რომ ამ სამყაროში მარტო აღარ ხარ.
რას ვგულისხმობთ? – ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის ძვირფასნი არიან. გაზაფხულზე სასწაული გინდა, გაზაფხულზე მარტოობა ორჯერ უფრო მძიმეა და აუტანელი. შეადგინეთ თქვენი სურვილების „რუკა“ და ზუსტად განსაზღვრეთ, რას გააკეთებთ, რათა თქვენს სიმარტოვეს ბოლო მოუღოთ... ხელახლა გადახედავთ იმ შესაძლო „ვარიანტებს“, რომელთაც ცოტა ხნის წინ ყურადღება არ მიაქციეთ? – გონივრული გადაწყვეტილებაა. კონკრეტული მიზნები დაისახეთ პირად ცხოვრებაში – ეს მნიშვნელოვანია და აუცილებელი. დარწმუნდით, რომ ნამდვილად აღარ გინდათ მარტო ყოფნა და მზად ხართ, ადამიანი ისეთი მიიღოთ, როგორიც ის რეალურად არის. მსუბუქი კორექტივები კიდევ შესაძლებელია, მაგრამ, მუდამ გახსოვდეთ, რომ ადამიანები არ იცვლებიან.
ნუ დაუპირისპირდებით მთელ სამყაროს და, უპირველესად – საკუთარ თავს. თქვენი სურვილების სტერილიზაცია შესაძლებელია და არც ისე რთულია, თუკი მართლაც მოინდომებთ.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს არავითარი ჯადოქრობა, მაგრამ არსებობს მტკიცე ნება და ზუსტი ფორმულირება საკუთარი სურვილებისა – აი, ეს კი ნამდვილად არის მაგია, თანაც, კეთილი და საჭირო მაგია.
გარემოება – ჩვენზე ძლიერია
არსებობს გარემოებები, რომლებიც თავისი არსით, ჩვენზე ბევრად ძლიერია. მაგალითად, ზოგჯერ ისეთი რაღაც ხდება, რასაც ვერ შეეწინააღმდეგები. მაგალითად, სიყვარული კარგია, მაგრამ არსებობს იმედგაცრუება სიყვარულისგან – ტკივილი, წყენა, დარდი... სიყვარულით იმედგაცრუება უკვალოდ არასოდეს ჩაივლის. ის ღრმა და მტკივნეულ კვალს ტოვებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, გრძნობას წინ ვერ აღუდგები. ვერ ამოიგლეჯ გულიდან და ვერ ჩაუკეტავ კარს. არც ღირს და არც შეიძლება. თუ მოახერხებთ და გრძნობას გაღრმავების საშუალებას არ მისცემთ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. ვერ გაითვალისწინებთ ვერავის გამოცდილებას. ჩვენ მხოლოდ საკუთარ გრძნობაზე ვართ პასუხისმგებლები და სათანადოდ ინფორმირებულებიც. ვინმე იტყვის, როგორი სიყვარული შეუძლია თუნდაც მის ყველაზე საყვარელ ადამიანს? – ვერა. ამიტომაც ვამბობთ, რომ გარემოებები ჩვენზე ძლიერია. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ იმ რეალობით, რაც გვაქვს. მივიღოთ მოცემულობა და არ ვეცადოთ, შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება. სიყვარული ყოველთვის ინტიმურია. მაგრამ, თუ ატყობ, ცხოვრებას გინგრევს, ჯობია, საერთოდ უარი თქვა მასზე. ზოგჯერ მიიღეთ კარდინალური და მტკივნეული გადაწყვეტილებაც. მართალია, გარემოება ჩვენზე ძლიერია, მაგრამ ძალიან სუსტიც ნუ იქნებით. არ გაჩერდეთ და იარეთ წინ მაშინაც, როცა გული გტკივათ და იმედიც თითქმის გადაგეწურათ.
ის ერთადერთი
ყველა ქალი დედამიწაზე უნდა შეხვდეს თავისი ცხოვრების მამაკაცს, იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომლის გვერდითაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა მშვიდად და ბედნიერად... თუმცა, შეიძლება, პირველივე პარტნიორთან არ გაგიმართლოს.
სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ ქალს უცრუვდება იმედი... ეწყება დეპრესია... შეიპყრობს სევდა და ზოგიერთმა, შესაძლოა, ხელიც ჩაიქნიოს.
როგორ უნდა მიხვდე, რომ ის, სწორედ ის არის... ქალების უმრავლესობას ნელ-ნელა უყალიბდება გამოკვეთილი შეხედულება სასურველი მამაკაცის ხასიათსა და უნარ-ჩვევებზე. რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარეზეც აქვს კონკრეტული წარმოდგენა. თანაც, გარკვეულ ასაკამდე ქალები წინა პლანზე მამაკაცის გარეგნობას აყენებენ. ოცდაათი წლის ასაკის შემდეგ, პრიორიტეტული ხდება ხასიათის შტრიხები, ცხოვრების წესი და სტილი, ინტერესები და სამომავლო გეგმები... უკვე შემდეგ, ქალი ამ ყველაფერს პორტრეტად აყალიბებს და ყველა გაცნობილ მამაკაცს სწორედ ამ პორტრეტს ადარებს... ანუ, რა გამოდის? ის ერთადერთი, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილა... იქნებ, ამდენი არ გეფიქრათ ამაზე?! სტერეოტიპების ტყვეობაში ყოფნა, ძალიან რთულია და დამაბნეველი... თუ მამაკაცი თქვენი სიის, ანუ პრიორიტეტის ყველა პირობას არ აკმაყოფილებს, მაინც მიეცით შანსი. შეიძლება, სწორედ ის იყოს ის ერთადერთი.