რისი დეფიციტი შეიძლება გაუჩნდეს კაცს ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ და როგორ მამაკაცებს სჭირდებათ მოალერსე, დედის ტიპის ცოლები
რთულია მამაკაცების გაგება. შეიძლება, ძალიან საყვარელი ადამიანი ერთ დღეს საერთოდ უცხო აღმოჩნდეს შენთვის. მამაკაცები ქალებზე ეგოისტები არიან. სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მხოლოდ უნდა მიიღოს და სანაცვლოდ არაფერი გასცეს...
ვიკა (35 წლის): დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ცოლს აქვს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც მე აღმოვჩნდი გათხოვებიდან მეხუთე წელს. არ დავიწყებ იმის მოყოლას, როგორ კარგად იყო ყველაფერი თავიდან და ახლა როგორ შეიცვალა ჩემი ქმარი უარესობისკენ. ის ყოველთვის ზუსტად ასეთი იყო და მე არ მიცდია მისი გადაკეთება, მივიღე და შევიყვარე ყველა თავისი ნაკლითა და ღირსებით. მიმაჩნია, რომ ძლიერი ქალი ვარ და ჩემი გრძნობის ხმამაღლა, ზედმეტი „სპეცეფექტებით” გამოხატვა არ მჩვევია.
– რას გულისხმობთ „სპეცეფექტებში”?
– ყოველდღე „ჩემო ერთადერთოს“, „ჩემო სიხარულოს“ ძახილს. კარგი ცოლი ვიყავი. ჩემი ქმარი თავიდანდვე ნაკლებად პრაქტიკული და მიწიერი იყო, მოსწონდა ურთიერთობაში რომანტიკა და ღრუბლებში დაფრინავდა. ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებდა მისგან მოძღვნილი ყვავილები და სიურპრიზები, თუნდაც არაპრაქტიკული, მაგრამ, ოჯახი პასუხისმგებლობასა და კონკრეტულ ვალდებულებებს მოითხოვს და ეს ყველაფერი მე ავიღე საკუთარ თავზე. არ მიწუწუნია და პრეტენზიები არ წამომიყენებია – ვფიქრობდი, რომ ერთმანეთს დავაბალანსებდით და ოთხი წელი თითქმის ასეც იყო. ყველანაირად ვანებივრებდი – ყურადღებითაც და სხვა მხრივაც; მთელი ჩემი დრო მასზე იხარჯებოდა. საკმაოდ გვიან დავორსულდი და ძლივს შევინარჩუნე ბავშვი: ან ვიწექი, ან ტოქსიკოზით ვიტანჯებოდი. ჩემმა ფიზიკურმა მდგომარეობამ აღარ მომცა იმის საშუალება, ქმარზე ისე მეზრუნა, როგორც ქორწინების პირველ წლებში, თუმცა, სამსახურიდან მოსულს ყოველთვის ხვდებოდა საჭმელი და დალაგებული სახლი და არც დარეცხილ-დაუთოებული ტანსაცმელი მოჰკლებია, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. უკვე ჩემი ორსულობის პერიოდში დაეტყო უკმაყოფილება: მოღუშული სახით დადიოდა და შიგადაშიგ ოხრავდა ან წუწუნებდა: შენ ახლა სულ ასე უნდა იყო? მე ყურადღება მომაკლდა... ეს რა ცხოვრებაა, ცოლის სითბო რატომ უნად მენატრებოდესო. მოკლედ, ჩვენს ოჯახში სიმშვიდე დაირღვა. ვფიქრობდი, ბავშვი რომ გაჩნდებოდა, ჩემი ქმარი ჩემთან ერთად გაიხარებდა და ორივე ერთად გავზრდიდით შვილს, მაგრამ, სუსტი დაიბადა ჩემი ბიჭი. პრობლემები ჰქონდა და ღამით ცუდად ეძინა. ფაქტობრივად, ორ საათს თუ წავთვლემდი ღამის განმავლობაში. რომ არ ეტირა, ხელში მეჭირა სულ და გვერდით მყავდა. ამაზე ჩემი ქმარი უარესად გადაირია: ჯერ გაფხორილი, უკმაყოფილო მზერით „მასაჩუქრებდა“, ერთ დღეს კი საყვედურების მთელი ნიაღვარი გადმომაფრქვია თავზე.
– არ უნდოდა, რომ შვილი გაგეჩინათ?
– უნდოდა. ძალიან თავს იწონებდა ძმაკაცებში – ბიჭი „გავაკეთეო“ და დიდი ძეობაც გადაიხადა რესტორანში, მაგრამ მე არ მიგრძნია, რომ ბედნიერი გახადა მამობამ. მხოლოდ პრეტენზიები მოდიოდა მისგან – ძალიან შევიზღუდეო... ვერ ვგრძნობ, რომ ცოლი მყავს, თანაც მოსიყვარულეო... სახლში სიმშვიდე, სითბო და სიყვარული უნდა სუფევდეს... შენს სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე უნდა ვგრძნობდეო.... გავიწყდება, რომ კაცები ბავშვებივით არიან, მოფერება, ალერსი, ყურადღება, განებივრება უნდათო... მინდა, რომ ჩემი ცოლი სახლში დაბრუნებულს ღიმილით და სიყვარულით მხვდებოდესო... მივხვდი, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი მდგომარეობა – როგორ ვიღლებოდი, რამდენ ენერგიას ვხარჯავდი, რომ ყველაფერი მომესწორო, ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ქმრის ამ პრეტენზიებზე, როგორც იტყვიან, მართლა ტყავში გავძვერი და საკუთარ თავს ვაჯობე: მისი საყვარელი კერძების რეცეპტები მოვიძიე; ღიმილ-სიცილით ვეგებებოდი; ვკოცნიდი, მხარზე ვეხუტებოდი, თვალებშიც შევციცინებდი... მოკლედ, თან გადავყევი, რამდენადაც ბავშვი მაძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ, თქვენ გგონიათ, რამე შეიცვალა? მაინც ვერ გავაბედნიერე.
– თვითონ გითხრათ?
– დიახ. შენ ამ ყველაფერს ძალით აკეთებ. ხელოვნურობა გეტყობა, რადგან, აშკარად არ მოდის გულიდან. ვერ გატყობ, რომ ჩემით აღფრთოვანებული ხარ. ქალს რომ კაცი უყვარს, გამოხედვაც კი სხვანაირი აქვს, გრძნობით გაჟღენთილიო, – მითხრა და, აი, მანდ „გავჭედე“. ეტყობა, ბოლო წვეთი იყო და ამოვიღე გულიდან ყველაფერი, რაც სათქმელი მქონდა... ვუთხარი, რომ ერთხელ არ აუყვანია ბავშვი ხელში და ერთხელ არ უთქვამს ჩემთვის, დაღლილი ხარ, ცოტა დაიძინე, ბავშვს მე მივხედავო... რემონტი რომ გვქონდა, ერთხელ არ წასულა ბაზრობაზე, მე, ორსული დავრბოდი ელიავაზე და ვაგვარებდი საქმეს ხელოსნებთან... არასდროს შეწუხებულა ჩემი დაღლილობით; არ შეუშინებია ჩემს ფერდაკარგულ სახეს; არ უთქვამს, როგორი ყოჩაღი მყავხარ და ამიტომ მიყვარხარო... მე რა, არ მინდა სითბო და სიყვარული?! არ მჭირდება გვერდით მზრუნველი მამაკაცი?! რადგან ჩუმად ვიყავი, ამიტომ ფიქრობდა, რომ მისი საქციელი მაკმაყოფილებდა?! ჰოდა, როცა ვუთხარი ეს ყველაფერი, არ მოეწონა – ესე იგი, შენ არ მოგწონვარ, როგორც ქმარი და, მაშინ, თუ გინდა, გაგათავისუფლებ ჩემგანო. ამ სიტყვებმა შემაცბუნა. არ ვიყავი მზად ოჯახის დანგრევისთვის და, შემეშინდა, მართლა არ წასულიყო. ჩემს მეგობარს მოვუყევი, რაც მჭირდა. მომისმინა და ეჭვი გამოთქვა, მაგას საყვარელი ხომ არ ჰყავს და შენგან წასვლისთვის მიზეზს ხომ არ ეძებსო... შეიძლება, უნდა, რომ აქეთ გამოგიყვანოს მტყუანი და შენ დაგაბრალოს ყველაფერი. ეტყობა, ის ანებივრებს სიყვარულით სავსე მზერით და შენთან იმიტომ აღარ უნდაო. სიმართლესთან ისე ახლოს იყო ეს ყველაფერი, ცუდად მენიშნა, მაგრამ, იმ ტიპის ქალი არ ვარ, ქმრის მობილურში რომ იქექებიან – საერთოდ არ მინდა ასეთი ქმარი...
– ანუ, გირჩევნიათ, წავიდეს?
– მირჩევნია. მაგრამ, ეს არსად წამსვლელი არ არის. რა ენაღვლება – თბილი და გრილი არ აკლია; შვილს ვუზრდი; ყველა პრობლემა მე მაქვს „მოკიდებული“ და რატომ წავა? დიდადაც არ ვაწუხებ – არ შემიძლია ხმამაღლა ყვირილი და სკანდალები. როცა რაღაც-რაღაცეებში დავრწმუნდები და ცოტა მოვძლიერდები, ეგრევე დავამთავრებ ამ ურთიერთობას. ჯერ კიდევ ვაძლევ შანსს მასაც და საკუთარ თავსაც.
– აღარ გილაპარაკიათ?
– არა, მაგრამ, იმ დღეს ბავშვი დავუტოვე და დაქალთან ერთად კაფეში წავედი. გადარეული დამხვდა – ამდენ ხანს სად იყავიო. გაგიფუჭებია ბავშვი, სულ ხელში უნდა, გადამქანცაო... ხმა არ ამომიღია. იგრძნოს, როგორია ჩვილის მოვლა. ვცდილობ, რაღაცეები დავავალო... წუწუნებს, მაგრამ, აკეთებს. რა ვქნა, ეს არის ჩემი მცდელობა, გადავარჩინო ოჯახი. ვნახოთ, რა გამოვა. მისადმი ჩემი სიყვარული კი თოვლივით ილევა და ქრება... რატომ არიან კაცები ასეთი უსულგულოები?
– ფიქრობთ, რომ ყველა ასეთია?
– არ ვიცი. ფაქტია, რომ მე ასეთი შემხვდა...